ცხოვრება ბეწვის ხიდზე: მთიანი ყარაბაღის მყიფე სტაბილობა

Კითხვის დრო: 7 წუთი

ძაღლი, რომელიც არ ყეფს: რატომ არ განმეორებულა 2016 წლის აპრილის მოვლენები

2016 წლის დასაწყისში მთიანი ყარაბაღის პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებსა და ამ საკითხზე მომუშავე პოლიტიკურ ანალიტიკოსებს ინტერვიუებს ვართმევდი. მართალია, ზოგი მათგანის პასუხები “კონფლიქტის ლხობის“  თაობაზე გაფრთხილებას შეიცავდა, დამკვირვებელთა უმეტესობა ერთხმად აცხადებდა, რომ კონფლიქტის მასშტაბური ესკალაცია მაინც არ იყო მოსალოდნელი. მერე, იმავე წლის აპრილში, “ოთხდღიანი ომიც“ დაიწყო. რამდენიმე თვის შემდეგ, 2016 წლის ზაფხულში, კვლავ ექსპერტებისგან ვიღებდი ინტერვიუებს. მათი ერთი ნაწილი აპრილის მოვლენების განმეორების საშიშროებაზე საუბრობდა და სავარაუდო დროდ 2016 წლის შემოდგომას ან 2017 გაზაფხულს ასახელებდნენ. მართლაც, მას შემდეგ რამდენიმე სისხლიანი ინციდენტი მოხდა, ათობიდან ადამიანი დაიღუპა ორივე მხრიდან. თუმცა,  აპრილის მოვლენების განმეორების პროგნოზი ჯერჯერობით არ მართლდება. მაშ, როგორი იყო ფაქტორები, რომლებმაც, დაძაბულობის მიუხედავად, ხელი შეუშალა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ხელახალ სერიოზულ ესკალაციას, და რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამ ფაქტორების ზემოქმედება?

 იმ დამკვირვებლებს, რომელთაც აპრილის მოვლენების შემდგომ ბრძოლების განახლება ივარაუდეს, საამისოდ მიზეზები ჰქონდათ.  როგორც, ჩვეულებრივ, ომის დროს ხდება ხოლმე, 2016 წლის შეიარაღებულ დაპირისპირებას ორივე მხრის რადიკალიზაცია მოჰყვა, რასაც თან უმაღლესი ხელმძღვანელობისა და მედიის თუ რიგითი მოქალაქეების მხრიდან ნაციონალისტური რიტორიკა ახლდა, რომელიც სოციალურ ქსელებსაც მოედო. ბრძოლები რომ დასრულდა, სამშვიდობო პროცესის აღდგენის მცდელობებიც დაიწყო - მაგ., ვენისა თუ სანქტ-პეტერბურგის შეხვედრები თუ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების მოხელეთა მხრიდან წამოწყებული ე.წ. მიმოსვლითი დიპლომატია[1]. თუმცა, ამ მცდელობებს დიდი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ის შეზღუდული წინასწარი შეთანხმებაც კი, რომელიც ინციდენტის გამოძიების მექანიზმების   შექმნას უკავშირდებოდა, ქაღალდზე დარჩა. ინციდენტები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის საკონტაქტო ხაზზე გრძელდებოდა, ხანდახან პრეზიდენტების ან მინსკის თანათავმჯდომარეთა შეხვედრებამდე ან უშუალოდ მათ შემდეგაც კი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინციდენტები მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა და ორივე მხრიდან ათობით ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა, ახალი გამწვავება მათ აღარ მო ჰყოლია.

ადგილობრივი აქტორების გათვლები

ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ არ მომხდარა ახალი ესკალაცია, ალბათ ის იყო, რომ, როგორც გაირკვა, მხარეებს სერიოზული მიზეზი ჰქონდათ, ახალი დაპირისპირების თავიდან აცილება სდომებოდათ. აშკარაა, რომ ახალი კამპანია ერევნისა და სტეფანაკერტის ინტერესებში არ ყოფილა, რადგან შექმნილი სტატუს კვო სომხური მხარისთვის, ასე თუ ისე, ხელსაყრელია. ამას გარდა, ერევანსა და სტეფანაკერტს შინ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები ელოდათ:  სომხეთის საპარლამენტო არჩევნები and მთიანი ყარაბაღის საკონსტიტუციო რეფერენდუმი. მაღალი რანგის მოხელეებს ერევანსა თუ სტეფანაკერტში იმხანად ერთადერთი საფიქრალი ჰქონდათ: არჩევნებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების გზით ძალაუფლების შენარჩუნება, ხოლო ბრძოლების განახლებას, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყოლოდა. მაშასადამე, სომხური მხარე ფხიზლად უნდა ყოფილიყო, რათა ახალი ესკალაცია არ მომხდარიყო, ამის გამო მათი ძალისხმევა მთლიანად თავდაცვის ზომების გაძლიერებისაკენ იყო მიმართული. მართალია, მოქალაქეებისაგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად  სომხეთის ხელისუფლება ფართოდ მიმართავდა “პატრიოტულ“ რიტორიკას (თავდაცვის მინისტრმა, ვიგენ სარგსიანმა, მაგალითად, “არმიად შეკრული ერის“ (“nation-army”) კონცეფცია წამოსწია წინ) და მოწინააღმდეგის დელეგიტიმაციის მცდელობებს, სომხური მხარე თან კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების აუცილებლობას უსვამდა ხაზს.

რაც შეეხება აზერბაიჯანის მხარეს, აპრილის ომის შემდეგ სომხეთში ბევრი გამოთქვამდა შეშფოთებას, რომ ბაქო ახალ სამხედრო კამპანიას წამოიწყებდა - იმ სიტუაციის განსამტკიცებლად, რასაც იგი სამხედრო თუ პოლიტიკურ წარმატებად წარმოაჩენდა: აზერბაიჯანის სამთავრობო წრეები და მედია-საშუალებები აპრილის მოვლენებს მის სერიოზულ გამარჯვებად ასაღებდა. მართლაც, თუკი შიდა პოლიტიკაზე ვისაუბრებდთ, ბაქოს ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა კმაყოფილების მიზეზი. მან მოახერხა, ის  სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რაც ნავთობზე ფასების ვარდნას მოჰყვა და რამაც 2015-2016 წლების ზამთრის  საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, მთიანი ყარაბაღის მოვლენებით დაეჩრდილა, რადგან აზერბაიჯანული საზოგადოება მთავრობის პატრიოტული რიტორიკის გარშემოა კონსოლიდირებული.

 ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აზერბაიჯანის მთავრობას მიზეზი არ ჰქონდა, მთიან ყარაბაღზე დადებული ფსონები აეწია, ყოველ შეთხვევაში, მანამდე, სანამ “ოთხდღიანი ომის“ თემის ექსპლუატაციის ყველა შესაძლებლობას არ ამოწურავდა შიდა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ახალი სამხედრო კამპანიის შედეგები, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი ყოფილიყო, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მოულოდნელობის ეფექტი აღარ იყო მოსალოდნელი, თანაც, აპრილის ომმა ერევანსა და სტეფანაკერტს თავდაცვის შესაძლებლობათა ზრდისკენ უბიძგა. თუკი ყარაბაღში გამორჩეულ შედეგს ვერ მიაღწევდა, აზერბაიჯანის მოქმედ ხელისუფლებას პოზიციები შეერყეოდა, ხელისუფლების შიდა მოწინააღმდეგეებს მისი კრიტიკის საფუძველი მიეცემოდათ.  სწორედ ამიტომ, ახალი ესკალაცია ორ შემთხვევაშია  შესაძლებელი: თუ ბაქო დარწმუნებული იქნება, რომ სამხედრო წარმატებას მიაღწევს, ან თუკი ჩათვლის, რომ აპრილის ომისშემდგომმა “პიარ“ ეფექტმა ზემოქმედების ძალა დაკარგა. მომენტი, როდესაც ბაქო ახალ გათვლებს გააკეთებს, ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს: გართულდება თუ არა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, “პატარა ტრიუმფალური ომის“ საჭიროებაც ახალი ძალით იჩენს თავს. თუმცა, ჯერჯერობით ეს მომენტი არ დამდგარა. 

საერთაშორისო ჩართულობა

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც გამწვავება თავიდან აგვარიდა ( ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით), ყარაბაღის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნება გახდა. 2016 წლის ესკალაციამდე იგი თითქმის დავიწყებას იყო მიცემული, რადგან მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები უკრაინის, სირიისა და სხვა კრიზისებით იყვნენ დაკავებულნი. კონფლიქტი “გაყინულად“ ითვლებოდა, იმ არაერთი ნიშნის მიუხედავად, რითაც ესკალაციის გარდაუვალობა ამოიცნობა.  აპრილის ომის შემდგომ შეხვედრებს დიდი შედეგი მართლაც არ მოჰყოლია, მაგრამ მთიანი ყარაბაღის საკითხისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევა არ შეჩერებულა. ახალი ესკალაციის არიდება, სიმწვავის ჩაცხრობა მაინც, ამანაც გახადა შესაძლებელი. გარდა ამისა, გაჩნდა ნიშნები, რომ ახლა მედიატორები უფრო გამოავლენენ ორივე მხარეზე ზეწოლის ნებას, რათა ამ ქვეყნებმა ახალი ესკალაციის გამომწვევი ნაბიჯები აღარ გადადგან. მაგალითად, როდესაც აზერბაიჯანის ჯარმა მთიან ყარაბაღში ამასწინათ სომხეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა გაანადგურა, თანათავმჯდომარეებმა უწინდელისგან განსხვავებული  რეაგირება  მოახდინეს: თუკი ადრე ისინი ორივე მხარეს ერთნაირად ადანაშაულებდნენ, ახლა ის მხარე გამოჰყვეს, რომლის მიზეზითაც მოხდა ინციდენტი ( თუმცა, განცხადებაში ისიც იყო ნათქვამი, რომ  ცეცხლის  შეწყვეტის  შეთანხმება “ორივე მხარის ქმედებებმა“ გამოიწვია).

რასაკვირველია, მთავარი საერთაშორისო მოთამაშეები სხვდასხვა ინტენსივობით არიან კონფლიქტში ჩართულნი. აპრილის მოვლენებმა, განსაკუთრებით კი - რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტამ და ბრძოლების შემდგომ მაღალი რუსი მოხელეების ქმედებებმა, თვალსაჩინოდ აჩვენა, რომ რუსეთს კონფლიქტის მიმართ ყველაზე მეტი ინტერესი ამოძრავებს. მეტიც, როგორც ჩანს, “დასავლელი პარტნიორები“ - ის ტერმინი რომ ვიხმაროთ, რომელსაც რუსი დიპლომატები ანიჭებენ უპირატესობას  - წინააღმდეგნი არ არიან, რომ ამ ეტაპზე რუსეთმა კონფლიქტის მოგვარებაში წამყვანი როლი ითამაშოს.  მართალია, 2016 წლის აპრილის მოვლენების მსგავსმა, მაგრამ ნაკლები მასშტაბის დაძაბულობამ რუსეთს საშუალება მისცა, რეგიონში ყველაზე გავლენიანი მოთამაშის როლში განმტკიცებულიყო, ბრძოლების განახლებამ, მით უფრო - სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამ, შესაძლოა, რთულ სიტუაციაში ჩააყენოს მოსკოვი. ჯერჯერობით რუსეთი ინარჩუნებს ბალანსს სომხეთს - “სტრატეგიულ მოკავშირესა’“ და აზერბაიჯანს - “სტრატეგიულ პარტნიორს“ შორის. თუმცა, შეიძლება, ახალმა ესკალაციამ, თუკი სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებარება, რუსეთი არასასურველი არჩევანის წინაშე დააყენოს: თუ საომარი მოქმედებები სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს გასცდება და მის ტერიტორიაზე გაგრძელდება, რუსეთი ვალდებული იქნება, კონფლიქტში ჩაერიოს.

მეტიც: თუ საომარი მოქმედებები სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსშიდა ტერიტორიას გადასწვდება, ესკალაცია კრიზისულ ვითარებას შექმნის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (უსაფრთხოების რეგიონულ ორგანიზაცია - კ უ ხ ო), რომელშიც რუსეთს წამყვანი როლი აკისრია. კ  უ  ხ  ო ვალდებული იქნება, დახმარება გაუწიოს მის წევრ ქვეყანას, სომხეთს, მის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში, თუმცა, კ უ ხ ო-ს ზოგიერთმა წევრმა, განსაკუთრებით, ბელარუსმა და ყაზახეთმა, შესაძლოა, ამგვარ ქმედებას წინააღმდეგობაც გაუწიონ, რათა აზერბაიჯანთან კეთილი ურთიერთობები შეინარჩუნონ. 2016 წლის აპრილში ბელარუსმა და ყაზახეთმა  ერთხელ უკვე გამოხატეს თავიანი პოზიცია, რომელიც აზერბაიჯანისადმი უფრო თანამგრძნობი იყო,ვიდრე სომხეთის მიმართ, რამაც კ უ ხ ო-ს ფარგლებში გარკვეული დაძაბულობა შექმნა. ახალი ესკალაცია ყარაბაღში კიდევ უფრო სერიოზულ კრიზისს გამოიწვევს ამ ორგანიზაციაში და ეჭვქვეშ დააყენებს მისი, როგორც  უსაფრთოების მთავარი ალიანსის როლს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამგვარად, დღეს ესკალაციის აცილებაში რუსეთიც დაინტერესებულია.  

ის, რომ თურქეთმა და რუსეთმა, როგორც ჩანს, მოახერხეს ზოგიერთ განსხვავებულ პოზიციათა შეთანხმება, შესაძლოა, კიდევ ერთი შემაკავებელი ფაქტორი გამოდგეს. რუსეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირება, რომელიც 2015 წელს რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას მოჰყვა, აპრილის გამწვავების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო.  ზოგი დამკვირვებელი იმხანად თვლიდა, რომ აპრილის ესკალაცია თურქეთის მიერ მოწყობილი კონსპირაციის შედეგი იყო, რომელიც ამ გამწვავებით შეეცადა, რუსეთი ეზარალებინა.  ეს მოსაზრება გამონაგონს ჰგავს, თუმცა, ის კი სიმართლეა, რომ რეგიონში დაძაბულობამ რუსეთ-თურქეთის დაპირსპირების შემდეგ  იმატა. ამას გარდა, ანკარა, რომელიც აზერბაიჯანზე გავლენის მოპოვებაში რუსეთს ექიშპება, იმ პერიოდში აქტიურად უჭერდა მხარს ბაქოს და, როგორც ჩანს, აზერბაიჯანს იმ დღეებში უფრო თავდაჯერებული ნაბიჯებისკენ უბიძგებდა. რუსეთსა და თურქეთს შორის საგრძნობმა “დათბობამ“, რაც სომხეთში ბევრს აღიზიანებს, რეგიონში დაძაბულობა შეამცირა და, ამგვარად, ბალანსის შენარჩუნებას შეუწყო ხელი.

არასასურველი სამომავლო სცენარი

იმის მიუხედავად, რომ ყოველივე ზემოთქმული განმარტავს, თუ რატომ არ მომხდარა ჯერჯერობით ესკალაცია, გადაჭარბება იქნებოდა მტკიცება, თითქოს ეს ფაქტორები დაიმედების საფუძველს გვაძლევდეს გრძელ- თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში.  ტოტალური ომის დაწყება ნაკლებ სავარაუდოა, რადგან იგი  ისეთ მასობრივ ნგრევა-განადგურებას გამოიწვევს, როგორიც ორივე მხარისთვის მიუღებელია. ესეც რომ არა, მსხვილმასშტანიან ომს რუსეთისა და სხვა წამყვანი სახელმწიფოების ჩარევა/ჩათრევა მოჰყვება, ამიტომ ამგვარი მოვლენების არიდება გლობალური თუ რეგიონული მოთამაშეების ინტერესებშია. თუმცა, რაც დრო გადის, იმის ალბათობაც იზრდება, რომ “აპრილის ომის“ მსგავსი ახალი, მცირემასშტაბიანი კამპანია შეიძლება დაიწყოს. აპრილის ომიდან გამოყოლილი “პიარ“ ეფექტი აზერბაიჯანმა თითქმის გახარჯა, თან სწორედ იმ დროისთვის, როდესაც აზერბაიჯანის ეკონომიკაში პრობლემებმა იჩენა თავი.  რაც შეეხება ბოლოდრინდელ ინციდენტებს საზღვრის საკონტაქტო ხაზზე, ასევე აზერბაიჯანის ვეტოს გამო ერევანში ეუთო-ს ოფისის დახურვას , ეს მოვლენები ცხადჰყოფს: ბაქო ზრდის ზეწოლას როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიის სფეროში. მეორე მხრივ, საკონტაქტო ხაზზე მომხდარი თითოეული ასეთი ინციდენტის შემდეგ სომხეთში გაისმის მოწოდებები, მიღებულ იქნას “ასიმეტრიული“ საპასუხო ან სხვაგვარი ზომები, რომლებიც აზერბაიჯანს  გამოფიტვის ტაქტიკაზე ხელს ააღებინებს. ეს ყველაფერი იმას მოასწავებს, რომ სიტუაცია მთიან ყარაბაღში ნებისმიერ მომენტში შეიძლება “აყირავდეს“, ამიტომ ახლა უწინდელზე მეტადაც კი დგას საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისმხევის საჭიროება, რათა ამგვარი ნეგატიური სცენარები ვერ განვითარდეს.

 

[1] shuttle diplomacy - მესამე მხარ(ეებ)ის მიერ დაპირსპირებული ქვეყნების ქალაქებში წარმოებული მოლაპარაკებები კონფლიქტის მოგვარების მიზნით.