ისლამური სახელმწიფო და სომხეთი: არარსებული წარსული და არარეალური მომავალი

ისლამური სახელმწიფო (ანუ ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, არაბულად ად-დავლა ალ-ისლამიია, შემდგომში ისლამური სახელმწიფო) სუნიტურ-ისლამური კვაზი სახელმწიფოა, რომელიც აკონტროლებს გეოგრაფიულ არეალს ერაყის ე.წ. სუნიტურ სამკუთხედსა და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია საკმაოდ ახლოსაა სომხეთთან, დაახლოებით 400 კილომეტრში. ისლამური სახელმწიფოსგან მომდინარე საფრთხეები ისეთ გეოპოლიტიკურ და რეგიონულ კომპონენტებს მოიცავს, რომლებიც სომხეთის შეშფოთების საგანს წარმოადგენს.

აღნიშნული საფრთხეები ნაკლებად ეხება ისლამური სახელმწიფოს გლობალურ ტერიტორიულ პრეტენზიებს, რომლებიც ხშირად სასაცილოდ თავხედურ დეკლარაციებში ჟღერდება და პორტუგალიიდან ინდოეთამდე, მათ შორის ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის მიწების დაკავების თაობაზე განზრახვებს გულისხმობს. ამგვარი განცხადებები, ძირითადად, ადგილობრივი საზოგადოების ნაკლებ განათლებული ნაწილის საყურადღებოდ კეთდება, რომელიც თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობას კარგად არ იცნობს. მეორე მხრივ, სასეირო რუკებს გვერდზე თუ გადავდებთ, უშუალოდ კონფლიქტის ტერიტორიის გარეთ ისეთი რეალური პრობლემები იყრის თავს, რომლებიც კავკასიის სახელმწიფოებს ხელშესახებ საფრთხეს უქმნის.

ერთი შეხედვით ჩანს, რომ კავკასიის ოთხი სახელმწიფოდან - რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, ამ უკანასკნელს ეს საფრთხე ყველაზე ნაკლებ ემუქრება. ამის მიზეზი მარტივია: ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს მუსლიმური მოსახლეობა. სომხეთის ერთადერთი მოქმედი მეჩეთი, იგივე ერევნის ცისფერი მეჩეთი, საბჭოთა დროს გაუქმებული იყო და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1990-იან წლებში აღდგა, როგორც არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა. მე-18 საუკუნის ამ მეჩეთში მლოცველთა უმეტესობას მუსლიმური სახელმწიფოების დიპლომატიური კორპუსი და ტურისტები შეადგენენ. მეტიც, მეჩეთი შიიტურია, მოლა კი ირანელი, რაც გამორიცხავს სუნიტური რადიკალიზმის მხრიდან ფესვების გადგმის რაიმე შანსსაც კი. ასე იქნებოდა, მეჩეთს რეგულარული მრევლი რომ ჰყავდეს კიდეც.

შესაბამისად, სხვა კავკასიური ქვეყნების, ანუ მუსლიმური თემების მქონე აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთის წინაშე მდგარი პრობლემები სომხეთში ნაკლებად ჩანს. მუსლიმთა რადიკალიზაციის, ისლამის პოლიტიზაციის, ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი ჯგუფების გაჩენის საფრთხეები ქვეყანას არ ეხება. მეტიც, აზერბაიჯანთან ყარაბაღის კონფლიქტისა და თურქეთთან დაკეტილი საზღვრის წყალობით, არც ერაყისა და სირიის საბრძოლო მოქმედების ზონებში ადამიანთა ტრანზიტი შეინიშნება. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ქვეყანას არ ემუქრება ბრძოლის არეალიდან შესაბამისი იდეოლოგიური დოქტრინებითა და გამოცდილებით დამძიმებული მებრძოლების უკან დაბრუნებით გამოწვეული საფრთხე, რაც  კავკასიისა და შუა აზიაის სხვა ქვეყნებში პრობლემად მოიაზრება.

ჰუმანიტარული კატასტროფის გამოძახილი

თუმცა, ყველაზე მცირე საფრთხე მართლაც მცირე საფრთხეს როდი ნიშნავს. მეტიც, სომხეთი არა მხოლოდ დგას სირიასა და ერაყში მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეული საფრთხეების წინაშე; უკვე შედეგებიც საკმაოდ თვალშისაცემია.

პირველ რიგში, ხდება სირიიდან სომხეთში ლტოლვილთა შემოდინება. ამ ახლოაღმოსავლურ ქვეყანაში საკმაოდ დიდი და კარგად განვითარებული სომხური დიასპორა არსებობს. ადრე იგი ძირითადად ალეპოში იყო კონცენტრირებული, თუმცა, სომხები ასევე სხვა სირიულ ქალაქებში სახლობდნენ. სირიაში კონფლიქტამდე მაცხოვრებელი სომხების ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს რიცხვი ათეულ ათასობით უნდა იზომებოდეს. ამჟამად დაახლოებით 15,000 სირიელი სომეხი უკვე სომხეთშია. ბევრი ლტოლვილი ქვეყანას სატრანზიტოდ იყენებს. მათთვის სომხეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გამარტივებულია, მაგრამ პატარა ქვეყნისათვის ლტოლვილთა რაოდენობა ძალზე დიდია და სომხეთს აუცილებელი სოციალური მომსახურებით მათი დაკმაყოფილება უჭირს. ლტოლვილთა ნაკადი არ იკლებს; სირიაში არიან სომხები, რომლებიც ქვეყანას ვერ ტოვებენ, რადგან საზღვრებამდე ვერ აღწევენ, აეროპორტები კი განადგურებულია. არიან ოჯახები, რომლებიც ნატურალიზდნენ და ახლა სომხეთში ცხოვრობენ, მაგრამ ჰყავთ სირიაში დარჩენილი ოჯახის წევრები, რომლებიც ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ.

თავად ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ ზონაში ქრისტიანებს აწამებენ და სიკვდილით სჯიან, ხშირად საჯაროდ; ქრისტიანულ უბნებს მძიმე არტილერია ანგრევს; იგივე ეხება ეკლესიებს, მათ შორის ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ძეგლებს, რაც სომხური დიასპორისათვის ძალზე მტკივნეულია.

მეორე პრობლემა, რაც სომხეთს აწუხებს, არის ერაყსა და სირიაში ეზიდური მოსახლეობის სასტიკი ჟლეტა. ამ რელიგიის წარმომადგენლებს ისლამისტი რადიკალები წარმართებად მიიჩნევენ. ის, რაც ერაყსა და სირიაში იეზიდებთან დაკავშირებით ხდება, გაერომ გენოციდად უკვე შეაფასა. იეზიდები სომხეთის უდიდესი ეთნიკური უმცირესობაა. სომხეთში მაცხოვრებელი იეზიდები მათ ძმებზე თავს დამტყდარ უბედურებას აპოკალიფსად მიიჩნევენ. მართალია სომხეთმა გამოთქვა მზადყოფნა, რამე იღონოს ამ თემების გადარჩენისა თუ ევაკუაციისთვის, რეალურად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მას არ ძალუძს. შედეგად, სომეხი იეზიდები იძულებულნი არიან, ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მათი თანამემამულეების მიმართ ჩადენილ სისასტიკეს უმწეოდ უცქირონ.

ეს ორი პრობლემა, რომლებიც ზემოთ აღვწერეთ, სომხეთის საზოგადოებას პირდაპირ ეხება. სომხეთის მოსახლეობის ეთნიკური ძმებისა და, შედეგად, თავად სომხეთის მოქალაქეების წინაშე მდგარი ჰუმანიტარული კატასტროფა გადაუდებელ საკითხთა სიაშია.

 

გეოპოლიტიკური გადალაგება

სომხეთის ხელისუფლებისა და აკადემიური საზოგადოების წინაშე სხვა, გეოპოლიტიკური ბუნების საფრთხეებიც დგას. თუმცა, აშკარაა, რომ იცვლება მთლიანად რეგიონის პარადიგმა. ცხადია, სირია და ერაყი ვერასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ეს ქვეყნები ბოლო წლების მოვლენებამდე იყო. თუმცა ბევრი შესაძლო სცენარი არსებობს, ვეღარც ასადის რეჟიმი დაამყარებს სრულ კონტროლს სირიაზე და ვეღარც სადამის მსგავს რეჟიმს მივიღებთ ერაყში. ახლა ეს ორივე ქვეყანა მხოლოდ რუკაზე არსებობს. ერაყი სამ ნაწილადაა გაყოფილი, სირია ქაოსშია ჩაფლული. კრიზისის დაძლევის ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში აუცილებელი იქნება ძალთა ახალი კონფიგურაციის დე-იურე თუ დე-ფაქტო აღიარება; სხვა ყველაფერი დასაღუპადაა განწირული. ადგილზე უკვე არსებობს ქურთული სახელმწიფო; ისლამური სახელმწიფო ერაყის სახელმწიფოებრიობის ლეგიტიმური საფუძვლის ნგრევის ბოლო ეტაპზეა და, ამდენად, დე-ფაქტო დაშლის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს. სირიას საკუთარი პრობლემები ტანჯავს და რეგიონში უკვე ვეღარ თამაშობს ცენტრალურ როლს, რასაც ბოლო დრომდე კიდევ ახერხებდა. ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანული სივრცე სწრაფად ვიწროვდება. რეგიონის სხვადასხვა კუთხეში ხდება მოსახლეობის ჰომოგენიზება ეთნიკური წმენდის, გენოციდისა და მოსახლეობის მასობრივი გადასახლების საშუალებით. ასეთ ახალ კონფიგურაციაში სომხების მსგავსი ეთნო-რელიგიური უმცირესობების ადგილი უბრალოდ აღარ არის. ბოლო დრომდე ისინი ბევრ სფეროში მნიშვნელოვან ფაქტორად გამოდიოდნენ და თავთავისი ქვეყნის პოლიტიკურ მოზაიკაშიც გვევლინებოდნენ. მეორე მხრივ, ნაკლებ სავარაუდოა, ისლამური სახელმწიფოს ტერიტორია არსებითად გაიზარდოს და სხვა ქვეყნების ტერიტორიაც მოიცვას, თუმცა, ამის შესაძლებლობა მაინც არსებობს. ერთი რამ აშკარაა: იგი აუცილებლად მოახდენს მთელი რეგიონის დესტაბილიზებას და კონფლიქტს პირდაპირი გამოძახილი ექნება სომხეთის უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნებში, თურქეთსა და აზერბაიჯანში. პრაქტიკულად ეს უკვე ხდება; რადიკალებისათვის თურქეთი დიდწილად სატრანზიტო ტერიტორია და ლოგისტიკური ბაზა გახდა, აზერბაიჯანი კი სულ უფრო სწრაფად სუნიტდება: ახალი ისლამისტური მოძრაობების უმეტესობა სუნიტურია და არა შიიტური. ასეულობით აზერბაიჯანელი საზღვარგარეთ ჯიჰადს აწარმოებს.

ეს ყველაფერი სომხური სახელმწიფოს, ქვეყნის ელიტისა და ახლოაღმოსავლური დიასპორების შეშფოთებას იწვევს. ჩნდება სომხების ბუნებრივი რეაქცია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებობის უკვე ნაცნობი ფორმების მხარდაჭერას გულისხმობს. არსებობის ამ ფორმებს სომხები ათწლეულების განმავლობაში მიეჩვივნენ, როდესაც ისეთი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ცხოვრობდნენ, რომლებიც მართალია არცთუ უნაკლო, მაგრამ მაინც სეკულარული და სტაბილური იყო და მოსახლეობას თამაშის მკაფიო წესებსაც სთავაზობდა. სირიის შემთხვევაში, ეს იყო ასადის რეჟიმი. სომხებისა თუ სირიის რომელიმე სხვა ეთნიკური უმცირესობის ადგილი იქ აღარ არის; ისლამური სახელმწიფო არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე ეთნო-რელიგიური სიჭრელის არსებობას. ახალ რეალობას სომხები ვერ მოერგებიან.

რეგიონის წარსულში დაბრუნებისა და ძველი პოლიტიკური კონფიგურაციის აღდგენის იმედი არც სომხეთსა და სომხებს აქვთ და არც მსოფლიო თანამეგობრობას, ასადის რეჟიმის მხარდაჭერა უბრალოდ შედეგს არ მოიტანს. ეს რეჟიმი რომც გადარჩეს, იგივენაირი ვეღარასოდეს იქნება. ერაყი აღარ არსებობს და მისი აღორძინება თითქმის წარმოუდგენელია. საჭიროა ახალი რეგიონული პოლიტიკური პრიორიტეტების დასახვა, თუმცა, მათი შექმნაც შეუძლებელია, რადგან ამის გამკეთებელი არავინაა: ქმედითი მოთამაშეები ჯერ არ ჩანან. ეს კი ერთადერთ არჩევანს გვიტოვებს: დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. სწორედ ასე იქცევა სომხეთი. უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ეს საუკეთესო ან ერთადერთი შესაძლო სტრატეგიაა.