სამართლებრივი ადვოკატირება ურბანული გარემოს დასაცავად (2016-2017)

Კითხვის დრო: 3 წუთი

უკანასკნელი წლების მანძილზე სამოქალაქო საზოგადოებაში გააქტიურებულმა წინააღმდეგობრივმა მოძრაობამ, სამოქალაქო აქტივიზმმა ნათელი გახადა, რომ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობა, ბუნებრივი გარემო და სივრცის დაგეგმვა უგულებელყოფისა და დაზიანების ობიექტია. სახელმწიფო, მათ დაცვას  მეორეხარისხოვან, არაძირითად, ვალდებულებად მოიაზრებს. კულტურული მემკვიდრეობა, ბუნებრივი გარემო და ურბანული ლანდშაფტი რეპრეზენტირდება, როგორც დამხმარე საშუალება, რომელიც უნდა მოხმარდეს ქვეყნის ძირითადი  პრობლემის გადაჭრას-ეკონომიკურ განვითარებას. საზოგადოებრივმა აქტივობამ ორი ძირითადი შედეგი აჩვენა: ა) შესაძლებელი გახდა პრობლემების იდენტიფიკაცია, მათი დეკლარირება, მათ შორის ხელისუფლების მიერ; ბ) ნათელი გახდა, რომ პრობლემების მასშტაბურობისა და იმის გამო, რომ მათი წარმოშობის წყარო, ხელისუფლების სამივე შტოში უნდა ვეძებოთ, ყველაზე ეფექტური გამოსავალია სისტემატური, სამართლებრივი წარმოება, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ და სასამართლო დონეზე. სისტემატური სამართლებრივი წარმოება კი ვერ ხორციელდება იმის გამო, რომ არასამთავრობო სექტორს არ ჰყოფნის რესურსი, საკმარისი რეაგირება მოახდინოს დარგში არსებულ მოცულობით სამართლებრივ პრობლემებზე, შესაბამისად, ყურადღების ცენტრში ექცევა ყველაზე გახმაურებული დარღვევები, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩება დარგისათვის უმნიშვნელოვანესი, უამრავი საქმე.

2016 წლის  განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს: სამართლებრივი ადვოკატირება ურბანული გარემოს დასაცავად.

პროექტის მიზნებია:

ა) ბუნებრივი გარემოს, კულტურული მემკვიდრეობისა და  სივრცითი დაგეგმვის მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა სამართალწარმოებათა პროცესში. ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაცებისა და ცვლილებების შემუშავება და წარდგენა/დასაბუთება სათანადო ინიციატივის მქონე ჯგუფებისათვის;

ბ) ინტენსიური ადმინისტრაციული  და სასამართლო წარმოების ფონზე, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის, სივრცითი დაგეგმვის საკითხების აქტუალობის გაღვივება, როგორც მოქალაქეთა, ისე ადმინისტრაციულ ორგანოთა და მოსამართლეთა ცნობიერებაში;

გ) ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის, სივრცითი დაგეგმვის სფეროში პრეცედენტული (სამოსამართლეო) სამართლის განვითარება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით;

დ) გარემოსდამცველი ორგანიზაციებისა და ინდივიდებისათვის სამართლებრივი მხარდაჭერის აღმოჩენა და სასამართლო წარმომადგენლობა ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სივრცითი დაგეგმვის საკითხებზე.

პროექტით დაგეგმილი აქტივობები იყოფა სამ ძირითად კომპონენტად:

1. კანონმდებლობის  დონეზე:

1.1) ბუნებრივ გარემოსთან, კულტურულ მემკვიდრეობასა და  სივრცით დაგეგმვასთან დაკავშირებული ყველაზე პრობლემატური ნორმატიული აქტების ანალიზი, ხარვეზების გამოვლენა;

1.2) საკანონმდებლო წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა, საკანონმდებლო ინიციატივების მქონე პირთათვის;

1.3) საკანონმდებლო ცვლილებებისათვის წინადადებების დამუშავებასა და საჯარო მოსმენებში მონაწილეობა, შენიშვნებისა და წინადადებების წარდგენა-დაცვა.

1.4) საკანონმდებლო ხარვეზებისა და მათზე შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენა დაინტერესებული საზოგადოებისათვის, ღია პრეზენტაციაზე.

 

2. აღმასრულებელ დონეზე

2.1) კულტურულ მემკვიდრეობასთან, ბუნებრივ გარემოსა და სივრცით დაგეგმვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღებამდე, საჯარო განხილვებში მონაწილეობა, წინადადებებისა და შენიშვნების შეთავაზება როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ორგანოებისთვის;

2.2) ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებებათა გასაჩივრება სათანადო წესით.

2.3)ადმინისტრაციული პროცესის მოინიტორინგი და პროცედურულ დარღვევებზე სამართლებრივი რეაგირება.





3. სასამართლო დონეზე

3.1)  გარემოს დამცველი და ადვოკატირების საინიციატივო ჯგუფებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის შეთავაზება კონკრეტული, გარემოს დაცვის კულტურული მემკვიდრეობისა და სივრცითი გეგმარების საკითხების გადასაჭრელად;

3.2)  გარემოს დამცველი და ადვოკატირების საინიციატივო ჯგუფების, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირის, ან საკუთარი სახელით სასამართლოში სარჩელების შეტანა, სასამართლო წარმომადგენლობა, სხვადასხვა ინსტანციაში სარჩელების გასაჩივრება.