მწვანე აკადემია 2017 - მონაწილის ანგარიში

Კითხვის დრო: 5 წუთი

ჩემში ჯერ-ჯერობით არ განელებულა გასული ათი დღის განმავლობაში საქართველოში მოგროვილი უამრავი შთაბეჭდილება, ეს ანგარიში კი კარგი საშუალებაა ამ ყველაფრის თავმოსაყრელად. „მწვანე აკადემიაში“ მონაწილეობა ჩემთვის იქცა უნიკალურ შესაძლებლობად, მოკლე დროში წარმოუდგენლად დიდი მოცულობის ინფორმაცია მიმეღო რეგიონის შესახებ: მოხსენებების და შინაარსობრივი დებატების, განსაკუთრებით კი მონაწილეებთან არაფორმალური საუბრების საშუალებით.

 

ღონისძიების პროგრამა ორიენტირებული იყო ოთხ ძირითად მიმართულებაზე - პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება და აქტივიზმი; თითოეულ თემატურ ბლოკს ერთი მთლიანი დღე ჰქონდა დათმობილი. პოლიტიკური პროცესების განხილვა პირველ რიგში საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოების თეორიულ და პრაქტიკულ რეფლექსიაზე იყო კონცენტრირებული. ორგანიზატორებმა შეძლეს პირველ მომხსენებლად ცნობილი სოცილოგი, კლაუს ოფე მოეზიდათ, რომელმაც  კეთილდღეობის სახელმწიფოს მოწყობის საკითხბი მიმოიხილა, ასევე შეეხო სიღარიბის მაიდენტიფიცირებელ ფაქტორებსტრანსფერული გადახდების დამკვიდრებას და სოციალური პარტნიორობის ბალანსის უზრუნველსაყოფად დამსაქმებელთა ჩართულობის თავისებურებებს. ამ მიმართებაში ერთ-ერთი სემინარი მიეძღვნა ოფეს ანალიტიკური პრინციპების მისადაგებას საქართველოზე, რა დროსაც, ყველაფერთან ერთად, გავიგე, რომ საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევა და პროგრესული დაბეგვრა. განსაკუთრებით საინტერესოდ მომეჩვენა მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება აღმოცენდეს სოციალური პარტნიორობა ისეთ ქვეყანაში, სადაც საწარმოო სექტორი მნიშვნელოვნად ჩამორჩება აგრარულ და მომსახურების სექტორებს, შეადგენს რა სრულიად უმნიშვნელო წილს, მაშინ, როდესაც  დასავლეთ ევროპაში სოციალური პარტნიორობის წარმოშობის წინაპირობა, პირველ რიგში, ინდუსტრიალიზაციის ადრეული პერიოდისთვის დამახასიათებელ არაადამიანურ სამუშაო პირობებში უნდა ვეძებოთ.

 

სასურველი სოციალური გარანტიების სისტემასთან დაკავშირებული დისკუსიის პროცესში არაერთხელ გამოიკვეთა პოზიცია, რომ პრიორიტეტი რესურსების თანაბარ განაწილებაზე მეტად რესურსების აკუმულაციას ენიჭება; სწორედ ამ საკითხის ლოგიკურ გაგრძელებად იქცა ეკონომიკის თემატური ბლოკი. ამასთან განსაკუთრებული ყურადღება მდგრადი ეკონომიკური განვითარების საკითხს დაეთმო, ამ მიმართებაში იაგოდა მუნიჩმა და ედუარდ გოდომ საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს მწვანე ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მამუკა მახათაძემ სემინარის ფორმატში წარმოადგინა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები სხვა ე.წ. განვითარებად ქვეყნებთან შედარების ჭრილში და მოწოდებული რიცხვები სადისკუსიო თემად შემოგვთავაზა. ამასთან განსაკუთრებით მომეწონა ღონისძიების ფორმატი, რომელიც საკმარის სივრცეს ტოვებდა თანამედროვე ტენდენციების უკვე აპრობირებული მეთოდებით აღწერისათვის, თანაც ისე, რომ ამავდროულად არ იკარგებოდა აღნიშნული მეთოდების კრიტიკული ანალიზის შესაძლებლობა. შემდგომი თემატური ბლოკი, რომელიც საზოგადოებას ეძღვნებოდა, გახსნა დანიელ ჩავეზმა - წარმოშობით ურუგვაელმა და ამჟამად ნიდერლანდებში მოღვაწე სოციოლოგმა და პოლიტოლოგმა. მან წარმოადგინა მემარცხენეთა განვითარების დინამიკა ლათინურ ამერიკაში და განსახილველად შემოგვთავაზა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მემარცხენეთა წარმატების მოდელს მათი სტრატეგიული ნიშის დაკავება  უნდა წარმოადგენდეს.

 

შემდგომი დისკუსია უმეტესწილად ქალთა და ლგბტ-პირების უფლებების როლის განხილვას მიეძღვნა, რასთანაც წამოიჭრა კითხვა, თუ რამდენად საკმარისადაა ჩართული მემარცხენე ჯგუფების აზროვნებასა და აქტივობებში ფემინისტური მოთხოვნები და პირიქით - დისკუსია, რომელიც, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, გერმანიაშიც საკმაოდ აქტუალურია. ცხარე დისკუსია მოჰყვა თამარ ცხადაძის მოხსენებას თემაზე: ფემინიზმის გამოწვევები დღევანდელ საქართველოში.

 

თამარ ცხადაძე

ძალიან საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა ასევე სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბრისას, მაგალითად, სომეხი მონაწილის, დავით ისაჯანიანის მიერ, რომელმაც კონსტრუქტივისტული პერსპექტივიდან, ქრონოლოგიურ ჭრილში გააანალიზა უსაფრთხოების კონცეფციების მნიშვნელობა სომეხი საზოგადოებისთვის. სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის განხილვა მოხდა საღამოს დისკუსიის დროს, ურბანული სივრცის სპეციფიკური სამოქმედო არეალის კონტექსტში. ამასთან მომხენებლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქალაქგეგმარებასთან, უსახლკაროებთან და საჯარო სივრცეებთან დაკავშირებული პრობლემების აქტუალურობაზე. თემატურად გაჯერებული მოხსენებების ბლოკების დასაბალანსებლად შემდეგი დღე უფრო პრაქტიკული ხასიათის აქტივობებს დაეთმო. არტისტებისგან შემდგარი ჯგუფი „ბულიონის“ მიერ წარმოდგენილი პერფორმანსის გარდა მარეიკე ვენცელმა ზოგადად მიმოიხილა „თეატრალური ფორუმის“ მეთოდიკა („ჩაგრულთა თეატრი“), რომლის შექმნის ფაზაში მეც ვიყავი ჩართული.

 

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, დანარჩენ მონაწილეებთან მჭიდრო დიალოგის დროს განსაკუთრებით ცხადად დავინახე, თუ დისკრიმინაციის რამდენად განსხვავებულ ფორმებს აწყდება თითოეული მათგანი ყოველდღიურად და როგორც ცდილობენ ისინი ამ ყველაფერთან გამკლავებას - წარმოდგენილმა მეთოდმა ძალიან კარგად იმუშავა, გამოათავისუფლა რა ჯგუფში განსაკუთრებული დინამიკა. ბოლო დღე დაეთმო პოლიტიკური აქტივიზმის თემატურ სფეროს და კითხვას, თუ რა სახითაა შესაძლებელი „მწვანე აკადემიის“ ფარგლებში განხილული იდეების ერთმანეთთან დაკავშირება. აქ განსაკუთრებით წინააღმდეგობრივი მოსაზრებები გამოითქვა, მათ შორის, პოლიტიკური და სოციალური მოძრაობების სხვადასხვა სამოქმედო სფეროებში არასამთავრობო ორგანიზაციების როლის განხილვისას.

ღონისძიების ძირითადი დღის წესრიგის გარდა ჩემთვის ძალიან ინფორმატიული აღმოჩნდა  დისკუსია ე.წ. „ქართველთა მარშის“ შესახებ, რომელიც მთელი ამ დღეების მანძილზე მუდმივად იჩენდა თავს; ლაპარაკია თბილისში გამართულ მასობრივ დემონსტრაციაზე, რომლითაც ნაციონალისტურმა ძალებმა საკუთარი ინტერესები დააფიქსირეს. აღნიშნული დისკუსიის დროს შევძელი გარკვეული პარალელების გავლება გერმანულ (და ევროპულ) დებატებთან მოძრაობა „პეგიდას“ („პატრიოტი ევროპელები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ“) მიერ ორგანიზებული დემონსტრაციების შესახებ, განსაკუთრებით როდესაც დაისვა კითხვა, თუ რამდენად შესაძლებელია ამ დემონსტრაციებს ფაშისტური ან ნაცისტური ვუწოდოთ, ან რამდენად წარმოადგენენ დემონსტრანტები უწინარეს ყოვლისა სოციალურად „მარგინალურ“ ჯგუფებს. ამასთან ორივე მოძრაობასთან მიმართებაში დაისვა კითხვა ამ მოვლენასთან დაპირისპირების შესაბამისი ფორმების შესახებ - კატეგორიული გამიჯვნით დაწყებული და დიალოგზე ორიენტირებული დაახლოებით დამთავებული.

 

ჩემი აზრით, გადამწყვეტი ფაქტორი, რომელმაც „მწვანე აკადემიის“ წარმატება განაპირობა, იყო მონაწილეთა ჯგუფის შემადგენლობა: მომეწონა, რომ დისკუსიაში ჩართვის საშუალება მიეცათ როგორც ძალზე განსხვავებული დარგობრივი სფეროების წარმომადგენლებს, ისე სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებს - იმის მიუხედავადაც კი, რომ ზოგიერთი თემატური სფეროს განხილვა „ახალბედებისთვის“ ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობდა. ამავდროულად შთამბეჭდავი იყო ქართველი აქტივისტების მრავალრიცხოვანი იდეების მოსმენა და მათი აღტკინების დანახვა, რომლებიც საკუთარი ჩართულობით გარესამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობენ. პირადი საუბრებისას შესაძლებლობა მომეცა დამემყარებინა სასარგებლო კონტაქტები, რომლებიც აკადემიის შემდეგაც შენარჩუნდება და რომლებმაც თემატურ დისკუსიებთან ერთად საშუალება მომცეს მიმეღო უაღრესად პიროვნული შთაბეჭდილებები სოციალური კონფლიქტების და პოლიტიკური პროცესების შესახებ. ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მთავარი იდეა, „მწვანე აკადემიის“ საშუალებით  მსგავსი მსოფლმხედველობის მქონე აქტივისტებს შესთავაზოს სივრცე, რომელშიც ისინი დაცულ გარემოში, ღიად და უშუალოდ შეძლებენ აზრების გაზიარებას და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვას, წარმატებით განხორციელდა. მთლიანობაში შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მრავალრიცხოვან დისკუსიებში გამოიკვეთა პოლიტიკურად მემარცხენე იდეების პრინციპული მახასიათებლები - სისტემის კრიტიკით დაწყებული და რეფორმიზმით დამთავრებული - ყველაფერი ის, რის შესახებ კომპრომისის მიღწევაც პოლიტიკური მოთამაშეების ქმედუნარიანობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. პირადად მე როგორც შინაარსობრივმა დებატებმა, ისე მონაწილეებთან პირადმა საუბრებმა გამიმყარა მოტივაცია, კვლავაც აქტიურად ვიზრუნო თვითორგანიზებაზე. სწავლის პერიოდში მრავალრიცხოვანი გადაადგილებები ნეგატიურად აისახა ჩემს ჩართულობაზე სოციალურ მოძრაობებში, შესაბამისად ამ კუთხით მხოლოდ სპორადულად თუ ვახერხებდი აქტიურობას - მაგალითად, ჩემს სამუშაო ადგილზე სტუდენტთა წარმომადგენლობის ან უნივერსიტეტის მენტორინგის პროგრამაში ჩართულობის ფორმით. ახლა კი, სწავლის დასრულების შემდეგ, მსურს ჩემს საცხოვრებელ ადგილზე კვლავაც მიზანმიმართულად ჩავერთო სოციალურ აქტივობებში, პირველ რიგში ქალთა უფლებების მიმართულებით. ამას გარდა ამ მოგზაურობამ კიდევ უფრო გამიმყარა ამ რეგიონის მიმართ აქამდე უკვე არსებული ინტერესი - დავინახე გამოკვეთილი ასიმეტრია დასავლეთ ევროპის და საქართველოს მაცხოვრებლეთა ინფორმირებულობის კუთხით: მაშინ, როდესაც ყველა მონაწილე ძალიან კარგად იყო გათვითცნობიერებული ევროპის და ევროკავშირის პოლიტიკური მოთამაშეების და აქ მიმდინარე დებატების შესახებ, ბევრმა გერმანელმა უბრალოდ არცკი იცის, თუ სად მდებარეობს საქართველო და ბევრის გონებაში ჯერ კიდევ არსებობს რკინის ფარდა. ამ დისპროპორციის გააზრებამ დამაფიქრა იმაზე, თუ რამდენად მეტი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ ამ რეგიონის შესახებ ჩვენს სკოლებს, უნივერსიტეტებს, სამოქალაქო საზოგადოებას.

 

გულითადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ შესაძლებლობისთვის, მონაწილეობა მიმეღო „მწვანე აკადემიაში“, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის ისევე, როგორც რეგიონული ბიუროს შინაარსობრივი და ორგანიზაციული კუთხით გაწეული სამუშაოსთვის.