ქალაქი ჩვენია! ურბანული პროტესტი და პოლიტიკა თბილისში

გამომცემლის წინასიტყვაობა

საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად 2003 წლის 22 ნოემბერს შეკრებილთა პირველ აქციაზე ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე მაშინდელი თბილისის მერიის აივანზე გამოვიდა და იკითხა: „ვისია ეს ქვეყანა?“, „ჩემი! ჩვენი!“ – დაიძახეს თავისუფლების მოედანზე მისულმა ადამიანებმა, რომლებმაც ჯერ არ იცოდნენ, თუ რას მოიტანდა მათი პროტესტი.

2014 წელს, როდესაც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მომავალი სამი წლის (2015-2017) პროგრამული მიზნები ყალიბდებოდა, უკვე გამოკვეთილი იყო სხვადასხვა ფორმის ურბანულ აქტივიზმში ჩართული რამდენიმე ჯგუფი: ზოგი მათგანი კარგად გამოცდილი, კულტურული მემკვიდრეობის თუ გარემოს დაცვის მიმართულებით ბრძოლებგამოვლილი, მაგრამ ორგანიზაციულად და მხარდამჭერთა რაოდენობის თვალსაზრისით ჯერაც საკმაოდ სუსტი იყო; ზოგი კი ახლად აღმოცენებული იყო, ატარებდა ახალგაზრდულ სულისკვეთებას და მკაფიოდ მემარცხენე ორიენტაციას და ცალკეული პრობლემების გააზრებას ცდილობდა მათი ფართო სოციო-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ კონტექსტებში განხილვის გზით. იმ დროისთვის ეს ჯგუფები ერთმანეთთან საერთო ენას თუ შეხების წერტილებს დიდად ვერ პოულობდნენ. განსაკუთრებულ სირთულეს კი მათთვის პროცესებში მოქალაქეების ჩართვა და მხარდაჭერის მოპოვება წარმოადგენდა.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს გახსნის დღიდანვე (2003 წ.) ცდილობს დემოკრატიული პროცესების ინიცირებას და მხარდაჭერას. ქალაქზე თუ ქალაქისთვის მოქალაქეთა ბრძოლა და განაცხადი – იქნება ეს ურბანული ლანდშაფტის შენარჩუნება, ისტორიული ძეგლების დაცვა, გარემოსდაცვითი პრობლემები თუ საჯარო სივრცეების განადგურების არდაშვება – უწინარესად წარმოადგენს არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართულ ბრძოლას, რომელიც მოქალაქეების აქტიურობას და პირდაპირ ჩართულობას მოითხოვს. პოსტსაბჭოთა კულტურებში საჯარო სივრცე იზღუდება და ნადგურდება ავტორიტარიზმის, უკონტროლო პრივატიზაციის, კორუფციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტის გამო; არადა, სამოქალაქო საზოგადოება ვერც კონსოლიდაციას მოახდენს და ვერც გაძლიერდება ისეთი ღია სივრცეების გარეშე, რომლებშიც მოქალაქეები სიტყვის და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობენ, სადაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ხდება და საპროტესტო აქციები იმართება. სწორედ ამიტომაც, შემთხვევითი არ იყო, რომ 2014 წელს ფონდის თანამშრომლებმა ერთ-ერთ გამოკვეთილ პრიორიტეტად განსაზღვრეს ურბანულ აქტივიზმში ჩართული ჯგუფების გაძლიერება და წვლილის შეტანა მათ მიერ წამოწყებული საქმიანობის გაღრმავებასა და გაფართოებაში.

საამისოდ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გზად მიგვაჩნია უკვე დაგროვილი გამოცდილების კრიტიკული და, თუ გნებავთ, აკადემიური გააზრება და ანალიზი. საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრება ზოგადად განიცდის ამგვარი ტიპის რეფლექსიის ნაკლებობას – არსებული ცოდნა, თეორიული კონცეფციები თუ სხვა ქვეყნების გამოცდილება დიდად არც პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში გამოიყენება და არც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტთა კამპანიებში. წინამდებარე კვლევა სწორედ ამ დანაკლისის შევსების მცდელობას წარმოადგენს. ამ გამოცემით გვინდა, სისტემურად და კრიტიკულად გავაანალიზოთ ბოლო წლების (2007-2015) თბილისში აღმოცენებული ურბანული მოძრაობები – მათი მიღწევებიც და მარცხიც; განვსაზღვროთ თბილისის სა(მო)ქალაქო მოძრაობებში ჩართულ ძირითად ჯგუფთა თავისებურებები და სტრატეგიები. ამასთან, გვსურს, მკითხველსაც და, უწინარესად, თავად ურბანული მოძრაობის წევრებს თუ აქტივისტებს ნათლად დავანახოთ ის სირთულეები და პრობლემები, რომლებიც თან სდევდა თბილისში გამართულ საპროტესტო კამპანიებს და ამ მოძრაობების სამომავლო პერსპექტივებიც გამოვკვეთოთ.

ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ გაგვიმართლა – 2016 წელს გამოსაცემად მზადდება „ქალაქი ჩვენია! ურბანული პროტესტი და პოლიტიკა თბილისში“. სწორედ წელს განვითარებული მოვლენების რეტროსპექტივამ დაგვანახა, რომ ქართველი აქტივისტები საკითხის ვიწრო ქალაქურ პრობლემასთან მიჯაჭვულობის ნარატივს ნელ-ნელა სცდებიან და ამ მოვლენას პოლიტიკური თუ სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის გრძელი ჯაჭვის ნაწილად წარმოაჩენენ. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ცალ-ცალკე მდგომი ჯგუფების უკვე ერთ მოძრაობად გაერთიანება და მათ მოთხოვნებში სოციალური და ეკონომიკური საკითხების გაჩენა; წლის დასაწყისში ტყიბულელი მეშახტეების მიმართ გამოხატული უპრეცედენტო საზოგადოებრივი სოლიდარობა, (სტუდენტური) აუდიტორია #115-ის სახით ახალი და იმედისმომცემი მოძრაობის დაბადება.

თუმცა, კვლევამ ცხადყო, რომ ეს არ არის საკმარისი. ურბანული პრობლემატიკის ფართო პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებთან კავშირის უფრო ნათლად წარმოსაჩენად აქტივისტთა ჯგუფებს მეტი ძალისხმევაც სჭირდებათ. როგორც პოლიტოლოგი ლელა რეხვიაშვილი წერს შესავალ სტატიაში, აუცილებელია ურბანული პრობლემატიკის ირგვლივ ისეთი ნარატივის ან ჩარჩოების შექმნა, რომელიც დანარჩენ მოქალაქეებს პრობლემასთან თვითიდენტიფიცირების საფუძველს გაუჩენდა“. ეს მიზანი კი სრულიად ეწინააღმდეგება ბევრი აქტიური მოქალაქის სურვილს: დარჩეს „აპოლიტიკური“.

უნდა ითქვას ისიც, რომ დროის თვალსაზრისით შეზღუდული მკვლევრები ვერ გასცდნენ თბილისში განვითარებული ურბანული პროტესტების კვლევას, რომლებიც ძირითადად კულტურული მემკვიდრეობის და მწვანე ზონების დაცვისკენ იყო მიმართული. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ ურბანული მოძრაობების მიღწევების და გამოწვევების განხილვა და შესწავლილი ჯგუფების გამოცდილების გაზიარება საინტერესო იქნება სხვა (მაგალითად, ფემინისტური) მოძრაობებისთვის, რომლებიც ჩვენ მიერ გამოკვლეული ქალაქური მოძრაობების მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან და ისინიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისთვის ახლობელ და აქტუალურ პოლიტიკურ პრობლემატიკას წარმოადგენენ.

„ქალაქი ჩვენია! ურბანული პროტესტი და პოლიტიკა თბილისში“ მომზადებისთვის მადლობას ვუხდით ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ყოფილ სტიპენდიატებს: დავით სიჭინავას და ესმა ბერიკიშვილს, რომლებმაც თვისებრივი კვლევის საფუძველზე შეისწავლეს ის სოციალური და პოლიტიკური გარემო, რომელმაც თბილისში ურბანული აქტივიზმის დაბადება განაპირობა; შეისწავლეს ურბანულ მოძრაობაში ჩართული ძირითადი ჯგუფები და მათი სტრატეგიები და, რაც მთავარია, შეკრებილი მასალის საფუძველზე შეეცადნენ სხვადასხვა საპროტესტო მოძრაობის წარმატების და მარცხის მიზეზების შეფასებას. დათა ჭიღოლაშვილმა და ნანო ზაზანაშვილმა პროტესტის გამოხატვის ფორმების შემოქმედებითი მხარე შეისწავლეს და გააანალიზეს. საქმიანი შენიშვნებისათვის განსაკუთრებული მადლიერება ეკუთვნის გეოგრაფ დავით გოგიშვილს. დარწმუნებული ვართ, მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ლელა რეხვიაშვილის თვალით დანახული ურბანული მოძრაობები და მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.

დასასრულ, ამ კვლევის იდეა შეიძლება არ გაჩენილიყო, რომ არა „ტფილისის ჰამქრის“ წევრის ანა მარგველაშვილის მიერ მეგობრების ვიწრო წრისთვის ნაჩვენები აქტივისტური დღიური და შემდეგ მისივე თანხმობა – ამ კრებულის მკითხველსაც გაეზიარებინა მისი ჩანაწერები. მისი დღიურის გვერდები, მცირე მოგონებები ამა თუ იმ საპროტესტო აქციის შესახებ, მოვლენების მისეული შეფასება ვიზუალურ ილუსტრაციად მიჰყვება კვლევას და ფასდაუდებელ დამატებით ღირებულებას სძენს გამოცემას. აღსანიშნავია, რომ ანამ თავისი ქრონიკების ჩასაწერ რვეულად აირჩია ჟურნალ „ანაბეჭდის“ ის ნომერი, რომლითაც გამომცემლებმა გააპროტესტეს ერთ­-ერთი ყველაზე მტკივნეული ეპიზოდი საქართველოს უახლესი ისტორიიდან – როცა ხელისუფლებამ 2007 წლის 7 ნოემბერს გადაჭარბებული ძალის გამოყენებით დაშალა დემონსტრაცია და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ საგანგებო გამოცემას სამგლოვიარო შავი ყდა აკრავს წარწერით „blocked notes...“ და გამოსულია მხოლოდ ცარიელი ფურცლებით, რომლებიც შემდგომ ანამ შეავსო.

ვიმედოვნებთ, რომ წინამდებარე პუბლიკაცია – ისევე, როგორც ფონდის მიერ აქამდე გამოქვეყნებული კვლევები, დაგვეხმარება უახლესი პოლიტიკური წარსულის გააზრებაში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მოქალაქეების თანამონაწილეობის გაძლიერებასა და გაჯანსაღებაში. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი საკუთარი რესურსების და ექსპერტიზის ფარგლებში კვლავაც აქტიურად დააკვირდება ურბანულ და სოციალ-ეკონომიკურ პროცესებს და იმუშავებს საზოგადოებისთვის მეტი ცოდნისა და სათანადო რესურსების შესათავაზებლად.

ნინო ლეჟავა, დირექტორი
თამარ ანთიძე, პროგრამის კოორდინატორი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო

Product details
Date of Publication
2016
Publisher
Heinrich Boell Foundation South Caucasus Regional Office
Number of Pages
132
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
ISBN / DOI
978-9941-0-9041-7
Table of contents

07 გამომცემლის წინასიტყვაობა
10 ავტორები
13 ანალიზი: სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური საზოგადოება
ურბანულ კონფრონტაციულ პოლიტიკაში, ლელა რეხვიაშვილი
29 თბილისის საქალაქო პროტესტის ტრანსფორმაცია: სპონტანური
აქტივიზმიდან სოციალურ მოძრაობამდე, ესმა ბერიკიშვილი, დავით სიჭინავა
51 ურბანული პროტესტის გამოხატვის ფორმების ძიება თბილისში, ნანო ზაზანაშვილი, დათა ჭიღოლაშვილი
ინტერვიუ
83 ცირა ელისაშვილი
86 მარიამ ბაქრაძე
89 ნიკოლოზ წიქარიძე
აქტივისტის ქრონიკა
93 ანა მარგველაშვილის დღიური