მწვანე ქალაქის უტოპია? გარემოსდაცვითი საკითხები ადგილობრივ არჩევნებში

მწვანე ქალაქის უტოპია? გარემოსდაცვითი საკითხები ადგილობრივ არჩევნებში

თბილისის მერობის კანდიდატის სარეკლამო კამპანია — ილუსტრაციის საავტორო უფლება

საქართველოს საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში გარემოსდაცვითი თემები არასოდეს ყოფილა პრიორიტეტული, თუ არ ჩავთვლით 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ეკოლოგიური თემების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობის მქონე მაშინდელმა „მწვანეთა პარტიამ“ საზოგადოების გარკვეულ ფენებში პოპულარობის მოპოვება და პარლამენტში  11 მანდატით შესვლა მოახერხა. თუმცა, მას შემდეგ, პარტიათა უმრავლესობის საარჩევნო პროგრამებში გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება ძალზედ სუსტად იყო ინტეგრირებული.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ „გარემოსდაცვითი საკითხები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში“ აჩვენა, რომ ქართული პარტიების უმრავლესობა ფლობს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებზე, თუმცა არც ერთი მათგანი ჯერ კიდევ არ მოიზრებს მას ისეთ მნიშვნელოვან სექტორად როგორიცაა ეკონომიკა და სოციალური სფერო. 

უკანასკნელი წელიწადნახევარი მწვანე აქტივიზმის გააქტიურებით გამოირჩეოდა. გაჩდნენ ჯგუფები, რომლებიც ღიად აპროტესტებენ ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილებას კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, მწვანე ურბანული სივრცეების თუ საჯარო სიკეთეების ხელყოფასთან მიმართებაში. ეს მოძრაობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტია და მხოლოდ რამოდენიმე პროექტის გარშემოა კონცენტრირებული, მაგრამ ახალგაზრდა ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამგვარ საპროტესტო მოძრაობებში წამყვანი ძალას წარმოადგენენ, განუხრელად იზრდება.

ბოლო წლების ისტორიაში პირველად, თითქოს საზოგადოების მხრიდან წამოსული სულისკვეთება,  2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ იგრძნეს პოლიტიკურმა პარტიებმა. მათ საარჩევნო კამპანიებში, სატელევიზიო მიმართვებში, სარეკლამო რგოლებში  გაჩნდა ე.წ. მწვანე თემები.  თუმცა ფაქტია, რომ კანდიდატების უმრავლესობა მხოლოდ ხეების დარგვაზე აკეთებდა აქცენტებს და სხვა უფრო მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხები, მაგალითად, მდგრადი სატრანსპორტო სისტემები, ჰაერის დაბინძურება, ნარჩენების მართვა, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია,მწვანე ეკონომიკის წახალისება და ემისიების შემცირება,ბევრი მათგანის ყურადღების მიღმა დარჩა.

წინასაარჩევნოდ ბევრი კითხვები ჩნდებოდა მერობის კანდიდატების საარჩევნო დაპირებების რეალურად განხორცილების შესაძლებლობებზე. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ დავით ნარმანიას ცნობილი დაპირება მილიონი ხის დარგვის შესახებ.

განვითარებულ დემოკრატიაში თვითმმართველობას ორი ძირითადი ფუნქცია აქვს: საზოგადოებრივი სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის (მაგალითად, ტრანსპორტი, წყალმომარაგება, დასუფთავება და ა.შ) და ადგილობრივი საჭიროებების და სპეციფიკის გათვალისწინებით, ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლი  გადაწყვეტილებების მიღება კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული მუნიციპალური და რეგიონული პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკურთან ერთად, სოციალურ და გარემოსდაცვით ასპექტებს ითვალისწინებს.

წინამდებარე სტატიაში შევეცადეთ გაგვეანალიზებინა თუ რამდენად იყო გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების ხედვები ინტეგრირებული 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო პროგრამებში. კონკრეტულად კი, ამ კუთხით შევისწავლეთ დედაქალაქის, ქუთაისის და ბათუმის  მერობის ძირითადი პრეტენდენტების საარჩევნო პროგრამები. საინტერესო იყო გვცოდნოდა თუ რამდენად ხედავს ესა თუ ის პარტია გარემოს დაცვის როლს ქალაქის განვითარებაში და რამდენად ისახავს მიზნად მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამები და დაპირებული აქტივობები სუფთა ქალაქების შექმნას. ამავე დროს, წინამდებარე სტატიის მიზანი არ არის იმის შეფასება თუ რამდენად რეალისტურია კანდიდატები დაპირებების შესრულება.[1]

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის - ნიკა მელიას წინასაარჩევნო დაპირებებში რამოდენიმეჯერ შეხვდებით ფრაზას „ფეხით მოსიარულე ადამიანზე ორიენტირებული ქალაქი“. მელია ფეხით მოსიარულე ადამიანისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ახალი გზებითა და ესტაკადების საშუალებით ქალაქის განტვირთვაში, ავტობუსების პარკების განახლებასა და ტრამვაის პროექტის განხორციელებით გეგმავდა. ასევე წინასაარჩევნო პროგრამაში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია ტროტუარების მანქანებისგან გათავისუფლება და ახალი პარკინგის სივრცეების მოწყობა.   

„სიმწვანე თუ მშენებლობა?“ - მერობის კანდიდატს ამ კითხვაზე დიპლომატიური პასუხი აქვს- „უნდა მოვახერხოთ, საზოგადოებასთან და აქტიურ მოქალაქეებთან სწორი კომუნიკაციის გზით არცერთი ინტერესი არ დავაზარალოთ“.

მელიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება  მოსახლეობისთვის მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათმობლების დამონტაჟება გახლდათ. თუმცა, ამ ღონისძიების მიზანშეწონილობა პროგრამაში მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით არის გამართლებული და მისი გარემოსდაცვითი სარგებლიანობის შესახებ პროგრამაში არაფერია ნახსენები.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, კოალიცია „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატი,  წინასაარჩევნოდ რეკრეაციულ ზონებში მეგამშენებლობებსა და ხის ჭრაზე მორატორიუმის დაწესებას და  ერთ მაცხოვრებელზე გამოყოფილი 8 კვ.მ მწვანე ფონდის 20-24 კვ. მ-მდე გაზრდას პირდებოდა მოსახლეობას.  ასევე ლორთქიფანიძის პროგრამაში საინტერესო იყო საჰაერო აუზის დამაბინძურებელი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შექმნა და ძველი ავტომობილების მძღოლებისთვის კატალიზატორების შესაძენად განკუთვნილი ვაუჩერების დარიგება. ბევრი სხვა კანდიდატის მსგავსად დიმიტრი ლორთქიფანიძეც აპირებდა პარკინგის პრობლემის მოგვარებას და  დედაქალაქისთვის ეკოლოგიურად უსაფრთო სატრანსპორტო სისტემის შექმნის კონცეფციის დამუშავებას.

კოალიცია „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მერობის პრეტენდენტის, კახა კუკავას  პრიორიტეტები კარგად ჩანს კანდიდატის მიერ ვებგვერდისთვის- www.partiebi.ge, შევსებულ კითხვარში. მერობის კანდიდატის გეგმებში სასმელი წყლის ხარისხზე კონტროლის გამკაცრება, ბუნებრივი წყალსაცავების რეკულტივაცია, შემოერთებული სოფლების კანალიზაციის სისტემებით უზრუნველყოფა შედიოდა. კახა კუკავას დაპირებათა შორის იყო ნარჩენების მართვის სისტემის მოწესრიგება, კონკრეტულად კი არალეგალური ნაგავსაყრელების ლიკვიდირება, დედაქალაქის შემადგენლობაში შემავალი სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის უზრუნველყოფა, ნარჩენების დახარისხების სისტემის დანერგვა და ნაგვის თანამედროვე ტექნოლოგიებით გადამუშავება. ასევე,  კუკავას ერთ-ერთი დაპირება მზის ენერგიის გამოყენებით მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფა და 2018 წლისთვის თბილისის ენერგოეფექტურ ქალაქად ქცევაა. სხვა კანდიდატების მსგავსად კახა კუკავაც  პირდებოდა თბილისელებს მწვანე ზონებში მშენებლობების აკრძალვას.

საარჩევნო პროგრამებში მწვანე თემების მიმოხილვისას განსაკუთებით საინტერესო იყო საქართველოს მწვანეთა პარტიის კანდიდატის - გია გაჩეჩილაძის წინასაარჩევნო პროგრამა. მწვანეთა პარტიის ერთგვერდიანი პროგრამა სახელწოდებით -„საქართველო - ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანა“- ქვეყნის განვითარების პერსპექტივას ახალი ეკოლოგიური პოლიტიკის დანერგვაში ხედავს, თუმცა მკაფიოდ არ არის გაწერილი, თუ როგორ აპირებს პარტია ამ პოლიტიკის პრაქტიკაში გადმოტანას და მის ეკონომიკურ თუ სოციალურ პოლიტიკასთან ინტეგრირებას.  საქართველოს „მწვანეთა პარტიის“ პრიორიტეტები 2014 წლისთვის შემდეგია:

  • ეკოლოგიური განათლება და მეცნიერება  (უწყვეტი ეკოლოგიური განათლების სისტემის დანერგვა, განათლებისა და აღზრდის სისტემის ეკოლოგიზაცია);
  • ენერგეტიკა (ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკის განვითრება, მოსახლეობის ენერგო ხარჯების შემცირება ენრგოდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვით და ატომური სადგურების მშენებლობის აკრძალვა);
  • ტრანსპორტი (საწვავის წვის ეკოლოგიური კატალიზატორების დანერგვა და ავტოტრანსპორტის ბუნებრივი აირზე გადაყვანა, ეთილირებული მბენზინის აკრძალვა. მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, მეტროს ახალი ხაზებისა და ტრავმაის აღდგენის საშუალებით)
  • სოფლის მეურნეობა (ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების სტიმულირება ბიომეურნეობებში,  გადამამუშავებელი მცირე საწარმოების მასიური შექმნა სოფლად, გენმოდიფიციორებული პროდუქტების აკრძალვა)
  • მრეწველობა (ეკოლოგიურად პოზიტიური საწარმოების შექმნა და მოქმედი საწარმოების ეკოლოგიზაცია, ეკოლოგიურად საფრთხის შემცველი სამრეწველო ობიექტების ქალაქგარეთ გატანა და მათ საქმიანობაზე მონიტორინგის დაწესება)
  • მშენებლობა (ქალაქების განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება და დამტკიცება.  ეკოლოგიურად უსაფრთხო მშენებლობის განვითარება და ქალაქებში  თავისუფალი საზოგადოებრივი სივრცეების და რეკრიაციული ზონების გაფართოება – 1 სულ მოსახლეზე გამწვანების 15 მ2 აყვანა).
  • ნარჩენების მართვა  (უნარჩენო ტექნოლოგიების დანერგვა და მეორადი რესურსების ადგილობრივი გადამუშავება. საყოფაცხოვრებო ნარჩენების წინასწარი დახარისხების სისტემის დანერგვა და ნაგვსაყრელების მოდერნიზაცია და კომერციალიზაცია);
  • კვების პროდუქტები   (კვების პროდუქტების ხარისხზე მკაცრი კონტროლის დაწესება, განსაკუთრების მოსახლეობის მიერ ფართოდ მოხმარებად პროდუქტებზე, მათ შორის პურისა   და წყალის ხარისხზე.

ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ მწვანეთა პარტიას მხოლოდ სამ საკრებულოში ეყოლება წარმომადგენლები, მათ შორის მესტიის რაიონში. თუმცა, ამ რაიონში მათი წარმატება დიდი ალბათობით უკავშირდება ხუდონის ჰიდროელექტროსადგურს და მის გარშემო დაგროვილ საპროტესტო მუხტს.                                                                                                               

ჩვენს მიერ განხილულ საარჩევნო პროგრამებიდან გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების ხედვები  ყველაზე ფართოდ „კოალიცია ქართული ოცნების“ კანდიდატს -დავით ნარმანიას ჰქონდა  ჩამოყალიბებული.  პროგრამაში არის გარემოსდაცვითი კომპონენტის  სოციალურ და ეკონომიკური განვითარების გეგმებთან ინტეგრირების მცდელობა, აღწერილია თითქმის ყველა ძირითადი ეკოლოგიური პრობლემა და უმრავლეს შემთხვევაში შემოთავაზებულია მათი მოგვარების გზები.

ნარმანია ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს ფორმირების მიზნით თბილისელებს ქალაქის სარეკრეაციო ზონების გაფართოებას, მწვანე საფარის ხელშეუხებლობას, მტკვრისა და სხვა მცირე მდინარეების დაბინძურებისგან დაცვას, მდინარე მტკვრის სარეკრიაციო ზონად გამოცხადებას, ქარიან უბნებში ქარსაცავი ზოლების გაშენებას, ნარჩენების მართვის არსებული სისტემის მოწესრიგებას და არსებული ნარჩენების შემდგომი გადამუშავების მიზნით ინვესტიციების მოზიდვას პირდება. აღსანიშნავია, რომ დავით ნარმანიას საარჩევნო პროგრამაში ხაზგასმულია მერების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა, რაც 2020 წლისთვის სათბურის გაზების 24%-ით შემცირებას გულისხმობს.

საინტერესოა, რომ ნარმანიას ცნობილ  დაპირებას მილიონი ხის დარგვის შესახებ, რომლის რეალობაში განხორციელების შესაძლებლობასაც საზოგადოებაში დიდი განხილვები მოჰყვა, წინაასაარჩევნო პროგრამაში ვერ შეხვდებით.

გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება პრიორიტეტი არ ყოფილა ორი კანდიდატისთვის - ასმათ ტყაბლაძისა და ირმა ინაშვილისთვის. მათი წინასაარჩევნო პროგრამებიდან არ ჩანს თუ რა ხედვა აქვს ამ კანდიდატებს აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში.

ბათუმის ახლა უკვე მერი, გიორგი ერმაკოვი [2] (საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“) მწვანე ზონისა და ეკოლოგიური ზონების კიდევ უფრო ზრდას,  რეკრეაციული ზონების, პარკების კეთილმოწყობას, მერების შეთანხმების (2020 წლამდე ბათუმის ემისიების რაოდენობა 22%-ით უნდა შემცირდეს) ვალდებულებების შესრულების მიზნით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შეცვლას პირდებოდა მოსახლეობას. ასევე, ერმაკოვის გეგმებში ნაგავსაყრელების მოწესრიგება და ნარჩენების გადამუშავების უზრუნველყოფა შედის.

იდენტური დაპირებები ჰქონდა მის კონკურენტს  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს - გიორგი დიასამიძეს.  არსებული რეკრიაციული ზონების დაცვა, გამწვანებითი ღონისძიებები, ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებული ნაგავსაყრელების მოწყობა  იყო ხაზგასმული NIMD-ისთვის შევსებულ კითხვარში.

ქუთაისის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებში გარემოსდაცვითი თემები მწირად იყო წარმოდგენილი. უკვე არჩეული მერის მიერ ჩამოთვლილ საკითხებში პრიორიტეტული სოციალური და ეკონომიკური თემებია და ეკოლოგიური საკითხები, თუ რეკრეაციული ზონების შენარჩუნებას არ ჩავთვლით, შოთა მურღულიას მიმართვებში არ ჩანს.

ქუთაისის არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატებს ამ თემაზე თავიანთი ხედვა ან არ დაუფიქსირებიათ, ან ყველა სხვა კანდიდატის მსგავსად მხოლოდ გამწვანების ღონისძიებებით შემოიფარგლებიან. გამონაკლისია არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატის, მაგდა გაბრიჩიძის საარჩევნო პროგრამა, რომლის დაპირებები იდენტურია თბილისის მერობის კანდიდატის დაპირებებისა.

პროგრამების მიმოხილვამ ცხადყო, რომ საზოგადოებრივი დაკვეთა იცხოვროს უკეთეს გარემოში, იზრდება და ეს ნაწილობრივ აისახება პოლიტიკოსების შეთავაზებებში. თუმცა, აშკარაა პარტიებში მწვანე კომპეტენციის ნაკლებობა, რაც უფრო პოპულისტურ დაპირებებში გამოიხატა, რომელიც მოკლებულია კონკრეტულ საბიუჯეტო და ეკონომიკურ გაანგარიშებებს.

 

[1] სტატიის ანალიზისთვის გამოყენებული იქნა ვებ-გვერდებზე: www.ivote.ge  და www.partiebi.ge , განთავსებული თვითვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიების მიერ მომზადებულ წინასაარჩევნო პროგრამები  და კითხვარები. რიგ შემთხვევაში, პროგრამების მოპოვების მიზნით საჭრო გახდა საარჩევნო სუბიექტებთან პირდაპირი კომუნიკაციაც. იმ შემთხვევაში თუ ზემოთჩამოთვლილი მეთოდებით პროგრამების მოპოვება ვერ ხერხდებოდა ავტორმა ანალიზისთვის კანდიდატების მიერ  მედიის საშუალებებში გაკეთებული განცხადებები გამოიყენა.

[2] უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონების შემთხვევაში რიგ კანდიდატებს საზოგადოებისთვის არ შეუთავაზებიათ საარჩევნო პროგრამა ან რთული იყო მათი მოპოვება. ამიტომ ბათუმის და ქუთაისის შემთხვევაში მერების საარჩევნო დაპირებებში გამოყენებული იქნა მედიის საშუალებებით (http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/weekly1/32332/)  გაკეთებული განცხადებები.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება