სომხეთსა და თურქეთს მჭიდრო ისტორიული ურთიერთობები აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე ურთიერთობები გამუდმებით უარესდება ან უმჯობესდება, სომხეთსა და თურქეთში მთავრობები იცვლება, ხოლო ერთმანეთის მიმართ ჩვეული მტრული რიტორიკა არ ნელდება, განსაკუთრებით სომხების გენოციდის 100 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით, ეს ორი ქვეყანა ისტორიულად განუყოფელია. ორივე საზოგადოება მთლიანად, მათ შორის საქმიანი წრეები, საინფორმაციო საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინტელექტუალები და რიგითი ადამიანები დიდი ხანია სხვადასხვა სოციალური ფენისადმი კუთვნილებისა თუ დროის ცვალებადობის პირობებში კონტაქტებს ინარჩუნებენ. ორი ერთდროული (თუმცა არა აუცილებლად ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული) პროცესი ნელი ტემპით, მაგრამ შეუფერხებლად მიედინება. კომუნიკაციებისა და თანამშრომლობის დონის ზრდას ხელს უპირველეს ყოვლისა ბიზნესი უწყობს, რაც ყველაზე მკაფიოდ ვაჭრობაში, მიმოსვლასა და ტურისტულ ინდუსტრიაში ვლინდება და რასაც კვირაში ორჯერ ერევანსა და სტამბოლს შორის საავიაციო რეისებიც ადასტურებს. წარმატებულია სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებიც, რომლებსაც ხშირად საერთაშორისო თანამეგობრობა აფინანსებს. ამ პროცესებში სტრუქტურირებული სამოქალაქო საზოგადოების ისეთ მოთამაშეები არიან ჩართული, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საინფორმაციო საშუალებები და უნივერსიტეტები.
ცხადია, ასეთი კონტაქტები და ინიციატივები შერიგებისაკენ მიმართული გარდამავალი პერიოდის სამართლის ან სხვა ინსტიტუციური რეფორმებისაგან ძალიან შორსაა, მაგრამ სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგის მწირ მიღწევებს თუ გავითვალისწინებთ, თვალწინ იდეების, პროექტებისა და შესაძლებლობების ნამდვილად ფართო სპექტრი გადაგვეშლება. თუნდაც ის ფაქტი, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეებს (დახურული საზღვრის მიუხედავად) საჰაერო გზით ან საქართველოს გავლით ერთმანეთის მონახულება შეუძლიათ, ორმხრივ ურთიერთობებში უზარმაზარი განსხვავებების მაჩვენებელია.
სომხეთისა და თურქეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით წლების განმავლობაში დიდი და მცირე მასშტაბის მრავალი ინიციატივა განხორციელდა , მათ შორის სომხეთ-თურქეთის დაახლოების მხარდაჭერა,[1] სომხეთ-თურქეთის კინემატოგრაფიული პლატფორმა,[2] ველაპარაკოთ ერთმანეთს (ზეპირსიტყვიერი ისტორიის პროექტი),[3] პროექტი ანისის დიალოგი,[4] სომხეთ-თურქეთის მედია დიალოგი,[5] საზაფხულო სკოლები იავაშ-გამაცი,[6] ინიციატივა მოაწესრიგე მომავალი,[7] ქსელი TANGO [8]და მრავალი სხვა. ყველაზე ცნობილ პროექტს, რომელიც ამჟამად ხორციელდება და რომელსაც ევროპის კავშირი აფინანსებს, სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის პროცესი [9] ეწოდება. მასში ორი ქვეყნის წარმომადგენელი რვა პარტნიორი მონაწილეობს. ხორციელდება ძალისხმევა მესამე ქვეყნებში, მაგალითად, საფრანგეთსა და კანადაში მცხოვრები სომეხი და თურქი მოქალაქეების შერიგების მიზნითაც. ყველასათვის ხელმისაწვდომია ზოგიერთი კვლევა[10] და წიგნი,[11] რომლებიც სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის საქმეში სამოქალაქო საზოგადოებებსა და საინფორმაციო საშუალებებს შორის თანამშრომლობას შეეხება.
ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოების ფარგლებში სომხეთ-თურქეთის დიალოგის სრულად განხილვა ერთ მცირე სტატიაში შეუძლებელია, ურთიერთობების მხოლოდ ერთ ასპექტს შევეხები. ჩემი აზრით, შერიგების პროცესში ორი ქვეყნის სამოქალაქო სექტორები განსხვავებული გზებით მიდის და ამას ძირეული საზოგადებრივი და ისტორიული მიზეზები აქვს. ამ განსხვავებებს, რომლებიც არც აბსოლუტურია და არც ურთიერთგამომრიცხავი, თანამედროვე პოლიტიკური, გეოგრაფიული და კულტურული რეალიები, დამნაშავე-მსხვერპლის პარადიგმები, გენოციდის უარყოფის ფენომენი და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები უდევს საფუძვლად.
საკუთარი თავის მხილება
ჩემი აზრით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში თურქეთში მიმდინარე პროცესს შეიძლება თვითმხილების პროცესი ეწოდოს. ის უპირველეს ყოვლისა ამ ქვეყნის ეროვნული მიდრეკილებების, ისტორიული ნარატივებისა და მათი ინტერპრეტაციისკენაა მიმართული და თურქეთის ტერიტორიის ფარგლებში "სხვების" ცნების განხილვას ისახავს მიზნად, რაც ხშირად ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ შექმნილი "თურქობის" კონცეფციას. ამ რთულ პროცესში სომხების საკითხი გარდაუვალად წარმოიჭრება ხოლმე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, როგორიცაა ისტორია, ადამიანის უფლებები, დემოკრატიზაცია, ქურთების საკითხი, გენდერული თანასწორობა და მრავალი სხვა. ის პირები და ორგანიზაციები, რომლებიც სომხურ-თურქული ინიციატივების ავანგარდში არიან, თურქეთის ისტორიისა და იდენტობის სხვა საფუძვლებსაც ხშირად აყენებენ ეჭვქვეშ.
თურქეთში და მის გარეთ ოფიციალური დისკურსებისა და მითების ნგრევა "სხვებთან", მათ შორის სომხებთან, ქურთებთან, ბერძნებთან, ალავიტებთან და ა. შ. ურთიერთობის დამყარების ის მეთოდია, რომელსაც თურქეთის სამოქალაქო საზოგადოება ძალიან ინტენსიურად იყენებს. ამ მიდგომის ფარგლებში ასევე გასაგები ხდება, თუ რატომ არის შერიგების ინიციატვიები თურქეთში ხშირად ცალმხრივი და მხოლოდ სტამბოლში მცხოვრებ სომხებს რატომ ეხება იმ დროს, როცა სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები სომხები ამ ღონისძიებების მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია.
ფართოდ განიხილება ცნება "ოსმალეთი". ითვლება, რომ სწორედ ოსმალეთის იმპერიაში იდევნებოდნენ თურქეთის მოქალაქები და ბევრი მათგანი იძულებული გახდა ქვეყნის (ე. ი. თანამედროვე თურქეთის) ტერიტორია დაეტოვებინა. ცნობილი სომეხი ჟურნალისტი და სტამბოლში გამომავალ გაზეთ "აგოსის" მთავარი რედაქტორი ჰრანტ დინქი იყო თურქეთის მოქალაქე, რომელიც თურქმა ულტრანაციონალისტმა სტამბოლში 2007 წელს მოკლა. მკვლელობის შემდეგ მძლავრი საპროტესტო მოძრაობა დაიწყო და მისმა მონაწილეებმა ეს დანაშაული დაგმეს. ხალხი გამოდიოდა ლოზუნგებით "ჩვენ ყველანი ჰრანტი ვართ", "ჩვენ ყველანი სომხები ვართ", მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ლოზუნგები პირველ რიგში თურქეთის საზოგადოებისა და მთავრობისადმი იყო მიმართული. თვით ცნობილი კამპანია "ბოდიში"[12] იმდენად თურქეთში, სხვა ქვეყნებსა და სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები სომხებისთვის არ იყო გამიზნული, რამდენადაც თურქეთის მოქალაქეების მიკერძოებულობასა და გაუთვითცნობიერებლობას უსვამდა ხაზს. მოკლე ტექსტს, რომელსაც ცნობილმა თურქმა ინტელექტუალებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მოაწერეს ხელი, განმარტებები არ სჭირდება.
"ჩემი სინდისისთვის მიუღებელია ის, თუ რა დაჟინებით უარყოფენ დიდ კატასტროფას, რომელიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრებ სომხებს დაატყდათ თავს. არ ვეთანხმები ამ უსამართლობას და ვიზიარებ ჩემი სომეხი ძმებისა და დების გრძნობებსა და ტკივილს. მე მათ ბოდიშს ვუხდი".
ცხადია, არის ინიციატივები, რომელთა მიზანი ორი ქვეყნის ხალხების დაახლოებაა. ჟურნალისტები და ბლოგერები ჩადიან სომხეთში, ხორციელდება პროექტები, რომლებიც პიროვნული კონტაქტების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, თუმცა ჩაკეტილობის დაძლევა მაინც ვერ ხერხდება.
აღმოაჩინე "სხვა"
"სხვის" აღმოჩენა სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების მიზანიცაა. "სხვა" ამ შემთხვევაში თურქეთში მცხოვრები ადამიანია, რომელიც თურქულად ლაპარაკობს და არ ჰგავს "სხვას არავის, ვისაც ჩვენ ვიცნობთ". ეს მიდგომა საკუთარი საზოგადოების საზღვრებს ბევრად სცდება და თავის მხრივ "თურქობის" სომხეთში ჩამოყალიბებულ ცნებას უპირისპირდება. სომხების თვალთახედვით, უწინ ტაბუდადებული და თითქმის სრულიად მიუწვდომელი ისტორიული ადგილების, მაგალითად, ყარსის, ვანისა და მუშის მონახულებასა და "ნამდვილ თურქებთან" შეხვედრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შერიგების პროცესის ფარგლებში განსახილველი ცენტრალური პრობლემებია ისეთი მგრძნობიარე, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა გენოციდის უარყოფა, სომხეთის კულტურული მემკვიდრეობის ბედი, საკუთრების პრობლემა და ბევრი სხვა.
ამავე დროს, სომხეთს ზღვაზე გასასვლელი არა აქვს, რის გამოც მისი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები შეზღუდულია. ქვეყნის მოსახლეობას მეზობლებთან, მათ შორის თურქეთთან, ყველა მხარისათვის სასარგებლო საქმიანი და სავაჭრო ურთიერთობების დამყარების სურვილი აქვს. ჩემი აზრით, ეს ძლიერი სტიმული იქნება სომხებისათვის, რომ თურქების შესახებ მეტი გაიგონ, პიროვნული კონტაქტები დაამყარონ და ძველ მიკერძოებულ შეხედულებებს გადახედონ. ორ ქვეყანას შორის გაცვლა-გამოცვლა ბიზნესმენებს, ფერმერებს, ტუროპერატორებსა და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის ხშირია. ბოლო წლების განმავლობაში სომხეთის მეწარმეთა და ბიზნესმენთა კავშირმა[13] და მათმა თურქმა კოლეგებმა ბიზნესში მყარი ურთიერთობები დაამყარეს. აგრობიზნესისა და სოფლის განვითარების ცენტრი[14] ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია სომეხ ფერმერებს თურქეთში კავშირების დამყარებაში დაეხმაროს, ხოლო ჰრანტ დინქის ფონდი[15] და ფონდი Civilitas[16] ახორციელებენ უაღრესად წარმატებულ ინიციატივას "ადამიანები საზღვრებს მიღმა".[17]
მეორე მხრივ, გასაგები გარემოებებისა და პოლიტიკური შეზღუდვების გამო თვითანალიზის, ტაბუების მსხვრევისა და ქვეყნის მე-20 საუკუნის ისტორიის ხელახალი გააზრების (მათ შორის ოსმალეთის იმპერიაში ტრადიციული პარტიებისა და ქრისტიანული ეკლესიების შეფასების) მცდელობები სომხეთში იშვიათია.
და ბოლოს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ორივე ქვეყნის გავლენიანი ადამიანების, პოლიტიკოსების, დიპლომატების, მწერლებისა და ინტელექტუალების როლი შესაბამის საზოგადოებებში, რომლებსაც ისინი მნიშვნელოვან გზავნილებს უგზავნიან. მაგალითად, პრესაში ამას წინათ მოყვანილი სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის მიერ წარმოთქმული სიტყვები:
"გენოციდის 100 წლისთავი კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას პოზიტიური და არა ნეგატიური სიგნალები გავუგზავნოთ".[18]
შეიძლება გვითხრან, რომ ასეთი ადამიანები უმცირესობაში არიან (და ეს, გარკვეულწილად, მართალიც იქნება), თუმცა ამის გამო მათ ხმებს მნიშვნელობა არ აკლდება. ნამდვილად დიდი ძალა აქვს იმ ადამიანების მოსაზრებებს, რომლებიც შერიგებასა და მშვიდობიან თანაარსებობას უჭერენ მხარს. მათ შორის არიან სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი, სომხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვართან ოსკანიანი, აშშ-ში მცხოვრები ისტორიკოსი ჟერარ ლიბარიდიანი, ნობელის პრემიის ლაურეატი ორჰან ფამუქი, პროზაიკოსი ელიფ შაფაქი, მეცენატი ოსმან ქავალა, ლიტერატურათმცოდნე მურათ ბელგე და ბევრი სხვა მოღვაწე. მეტიც, ჩემი აზრით, ქვეყნებს შორის საზღვრების გადალახვა და მდგომარეობის შეცვლა სწორედ თანაგრძნობასა და ურთიერთპატივისცემას თუ შეუძლია.
[3] Leyla Neyzi, Hranush Kharatyan-Araqelyan, Speaking to One Another: Personal Memories of the Past in Armenia and Turkey / Institut für Internationale Zusammenarbeit Des Deutschen Volkshochschul-Verbandes (dvv international), 2010.
[10] Samvel Martirosyan, Murat Çağatay, Armenian-Turkish Dialogue in the Social Media: Description of the Situation in the Past Five Years. Yerevan - Ankara, 2012.
[11] Susae Elanchenny, Narod Maraşlıyan, Breaking the Ice: The Role of Civil Society and Media in Turkey-Armenia Relations / Istanbul Kültür University Publication No. 170. April 2012.
[18] გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობისადმი სომხეთის მიმართვის პროექტი. პირველად გამოქვეყნებულია iLur.am საიტზე 2015 წლის 24 მარტს; თარგმნა ჟირაირ ლიბარიდიანმა.