გერჰარდ შიკის ვიზიტი საქართველოში

Creator: Heinrich Boell Foundation. Creative Commons License Logoეს ფოტო ვრცელდება შემდეგი ლიცენზიით Creative Commons License.

„რას ნიშნავს სოციალური სამართლიანობა 21-ე საუკუნეში?“ ასეთი სათაური ჰქონდა ბუნდესტაგის წევრის (კავშირი 90/მწვანეები), ეკონომისტის, გერჰარდ შიკის მოხსენებას, რომელსაც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ 2016 წლის 8 დეკემბერს უმასპინძლა. თავის გამოსვლაში მან ეკონომიკური განვითარების თანამედროვე მოდელის ნაკლოვანებებზე ისაუბრა და რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევას გაუსვა ხაზი. რესურსების უსამართლო გადანაწილება, ბანკებისა და დიდი კორპორაციების განუსაზღვრელი ძალაუფლება, გლობალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევები, სახელმწიფოების უძლურება დიდი ფინანსური მოთამაშეების წინაშე ის პრობლემებია, რომელზეც ბუნდესტაგის დეპუტატმა ვრცლად ისაუბრა. გერჰარდ შიკი ეკონომიკური ზრდის ტრადიციულ მოდელს ეწინააღმდეგება და განვითარების ეკოლოგიურ და სოციალურ განზომილებაზე ამახვილებს ყურადღებას. გერჰარდ შიკის თქმით ეკონომიკის ამჟამინდელი მოდელი უფრო ჰუმანური გახდება თუკი სახელმწიფო და მოქალაქეები ფინანსური ბაზრების კონტროლის და რეგულირების მკაცრ მექანიზმებს შეიმუშავებენ და სამართლიანი კონკურენციის პირობებს ერთეული ძლიერი მოთამაშეების სასარგებლოდ არ შეზღუდავენ.

„ვაკეთოთ პოლიტიკა, რომელიც უმრავლესობის ინტერესებს ემსახურება!“ - ასეთი სიტყვებით დაასრულა გერჰარდ შიკმა თავისი სიტყვა. იგივეს იმეორებს თავისივე წიგნში „ძალაუფლების ეკონომიკა. არა, გმადლობთ!“, რომლის ორი თავი შესულია ახალ პუბლიკაციაში „მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით“.

გერჰარდ შიკი საქართველოში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის - კავკასიური სახლის მოწვევით იმყოფებოდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მან მონაწილეობა მიიღო პუბლიკაციის „მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით“ პრეზენტაციაში, ასევე გამართა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

All rights reserved.

ახალი კომენტარის დამატება