ტექსტი პირველად გამოქვეყნდა 2015 წლის 9 დეკემბერს ონლაინ გამოცემა ნეტგაზეთში, ნეტგაზეთისა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს პარტნიორული პროექტის „სამხრეთ კავკასიის ამბები“ ფარგლებში.
საქართველო დღეს ძალიან ახლოსაა ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის პერსპექტივასთან. ნოემბრის ბოლოს, როცა იტალიამ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოწოდებები: “აბა, აფხაზო და ოსო დებო და ძმებო, გელით”. ზოგს ალბათ ეჩვენება, რომ რაც მეტად გაიზრდება საქართველოს “ევროპერსპექტივა”, მით მეტად გაუჩნდებათ აფხაზებს სწრაფვა საქართველოსკენ. ალბათ ამაზე ბევრი დაიწერება, მე კი უბრალოდ ლოგიკას მივყვები ჩემს დაკვირვებებზე დაყრდნობით და ამ ორი რეგიონის სპეციფიკიდან გამოდინარე, მხოლოდ აფხაზეთზე ვარჩევ წერას, რადგან საკუთარი სახელმწიფოს შენებისა და შესაბამისი პერსპექტივების ძიების მცდელობები მხოლოდ აფხაზეთში იგრძნობა.
კითხვა შეიძლება ასე ჟღერდეს: შესაძლებელია თუ არა, რომ ევროპასთან გამარტივებულმა მისვლა-მოსვლამ, ევროკავშირთან ეტაპობრივმა დაახლოებამ აფხაზეთის საზოგადოებაში შვას კონსენსუსი, რომელიც ჩვენს საერთო სახელმწიფოებრიობას გახდის შესაძლებელს?
მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური პასუხი წინასწარ მაქვს გამზადებული, მაინც მგონია, რომ ამ საკითხის სტატიკაში განხილვა შეუძლებელია. ევროკავშირისკენ ჩვენი სვლა მხოლოდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორია აფხაზეთში აზრის (ნაწილობრივ მაინც) შესაცვლელად.
ა) გასათვალისწინებელია, რომ აფხაზეთში მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი არ შედგება არც ეთნიკური ქართველებისგან, არც აფხაზებისგან. ეს ის ელექტორატია, რომელიც რუსულ ორბიტასთან უფრო ბუნებრივადაა დაკავშირებული. ამ მსჯელობაში ჩვენ აუცილებლად მივადგებით იმ “დაშვებას”, რომ ოდესმე შესაძლოა ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც ძალიან სასიკეთო გამოდგეს გალის ქართველებსა და ეთნიკურ აფხაზებს შორის თანამოაზრეობის, მომავლის მსგავსი ხედვების ჩამოყალიბება. ქართული ხელისუფლება ხელს უნდა უწყობდეს იმას, რომ გალის ქართველობა ე.წ. მეხუთე კოლონის მაგიერ აფხაზურ ხედვას დაუახლოვოს. თუმცა ამაზე სხვა დროს სჯობს საუბარი.
ბ) თუკი ვამბობთ, რომ ბოლო ხანებში საქართველოში პრორუსული განწყობები იზრდება, უფრო ლოგიკური იქნება გავაცნობიეროთ, რომ ასეთი განწყობა აფხაზების ერთ ნაწილში არსებობს. ამ კატეგორიას აქაც და იქაც ბევრი აქვს საერთო: დასავლური ფასეულობების არცოდნა, ძალის წინაშე მოწიწება და, რაც მთავარია, ხეირის მოყვარულობა. ამათთვის რუსეთი დასაქმების შესაძლებლობა და ფინანსური შენაკადების გარანტირებული წყაროა. აფხაზებისთვის, ამასთან ერთად, ევროკავშირი ქართულ ინტერესთან ასოცირდება, რუსული ორბიტა კი ფარია შესაძლო ქართული აგრესიისაგან, თუნდაც, დევნილთა მასობრივი დაბრუნებისაგან, რისიც აფხაზებს (სწორედ მასობრივ დაბრუნებაზეა ლაპარაკი) უღიარებელი დამოუკიდებლობის დაკარგვაზე ნაკლებად არ ეშინიათ. ისინი მიიჩნევენ, რომ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და ბერიას პერიოდში ჩასახლებულმა ქართველებმა აფხაზებს საკუთარი ნების გამოხატვის თეორიული შესაძლებლობაც კი წაართვეს. აქვე უნდა ითქვას, რომ მათი ნაწილისთვის მისაღებია ისეთი ქართველების დაბრუნება, რომლებიც მათ ღირებულებებს გაიზიარებენ.
გ) ევროკავშირისკენ ქართულ სახელმწიფოსთან ერთად სწრაფვის საპირწონედ მათ თავიანთი დიდი მსხვერპლი აქვთ. ვისაც აინტერესებს, მისთვის ცნობილია, რომ 1992-93 წლების ომი მთლიანობაში გაცილებით ტრავმული იყო აფხაზური საზოგადოებისთვის, სადაც მცირერიცხოვნობის გამო თითქმის ყველა ოჯახმა, სულ მცირე, ერთი წევრი დაკარგა. დაღუპული ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობების ჩამონათვალი კი ძალიან გრძელი იქნება. აფხაზების აზრით, ეს მსხვერპლი ავალდებულებს მათ, შეინარჩუნონ ის, რაც ამხელა მსხვერპლის და ტრავმის ფასად მიიღეს. კითხვები შესაძლოა მაშინ გაჩნდეს, თუ რუსეთის ფედერაციის განზრახვები იმდენად აშკარა გახდება, რომ ქართულ საფრთხეს გადაფარავს. ჯერჯერობით კი მათი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ იმ გემის სვლას ჰგავს, რომელიც, ბედს მინდობილი, სცილასა და ქარიბდას შორის ცდილობს გაცურვას.
ზოგიერთი ქართველი, ვინც წლების მანძილზე სამშვიდობო საქმიანობაში ასე თუ ისე ჩართული იყო, ამბობს, რომ მათი შთაბეჭდილებით, აფხაზები, მართალია, ღიად არ აცხადებდნენ ამას, თუმცა მაქსიმალურად მისაღები სტატუსისა და პირობების შეთავაზებას ელოდებოდნენ ქართული სახელმწიფოსგან. ამის და, შესაბამისად, ქართველების მიერ ხელიდან გაშვებული შანსის შესანიშნავი მაგალითი იყო სერგეი შამბას ვიზიტი თბილისში. დღეს სრულიად ცხადია, რომ ქართული მხარე ყოველთვის იგვიანებდა აფხაზების გარკვეულ მზაობაზე დათანხმებას და ყოველ ჯერზე წინა რეალობა უხდებოდა სანანებელი.
2008 წელს, პუტინის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ, რეალობა შეიცვლა. რასაც ადრე აფხაზური მხარე გვთავაზობდა, დღეს თავად აღარ უნდათ გაგონება. აი, აქ კიდევ ერთხელ შეიძლება თქმა, რომ არც ერთი რეალობის განხილვა არ შეიძლება სტატიკაში. თეორიულად შეიძლება წარმოდგენა, რომ რუსეთის ხელისუფლების გათავხედების ტენდენციამ, შესაძლოა, იმდენად შეცვალოს აფხაზეთში საზოგადოებრივი აზრი, რომ, რეალობის შეფასებებში მაინც, 2008 წლამდელ სურათს დაუბრუნდნენ. და აი, აქ იწყება მთავარი. ჩვენ რა გაკვეთილი გამოვიტანეთ ამ წლების გამოცდილებიდან? გავაკეთეთ თუ არა დასკვნები? გვაქვს თუ არა სამოქმედო გეგმა და იდეები, რომელთა გარეშეც თემასთან მიბრუნება უხერხულია?
ასეთები შეიძლებოდა ყოფილიყო: საქართველო-აფხაზეთის საერთო და ცალ-ცალკე განვლილი ისტორიის რევიზია, ბერიას პერიოდის გაანალიზება (ეს ორი ელემენტი ლამის საშინაო დავალებასავით შეუსრულებელ ტვირთად გვაწევს), თავდაუსხმელობის ხელშეკრულების ხელმოწერა [ავტორიტეტული არასმთავრობო ორგანიზაცების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ევროკავშირთან და საქართველოსთან თანამშრომლობა შესაძლებელი იქნებოდა – საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ეს შეიძლება იყოს, სხვათა შორის, საქართველოს გამოცდილების შესწავლა (კორუფციასთან ბრძოლა, რეფორმები ჯანდაცვის, განათლების სიტემაში)], აღიარება, რომ დევნილთა ერთი ნაწილი აფხაზეთმა დაიბრუნა (გალი), გალელების როლის ახლებური ხედვა – “მეხუთე კოლონად“ ქცევის სურვილის მაგიერ (ერთი ჟურნალისტის სიტყვებია), მათთვის ქისტების მსგავსი, ერთგვარი ხიდის როლის მინიჭება და სხვა.
აფხაზები ალბათ იმასაც უნდა ხედავდნენ, რომ საქართველო სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოა, სადაც უმუშევარ ადამიანს გაზის, შუქის და ლუკმა-პურის გარეშე დარჩენა არ ემუქრება და თვით უმუშევრობის აღმოსაფხვრელადაც ყველაფერი კეთდება. სხვანაირად არანაირი სატყუარა, ბათუმების და ანაკლიების ფოტოების ფრიალი საქმეს არ უშველის, უფასო სამედიცინო დახმარება კი მხოლოდ ჩასაფრებული ხალხის მანევრია.
დაბოლოს, მუჰაჯირობის და ბერიას პერიოდის გააზრებასთან ერთად აფხაზებმა უნდა დაინახონ, რომ დევნილების დაბრუნების სურვილი აფხაზეთში ქართული ელემენტის გაძლიერების სურვილი არაა. ამის დემონსტრირებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს აფხაზური ელემენტის გასაძლიერებლად.
დ) ჩემთვის, მაგალითად, საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა პერსპექტივაში ქართული სახელმწიფო თავად ეწეოდეს აფხაზეთის ტურისტული და საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციას ევროპაში. ისიც საინტერესოა, როგორ იმოქმედებს ქართულ საინვესტიციო გარემოზე ამგვარი კეთილგანწყობილი მოქმედებები, ხომ არ გააძლიერებს ეს მშვიდობისმოსურნეობა ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას ინვესტორებისთვის, როგორც მშვიდობის, მაშასადამე, სტაბილობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს მიმზიდველობას?!
შესაძლოა, აფხაზეთში მართლაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც რაციონალურ არჩევანს გააკეთებენ და ჩათვლიან, რომ საქართველო უკეთეს პირობებს შეუქმნის, ვიდრე ის გარემოა, რომელსაც რუსეთის ორბიტაზე ყოფნა უქმნის. ოღონდ სად ჩანს ამ პირობათა წინაპირობა?
სრულიად აშკარაა, რომ აღიარების მიუხედავად, სწორედ რუსეთი ცდილობს, არ მისცეს აფხაზეთს მეტი პერსპექტივა, უფრო ნათლად რომ ვთქვათ, აშკარაა, რომ რუსეთისთვის აფხაზეთის იზოლიციაა ხელსაყრელი, ევროკავშირი კი ქართულ მხარეს აფხაზეთის დეიზოლაციისკენ ურჩევს ნაბიჯების გადადგმას.
დიახ, აფხაზების ერთ ნაწილში ნამდვილად იგრძნობა თავგანწირული მცდელობა, რამენაირად აიცილოს რუსული გავლენა (კარგი მაგალითი: აფახაზეთის წმინდა ეპარქია) და საკუთარი ძაფები გააბან დასავლურ სამყაროსთან. არის თაობა, რომლის განათლებულ ნაწილსაც ეს სურს, განათლებაც დასავლეთში აქვს მიღებული და დასავლური ღირებულებების გაზიარების შემდეგ “რუსული სამყაროს“ რეალიებს მხოლოდ იმდენად “იტანს“, რამდენადაც სხვა პერსპექტივას ვერ ხედავს.
დეიზოლაციის ერთ-ერთი ელემენტი აფხაზებისთვის ისეთი სამგაზვრო დოკუმენტის შეთავაზებაა, რომელიც მათთვისაც და ქართული მხარისთვისაც მისაღები იქნება.
წლების წინ აფხაზები ითხოვდნენ გაეროს პასპორტებს, რაზეც ქართული მხარისგან უარი მიიღეს. ე.წ. ნეიტრალური პასპორტები აფხაზებისთვისაა მიუღებელი. არსებობს უნიკალური შემთვხვევებიც, მაგალითად, ჩრდილოეთ კვიპროსის მოქალაქეებს სამოგზაურო დოკუმენტად საკუთარი პასპორტის გამოყენება შეუძლიათ. ქართული მხარე (აბსტრაქტული “ქართველი ექსპერტები“, როგორც პრესაში იწერება) მიიჩნევს, რომ აფხაზური პასპორტის აღიარება აფხაზეთის აღიარების ტოლფასია. თუმცა აშკარაა, რომ ეს ასე არ არის.
ახლა ვნახოთ, რა ხდება რეალობაში და როგორ სტრატეგიას ირჩევს ქართული მხარე:
2011 წელს ევროპარლამენტის რეზოლუციაში აფხაზებმა დეიზოლაციისათვის საიმედო ნიშნები ამოიკითხეს. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადა: “აფხაზეთს, როგორც ევროპის ნაწილს, მიაჩნია, რომ ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს მისი საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას”.
მაშინ ამ უწყებას სათავეში მაქსიმ ღვინჯია ედგა, კადრი, რომელიც ქართული დიპლომატიის სფეროსთვისაც შენაძენი იქნებოდა: უკრაინაში დაწყებული სწავლა ღვინჯიამ ჰარვარდის სამართლის სკოლაში განაგრძო, შემდეგ კი უელსის უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალს ადამიანის უფლებათა განხრით. ეს იყო მკაფიოდ დასავლური ტიპის დიპლომატი.
მაშინ აფხაზების ამ რეაქციის პასუხად, “პატროტების” ბასტიონმა, ექსპერტთა კლუბმა გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით “აფხაზები ევროპელებად ჩაეწერნენ“. თავისთავად საინტერესოა ეს ლოგიკა იმ ფონზე, როცა საქართველო, გაცილებით მეტად აზიური გავლენის ქვეყანა უძველეს ევროპელად აცხადებს თავს მაშინ, როდესაც საქართველში ირონიულად ახსენებენ აფხაზეთის რუსეთზე დამოკიდებულებას, აფხაზეთში სულ უფრო ხშირად გაისმის მოსაზრება, რომ რესპუბლიკამ უარი უნდა თქვას რუსულ დახმარებაზე.
აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი ლეონიდ ჭამაგუა წელს აცხადებდა: “აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილს რჩება შთაბეჭდილება, რომ ადგილი აქვს აფხაზეთის მიმართ დაუფარავ შანტაჟს რუსეთის არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკების მხრიდან“.
ლ. ჭამაგუას თქმით, რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას თან მოყვება მიუღებელი მოთხოვნები, ამასთან, რუსეთი თავის დაპირებებს, მათ შორის, ფინანსურს, არ ან დიდი ხარვეზებით ასრულებს.
საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა, ბესლან წვინარიამ წელსვე წამოაყენა წინადადება, რომ აფხაზეთს უარი ეთქვა რუსულ ფინანსურ დახმარებაზე და სრულად აემოქმედებინა საკუთარი რესურსები. მისი და ბევრი აფხაზის სამართლიანი პრეტენზიით, რუსული ბაზების განთავსებას აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისი ფასი აქვს, ამიტომ რუსული ტრანშები, რომლებიც პერიოდულად იყინება (როგორც სასჯელი დაუმორჩილებლობისათვის), მთლად დახმარებაც არ არის. გარდა ამისა, აფხაზეთს აქვს ბიუჯეტის გაზრდის და საკუთარი სახსრებით ცხოვრების საშუალება. ამგვარი დახმარება რყვნის აფხაზებს, – განაცხადა მან. ბესლან წვინარია მაშინ ხაზს უსვამდა აფხაზი მეწარმის მხარდაჭერის საჭიროებას. მართლაც, აფხაზი ბიზნესმენები ცდილობენ, დამოუკიდებლად, რუსული პატრონაჟის გვერდის ავლით, დაამყარონ კავშირები უცხო ქვეყნებთან.
თითქოს აშკარაა, რომ ამ სწრაფვას – მაქსიმალური დამოუკიდებლობა მოიპოვონ და რუსული ორბიტის შორ წრეებზე მაინც გადაინაცვლონ- ქართული სახელმწიფოს დახმარება სჭირდება.
2014 წლის გაზაფხულზე სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციამ პოტსდამის მრეწველთა კლუბის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. როგორც ქართული პრესიდან ჩანს, აფხაზეთი სტატუსის გამოუკვეთელად მონაწილეობდა. 2013 წელს სოხუმში გერმანელი მრეწველები იყვნენ ვიზიტით ჩასული. აფხაზების ვიზიტი საპასუხო იყო და თავიანთი რესპულიკის (უღიარებელი რესპუბლიკაც რესპუბლიკაა) პოტენციალის, მათ შორის, ტურისტული პოტენციალის სადემონსტრაციოდ იყო ჩასული. დანარჩენს ისევ ქართული პრესიდან ვიტყობთ:
„საკმარისი გახდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევა და ახსნა ოფიციალური ხელისუფლებისთვის, თუ რასთან აქვთ საქმე და ეს საკითხი დამთავრდა. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც ტყუილად ხარჯავენ ფულს და ენერგიას, ვინაიდან აფხაზეთის ტურისტული ინფრასტუქტურა გერმანიაში არ აინტერესებთ. ვფიქრობ, ამაოდ დაშვრებიან“, – გია ვოლსკი.
“აუცილებელი იყო ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს განეცხადებინა გერმანიის საელჩოსათვის, რომ თუ მსგავსი კონტაქტები გაგრძელდება, ეს ხელს არ შეუწყობს გერმანია-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს“, – სოსო ცინცაძე.
ქართველი ექსპერტები მხოლოდ პასპორტების საკითხში არ არიან გარკვეული, დროდადრო ევროკავშირის წამყვან ქვეყანასაც ემუქრებიან.
მსგავსი ეპიზოდი მოჰყვა იტალიაში, ქალაქ ბარიში, გამოფენაში“Fiera del Levante” აფხაზეთის სავაჭრო პალატის მონაწილეობას წელს, სექტემბერში. ოპერატიულმა სსმ-მ იტალიის ხელისუფლებას ამცნო, რომ აფხაზები გამოფენაში მოტყუებით მონაწილეობენ. შემდეგ რაც მოხდა, იმაზე ორივე მხარეს თავისი ვერსია აქვს: ქართული ამტკიცებს, რომ აფხაზური სტენდი გამოფენიდან მოიხსნა, აფხაზები ამტკიცებენ, რომ კონტრაქტი სწორად ჰქონდათ შედგენილი და გამოფენის ორგანიზატორებს აზრი არც ქართული ნოტის შემდეგ შეუცვლიათ.
თენგიზ ტარბასთან, ალპინისტთან და დიპლომატთან ( ამასთან, არაჩვეულებრივ ფოტოგრაფთან და პროექტის “მთიანი აფხაზეთი“ ავტორთან, რომელიც აფხაზეთში ექსტრემალური თუ ეკოლოგიური ტურიზმის პოპულარიზაციას ეწევა), ქართული მხარე ნამდვილ დროშათა ომშია ჩაბმული. რამდენიმე აფხაზ ალპინისტთან ერთად მან უკვე აღმართა აფხაზეთის დროშები იალბუზსა და კილიმანჯაროზე – არგენტინაში მდებარე აკონკაგუა მესამე მწვერვალი იყო, რომელზეც ამავე დროშის აღმართვამ მოკლე ხნით (თავად ალპინისტები ამბობენ, რომ მწვერვალზე დიდხანს ვერც ერთი დროშა ვერ ჩერდება, ალბათ, ქარისა და ბუნების სხვა მოვლენების გამო) ქართულ სახელმწიფოებრიობას საძირკველი შეურყია. ეს 2014 წლის იანვარში მოხდა.
ექსპედიციაში აფხაზებთან ერთად ცნობილი შვედი ალპინისტი, იუჰან ნილსონიც მონაწილეობდა. “ნილსონი ინანებს“, – წერდა ამის შესახებ ქართველი ალპინისტი გია თორთლაძე, – ”ამის შესახებ მოგზაურთა მთელ სამყაროს შევატყობინებ“.
ქართულ სახელმწიფოს შინაც და გარეთაც აშკარად სხვა მტრები ჰყავს – რამდენ ფოტოზეც არ უნდა აღიბეჭდოს ეს დროშა, რამდენ ბავშვთა კონკურსშიც არ უნდა იცეკვონ აფხაზმა ბავშვებმა მის ქვეშ, ჩვენს სახელმწიფოებრიობას ჩვენ რომ ვავნებთ, ისე ვერავინ აზარალებს, ვერც ევროპაში გასული აფხაზი ბიზნესმენი და ვერც მექსიკაში შაშის სათამაშოდ წასული აფხაზი ბავშვების გუნდი (ამაზეც ვეხმალავეთ).
რა იქნება ცუდი იმაში, თუკი დედამიწის ზურგზე უხეში ძალით გაბნეული რამდენიმე ასეული ათასი აფხაზი საკუთარ დროშას მაღალ მწვერვალებზე დაინახავს, დანარჩენ მსოფლიოს შეახსენებს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც არსებობენ, ჰყავთ კარგი და ლამაზი ახალგაზრდა თაობა და ამაში ქართული სახელმწიფო ხელს არ შეუშლის? სხვანაირადაც შეიძლება კითხვის დასმა: ისეთი საქართველო უფრო მიმზიდველი ხომ არ იქნება მათთვის, რომელიც, მართალია, მათსავით არ თმობს საკუთარ პრინციპებს, მაგრამ მსოფლიოსათვის თავის შეხსენების ამ სურვილში მხარს დაუჭერს, იმ სფეროებში მაინც, რომლებიც პოლიტიკას არ უკავშირდება?
ვფიქრობ, ჩვენს საერთო, ქართულ-აფხაზურ ისტორიაში უკანასკნელი პოზიტიური გამოცდილება იმ ხანაზე მოდის, როცა ბევრი რამ ჯერ კიდევ ერთმანეთისათვის გაკეთებული სულგრძელი ჟესტებით გვარდებოდა.
რა თქმა უნდა, ყველა ხელისუფლება მოერიდება გატკეპნილი გზიდან გადახვევას, სანამ გაკეთებულა დასკვნები, არ შესრულებულა საშინაო დავალება, რომელზეც ზემოთ ვწერდი. საქართველო, უბრალოდ, არ არის სანდო მხარე, სანამ ამ საშინაო დავალებას არ შეასრულებს.
დღეს ბევრი აფხაზი კითხულობს, რატომ თამაშობს ქართული სახელმწიფო რუსულ თამაშს? რატომ უგდებს რუსეთს ხელში აფხაზეთს ასე უგუნურად?
ახლა, როცა სიტუაციის შემოსაბრუნებლად საჭიროა, ერთი მხრივ, ქართული საზოგადოების, მეორე მხრივ, აფხაზური საზოგადოების კონსენსუსი, რათა ორ მხარეს დასაწყისისთვის მეტი შეხების წერტილი გაუჩნდეს, ამოსვლა სწორედ ამ რეალობიდანაა საჭირო და არა ურთიერთდადანაშაულების დაუსრულებელი და გულისგამაწვრილებელი სერიიდან, რომელმაც პროცესისათვის არაერთი სასარგებლო ადამიანი ჩამოაშორა მას. ჯერ ქართული საზოგადოება უნდა შეიცვალოს, მერე ვნახავთ, როგორ შეიცვლება აფხაზური. სხვაგვარად, ის, რაც დავკარგეთ, საერთოდ გაქრება რუკიდან და შემდეგ რეალობიდან, აი, ამის გაცნობიერებაა საჭირო.
Disclaimer: This paper is prepared within the framework of the South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation (HBF SC) Web Dossier project. The views, opinions and statements expressed by the author are his only and do not necessarily reflect the position of the HBF SC.