საქართველოს საგარეო პოლიტიკა 2016 წელს ბევრი გარდამტეხი მომენტის წინაშე დადგება, როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე ქვეყნის შიდა დონეზე გადაწყვეტილებების მიღების კუთხით. ამის გამო, განსაკუთრებით რთულია სწორი პროგნოზების გაკეთება შესაძლო შედეგების შესახებ. უბრალოდ, ზედმეტად ბევრი ცვლადია და რომელიმე მათგანის ცვლილებამ შესაძლოა მთლიანად შეცვალოს მოვლენების მსვლელობა. რამდენიმე ასეთი ცვლადის დასახელება შეიძლება: აშშ-ში საკვანძო მნიშვნელობის არჩევნები ტარდება, უკრაინის ომი ჯერ კიდევ უკიდურესად არასტაბილურად მიმდინარეობს და რადიკალური ცვლილებებისკენ არის მიდრეკილი, ევროკავშირი „ლტოლვილთა კრიზისის“ წინაშე დგას და ბრიტანეთში, პარალელურად, ევროკავშირიდან გასვლის საკითხი განიხილება, ნატო ცდილობს ჩამოაყალიბოს თავისი სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში, ნატოს ძალების გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპაში ჯერ კიდევ არ მოჰყოლია რუსეთის საპასუხო რეაქცია, საქართველო უახლოვდება ევროკავშირს და ბოლოს, საქართველოს წინ ელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი არჩევნები თავის უახლეს ისტორიაში. საქართველოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკური მიზნები შესაძლოა ამასობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევისა და სირთულის წინაშე დადგეს.
ევროატლანტიკური ინტეგრაცია ეროვნულ პოლიტიკაში
საქართველოს პროდასავლური მისწრაფებები უკიდურესად შეურყეველი ჩანს. ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება პარალელური პროექტებია, რომლებსაც ამჟამინდელი მთავრობაც კი, მიუხედავად იმისა, რომ მას გაცილებით უფრო ზომიერი პოზიცია უკავია რუსეთთან მიმართებაში, აქტიურად ახორციელებს. როგორი შედეგიც ან პოტენციური გართულებაც არ უნდა მოყვეს მომავალში, შედარებით დარწმუნებულები შეგვიძლია ვიყოთ იმაში, რომ საქართველოს დასავლური მისწრაფებები დიდი ალბათობით არ განელდება. ფაქტობრივად მთელი შიდა პოლიტიკური სპექტრი, ზოგიერთ ექსცენტრიული დევიაციის გამოკლებით (როგორიცაა მაგალითად „დემოკრატიული მოძრაობა - გაერთიანებული საქართველო“, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, ან კონსერვატორული „პატრიოტული ალიანსი“), თანმხდება ქვეყნის პროევროპულ ორიენტაციაზე, რომელიც იქცა პოსტსაბჭოთა პერიოდის ნაციონალური ნარატივის ნაწილად. მხოლოდ უკიდურესად ყოვლისშემძვრელი შტორმი საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკაში თუ შეარყევს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს. ამ წელს კი შეიძლება გარკვეული რხევები მართლაც იყოს, მაგრამ იმედია, შტორმი არ იქნება.
ამასთანავე, შესაძლებელია ისიც, რომ მომავალი ოქტომბრის შიდა არჩევნების შემდეგ, ზემოთნახსენებ ექსცენტრიულ დევიაცებს აქვთ შანსი, რომ გახდნენ გამარჯვებული პარტიის პოტენციური პარტნიორები კოალიციურ მთავრობაში. მართალია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია ერთ ღამეში შეიცვლება, მაგრამ შესაძლებელია, რომ გაჩნდეს გარკვეული კრიტიკა ნატოს მისამართით. ამ კრიტიკამ კი შეიძლება მოსახლეობის პოლიტიკურად გაუცხოებულ ნაწილში მოიკიდოს ფეხი. წინმსწრები ნაბიჯის გადასადგმელად ამგვარი რიტორიკის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ზოგიერთი მთავარი არგუმენტი ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ.
მართალია ზოგადად სიმართლეს შეესაბამება ის მტკიცება, რომ შეგიძლია იყო დასავლეთის ნაწილი ისე, რომ არ იყო ნატოს წევრი (მაგალითად, როგორც არიან შვედეთი, ფინეთი, ირლანდია, შვეიცარია და ავსტრია), მაგრამ შეცდომა იქნება, თუ ჩავთვლით, რომ საქართველოსთვის ასეთი არჩევანი რეალისტური და განხორციელებადია. მოცემულ პოლიტიკურ სიტუაციაში, ისტორიულად მიუმხრობელი ორი ევროპული ქვეყანაც კი, როგორიცაა შვედეთი და ფინეთი, ცდილობენ უფრო მეტად დაუახლოვდნენ ნატოს.[1] არსებობს საფუძვლიანი მოლოდინები, რომ ნატოს ვარშავის სამიტზე 8-9 ივნისს, ამ ორი ქვეყნის მიერ ნატოსთან ურთერთბების გაღრმავების საკითხსაც განიხილავენ. ამგვარი ცვლილების ახსნა შეგვიძლია ვეძებოთ ევროპაში ცივი ომის შემდგომ გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებაში, რამაც ისტორიულად მიუმხრობელ ქვეყნებს აიძულა შეეცვალათ თავიანთი პოზიციები. მართალია ცივი ომის პერიოდში, არსებობდა შედარებით ცხადი გამყოფი ხაზები ორ გლობალურ სუპერძალას შორის, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უფრო და უფრო გაუგებარი გახდა ამ ხაზების ადგილმდებარეობა. პუტინის რუსეთს, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ დაიბრუნოს დაკარგული დიდების ნაწილი, ცდილობს ევროპის გეოპოლიტიკური რუკა შეცვალოს. 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის ტერიტორიების ოკუპირებით, მოსკოვმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მას არ სურს მიიღოს ცივი ომის შემდეგომი რეალობა დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნებისა, რომლებიც მის საზღვრებთან არსებობენ.
რუსული ექსპანსია და ნატო
რუსული პერსპექტივიდან, დასავლეთთან კონფრონტაცია არ არის უბრალოდ გეოპოლიტიკური ან მერკანტილისტური ხასიათის; ის ასევე არის იდეოლოგიური ბრძოლა. 2011 წლის 3 ოქტომბერს, პუტინმა გამოაქვეყნა ცნობილი სტატია „იზვესტიაში“, სადაც მან გამოაცხადა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნა, რომელშიც რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი არიან გაწევრიანებული. ამ სტატიის მიხედვით, იმისათვის, რომ უფრო მაღალ დონეზე მოხდეს საერთაშორისო ინტეგრაცია, ეკონომიკურ კავშირს უნდა მოყვეს პოლიტიკური ხასიათის „ევრაზიული კავშირის“ შექმნა. მართალია ეს სტატია არ არის სავსე პირდაპირი მინიშნებებით განსხვავებულ ევრაზიულ იდეოლოგიაზე, მაგრამ პუტინი მაინც ახსენებს „ცივილიზაციური და სულიერი კავშირების სიმრავლეს, რომელიც აერთიანებს ჩვენს ერებს.“[2] ამას გარდა, სტატიაში დასახულია ამოცანა, რომ ევრაზიული კავშირი შეიქმნას ფაქტობრივად ევროკავშირის გვერდით. ასე რომ, ევროპულ გზაზე სიარულის ნაცვლად, პუტინის რუსეთი ირჩევს იმას, რომ ჩამოაყალიბოს თავისი ევრაზიული იდენტობა.[3]
იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უფრო და უფრო შორდება ევროპას, სრულიად შესაძლებელია, რომ მომავალში ის იქნება უფრო აგრესიული თავის მეზობლებთან მიმართებაში, განსაკუთრებით, მაშინ, თუ ჩათვლის, რომ ევრაზიულ პროექტს საფრთხე ემუქრება. აქ სასწორზე მხოლოდ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური არჩევანის შესაძლებლობა კი არ დგას, არამედ ასევე ლიბერალური დემოკრატიის მომავალი საქართველოში და რეგიონში. ევრაზიული ეკონომიკური კავშირი არის ავტოკრატი მმართველების კლუბი, რომლებიც მართავენ რესპრესიულ საზოგადოებებს, მაშინ, როდესაც ევროკავშირი და ნატო, თავიანთი სხვადასხვა ნაკლის მიუხედავად, პროგრესულ და თანასწორ საზოგადოებებს აერთიანებენ. ასე რომ, ნებისმიერი სახის იდეოლოგიური კონფრონტაციის შემთხვევაში, რაც საქართველოს ელის მომავალში, მზარდი ევრაზიული მოძრაობის ფონზე, ქვეყანამ უნდა გააკეთოს ცხადი არჩევანი ორ მხარეს შორის. არჩევანის გაკეთების აუცილებლობა მით უფრო აშკარა ხდება, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ რუსეთი საქართველოს განიხილავს მართლმადიდებლური ქრისტიანობით დომინირებული ევრაზიული კულტურის ნაწილად.
რაც არ უნდა ელოდოს საქართველოს ამ მოვლენებით სავსე წელს, მან მტკიცედ უნდა მისდიოს თავის არჩეულ გზას ევროპისა და დასავლეთის მიმართულებით. უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს მზარდ ძალისხმევას ნატოსთან დაახლოების მიმართულებით, რაც არის ერთადერთი სამხედრო გარანტია ექსპანსიონისტური რუსეთის წინააღმდეგ.