რა გზებით უნდა მივაღწიოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მწვანე ტრანსფორმაციას? რა როლი შეუძლიათ ითამაშონ აქტვისტებმა მწვანე პოლიტიკური დისკურსის განვითარებასა და გაძლიერებაში? რეგიონის მდგრადი განვითარებისკენ მიმართული რა სახის თანამშრომლობა შეიძლება შედგეს გარემოს დაცვის და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ სომხურ და ქართულ ახალგაზრდულ მოძრაობებს შორის?
ეს იყო ძირითადი კითხვები, რომლის გარშემოც 2016 წლის 22-24 მარტს, სომხეთში, ქალაქ წახკაძორში შეკრებილი ახალგაზრდები ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მიერ ორგანიზებული მწვანე აკადემიის საგაზაფხულო შეხვედრაზე - „ახალგაზრდული აქტივიზმის მწვანე პერსპექტივები სომხეთსა და საქართველოში“-მსჯელობდნენ. მწვანე აკადემია სოციალური ტრანსფორმაციისა და მდგრადი განვითარებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებისთვის, გარემოს დამცველებისთვის, ფემინისტებისთვის და ურბანისტებისთვის შექმნილი პლატფორმაა, რომლის წლევანდელი პროგრამა მწვანე პოლიტიკის დისკურსში სხვადასხვა საკითხების გადააზრებას დაეთმო.
ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა, გერმანიის პარლამენტის წევრმა (2009-2013) ალიანსიდან „კავშირი 90/მწვანეები“ (Bündnis 90/Die Grünen),მწვანე აკადემიაზე წარმოდგენილ მოხსენებაში მიმოიხილა 60-იანი და 70-იანი წლების ანტიატომური მოძრაობები, რომელიც ჯერ გერმანიაში, მოგვიანებით კი ევროპის სხვა ქვეყნებში პოლიტიკურ პარტიებად ჩამოყალიბდა. ლოზუნგის - „არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, არამედ წინ“- ქვეშ გაერთიანებული პარტიისთვის ეკოლოგია, სოციალური სამართლიანობა, მშვიდობა და საბაზისო დემოკრატია საკვანძო საკითხებად იქცა. თუმცა, პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილება მწვანეთა პარტიაზეც აისახებოდა ხოლმე. ამ კუთხით მნიშვნელოვან თანამედროვე გამოწვევად ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა საზოგადოებაში გავრცელებული ექსტრემისტური სენტიმენტები და მემარჯვენე მოძრაობები (მაგალითად პეგიდა“PEGIDA”[i]) დაასახელა.
[i] გერმანიაში ახლახანს აღმოცენებული ანტიისლამური უკიდურესი მემარჯვენე მოძრაობა
ასოციაცია მწვანე ალტერნატივას დირექტორმა, მანანა ქოჩლაძემ სამხრეთ კავკასიაში მწვანე პოლიტიკის ძირითად გამოწვევებს და მდგრადი განვითარების სტრატეგიის ნაკლოვანებებს გაუსვა ხაზი. სხვა საკითხებთან ერთად, მან პროფესიული ადვოკატირების როლზე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე და მათი შესრულების მნიშვნელობაზე და ხელისუფლების დონეზე არსებულ პრობლემებზე (მაგალითად, პასუხისმგებელ ორგანოებს შორის შეუთანხმებლობა, გადაწყვეტილების მიღების დროს გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის იგნორირება) ისაუბრა.
მომდევნო ლექციაში მანანა ქოჩლაძემ საქართველოში ბოლო წლებში აღმოცენებულ სამოქალაქო აქტივობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მეტი და მეტი ადამიანი აცნობიერებს სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების ფართო დიაპაზონს. პოლიტიკურ დღის წესრიგზე რეალური გავლენის მოსაპოვებლად და უთანასწორობის ხარისხის შესამცირებლად ფართო მასების მობილიზება და სხვადასხვა ჯგუფების მიერ ერთმანეთის სოლიდარობა აუცილებელია. ასევე, მნიშვნელოვანია ერთიანი სამოქმედო გეგმის გაწერა, რომელიც ყველა პრობლემას მნიშვნელოვნად დაფარავს.
სომეხმა პოლიტოლოგმა ვაჰრამ სოღომონიანმა, ხაზი გაუსვა სომხეთში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეთა ზრდის ტენდენციას. თუ მმართველი პარტიის მარგინალიზაციისკენ მიმართულ სტრატეგიას გავითვალისწინებთ, პროტესტების მდგრად სოციალურ მოძრაობებად და პარტიებად გარდაქმნისთვის, პოლიტიკური განათლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
დისკუსიაზე „რატომ უნდა გავაპროტესტოთ არსებული სისტემები?“, ქართველმა და სომეხმა აქტივისტებმა: არტურ ავთანდილიანმა, ნიკა წიქარიძემ და ნათია ქარჩილაძემ, ფართოდ მიმოიხილეს ორ მეზობელ ქვეყანაში დღეს არსებული საპროტესტო სცენა. განსხვავებული აზრები დაფიქსირდა პოლიტიკის შეცვლის გზებთან დაკავშირებით. გამომსვლელების ერთი ნაწილი სისტემის შეცვლის მიზნით პოლიტიკაში ჩართვას, ხოლო მეორე ნაწილი სისტემის დაგმობას და მის დაშლას მიიჩნევს გამოსავლად.
გერმანელმა ურბანისტმა როლანდ ჰაკენბერგმა თავის ლექციაში: „ქალაქი:სცენა ეკოლოგიური ტრანზიციისთვის“, ხაზი გაუსვა ურბანული პროტესტის მაპროვოცირებელ ფაქტორებს და მწვანე აკადემიის მონაწილეებს გაუზიარა ურბანული მოძრაობების ევროპული მაგალითები და გამოცდილება. ყველაზე კრიტიკული, ძირითადად ნეოლიბერალური პარადიგმით ფორმირებული სოციალური საკითხები ქალაქებში წყდება. შესაბამისად, სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფაქტორები და საზოგადოების ჩართულობის ოფიციალური მექანიზმების სისუსტე ყოველდღიური ყოფის ალტერნატივებისთვის ბრძოლას განაპირობებს.
სომეხმა ურბანისტმა სარჰატ პეტროსიანმა სომხეთში მშენებლობების და ისტორიული შენობების ნგრევის წინააღმდეგ წარმოებული ურბანული პროტესტის მაგალითები მომოიხილა და ხაზი გაუსვა იმ წარმატებებსა და წარუმატებლობებს, რასაც გასულ წლებში სომხურმა საზოგადოებამ ამ მიმართულებით მიაღწია.
განათლების ექსპერტის და ფემინისტის - ნვარდ მანასიანის ლექცია გარდამავალი საზოგადოებების დემოკრატიულ პოლიტიკურ დღის წესრიგში ქალთა საკითხებს ეხებოდა. ქალის და მამაკაცის უფლებებს შორის არსებული მნიშვნელოვანი განსხვავებების, სამართლებრივი დაცვის მექანიზმების სისუსტის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების განხილვით, ნვარდმა საზოგადოებაში დამკვიდრებული პატრიარქალური ღირებულებები კითხვის ქვეშ დააყენა და მაღალი პოლიტიკური ცნობიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მომდევნო დისკუსია ქართული და სომეხი საზოგადოებების გარდაქმნის პროცესში ქალების როლს შეეხებოდა. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების წევრმა, თამარ ჩაკვეტაძემ, მიზოგენიასა და სექსიზმს შორის არსებულ კავშირებს და კაპიტალიზმის და პატრიარქატის საერთო გადაკვეთის წერტილებს გაუსვა ხაზი. მან დაგმო საზოგადოებაში დღეს გავრცელებული მიდგომები, მაგალითად „მე ფემინისტი ვარ, მაგრამ...“ ან „მე არაფერი მაქვს გეი და ლესბოსელი ადამიანების საწინააღმდეგო, მაგრამ...“.
ლალა ასლიკიანი, სომეხი ფემინისტი აქტივისტი კრიტიკულად აფასებს სომხეთში გავრცელებულ პროტესტის ფორმებს. ძირითადად მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ან მსგავსი თემების გარშემო ინიცირებული პროტესტი ხდება პოპულარული. ხოლო ტაბუირებული თემების (მაგალითად მილიტარიზაცია, ფემინისტური ხელოვნება, ლგბტ თემის უფლებები) გარშემო წარმოებული საპროტესტო კამპანიები უხილავია და საჯარო სივრცეშიც არასაკმარისადაა წარმოდგენილი. თუმცა,საკითხები საპროტესტო სცენისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მათ საჯარო სივრცეებშიც უნდა შეაღწიოს.
მწვანე მუშტის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ თამამად აღნიშნა, რომ ცვლილებებისკენ პირველი ნაბიჯი შეუძლიათ გადადგან იმ კაცებმა, რომლებსაც არ ეშინიათ აღიარონ ქალთა ჩაგვრა.
მწვანე თემები, როგორიცაა მდგრადი განვითარება, გენდერული დემოკრატია, სხვადასხვა ფორმებით გამოხატული სოციალური უთანასწორობა, პოლიტიკური მონაწილეობა და ფართო საზოგადოების მობილიზება, დისკუსიების მთავარი თემები გახლდათ. საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილების გაზიარებამ მონაწილეებს საშუალება მისცა დაფიქრებულიყვნენ რეგიონულ თანამშრომლობაზე ერთიანი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. ასევე შეძენილი ცოდნა მათ დაეხმარება უკეთ იმუშავონ რეგიონში მწვანე პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
მწვანე აკადემიის მესამე შეხვედრამ ქართველი და სომეხი აქტორების ცოდნის გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. გაჩნდა ახალგაზრდა აქტივისტების, ჟურნალისტების, მეცნიერების და პოლიტიკოსებისგან შემდგარი პლატფორმა, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მდგრადი განვითარების კუთხით თანამშრომლობისკენ არის მიმართული.