პარლამენტის მიერ გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირებისთანავე საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდება. ეს კი ენერგეტიკის სექტორში სავალდებულო რეფორმების შეუფერხებლად გატარებას, ქმედითი რეფორმებისთვის გადაწყვეტილების მიმღებების მზაობას და დაინტერესებული საზოგადოების აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. 2017 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტით, ორგანიზაცია მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის სწორედ ამ ამოცანას ეხმიანებოდა და ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ფართო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის ცნობიერების ამაღლებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენას ისახავდა მიზნად.
პროექტის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი ენერგეტიკის სფეროს გამჭვირვალობის კვლევაა, რომელმაც სისტემაში არსებული ბნელით მოცული ნაწილები უნდა გამოკვეთოს და ინფორმაციასა და მონაცემებზე საზოგადოების წვდომასთან დაკავშირებით ევროკავშირში დამკვიდრებული პრაქტიკული ალტერნატივები გამოიტანოს სამსჯელოდ.
პროექტის ფარგლებში შემდეგი აქტივობები განხორციელდა:
- ჩატარდა ყოველთვიური სემინარები, რომელიც სექტორში დღეს არსებულ მდგომარეობაზე, დაგეგმილ რეფორმებსა და მათი განხორციელების გზებზე ჩაღრმავებული მსჯელობას და დისკუსიებს ითვალისწინებდა;
- სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ ევროპის ენერგეტიკის სამდივნოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს დასწრებოდნენ, შემდგომში იქ განხილული საკითხების ქართულ რეალობასთან მორგების მიზნით;
- მომზადდა კვლევა ევროპის “ენერგეტიკული გაერთიანება” და რეფორმები საქართველოს ენერგეტიკაში, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ამ კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. ევროპის “ენერგეტიკული გაერთიანება” და რეფორმები საქართველოს ენერგეტიკაში