ქალთა საკითხებზე მომუშავე ფონდი ტასო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით იწყებს პროექტს “საბჭოთა ტრავმა” ქალთა მეხსიერებაში სოფლად. მსგავსი თანამშრომლობის აუცილებლობა მრავალმა ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში, საბჭოთა წარსულის მიმართ კეთილგანწყობა ქართულ სოფლებში თვალშისაცემია მიუხედავად იმისა, რომ მასთან დაკავშირებული ტრავმატული გამოცდილებები მათთვის სრულიად არაა უცხო (მაგალითად კოლექტივიზაცია). მსგავს მდგომარეობას თავის მხრივ მრავალი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბჭოთა წარსულზე სოფლად დისკუსიების ნაკლებობა და მისი გააზრებისთვის სამოქალაქო საზოგადოების სუსტი მხარდაჭერაა. საბჭოთა გამოცდილებები, განსაკუთრებით ქალთა გამოცდილებები ხშირად შიშით და იმ დროის მიმართ სირცხვილის გრძნობითაა გადაფარული და სრულიად უცნობს ხდის ამ ეპოქას ახალგაზრდებისთვის, რაც საწინააღმდეგო შემთხვევაში საბჭოთა რეჟიმის შეფასების ახალ განზომილებას შექმნიდა. საბჭოთა წარსულის როგორც ტრავმის აღქმა ქალთა ინდივიდუალურ მეხსიერებაში ეპოქის „ძველ მოწმეებთან“ ერთად ქრება. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია მეხსიერების შენახვა მეცნიერული კვლევისა და საქართველოს ახალგაზრდა თაობისთვის დაგროვილი ცოდნის გადაცემის საშუალებით.
პროექტი დაეფუძნება საველე კვლევის შედეგებს. ჩაწერილი იქნება ინტერვიუები ზეპირი ისტორიის მეთოდის გამოყენებით და საოჯახო ალბომებიდან შესაბამისი ფოტო-მასალაც მოგროვდება. ამ სამუშაოს საფუძველზე მომზადდება პუბლიკაცია და გამოფენა “საბჭოთა ტრავმა” ქალთა მეხსიერებაში სოფლად. წიგნი და მისი თანმხლები ექსპოზიცია წარდგენილი იქნება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, რაც სივრცეს გახსნის საქართველოს საბჭოთა წარსულზე დისკუსიისა და მსჯელობისათვის. შედეგად, აღნიშნული პუბლიკაცია რამდენიმე ქართული უნივერსიტეტის კურიკულუმში იქნება ინტეგრირებული.