ბევრი ამერიკელისთვისა გარემოს დაცვა მნიშვნელოვანია და მათ ამ თემატიკის გაძლიერება სურთ. მაგრამ ჯილ სტაინმა, მწვანეთა პარტიის მიერ წარდგენილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ბოლო გამოკითხვებში ხმების მხოლოდ 1-3 % დააგროვა - ისეთ არჩევნებშიც კი, სადაც ბევრ ამომარჩეველს ძირითადი კანდიდატურები არ მოსწონს და ალტერნატივის ძიებაშია.
სტაინს, რა თქმა უნდა, ცდა არ დაუკლია, რომ თავი ორი ძირითადი კანდიდატისგან განსხვავებულად ეჩვენებინა. ივლისში იგი ამტიკცებდა, რომ დემოკრატების მიერ დასახელებული ჰილარი კლინტონის (რომელიც ალბათ გარემოსდაცვით საკითხებზე ყველაზე მეტად ორიენტირებული ამომრჩევლის არჩევანი იყო) გამარჯვება სწორედ .. მემარჯვენე ექსტერმიზმის გააქტიურებას შეუწყობდა ხელს და ისეთივე საზიანო იქნებოდა, როგორც დონალდ ტრამპის გამარჯვება.
მაშინ, როცა სტაინი ისტაბლიშმენტის საწინააღმდეგო ამგვარი განცხადებებით გამოდის, მის გერმანელ თანამოაზრეებს უზარმაზარი სამუშაო აქვთ გაწეული ადგილობრივ, რეგიონულ და ქვეყნის მთავრობის დონეებზე უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. წელს, სულ ცოტა ხნის წინ, ტექნოლოგიურად და ინდუსტრიულად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებული რეგიონის, ბადენ-ვიურტენბერგის მთავრობის მეთაურად ხელმეორედ იქნა არჩეული ვინფრიდ კრეჩმანი.
მე გერმანიაში ვიზრდებოდი, მერე კი გერმანიისა და ევროპის შესახებ შეერთებულ შტატებში ვისწავლე ბევრი რამ ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ორივე ქვეყანაში მინახავს, როგორ მუშაობენ მწვანეთა პარტიის პოლიტიკოსები. ჩემი აზრით, იმას, რომ მწვანეთა პარტია აშშ-ში მარგინალურ ძალად რჩება, ორი მიზეზი აქვს. სტრუქტურის თვალსაზრისით, ამერიკის საარჩევნო სისტემაში მცირე პოლიტიკური პარტიები ძალზე ,,გადაწონილია“ ორი ძირითადის მიერ. მაგრამ აშშ-ში მწვანეები ამასთან თავსავ ვნებენ - უკიდურესობების მხარდაჭერით და იმის ვერგააზრებით, რომ მმართველობა კომპრომისს მოითხოვს - ეს გაკვეთილი მათმა გერმანელმა თანამოაზრეებმა რამდენიმე ათეული წლის წინ შეითვისეს.
ორივე, ევროპული და ჩრდილოამერიკული მწვანეთა პარტია მეოცე საუკუნის 60-იანი წლების აქტივისტთა იმ მოძრაობებიდანაა წარმომდგარი, რომლებიც, სხვა დანარჩენს შორის, გარემოს დაცვის, განიარაღების, ბირთვული ენერგიის, არაძალადობის, ქალთა რეპროდუქციული უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. დასავლეთ გერმანიის მწვანეებმა ნაციონალური პოლიტიკური პარტია 1980 წელს შექმნეს და მხარდაჭერა ადგილობრივ, სახელმწიფო და ფედერალურ დონეებზე კონკურენციაში მოიპოვეს. იოშკა ფიშერი, ქვეყნის ერთ-ერთი პირველი მწვანე მოღვაწე, ჯერ გერმანიის ბუნდესტაგში (პარლამენტში) იქნა არჩეული, შემდეგ კი, 1998-2005 წლებში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად და ვიცე-კანცლერად მსახურობდა.
გერმანიის მწვანეთა პარტია მის აღმავლობას მეტწილად ქვეყნის საარჩევნო სისტემას უნდა უმადლოდეს. კონტინენტური ევროპის ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, პოლიტიკური პარტიები სადეპუტატო მანდატებს გერმანიაშიც იმ ამომრჩევლის პროცენტული ოდენობისამებრ იღებენ, რომლებიც არჩევნებში ხმას მათ აძლევენ. მაგალითად, პარტიას, რომელიც ამომრჩეველთა ხმების მესამედს იღებს, არჩევნების შემდეგ პარლამენტში მანდატების დაახლოებით მესამედი ერგება. პროპორციული წარმომადგენლობითობა მცირე პარტიებს საშუალებას აძლევს, საყრდენი წერტილი მოიპოვოს და დროთა განმავლობაში ქვეყნის მთავრობაშიც დაიმკვიდროს თავი.
საპირისპირო სურათია შეერთებულ შტატებში, სადაც არჩევნებში გამარჯვებული ადგილებს იმ პრინციპით მოიპოვებს, რომელსაც პირობითად ,,მოგებულს ყველაფერი ეკუთვნის“ შეიძლება ეწოდოს. აქ იმარჯვებს კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას იღებს, ხოლო ის ხმები, რომლებიც სხვა პარტიათა წარმომადგენლები იღებენ, სრულიად უგულებელყოფილი რჩება. ამას შედეგად ის მოსდევს, რომ ამერიკელი ამომრჩევლები ლიდერებს ფაქტობრივად ორპარტიული სისტემის ფარგლებში ირჩევენ, რომელშიც დანარჩენ პარტიებს დიდი პრობლემები მოელით მაშინაც კი, როცა ამომრჩევლის ბიულეტენთა ერთ ნაწილში მათი კანდიდატების სახელებია შემოხაზული.
აშშ-ის მწვანეები მხოლოდ სახელმწიფო დონის საარჩევნო პაექრობაში იმარჯვებენ, მაგრამ, მაგალითად, კონგრესში მათ ადგილი არასდროს ჰრგებიათ. ყველაზე დიდ წარმატებას პარტიამ 2000 წელს მიაღწია, როდესაც რალდ ნეიდერმა და უაინონა ლა დიუკმა საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 2,7% მიიღეს.
ბევრი დამკვირვებელი ამტკიცებდა, რომ ნეიდერის ერთადერთი ნამდვილი მიღწევა რესპულიკელი ჯორჯ უ. ბუშისთვის ხმების წართმევაში მდგომარეობდა, თუმცა, ნეიდერი და მისი ბევრი მხარდამჭერი ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ. ამგვარად, საკითხი, შესაძლებელია თუ არა, რომ მცირე პარტიებმა აშშ-ს არჩევნებში მოწინააღმდეგისათვის ხმათა ჩამოკლებაზე მეტს მიაღწიონ, დღემდე საკამათოდ რჩება.
როცა "მწვანე“ პოლიტიკოსები ბერლინში, ბრუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში თუ რეგიონებში პოლიტიკურ პრიორიტეტებს აყალიბებდნენ, დამკვირვებლები ერთმანეთს ეკამათებოდნენ იმის შესახებ, დათმობდნენ თუ არა ეს ყოფილი აქტივისტები მოღვაწეობის ნირს და მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში - ამას გარდა, წაადგებოდა თუ ავნებდა მწვანე მოძრაობას ეს მონაწილეობა.
გასული საუკუნის 80-იან წლებსა და 90-იანების დასაწყისში გერმანიის მწვანეთა პარტიის სამოქმედო პრინციპებს ის მძაფრი შიდა ბრძოლები განსაზღვრავდა, ზომიერ Realos-სა (რეალისტები) და რადიკალურად განწყობილ Fundis-ს (ფუნდამენტალისტები) რომ მიმდინარებდა. საბოლოოდ, "რეალოსებმა“ იმძალვრეს, რომლებიც იდეოლგიის ერთგულებაზე მაღალ პრიორიტეტად არჩევითუნარიანობას მიიჩნევდნენ.
ოპოზიციური პარტიის როლისთვის რომ დაეღწიათ თავი და მმართველ პარტიად ქცეულიყვნენ, რომელსაც მინისტრთა კაბინეტში პოსტების საკონტროლო ოდენობა ეკუთვნის, გერმანელმა მწვანეებმა კომპრომისებზე დათანხმების უნარი შეიმუშავეს. ძალაუფლების მოსაპოვებლად მათ მემარცხენე-ცენტრისტ სოციალ-დემოკრატებთან ჰქონდათ კოალიცია შესაკვრელი, კოალიციაში ყოფნა კი კონსენსუსს მოითხოვს - მით უფრო, პროპორციული წარმომადგენლობით შედგენილ პარლამენტებში.
ცენტრისტ პოლიტიკოსებთან, პროფკავშირების მუშაკებთან, ეკლესიის წარმომადგენლებსა თუ მედიის საშუალებებთან ურთიერთობამ ,,რეალოსებს“ ის ასწავლა, რომ ახლა აქტივისტებივით მოქმედება უნდა დაესრულებინათ და პოლიტიკოსებივით ქმედება დაეწყოთ. 1998 წელს მწვანეთა პარტიამ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან (SPD) ეგრეთ წოდებული ,,წითელ-მწვანე’’ კოალიცია შეკრა (ეს უკანასკნელი, ტრადიციულად, მშრომელთა კლასის ინტერესების დამცველ ძალად ითვლებოდა), რომელიც დიდი უმრავლესობით შევიდა ბუნდესტაგში.
ამ ალიანსში ყოფნისას ყოფილმა აქტივისტებმა იმიგრაციისა და მოქალაქეობის მოძველებული კანონის რეფორმირება წამოიწყეს და ერთი და იმავე სქესის პარტნიორთა ქორწინების დასაკანონებლად იღვწოდნენ. მათ შემოიღეს გარემოსდაცვაზე ორიენტირებული საგადასახადო კოდექსი, ხოლო ბირთვული ენერგიის მწარმოებლებთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც 2022 წლისთვის ახალი ატომური ელექტროსადგურების სამშენებლო პროექტების გაუქმებასა და ბირთვულ ენერგიის გამოყენებაზე უარის თქმას ითვალისწინებდა.
მწვანეთა პარტიის ბევრი მხარდამჭერი მიიჩნევდა, რომ მათი რჩეული დათმობებზე მეტისმეტად ადვილად თანხმდებოდა. როდესაც კოალიციურმა მთავრობამ 1999 წელს სერბეთის წინააღმდეგ ნატო-ს მიერ სამხედრო ძალის გამოყენებას დაუჭირა მხარი, ზოგი მათგანი საკუთარი პარტიის ლიდერს ფიზიკურად დაესხა თავს. კრიტიკა უმეტესად იმათგან მოდიოდა, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღმა გერმანიის საგარეო პოლიტიკის რემილიტარიზაციის დაწყებას ხედავდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს კი მაშინ სათავეში მწვანეთა პარტიის თვალსაჩინო წევრი, იოშკა ფიშერი ედგა.
თუმცა, ამგვარ კომპრომისებს არ შეუსუსტებია ის ფართო მხარდაჭერა, მწვანეთა პარტიას რომ ხალხისგან ჰქონდა. პირიქით, 2002 წელს, ,,წითელ-მწვანე“ კოალიცია ხელახლა აირჩიეს ბუნდესტაგში და მწვანეთა პარტიამ იმაზე მეტი ხმაც კი მიიღო, ვიდრე 1998 წელს ერგო. თუ 2005 წელს ეს კოალიციური მთავრობა მაინც დაიშალა, მხოლოდ იმის გამო, რომ კანცლერ გერჰარდ შროდერს საკუთარი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის სათანადოდ გაძღოლის უნარი არ აღმოაჩნდა.
ამის მიუხედავად, 2005 წლიდან მწვანეთა პარტიამ გერმანიის ფედერალურ მთავრობაზე გავლენის აღდგენა ვეღარ მოახერხა. მისი პოზიცია ამა თუ იმ საკითხისადმი სახელმწიფო პოლიტიკის მეინსტრიმულ კულტურაში ჩაეწერა. უნდა ითქვას, რომ 2011 წლის შემდეგ, როცა იაპონიაში ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგური დაზიანდა, გერმანიის ცენტრისტულ-მემარჯვენულმა მთავრობამ საზოგადოების შეშფოთების კვალდაკვალ გადაწყვიტა, დაეჩქარებინა ატომური ენერგიის აკრძალვა. ამ მიზნის მისაღწევად ანგელა მერკელის ცენტრისტულმა მთავრობამ ხორცი შეასხა ამბიციური პოლიტიკის იმ პაკეტს, რომელიც Energiewende-ის სახელითაა ცნობილი და რომლის განზრახვაცაა, გერმანია არაატომური, დაბალ ნახშირბადიანი ენერგიის მოხმარებაზე გადაიყვანოს.
მთავრობის მიერ ალტერნატიული ენერგიის წყაროების მასობრივმა მხარდაჭერამ გერმანელებს (განსაკუთრებით, სოფლების მოსახლეობას) სურვილი გაუჩინა, მზის ენერგიაში, ქარის ტურბინებსა და ბიომასების გადამამუშავებელ სადგურებში დაეწყოთ ინვესტირება. ამ მწვანე პოლიტიკის გატარებამ არათუ აზიანა, არამედ ხელიც კი შეუწყო მერკელის, როგორც გერმანიის ერთ-ერთი უპოპულარულესი კანცლერის სტატუსს, რომელიც იმიგრაციის გამო დაწყებულ წლევანდელ წინააღმდეგობებამდე უცვლელი რჩებოდა. წელს, ევროკავშირის იმ ახალი ნორმების საპასუხოდ, რომლებიც ელექტროენერგიის ბაზრებს არეგულირებს და სახელმწიფო სუბსიდირებიდან საბაზრო მექანიზმებზე გადასასვლელადაა გამიზნული, გერმანიამ შეცვალა კანონი განახლებადი ენერგიის შესახებ, თუმცა, Energiewende მაინც ძალზე პოპულარულ პოლიტიკად რჩება.
ამერიკელი მწვანეებისთვის ადვილი არ იქნება თავიანთი გერმანელი თანამოაზრეების გზით სიარული. რაკი ამერიკული პოლიტიკური სისტემა მესამე პარტიებისათვის პროცესებში მონაწილეობას ართულებს, მწვანეთა პარტიის კანდიდატებს პოლიტიკოსის პროფესიის სასწავლად დიდი შესაძლებლობები არ აქვთ. ისინი კვლავ იმ აქტივისტებად რჩებიან, ვინც პარტიის საფუძვლებისადმი ერთგულებას ინარჩუნებს, იმის სანაცვლოდ, რომ პოლიტიკური პოზიციები შეიმუშავონ, რომლებიც მათ უფრო ფართო საზოგადოების მხარდაჭერას მოუტანს. ამით ისინი ძირითად პოლიტიკურ ორთაბრძოლებში გამარჯვების შანსებს იმცირებენ - ლიბერალურ ბანაკშიც კი.
ზემოთქმულის გამო, ამერიკის პოლიტიკურ დებატებში "მწვანე" იდეები მხოლოდ მაშინ აღწევს, როდესაც ამ თემებს დემოკრატები და რესპუბლიკელები ჰკიდებენ ხელს. ნიშანდობლივია, რომ აშშ-ს წამყვანმა გარემოსდაცვითმა ჯგუფებმა კლინტონის მხარდაჭერა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, სანამ იგი დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატთაგან ბერნი სანდერსსაც უკან ჩამოიტოვებდა, სანდერსს, რომელმაც პრაიმერის ფარგლებში გამართული მათი დებატების დროს, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის ზოგიერთ საკითხის ირგვლივ, გაცილებით მკვეთრი და აგრესიული პოზოცია გამოავლინა. თუმცა, მართალია, სანდერსი თავს გარემოს დამცველად მიიჩნევს, მწვანე პარტიის კანდიდატობის მაგივრად დემოკრატიული პარტიის კანდიდატობა არჩია.
ეს იმას ნიშნავს, რომ მესამე პარტიის სახელით პაექრობა შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ წამგებიან გზად ითვლება, კანდიდატი მისი მეშვეობით ვერ მიაწვდენს სათქმელს ფართო ამომრჩეველს. კლიმატის ცვლილებები, ენერგორესურსების შემცირება და ბუნებრივი კატაკლიზმების გამო გაზრდილი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ხარჯები გაცილებით უკეთ შეუწყობს ხელს ეკოლოგიური ცნობიერების ზრდასა და შესაბამის პოლიტიკურ ცვლილებებს მეინსტრიმულ ამერიკაში, ვიდრე აშშ-ის მწვანეთა პარტიის რადიკალური რიტორიკა.
*სტატია თავდაპირველად "Washington Post"-ის ვებსაიტზე გამოქვეყნდა