ევროპის ისტორიული ფორუმის მთავარი ღირსება ალბათ ის არის, რომ იგი თავს უყრის მყიფე დემოკრატიისა და განვითარებადი სამოქალაქო საზოგადოების ქვეყნებიდან მოაზროვნე ისტორიკოსებს. ეს ისტორიკოსს ეხმარება კიდევ ერთხელ გააცნობიეროს, რომ მისი პრობლემები არ არის უნიკალური, რომ გარშემო ბევრი სხვა ქვეყანა და ისტორიკოსი იდენტური გამოწვევების წინაშე დგას. რა გამოწვევებზეა საუბარი? მატერიალური და ტექნიკური საკითხები რომ გვერდზე გადავდოთ, მთავარი პრობლემა ისტორიოგრაფიის გაწონასწორებული შეფასებისათვის მაინც კატეგორიულად მოაზროვნე საზოგადოება და უმწიფარი პოლიტიკური სისტემებია. მეტ-ნაკლებობით ეს ასეა საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბალკანეთის ქვეყნებში, რუსეთში. აღნიშნულ ქვეყნებში ლიბერალი ისტორიკოსები ოფიციალური ისტორიოგრაფიული სკოლების გარეთ რჩებიან. შესაბამისად, მათ სჭირდებათ წახალისება, “ნეთვორქინგი”, მეტი იმედი მომავლისა და უბრალოდ არსებობა. ეს ერთ-ერთი კომპონენტია, რომელზეც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი და „მემორიალი“ მუშაობენ.
ისტორიული ფორუმიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ბალკანური „ტროიკის“ - სერბი, ბოსნიელი და მაკედონიელი ისტორიკოსების მრგვალი მაგიდის გარშემო დასხდომა. მე ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული, რომ რაღაც ეტაპზე, ძალიან რბილად მაინც, მათ შორის წარმოიშვებოდა წინააღმდეგობა. საბედნიეროდ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. თითოეულმა ისაუბრა საკუთარ ისტორიოგრაფიულ სკოლებში არსებულ პრობლემებზე, კონფლიქტურ ნაციონალიზმზე, ერის კოლექტიურ მეხსიერებაზე. ეს ხალხი იდეურად ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, მათ შორის კონფლიქტი არ ჩანდა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოვყოფდი მაკედონიელ პეტარ ტოდოროვს. სამეულის მრგვალი მაგიდის გარშემო ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ბალკანურ სახელმწიფოებში სამოქალაქო შეგნებამ, ტოლერანტობამ ისტორიოგრაფიაშიც შეაღწია. მართალია ეს ხალხი ოფიციალური სკოლებისგან ჯერ შორს არის, მაგრამ არსებობს იმედი მომავლისა.
სასურველი იქნებოდა, ფორუმზე ასეთივე კავკასიური „ტროიკა“ გვეხილა, რომელიც ასეთივე მაღალი აკადემიური სტანდარტით იმსჯელებდა ჩვენს შორის სადავო და „გაუყოფელ“ საკითხებზე. ფორუმმა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ისტორიკოსების მსგავსი მსჯელობის გარეშე ჩაიარა... ჯერ ალბათ ბალკანეთს უნდა დავეწიოთ და მერე ვიფიქროთ უფრო მაღალ მატერიებზე.
ისევე როგორც საერთაშორისო პოლიტიკაში, აქაც, საქართველო ერთ პაკეტში აღმოჩნდა უკრაინასთან ერთად. მიზეზთა და მიზეზთა გამო, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს მსოფლიოსთვის უკრაინა უფრო აქტუალური საკითხია, ვიდრე საქართველო, ფორუმზეც უკრაინის შესახებ ბევრად მეტი კითხვა ისმოდა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორი ქართველი წარმომადგენლის, ჩემი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის, ლევან ლორთქიფანიძის გამოსვლას. ვფიქრობ, ყველა ფორუმსა და დასავლურ ტრიბუნაზე, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად, უნდა ფიგურირებდეს საქართველოს საკითხიც.
სამოქალაქო სიამაყის გრძნობის თუ საქართველოს პირველი რესპუბლიკისადმი ინტერესის გამო, კმაყოფილი დავრჩი ჩემი უკრაინელი თანამომხსენებლის ანდრი პორტნოვის და აუდიტორიის შეფასებით, რომ 1918-1921 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბევრად უფრო განვითარებული იყო, ვიდრე მაგალითად იგივე უკრაინა. საკუთარ ქვეყანაში თუ არა, ევროპულ ფორუმზე მაინც მოიპოვოს გარკვეული დაფასება დემოკრატიულმა რესპუბლიკამ...
უნდა ვაღიარო, რომ არასდროს ვყოფილვარ მწვანე აქტივისტი ან ამ იდეებით განსაკუთრებით დაინტერესებული, მაგრამ ბერლინის ქუჩებმა და პარკებმა ჩემში ერთდროულად გამოიწვიეს შურიც, აღტაცებაც და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების მწველი სურვილიც. ბერლინი სულ სხვა სტანდარტია. ოჯახები, რომლებიც სამსახურის შემდეგ თავისუფლად დაატარებენ ქუჩებში ბავშვებს, მგზავრობენ ველოსიპედებით, ისვენებენ პარკებში, შეექცევიან საჭმელს ქუჩაში და ამისგან ესთეტიურ სიამოვნებასაც იღებენ. ეს ყველაფერი შესაძლებელია ბერლინში, რადგან გარემო სუფთაა, გარემო მწვანეა. ჩვენ სად წავიყვანოთ ბავშვები? თბილისის რომელ პარკში მოვაწყოთ პიკნიკი? სად ვჭამოთ ქუჩაში ისე, რომ საკვებს გამონაბოლქვი არ შევატანოთ?