ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოს მოსახლეობის 80% უჭერს მხარს. უფრო მეტიც, საქართველოს მოსახლეობის 88% ფიქრობს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. თუ როგორ უნდა გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, რა ფაქტორებზეა დამოკიდებული კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ევროკავშირთან, ამაზე წარმოდგენა ფართო საზოგადოებაში, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანია.
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ისტორია მოკლედ ასე გამოიყურება - 1996 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. 2004 წელს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართვის შესახებ. 2006 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის დასრულდა საქართველო-ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შეთანხმება, რომელსაც თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნებისა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრიორიტეტების განხორციელებისთვის უნდა შეეწყო ხელი. 2009 წელს ევროკავშირმა ახალი ინიციატივის, აღმოსავლეთის პარტნიორობის თანამშრომლობის, განხორციელება დაიწყო, რამაც მასში შემავალ ექვს ქვეყანას ევროკავშირთან ურთიერთოებების კიდევ უფრო გაღრმავების საშუალება მისცა. 2012 წლის დასაწყისში საქართველო და ევროკავშირი, ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, იწყებენ მოლაპარაკებებს "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების" შესახებ.
საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ ხელისუფლების, ქვეყნის სათავეში მყოფი პირების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული? თუ მთელი საზოგადოების გასავლელი გზაა, რამდენად აცნობიერებს პასუხისმგებლობას საზოგადოება იმ პროცესებზე, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია? ან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპული ინტეგრაცია იმავდროულად არის ქვეყნის ტრანსფორმაცია ევროპულ მოდელზე, რამდენად არის მზაობა საამისოდ მოსახლეობაში? - ამგვარი შეკითხვები საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ჭრილში ხშირად იჩენს თავს.
საქართველო და მისი მომავალი ევროპაში - ამ თემას მიეძღვნა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში 1 მარტს გამართული დისკუსიაც. მომხსენებლებმა, ევროკომისიის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კარლ ფრიდრიჰ გიორდელერის სახელობის ეფექტური მმართველობის კოლეჯის დირექტორმა გიუნტერ ვერჰოიგენმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ქეთევან ციხელაშვილმა საზოგადოებას საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა და მოსაზრებები წარუდგინეს.
ნინო ლეჟავამ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორმა, საზოგადოებას ის ბოლოდროინდელი მოვლენები შეახსენა, რომლებსაც უახლოეს პერიოდში ჰქონდა ადგილი - "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ მიიღო დასკვნა, რომელიც მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. დასკვნა შეიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებსაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საქართველოში კონსოლიდირებული დემოკრატიის არსებობის აუცილებლობა, პლურალიზმის და შეკრების თავისუფლების გარანტია, მედიის თავისუფლებისა და მედიით სარგებლობის თანაბარი უფლების უზრუნველყოფა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერება". მანვე, კარლ დე ჰუხტის, ვაჭრობის დარგში ევროკომისრის ოფიციალურ ვიზიტზეც ისაუბრა საქართველოსა და მოლდოვაში, რომლითაც დაიწყო ამ ქვეყნებთან ევროკავშირის მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ, და იმედი გამოთქვა, რომ ეს დისკუსიაც ასევე საინტერესოდ ჩაეწერებოდა ზოგად საერთაშორისო კონტექსტში ევროინტეგრაციის საკითხების შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თორნიკე გორდაძემ, ასევე ისაუბრა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტზე და რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება - "ამ დოკუმენტში პირველად არის ძალიან აშკარად ნათქვამი, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისადმი და საქართველოს ევროპულ არჩევანს, რაც არ არის საქართველოს ევროპული პერსპექტივა პირდაპირ, მაგრამ, ეს უკვე პროგრესია და აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მარტო საქართველოზეა ნათქვამი". მისივე თქმით, "ამავე დოკუმენტში არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ადამიანების გადაადგილებასა და უვიზო მიმოსვლის პერსპექტივასთან დაკავშირებით. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მინისტრები ამბობენ, რომ ეს ჩვენი საერთო მიზანია". თორნიკე გორდაძეს მიაჩნია, რომ გასული წლის წარმატებები და 2012 წლის დასაწყისში მიმდინარე მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ეს წელი ევროინტეგრაციის პროცესების გაღრმავების თვალსაზრისით კიდევ უფრო ინტენსიური და მნიშვნელოვანი იქნება.
აქ უკვე ჩნდება კითხვა, რომელიც წარმოადგენს არა მარტო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის მთავარ ქვაკუთხედს, არამედ, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას და პერსპექტივასაც - საკმარისია კი, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება და გადადგმული, თუნდაც, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები საიმისოდ, რომ საქართველოს ჰქონდეს იმედი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ის შეიძლება ევროკავშირის წევრი გახდეს? თუ არის სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ფაქტორები, რომელთა დაძლევა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის - არც ხელისუფლების და არც მთლიანად საზოგადოების მონდომებაზე აღარ არის დამოკიდებული? რაში მდგომარეობს ეს ფაქტორები?
"ძალიან ბევრმა ადამიანმა, თუ კითხავთ საქართველოს, მოლდოვეთის, სომხეთის შესახებ, შეიძლება გიპასუხოთ, რომ ეს ქვეყნები არ წარმოადგენს ევროპის ნაწილს, მაგრამ, ეს, რა თქმა უნდა, შეცდომაა. საქართველო არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის გამოა ევროპის ნაწილი, არამედ მისი ისტორიის, კულტურის და ტრადიციების მიხედვითაც. ყოველივე აქედან გამომდინარე, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული ქვეყანაა" - ამბობს ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი გიუნტერ ვერჰოიგენი. მისივე თქმით, მას დღემდე არ ესმის, "რატომ სდუმან ევროპის სახელმწიფოები იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ გაფართოება წარმატების ისტორიაა". რით არის გამოწვეული "თავშეკავების პოლიტიკა" ან ერთგვარი შიშები და სტერეოტიპები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან სამომავლო გაფართოებასთან დაკავშირებით, რამდენად შესაძლებელია და მართებული, ვირტუალური საზღვრის გავლება ევროპის ირგვლივ? გიუნტერ ვერჰოიგენის თქმით, ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი ევროკავშირში, რუსეთის ფაქტორი, სტერეოტიპული მიდგომები ევროპისა და ევროპული ოჯახის წევრად ახალი სახელმწიფოების შესაძლო აღიარების შესახებ, შესაძლოა იყოს ის მთავარი წინააღმდეგობა, რაც დღეს, ნაკლებად იძლევა ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღაზე საუბრის საფუძველს.
"იმისათვის, რომ ვიქცეთ პოლიტიკურად ქმედით ძალად, ეკონომიკური ძალაც უნდა გვქონდეს და პოლიტიკურადაც აქტიურები უნდა ვიყოთ. ამას ვერ მივაღწევთ, თუ დავუშვებთ ჩვენს წარმოდგენაში ვირტუალური საზღვრების გავლებას ევროპის გარშემო. მიუხედავად ამისა, დღეს, მაინც ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ევროპა არის დასავლეთ ევროპა, შეიძლება რამდენიმე სახელმწიფო იყოს აღმოსავლეთ ევროპაშიც, მაგრამ, მათი რიცხვი ამით სრულდება. ამგვარ აზროვნებას ცალსახად უნდა დავუპირისპირდეთ. ევროპის ერთიანობის ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ევროპულ ერი, გამონაკლისის გარეშე, უფლებამოსილია ჩაერთოს ამ პარტნიორობაში. ჩართულობა ევროპულ ინტეგრაციაში არ წარმოადგენს ცალკეული ქვეყნების პრივილეგიას. ეს არის უფლება, რომელიც ყველას აქვს, მათ შორის საქართველოსაც, რომელსაც აქვს დასაბუთებული პრეტენზია",- ამბობს გიუნტერ ვერჰოიგენი.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, რა როლი შეიძლება ითამაშოს სამოქალაქო საზოგადოებამ დღევანდელ საქართველოში და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ქვეყნებში, რა მიზნით შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი და რაში გამოიხატება სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის საქმიანობა ევროინტეგრაციის პროცესებში, რა კონტექსტი და სივრცეა სამოქმედოდ თითოეულ ქვეყანაში ეროვნული პლატფორმებისათვის, რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის თანამონაწილეობა პოლიტიკის ფორმირებაში - ამ თემებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ახლახანს არჩეულმა თავმჯდომარემ, ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა.
საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში დღეისათვის 98 ორგანიზაციაა გაწევრიანებული. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მათი უმრავლესობა ძირითადი მიზნის - ევროინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის - ირგვლივ ერთიანდება. თუმცა, არის განსხვავებული მოსაზრებებიც და ეროვნული პლატფორმა ხშირად ხდება პლურალისტური დისკუსიების ადგილიც. "დღეისთვის ის სტიმული, რომელიც თავის დროზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის გაწევრიანებისთვის არსებობდა, გვესმის, რომ არ არსებობს, მაგრამ, მაინც ვფიქრობთ, რომ არსებული ინსტრუმენტებისა და ფორმატების გამოყენების შემთხვევაში, ნამდვილად შეიძლება, ევროპის ძალიან ძლიერი, ე.წ. რბილი ძალაუფლების გამოყენება იმისათვის, რომ კონკრეტული, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური შედეგები იქნეს მიღწეული საქართველოს მოქალაქეებისათვის მრავალმხრივ თუ ორმხრივ ფორმატებში, მით უმეტეს, რომ ევროკავშირი დაგვპირდა "მეტი მეტისთვის" პრინციპით თანამშრომლობას",- მიაჩნია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარეს.
ამ პროცესებში, სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს. მაგრამ, საამისოდ მას უნდა ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე მიმდინარე პროცესების შესახებ, და ამის შემდეგ, განახორციელოს ფუნქციები, რაც პროცესების მონიტორინგსა და შეფასებაში, კონკრეტული წინადადებებისა და ინიციატივების შემუშავებაში გამოიხატება. და ბოლოს, ჰქონდეს საშუალება იმისათვის, რომ შევიდეს დიალოგში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან, რათა კონკრეტული შედეგი იქნეს მიღწეული.
საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მოტივაცია უნდა იყოს, გახდეს ისეთი მიმზიდველი ქვეყანა, როგორიც ევროპული ქვეყნებია, ამ აზრს, ალბათ, ბევრი ადამიანი იზიარებს საქართველოშიც და ევროკავშირშიც. გიუნტერ ვერჰოიგენის სიტყვებით რომ დავასრულოთ: "შესაძლოა, კვლავაც გაიღოს ფანჯარა ურთიერთთანამშრომლობისათვის, გაიხსნან სახელმწიფოები ერთმანეთის მიმართ და თავშეკავების პოლიტიკაც შეიცვალოს, ეს შეიძლება რამდენიმე წელიწადშიც მოხდეს, მაგრამ, ამისთვის საჭიროა ქვეყნის მზადყოფნა, რომ, როდესაც იარსებებს შესაძლებლობა, ის, მაქსიმალურად იქნას გამოყენებული".
- საქართველო და მისი მომავალი ევროპაში (სრული ტექსტი, pdf, 26 გვ., 290 კბ)
- Bosporus doesn’t divide, Bosporus unites. DFWatch