ვის ეშინია სეკულარული დემოკრატიის?

Კითხვის დრო: 3 წუთი
Teaser Image Caption
მომხსენებლები ბექა მინდიაშვილი და ლინა ღვინიანიძე და მოდერატორი ქეთევან ბერძენიშვილი
ქუთაისი, 14 ნოემბერი, 2013

სეკულარული დემოკრატიის შიში და სეკულარიზმი როგორც თეოლოგიური პოზა მართლმადიდებლურ და სახელმწიფოებრივ მმართველობაში - დაახლოებით ასეთი ფაბულა ედო დებატებს, რომელიც ქუთაისში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ ჩაატარა. კონკრეტული სახელწოდება დებატებისა „ვის ეშინია სეკულარული დემოკრატიის?“ ერთგვარი მესიჯი აღმოჩნდა საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლის, გედევან ფოფხაძისათვის, რომელიც მომხსენებლის რანგში უნდა გამოსულიყო და საკუთარი მოსაზრება მიეწოდებინა  დებატებზე შეკრებილი საზოგადოებისთვის. თუმცა კანონმდებელმა დებატების დაწყებამდე ორიოდ წუთით ადრე, უარი განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე.

სეკულარიზმი ერთის მხრივ იცავს სარწმუნოების თავისუფლებას სახელმწიფოში, რომელიც ნეიტრალური უნდა იყოს სხვადასხვა კონფესიების მიმართ და არ უნდა აძლევდეს პრივილეგიას, რომელიმე მათგანს როგორც სამართლებრივი, ისე ფინანსური თვალსაზრისით. თუმცა როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის პროგრამების დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ თავის მოხსენებაში აღნიშნა,  სახელმწიფომ არაერთხელ დაარღვია ეს უფლება და უხეშად ჩაერია სხვადასხვა აღმსარებლობის პირთა თუ ჯგუფის უფლებებში. „სახელმწიფო არ არის გარანტორი რელიგიური კონფესიების უფლებებისა, არამედ სახელმწიფო თავად არის ძალადობის წყარო“- აღნიშნა ლინა ღვინიანიძემ და რამდენიმე მაგალითი მოიყვანა ნიგვზიანში, სამთაწყაროსა და ცხრაწყაროში მუსულმანი თემისთვის ლოცვის აკრძალვის და სახელმწიფოს ჩარევის ფაქტზე.

დებატებზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო საპატრიარქოს როლს როგორც ადამიანების აზროვნების სივრცის გამსაზღვრელს. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელმა, თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა თქვა, რომ „სეკულარიზმის მტერი საპატრიარქოა. მით უფრო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს თუ გადავხედავთ, როცა ყოველდღიურად მეტი და მეტი საუბარი მიდის მონარქიის იდეის განმტკიცებისკენ და უკვე მოგვევლინენ რაინდები, ტახტის მემკვიდრეები და საუბარი მიდის „ძირძველი ტრადიციების“ აღდგენისკენ, ეს პირდაპირი ნაბიჯია თეოკრატიისკენ.  თუკი დემოკრატია შეიძლება იყოს თეოკრატიული, მონარქია მითუმეტეს ამის სრულ შესაძლებლობას ქმნის“,– განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.

ბექა მინდიაშვილმა მოხსენების პირველ ნაწილში მოკლედ მიმოიხილა ქრისტიანული რელიგიის ისტორია და სეკულარიზმის წარმოშობაზე ისაუბრა. „სეკულარიზმი ქრისტედან მოდის. მან გამიჯნა მიწიერი და ღვთაებრივი ძალაუფლება როცა თქვა, რომ  „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა". სეკულარიზმი მიუთითებს რწმენაზე, რომ ადამიანთა საქმიანობა და გადაწყვეტილება, განსაკუთრებით პოლიტიკური, დამყარებულია ფაქტების რეალობაზე და არა რომელიმე რელიგიურ რწმენაზე. მაშინ, როდესაც რელიგიები დაფუძნებულია აბსოლიტურ ჭეშმარიტებაზე ან ღვთის კანონზე, სეკულარული კანონი ემყარება გონებრივ განსჯას, რომელიც განმანათლებლობის ეპოქაში განვითარდა. სეკულარისტები მიიჩნევენ, რომ ყველა სახის საქმიანობა, რომელიც პირად სფეროს სცილდება უნდა იყოს სეკულარული, ანუ არა რელიგიური.

დებატებში მონაწილეობას სამოქალაქო სექტორის გარდა სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები იღებდნენ. ქუთაისის კათოლიკური თემის წარმომადგენელმა პადრე გაბრიელე ბრაგანტინიმ გამოხატა საკუთარი მოსაზრება სეკულარიზმის მიმართ და აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი თავად ეკლესიებში უნდა დაიწყოს და მრევლს უნდა მიეცეს უფლება თავად განსაზღვრონ გამყოფი ხაზი  ღვთისადმი რწმენასა და საერო ცხოვრებაში.

მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა რამდენიმე კითხვა დაუსვა თეოლოგ ბექა მინდიაშვილს მრევლისა და ეკლესიის დამოკიდებულებაზე და ტრადიციების აღდგენის მისეულ ხედვებზე.

დებატებში მონაწილეებმა ასევე სამართლებრივ-იურიდიულ ნორმებზეც გაამახვილეს ყურადღება.

დებატები მედიაში: