კამპანიები სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაციისთვის სომხეთსა და საქართველოში

Კითხვის დრო: 2 წუთი

2016 წლის 9-11 დეკემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ უმასპინძლა მწვანე აკადემიის შემოდგომის სესიის მონაწილეებს საქართველოდან, სომხეთიდან, გერმანიასა და თურქეთიდან. 3-დღიანი ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოსა და სომხეთიდან ახალგაზრდა მწვანე აქტივისტებისთვის მცირე მასშტაბის კამპანიების ალტერნატიული ფორმების გაცნობას. აკადემიის მთავარი თემები იყო: ხელოვნებისა და აქტივიზმის გადაკვეთა, კამპანიების ტრანსფორმაცია სოციალურ მოძრაობებად და მწვანე მოძრაობების ისტორია.

აკადემიის მომხსენებლებმა საქართველოდან, სომხეთსა და თურქეთიდან, რომელთა შორის იყვნენ აქტივისტები, არტისტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მონაწილეებს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

ახალგაზრდა აქტივისტებს ასევე შესაძლებლობა მიეცათ სოციალური უთანასწორობის, გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური გამოწვევების, გენდერული თანასწორობისა და დემოკრატიის ფართო სფეროებიდან კონკრეტული კამპანიის პროქტიკული დაგეგმვის უნარები განევითარებინათ. ამისათვის მონაწილეები დაიყვნენ 4 თემატურ სამუშაო ჯგუფად, რომლებშიც მათ განიხილეს და წარმოადგინეს საქართველოსა და სომხეთის წინაშე აღნიშნულ სფეროებში არსებული ყველაზე მწვავე საკითხები. ამის შემდეგ, ჯგუფებმა განსაზღვრეს კონკრეტული თემები, რომლებზეც მცირე მასშტაბის საჯარო კამპანიები დაგეგმეს. ეს თემები შეეხებოდა ქალების აუნაზღაურებელ შრომას, სამომხმარებლო კრედიტების კაბალურ პირობებს, გარემოზე მავნე ზემოქმედების მქონე სამრეწველო პროექტებს.  

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აგრძელებს აკადემიის დროს მონაწილეების მიერ წამოწეულ საკითხებზე მუშაობას რათა შესაძლებელი გახდეს დაგეგმილი კამპანიების განხორციელება.