1989-2009: საზოგადოების და სახელმწიფოს ტრანსფორმაცია - ეროვნული მოძრაობიდან სამოქალაქო პროტესტამდე

Კითხვის დრო: 4 წუთი
ნ. დანელია, ე. ჯგერენაია, ნ. გელაშვილი, ი. ხაინდრავა

1989-2009 წლების მოვლენების გააზრების მცდელობა, დაშვებული შეცდომების მიზეზების ძებნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ტრანსფორმაცია, გავლილი წლებიდან გამოცდილების გამოტანა და გამოსავლის ძიება პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში - ამ თემებზე დისკუსიის სამივე მომხსენებელმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

ივლიანე ხაინდრავამ მოხსენება 1989 წლის 9 აპრილზე საუბრით დაიწყო და თქვა, რომ 9 აპრილის ღამემ განსხვავებული განცდები გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. ბევრი ამ მოვლენას ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს და ეროვნულ ერთიანობასა და კონსოლიდაციას უკავშირებს; მიაჩნიათ, რომ ამ მოვლენამ საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გზა გაუხსნა. თუმცა ივლიანე ხაინდრავა ფიქრობს, რომ მომხდარმა უარყოფითი დაღი დაასვა მოვლენათა შემდგომ განვითარებას ქვეყანაში.

ივლიანე ხაინდრავამ ასევე ისაუბრა იმ სამ პროექტზე, რომელიც შესთავაზა ქვეყნის მოსახლეობას ამ წლების განმავლობაში ხელისუფლების სათავეში მოსულმა სამმა პრეზიდენტმა. მისი თქმით, გამსახურდია ხელისუფლებაში მოვიდა ეთნონაციონალისტური პროექტით და, საქართველო მომავლისკენ კი არა, წარსულისკენ აღმოჩნდა მიმართული. საზოგადოებრივი დისკუსიის ცენტრში მოექცა კითხვა – "ჯერ დამოუკიდებლობა თუ ჯერ დემოკრატია?" და ამ კითხვაზე უმრავლესობის პასუხი აღმოჩნდა "ჯერ დამოუკიდებლობა".

დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდში ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გამოამჟღავნა, რომ ის არ იყო მზად ევროპული ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობების გასათავისებლად, დაასკვნა ივლიანე ხაინდრავამ.

ხაინდრავას თქმით, გამსახურდიას შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსულ ედუარდ შევარდნაძეს საზოგადოებისთვის მკაფიო პროექტი არ შეუთავაზებია. მას თავად ვერ წარმოედგინა, საით უნდა წაეყვანა ქვეყანა, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაწბილდა რუსეთის მიდგომაში საქართველოსა და პირადად მის მიმართ, მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქართულ პოლიტიკაში გაჩნდა დასავლური ვექტორი.

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში ქვეყნისა და ერის მოდერნიზაციის პროექტით მოვიდა, თუმცა ბევრი მიზეზის გამო ეს პროექტი განწირული აღმოჩნდა წარუმატებლობისთვის. ივლიანე ხაინდრავას განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მოდერნიზაციის ყველა შესაძლო ნაირსახეობიდან "ნაციონალურმა მოძრაობამ" სააკაშვილის ხელმძღვანელობით აირჩია ამერიკანიზაცია, რომელსაც, მისი აზრით, საქართველოსნაირ ქვეყანაში პერსპექტივა არ გააჩნია.

მოხსენების ბოლოს ივლიანე ხაინდრავამ ისაუბრა იმაზე, თუ რა პოლიტიკური ძალები შეიძლება აღმოჩნდნენ სააკაშვილის შეცვლის შემდეგ ხელისუფლების სათავეში: გამსახურდიასნაირი, ანუ ნაციონალისტური ტიპის პროექტის მატარებელი, შევარდნაძისნაირი ხელისუფლება, ანუ ხელისუფლება მკაფიო პროექტის გარეშე ან ევროპეიზაციის ტიპის მოდერნიზაციული პროექტის მქონე პოლიტიკური ძალა.

მწერალმა ნაირა გელაშვილმა ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილის სიტყვები გაიხსენა: იმიტომ უნდა ვიყოთ დამოუკიდებლები, იმიტომ უნდა შევიდეთ ისტორიულ ჟამში, რომ გავიგოთ ვინ ვართ, რა შეგვიძლია და რა არ შეგვიძლია, საკუთარი შეცდომები უნდა დავუშვათ და ისტორიის შიგნით მოვექცეთ.

ნაირა გელაშვილის თქმით, თავის დროზე არავის გაურკვევია რამდენად სწორად ჰქონდა გააზრებული ხალხს, რას ნიშნავდა დამოუკიდებლობა და თავისუფლება. შედეგმა აჩვენა, რომ დამოუკიდებლობაში ხალხი ნაკლებ სწავლას და იოლ ცხოვრებას გულისხმობდა.

1988-89 წლებმა ისე გაამრუდა ცხოვრების კალაპოტი, რომ ოცი წლის განმავლობაში არ მოხერხდა მისი გასწორება, ამის მიზეზი ის იყო, რომ ამ წლებმა დაამკვიდრა არასახელმწიფოებრივი, ავადმყოფური და დესტრუქციული ცნობიერება. 1989 წლის 9 აპრილით გამოირიცხა არჩევნები და ინტელექტუალური და ზომიერი გზა, რომლითაც უნდა წასულიყო ქვეყანა.

საზოგადოების იმ განათლებული ნაწილის მარგინალიზაცია მოხდა, რომელიც წესით, უნდა ჩადგომოდა სათავეში ამ მოძრაობას და უნდა ეკისრა წინამძღოლის ფუნქცია.

არსებობს თუ არა საქართველოში ისეთი ტრადიცია ან ინსტიტუციური მეხსიერება, რომელიც შეძლებდა დასავლური ღირებულებების დანერგვას, აქვს თუ არა საფუძველი ფრაზას, "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი" - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია დარბაზში მყოფ საზოგადოებასთან ერთად შეეცადა.

საქართველოს, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანას, აქვს თავისი ისტორია, მაგრამ არ აქვს ინსტიტუტები, რაც აუცილებელია სახელმწიფოსთვის. ქუჩაში პრობლემების გადაწყვეტა მოიტანს იმას, რომ პრობლემები მომავალშიც ქუჩაში გადაწყდება. ამიტომ პოლიტიკოსებმა უნდა გამოძებნონ ერთმანეთთან საერთო ენა და დიალოგის და ევოლუციის გზით უნდა წაიყვანონ საზოგადოება. პრობლემები ინსტიტუციონალურად უნდა გადაიჭრას. არსებობს საფრთხე, რომ საზოგადოება მუდმივად "პოლიტიკური კარნავალის" პირობებში იყოს.

ის, რაც დაემართა საქართველოს, მისი ბრალია, თუ სხვებმა დამართეს; არის თუ არა რადიკალიზმი და ნაციონალიზმი საზოგადოებრივი დაკვეთა და თუ არის, რა უნდა მოიმოქმედონ ღირსეულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა იმისათვის, რომ შეცვალონ ეს მიმართულება; რას ნიშნავს სიტყვა "ჩვენ" და ხომ არ არის საფრთხე, ამ სიტყვის მეშვეობით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის იზოლირებამ სათავე დაუდოს ნაციონალიზმს; ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი ხელისუფლებაში მოსასვლელად; არსებობენ თუ არა იდეალისტები ქართულ პოლიტიკაში და რამდენად შესაძლებელია მათ იმოქმედონ პრაგმატულად; არიან თუ არა ქართულ პოლიტიკაში პრაგმატული ადამიანები დღეს, 9 აპრილის წინ; რა არის გამოსავალი არსებული ვითარებიდან? - ეს იყო ის ძირითადი შეკითხვები, რომლებზეც დისკუსიის მომხსენებლები და დამსწრე საზოგადოება 2009 წლის 9 აპრილის წინა საღამოს ერთად შეეცადნენ პასუხის გაცემას.