ეპოქალური 1917 წელი: ემანსიპაციის ოცნება თუ კოშმარი? ლევან ლორთქიფანიძის მიმოხილვა

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა (გერმანია) და სამეცნიერო-ჰუმანიტარულ ცენტრ „მემორიალისათვის“ (რუსეთი) უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა „ევროპის ისტორიული ფორუმის“ მასპინძლობა. ფორუმში ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და ბალკანურ სახელმწიფოთა წარმომადგენლები მონაწილეობენ. 2017 წლის მაისში, ბერლინში კონფერენცია მეექვსეჯერ გაიმართა.

ევროპის მეექვსე ისტორიული ფორუმის მთავარი თემა 1917 წელი გახლდათ. შეკრებილი ისტორიკოსები, სოციოლოგები, პოლიტიკის მეცნიერები, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნულ თარიღს რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსპექტივიდან განიხილავდნენ. 1917 წელი რევოლუციების წელი იყო. რუსეთის იმპერიაში ორი რევოლუცია განხორციელდა. თებერვლის აჯანყებამ ცარისტულ რეჟიმს გამოუტანა საბოლოო განაჩენი. ოქტომბრის კონტრ-რევოლუციამ კი წარმომადგენლობით დემოკრატიასა და პლურალიზმზე ორიენტირებული სისტემა ჩაანაცვლა ერთპარტიული საბჭოთა წყობილებით. რევოლუციის პარალელურად მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდებოდა დანარჩენ მსოფლიოშიც. გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ვუდრო უილსონის თეზისები, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლად ერთა თვითგამორკვევის უფლებას განსაზღვრავდნენ. ამასთანავე, დასასრულს უახლოვდებოდა პირველი მსოფლიო ომიც, რომელიც რუსეთის გარდა, კიდევ რამდენიმე ევროპულ თუ აღმოსავლურ იმპერიას უქადდა განადგურებასა და დაშლას.

იმპერიათა რღვევის პროცესმა ორი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ტენდენცია წაახალისა:

  1. რევოლუციებში მონაწილე მემარცხენე ძალებმა დღის წესრიგში დააყენეს სოციალური ემანსიპაციის საკითხები და ბრძოლა დაიწყეს ჩაგრული ჯგუფების უფლებების დაცვისა თუ მათი სოციალ-ეკონომიკური ინტერესების კონსტიტუციის დონეზე უზრუნველყოფისთვის.
  2.  მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში მთელ დასავლეთ ევროპაში გაძლიერებული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა უკვე კონტინენტის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებზეც გავრცელდა.

1917 წლის შედეგად შესაძლებელი გახდა საქართველოს, უკრაინის, ბელორუსის, სომხეთის დამოუკიდებელი, ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბება. 1917 წლის მოვლენებმა შესაძლებელი გახადეს ქალი პოლიტიკოსების ძალაუფლებით აღჭურვა, რვა საათიანი სამუშაო დღის დაკანონება, ახლადშექმნილი რესპუბლიკების კანონმდებლობებში მინიმალური ხელფასის ნორმების განსაზღვრა, ნებისმიერი მოქალაქისათვის  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა და გლეხებისათვის მიწის უმცირესი ნაწილის გადაცემა მაინც.

„ევროპის ისტორიულ ფორუმის“ მონაწილეებმა დაწვრილებით განიხილეს აღმოსავლეთ ევროპელი ხალხების ამბივალენტური დამოკიდებულება 1917 წლის მოვლენებისადმი.

ცარისტული რეჟიმის დამხობის საკითხისადმი განსაკუთრებით მრავალფეროვანია რუსული საზოგადოების განწყობები. მოქალაქეთა ნაწილი „თეთრ რუსეთს“ მიიჩნევს იმპერიის საუკეთესო ხანად, საუბრობს 1905 წლის შემდეგ ცარიზმისა და რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზებისა და განახლების მცდელობებზე. ისინი აღნიშნავენ, რომ რევოლუციური ცვლილებების თავიდან აცილების შემთხვევაში რუსეთი ეტაპობრივად დაადგებოდა უფრო ჰუმანურ სახელმწიფოდ გარდაქმნის გზას. აღნიშნულ პოზიციას იზიარებს რუსეთის ეკლესიაც, რომელმაც ავტორიტარი ხელმწიფე, ნიკოლოზ მეორე წმინდანად გამოაცხადა. ბუნებრივია, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთა შორის მრავლად არიან საბჭოთა იმპერიალიზმის მხარდამჭერებიც, რომლებიც რევოლუციის მონაპოვრად აცხადებენ სწრაფ ინდუსტრიალიზაციასა და სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს. 1917 წლისადმი განწყობების თვალსაზრისით გაყოფილ და დაპირისპირებულ რუსულ საზოგადოებაში კვლავ უდიდეს უმცირესობას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც თებერვლის რევოლუციის პრინციპებს, სოციალური სახელმწიფოსა და საპარლამენტო დემოკრატიის ღირებულებებს იზიარებენ. თებერვლის რეჟიმი პოლარიზებულ საზოგადოებაში კვლავ სისუსტისა და მარცხის სიმბოლოდ განიხილება.

რევოლუციური ქარტეხილების ეპოქისადმი განსაკუთრებულად მრავალფეროვანია უკრაინელთა დამოკიდებულებაც. 1917-1921 წლებში უკრაინაში ოთხი პოლიტიკური ერთეული შეიქმნა. დასავლეთ უკრაინის რესპუბლიკასთან ერთად, რევოლუციის შემდეგ შეიქმნა პირველი უკრაინული ნაციონალური სახელმწიფოც. ორი უკრაინული რესპუბლიკის გარდა, არსებობდა ანარქისტ ნესტორ მახნოს რაზმები, რომლებიც რურალურ დასახლებათა მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა. ბოლშევიკებმა ცალკე შექმნეს ხარკოვის საბჭოთა რესპუბლიკა. უკრაინულ საზოგადოებაში საბჭოთა კომუნისტურ, ეროვნულ-დემოკრატიულ და ანარქისტულ გამოცდილებებს თავიანთი მემკვიდრეები ჰყავთ.

რუსეთშიც და უკრაინაშიც რევოლუციური წლის საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნას აპირებენ. ზოგიერთი იზეიმებს, ზოგიერთი იგლოვებს. სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები შეეცდებიან ყველა მხარეს მებრძოლი ძალების საერთო ნიადაგზე თავმოყვრასა და ნაციონალური ერთიანობის ხაზგასმას. მეცნიერები მთელი წლის განმავლობაში ჩაატარებენ კონფერენციებსა და დისკუსიებს. მხოლოდ საქართველო დუმს, მხოლოდ საქართველოსთვის ასოცირდება ჩვენი ქვეყნის სოციალური და  ეროვნული გათავისუფლების წელი მარტოდმარტო ლენინთან და ბოლშევიკურ რეპრესიებთან.