ტრენინგი გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის

ტრენინგი გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის

დირკ ასენდორფი. Creator: Heinrich Boell Foundation. Creative Commons License Logoეს ფოტო ვრცელდება შემდეგი ლიცენზიით Creative Commons License.

2015 წლის 29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ ბათუმში გარემოს დაცვით საკითხებით დაინტერესებულ 12 ჟურნალისტს უმასპინძლა. ტრენინგის მიზანი გარემოს დაცვის და ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესებული ჟურნალისტების ცოდნის გაღრმავება და აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ფართო საზოგადოების უკეთ ინფორმირება იყო.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა გარემოს დაცვის და ენერგეტიკის პოლიტიკა, როგორც  ადგილობრივ ისე საერთაშორისო კონტექსტში; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლიმატის ცვილების საკითხებს.

მონაწილეებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ კლიმატის ცლილების, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის ექსპერტებს, ასევე გამოცდილ გერმანელ ჟურნალისტს, რომელიც ამ თემებს უკვე 20 წელზე მეტია აშუქებს. ღონისძიებას უძღვებოდა Deutsche Welle-ს ტრენერი, გერმანელი ჟურნალისტი დირკ ასენდორფი. მან ქართველ ჟურნალისტებთან ერთად იმუშავა  სავარაუდო  სტატიებისა თუ სიუჟეტების იდეაზე და მნიშვნელოვანი პრაქტიკული რჩევები მისცა მონაწილეებს. ქვეყნის გარემოსდაცვით პოლიტიკაზე ვრცლად  ისაუბრა ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის ხელმძღვანელმა ირაკლი მაჭარაშვილმა. კლიმატის ცვლილების გამოწვევების და ამ მიმართულებით ქვეყნის პოლიტიკის მიმოხილვით, ტრენინგის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მარინა შვანგირაძემ, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება და ექსპერტიზა აქვს. გარემოსდაცვითი პრობლემები შავი ზღვის სანაპირო ზოლის მაგალითზე საინტერესოდ წარმოაჩინა მამუკა გვილავამ, რომელიც სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პასუხისმგებელი პირია საქართველოში. მნიშვნელოვანი იყო მურმან მარგველაშვილის (მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, WEG) მიერ საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის და პრიორიტეტების მიმოხილვა. რეგიონის პერსპექტივიდან გარემოსდაცვითი მმართველობის კუთხით არსებული პრობლემატიკა, კიდევ უფრო ცხადი გახდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსთან, ვახტანგ წულაძესთან დისკუსიისას.

მნიშვნელოვანი იყო საველე გასვლები, რომლებმაც ჟურნალისტებს სიტუაციის ადგილზე გაცნობის და რეპორტაჟებისთვის საჭირო მასალის მოგროვების საშუალება მისცა.  აჭარაში ნანახმა მაგალითებმა (შუახევი ჰესის მშენებლობა და ამ ობიექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობის პრობლემები, შავი ზღვის სანაპირის დაცვასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები, ბათუმის ნაგავსაყრელი და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური საფრთხეები) ტრენინგის მონაწილეებს კარგად დაანახა ის ქაოსი, რაც გაუმართავ კანონმდებლობას, მნიშვნელოვანი ინსტიტუტების სისუსტეს და გადაწყვეტილების მიღების არაჯანსაღ პროცესს მოსდევს.

ტრენინგმა დაადასტურა, რომ საქართველოში სულ რამდენიმე ჟურნალისტია, რომელიც გარემოს დაცვის თემებზე ინტენსიურად მუშაობს და ამ თემების სიღრმისეულად და კვალიფიციურად გაშუქება შეუძლია. ამიტომაც, გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების უკეთ გააზრებისა და საზოგადოებრივ ჯგუფებში ამ საკითხების  სწორად წამოწევისთვის  მედიასთან უფრო აქტიური და გეგმიური მუშაობაა საჭირო, რასაც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო მომავალშიც აქტიურად შეეცდება.  

გთავაზობთ ტრენინგში მონაწილეების მიერ მომზადებულ რეპორტაჟებს:

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება