კავკასიის კონფლიქტები, სამწუხაროდ, ვულკანებს ჰგავს. ხანმოკლე და გამანადგურებელ ამოფრქვევებს აქ დიდი ხნით სიწყნარე და უმოქმედობა მოჰყვება ხოლმე. იწყება ხანგრძლივი მოლაპარაკებები, როგორც წესი, უმნიშვნელო საკითხებზე, კეთდება პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ პრობლემის არსი უცვლელი რჩება, სანამ ლანდშაფტს მორიგი ამოფრქვევა არ შეცვლის.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები 2008 წლის კატასტროფული ხუთდღიანი ომისა და რუსეთის მიერ ამ ორი ტერიტორიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის შემდეგ ჩაწყნარდა და დაძაბული სიტუაცია განიმუხტა.
კონფლიქტებში მონაწილე მხარეები ჟენევაში 33-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა გარკვეული გაგებით, ამ შეხვედრების უმთავრესი მიღწევა თვით ეს შეხვედრებია და ის ფაქტი, რომ მხარეებმა ერთმანეთთან მოლაპარაკებების წარმოება თუნდაც ძალიან უმნიშვნელო საკითხებზე მოახერხეს.
ამასობაში კი თვით რეგიონში ბევრი რამ შეიცვალა. შეიცვალა საერთაშორისო მდგომარეობაც. აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი პარადოქსულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. რუსეთის მიერ აღიარების შემდეგ ამ ორი რეგიონის საერთაშორისო იზოლაცია გაღრმავდა და ისინი რუსეთზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდნენ. "რუსეთის საზიდარზე გამობმას" აფხაზებისა და სამხრეთელი ოსებისათვის სულ უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მოაქვს. თვით რუსეთში ბევრი მათ აგდებით ეპყრობა და "კავკასიური ეროვნების პირებს" უწოდებს, ხოლო რუსეთის ეკონომიკაში მდგომარეობის გაუარესებას მოსკოვიდან მიღებული სუბსიდიების შემცირებაც მოჰყვა.
უცხო ქვეყნების მონაწილეობა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის საქმეებში უკრაინის გამო რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესებამდეც საკმაოდ შემცირებული იყო. თბილისისა და მოსკოვის მთავრობებისათვის გაერო-ს მისიისა და საქართველოში გაერო-ს სამეთვალყურეო მისიის რეგიონიდან გასვლა დიდად მნიშვნელოვანი მოვლენა არ ყოფილა, თუმცა საგრძნობი დარტყმა მიადგა აფხაზეთს, რომელმაც ერთადერთი მუდმივი საერთაშორისო წარმომადგენლობა დაკარგა. ამას გარდა, საქართველოს წინა მთავრობამ მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რითაც თბილისმა აფხაზებთან და სამხრეთელ ოსებთან პირდაპირ ურთიერთობებზე უარი თქვა და ერთადერთ ლეგიტიმურ გამოსავლად რუსეთის მიერ რეგიონების "დეოკუპაცია" გამოაცხადა. ეს კანონი აფხაზეთში უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავდა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის მთავრობა მათ ისედაც არ სწყალობდა.
2014 წელს უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. შეცვლილმა საერთაშორისო ვითარებამ აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც უარყოფითი შედეგები მოუტანა. ზეწოლის შედეგად მათ მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მის ინტერვენციას მხარი დაუჭირეს. სამხრეთელმა ოსებმა ამ მხრივ დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს, თუმცა აშკარა იყო, რომ აფხაზებისათვის ეს მაინც და მაინც სასიამოვნო არ ყოფილა.
"ყირიმის პრეცედენტის" მიმართ დასავლეთის ანტიპათიამ საქართველოს ამ ორ სეპარატისტულ რეგიონს ზიანი მიაყენა. 2008 წელს ევროპა "კოსოვოს პრეცედენტის" გავლენის ქვეშ იყო. საერთაშორისო თანამეგობრობის დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა სერბეთის სურვილის საწინააღმდეგოდ დამოუკიდებლობისაკენ კოსოვოს მისწრაფებისათვის დაეჭირა მხარი, მაგრამ ამას დასავლეთის მხრივ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთისათვის მხარდაჭერა არ მოჰყოლია. მიუხედავად ამისა, ეს მაინც იმის მანიშნებელი იყო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სეპარატიზმს შეუძლებლად არ მიიჩნევდა და გარკვეულ ვითარებაში მისი მხარდაჭერაც შეეძლო (კოსოვოს შემთხვევაში აღიარების ხანგრძლივი პროცესი გაერო-ს ხელმძღვანელობით წარიმართა).
მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმი ცალმხრივად მიიერთა, ქანქარა მკვეთრად ისევ ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისაკენ გადაიხარა. დასავლელი პოლიტიკოსები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის გამოხატვის არცერთ შემთხვევას ხელიდან არ უშვებენ და საქართველოს შემთხვევაშიც ანალოგიურად იქცევიან. თბილისში თავისი ამასწინანდელი ვიზიტის დროს ასე მოიქცა ევროკავშირის წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერიკა მოგერინიც. (სხვათა შორის, ამის გამო აზერბაიჯანმა "ორმაგი სტანდარტების" ბრალდება წამოაყენა, რადგან ეუთოს დოკუმენტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ძირითადი პრინციპების შესახებ ყარაბაღის სამომავლო სტატუსის თაობაზე ერთგვარი რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს, რაც ყარაბაღს აზერბაიჯანის შემადგენლობიდან გასვლის თეორიულ შესაძლებლობას აძლევს.) მიუხედავად ყველაფრისა, ეს განცხადებები ფორმალური ხასიათისაა და ადგილზე ვითარებას ვერ ცვლის.
ადგილზე კი ვითარება კვლავაც არასახარბიელოა. საქართველოში იძულებით ადგილნაცვალი პირების მთელი თაობა გაიზარდა. დასავლეთ საქართველოში ბევრი მათგანი 1993 წელს აფხაზეთში დატოვებული სახლებიდან სულ ერთი ან ორი საათის სავალზე ცხოვრობს, თუმცა მას შემდეგ თავიანთი სახლები არც კი უნახავთ.
რუსეთის მიერ აღიარებამ აფხაზებსა და სამხრეთელ ოსებს გარკვეული შეღავათიც მისცა. შეკითხვაზე, "გაუმჯობესდა თუ არა ცხოვრება 2008 წლამდე პერიოდთან შედარებით?", ბევრი გიპასუხებთ, რომ ხალხი თავს უსაფრთხოდ გრძნობს და სოციალური დახმარებითაც სარგებლობს. ახლა იქ ისეთსავე პენსიებს იღებენ, როგორც რუსეთში. ამის ფასი რუსეთის მხრივ მცოცავი ანექსიაა. სამხრეთელი ოსებისათვის ეს პრობლემა არაა. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ამჟამად მცირეა, ალბათ, არაუმეტეს 30 ათასისა. უკვე მრავალი წელია რეგიონის დედაქალაქი, ფაქტობრივად, ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქი ვლადიკავკაზია და არა ცხინვალი, ხოლო ოსების უმეტესობა გაერთიანებას უჭერს მხარს.
ამას წინათ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელს, ლეონიდ თიბილოვს წამოსცდა, რომ "გაერთიანების" შესახებ რეფერენდუმის საკითხი კრემლის მოხელესთან, ვლადისლავ სურკოვთან განიხილა. კრემლის წარმომადგენელი დიმიტრი პესკოვი იძულებული გახდა ეს განცხადება უარეყო. ცხადია, ეს ის შესაძლებლობაა, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობის უმაღლეს წრეებში განიხილება და რომელსაც თიბილოვი მიესალმება. სწორედ ამიტომაც სიამოვნებით გაამხილა სურკოვთან გამართული მოლაპარაკებების შინაარსი, თუმცა მოსკოვისათვის ამ სცენარს აშკარა უარყოფითი მხარეები აქვს.
ყირიმის სცენარის სამხრეთ ოსეთში გამეორება (თუ გეგმა განხორციელდა) დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამწვავებს. დასავლეთის მიერ რუსეთისათვის სადამსჯელო სანქციების უმეტესობა ხომ სწორედ საერთაშორისო სამართლის დარღვევით ყირიმის ანექსიის გამო დაწესდა. ამას გარდა, ეს ნაბიჯი მოსკოვს თბილისთან ურთიერთობის ყოველგვარ საშუალებას მოუსპობს. საქართველოს მისთვის საძულველი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორების შემდეგ რუსეთი საქართველოს ახალ მთავრობასთან ურთიერთობის ხელახლა დამყარებას ცდილობს, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ფაქტობრივი კონტროლის გამო ჯერაც არ აღმდგარა. თუ რუსეთი სამხრეთ ოსეთს ყირიმის სცენარით ოფიციალურადაც მიიერთებს, საქართველო სრულიად გაუცხოებული აღმოჩნდება და მოსკოვი ბევრად მეტს დაკარგავს, ვიდრე შეიძენს.
აფხაზეთი რუსეთისთვის კიდევ უფრო პრობლემატურია. რეგიონი სულ უფრო მეტ ფულს ითხოვს, ამასთან რუსეთში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ აფხაზები "უმადურები" არიან და მოსკოვის მიერ გაწეულ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას არ აფასებენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აფხაზეთისათვის კვლავაც ლამის ერთადერთ პარტნიორად და მეგობრად რჩება, აფხაზეთის პოლიტიკური ელიტის უმეტესობა რუსეთს მაინც ეჭვის თვალით უყურებს. მათ არ მიიღეს 2014 წელს სურკოვის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტი და დღემდე ეწინააღმდეგებიან ერთ-ერთ ცვლილებას, რომელიც მოსკოვისთვის უმნიშვნელოვანესია და უცხოელებისათვის (პირდაპირ თუ ვიტყვით, რუსებისათვის) აფხაზეთში საკუთრების შეძენის უფლებას ითვალისწინებს.
როგორც ჩანს, ყირიმის მიერთების შემდეგ რუსეთისათვის აფხაზეთის მნიშვნელობა შემცირდა. ყირიმი რუსეთისათვის შავ ზღვაზე მდებარე რუსულად მოლაპარაკე ადამიანებით დასახლებული დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონია. აქ არ არის მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც მოსკოვისადმი 100 პროცენტით ერთგული არ არის, რაღაც პრობლემებს ქმნის და დამოუკიდებლობაზე პრეტენზიებს ჯერ კიდევ ვერ ელევა.
სიტუაცია ნამდვილად ისეთია, რომ "მოგებული არავინაა". რა შეიძლება ასეთ სიტუაციაში გაკეთდეს?
მაღალ პოლიტიკურ დონეზე პასუხი, როგორც ჩანს, "არაფერი" იქნება. ერთი მხრივ, თითქმის მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი თბილისისა და, მეორე მხრივ, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ორი ტერიტორიის პოზიციების შეთავსება შეუძლებელია. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოში "დაბრუნების" არავითარი სურვილი არა აქვთ. სოხუმს, ცხინვალსა და თბილისს შორის განსხვავებები დროთა განმავლობაში იზრდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო მომენტში, როცა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და თბილისი ერთი ქვეყნის შემადგენლობაში იყვნენ, ეს ქვეყანა დამოუკიდებელი საქართველო კი არა, საბჭოთა კავშირი იყო.
სამხრეთ ოსეთი, სამწუხაროდ, რუსი მესაზღვრეების მიერ დაცული გამაგრებული ხაზის უკანაა მიმალული. იქ მცხოვრები ყველა რიგითი მოქალაქისათვის უმჯობესი იქნებოდა, ადმინისტრაციული ხაზი გახსნილი რომ იყოს, თუმცა უახლოეს მომავალში ეს ალბათ არ მოხდება.
უფრო რთულადაა მდგომარეობა აფხაზეთში. საქართველომ უნდა აღიაროს, რომ აფხაზეთზე იურისდიქციას ვერ აღადგენს და, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში საუკეთესო გამოსავლის პოვნაზე იფიქროს.
პარადოქსულია, მაგრამ უნდა დავასკვნათ, რომ საქართველო აფხაზეთს მეტი სუვერენიტეტისა და დე ფაქტო დამოუკიდებლობის მოპოვებაში უნდა დაეხმაროს. უფრო ძლიერი და "სუვერენული" აფხაზეთი მომავალში ღია იქნება თბილისთან შეთანხმებებისა და გარიგებებისათვის, ხოლო რუსეთის მიერ შთანთქმული აფხაზეთი, სადაც, ამასთან, რუსები მიწასა და საკუთრებასაც შეიძენენ, საქართველოსთვის სრულიად დაკარგული და მისგან გაუცხოებული იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დადებითი აქ მხოლოდ ისაა, რომ აფხაზეთი ყირიმი არაა.
პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ "ნეიტრალური სტატუსის" საფუძველზე გარე სამყაროსთან აფხაზეთის ინტეგრაციისათვის ყველა ღონე უნდა იხმაროს, ამისათვის კი აფხაზების უცხო ქვეყნებში მგზავრობას არ უნდა შეეწინააღმდეგოს, აფხაზ სტუდენტებს ევროკავშირის "ერაზმუსის" პროგრამით ევროპაში სწავლის საშუალება უნდა მისცეს, თურქეთს ზღვით აფხაზეთთან ლეგალურად ვაჭრობისა და, შესაძლოა, სოხუმში საკონსულოს ან წარმომადგენლობის გახსნის ნება დართოს და ევროკავშირსა და გაერო-ს აფხაზეთში "საინფორმაციო ოფისების" გახსნაში ხელი არ შეუშალოს.
ეს ყველაფერი აფხაზებსაც დიდი ხანია უნდათ. რამდენიმე წლის წინ ასეთი ნაბიჯები, ალბათ, რადიკალურად იქნებოდა მიჩნეული, დღეს კი გარესამყაროსათვის აფხაზეთის გახსნისათვის შეიძლება საკმარისი არც კი აღმოჩნდეს.