საჯარო დისკუსიების ციკლი ლგბტი თემაზე - საბჭოთა გამოცდილება: იდეოლოგიზებული ჰომოფობია & რელიგია და სექსუალური კულტურა

2017 წლის 30 ივნისს, 13 და 14 ივლისს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ პარტნიორ ორგანიზაციებთან, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, თანამშრომლობით გამართა ლგბტი თემაზე ლექციების ციკლის მომდევნო და ბოლო საჯარო დისკუსიები.

Კითხვის დრო: 5 წუთი

2017 წლის 30 ივნისს, 13 და 14 ივლისს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ, პარტნიორ ორგანიზაციებთან, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, თანამშრომლობით გამართა ლგბტი თემაზე ლექციების ციკლის მომდევნო და ბოლო საჯარო დისკუსიები.

საჯარო დისკუსიების თემატიკა ორ ძირითად ცნებაზე იყო ორიენტირებული: 1) საბჭოთა გამოცდილების შეჯერება რეპრესირებულ სექსუალობასა და იდეოლოგიზებულ ჰომოფობიასთან. საბჭოთა სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება და პროგრესირება სექსუალობის, და მასთან - ჰომოსექსუალობის - ცნებასთან მიმართებაში, ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები, გენდერული როლები და ფემინურობის/მასკულინობის კონცეფცია, და ის თუ როგორ აღიქმება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები და მათთან დაკავშირებული კანონმდებლობა პოსტსაბჭოთა საქართველოში. 2) რელიგიისა და სექსუალობის ცნებათა ურთიერთკავშირი და შესაბამისი გამოწვევები. მომხსენებლებმა განიხილეს სექსუალობა, როგორც ვიწრო ჩარჩოში ჩასმული ცნება; საბჭოთა გამოცდილება, სადაც სექსი იყო ტაბუირებული და სექსუალობა, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გენდერული როლების თვალსაზრისითაც, მორალურ და არა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ჭრილში განიხილებოდა.

ისევე, როგორც ლგბტი საკითხთა პოლიტიკური ინტრუმენტალიზაციის თემაზე ა.წ. მაისის დასაწყისში ჩატარებული საჯარო დისკუსიის შემთხვევაში, განხილვის თემატიკა WISG-ის მიერ განხორციელებული ჰომო/ბი/ტრანსფობიური სახოგადოებრივი დამოკიდებულებების კვლევიდან, EMC-ს ლგბტი ადამიანთა სამართლებრივი მდგომარეობის ანალიზიდან და სოგი-ს საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის გრძელვადიანი ადვოკატირების სტრატეგიის დოკუმენტიდან გამომდინარეობდა.

 

ეკა აღდგომელაშვილის პრეზენტაცია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, 30 ივნისი, 2017

გორსა და ქუთაისში ჩატარებული საჯარო დისკუსიები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დარბაზში და ქუთაისის ერთ-ერთ სოციალური კაფეში იყო ორგანიზებული და მოიცავდა გამორჩეულ პანელისტებს, ეკატერინე აღდგომელაშვილს WISG-იდან და ლიკა ჯალაღანიას EMC-დან. საკუთარ მოხსენებაში, ეკა აღდგომელაშვილმა ყურადღება გაამახვილა სექსუალობის აღქმის ისტორიულ კონტექსტსა და სექსუალობის მიმართ კულტურათა და ეპოქათა შორის განსხვავებულ დამოკიდებულებებზე. ეკა აღდგომელაშვილმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოახდინა საბჭოთა სახელმწიფომ საბავშვო ბაღების დანერგვის გზით ქალთა ემანსიპაცია ოჯახური შეზღუდვებისაგან და მათი ამავდროული განსაზღვრა რეპროდუქციულ მანქანებად. მოხსენებაში ასევე განხილული იყო სექსუალური ტაბუები, ქორწინების/განქორწინების წესები, აბორტისა და დეკრეტული შვებულების ცნებები,  ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია, ხელახალი კრიმინალიზაცია და იდეოლოგიზება; პოსტსაბჭოთა სივრცეში (დღემდე გავლენიანი) ანტიდასავლური განწყობის აღორძინება, მათ შორის ჰომოფობიის გამოყენება პოლიტიკურ იარაღად.  

 

ლიკა ჯალაღანიას პრეზენტაცია ქუთაისში, 14 ივლისი 2017

EMC-ს ლიკა ჯალაღანიამ ვრცლად ისაუბრა ოჯახში ძალადობასა და ფემიციდზე. ის ასევე შეეხო იმ ფაქტს, რომ დაუსაქმებლობის გამო, მამაკაცები ხშირად სახლში რჩებიან, რაც აშორებს მათ „ოჯახის მარჩენალის“ სტატუსს და მათი თვალსაზრისით ქალთა მიმართ აგრესიას ამართლებს. ლიკა ჯალაღანიამ ასევე განიხილა ისეთი ცნებები, როგორიცაა ქალთა სხეულების რეგულირება, ანტიგენდერული ჯგუფების აღმასვლა და რადიკალიზაცია, აბორტი, როგორც ოჯახის დაგეგმვის სერვისი ქალებისთვის. მან ჩამოაყალიბა მოსაზრება, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი დიდწილად მიღებულ იქნა საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად და ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ფარგლებში აღნიშნული კრიტერიუმების მისაღწევად. ლიკა ჯალაღანიამ ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო ინტერვენციისა და ქმედებების მნიშვნელობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა გენდერის სამართლებრივი აღიარება, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება და საზოგადოების განათლებისა და ინფორმირებულობის გაზრდა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ ბოლო წლებში გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებზე, მათ შორის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობის მიღების, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ფემიციდის საწინააღმდეგო პლატფორმის „Femicide Watch” შემუშავებისა და სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის თვალსაზრისით.

 

13 ივლისს ბათუმში გამართული განხილვა რელიგიისა და სექსუალური კულტურის თემაზე ეკა აღდგომელაშვილისა (WISG) და თამთა მიქელაძის (EMC) მონაწილეობით წარიმართა. მოხსენებების დროს განხილული იყო შემდეგი საკითხები: სექსუალობის მითოლოგიური კონტექსტი, მათ შორის აბორიგენულ, ეგვიპტურ, ბერძნულ და სპარსულ მითოლოგიაში; სექსუალობის აღქმა სხვადასხვა კულტებისა და სექტების მიერ; ჰერმაფროდიტიზმის, პროსტიტუციისა და „ორი-სულის“ (two-spirit) კონცეფციები; ცელიბატობა და სექსუალური ქცევის სრული უარყოფა კათოლიციზმში, ასევე კასტრირება, როგორც ცელიბატობის ფიზიკური გამოვლინება; მეორე უკიდურესობა, სადაც სექსუალური აქტი ღმერთთან მიახლოების უკიდურეს გზად განიხილებოდა. ეკა აღდგომელაშვილმა განმარტა, რომ აღმოსავლეთ კულტურებში ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაცია და დასჯა მხოლოდ ევროპული კოლონიზაციის შემდეგ დაიწყო. ძირითადი რელიგიები, როგორიცაა იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი, სექსუალობის თვალსაზრისით, მისი ცოდვასთან დაკავშირების გზით, ყველაზე „რეპრესიულნი“ არიან. ეკა აღდგომელაშვილმა თავისი საინტერესო მოხსენება სექსოლოგიის მეცნიერებისა და ისეთი ცნებების, როგორიცაა „სექსუალური გადახრა“ განხილვით დაასრულა.

 

თამთა მიქელაძე საუბრობს რელიგიასა და სექსუალობის კულტურაზე, ბათუმი, 13 ივლისი, 2017

თამთა მიქელაძემ შეხვედრა მართლმადიდებლური ეკლესიისა და სექსუალობაზე მის მიერ განხორციელებული კონტროლის ყოვლისმომცველი ანალიზის წარდგენით განაგრძო. ის შეეხო ულტრაციონალისტური ჯგუფების ანტი-გენდერულ და პოპულისტურ რიტორიკას; იმას, თუ რატომ და როგორ ჩამოყალიბდა ეკლესია ძლიერ პოლიტიკურ აქტორად. მან ისაუბრა ეკლესიის გაძლიერების ისტორიულ ასპექტებზე, საბჭოთა მემკვიდრეობაზე, სადაც ეკლესია რეპრესირებული და საჯარო სივრცეებიდან გაძევებული იყო. თამთა მიქელაძემ მსმენელებს ასევე საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ეპისტოლეთა ანალიზი შესთავაზა, რომელიც ოჯახის სიწმინდის ცნებასა და ქრისტიანობის მიერ გამართლებული კონკრეტული იერარქიების გამყარების აუცილებლობას ეფუძნებოდა, რაც თავის მხრივ, მასკულინობისა და პატრიარქატის გაძლიერებას ემსახურება.

თითოეული დისკუსიის დროს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის წარმომადგენლებმა ანა ნემსიწვერიძე-დენიელსმა და ეკა წერეთელმა, ასევე ისაუბრეს ჰომო/ბი/ტრანსფობიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გრძელვადიანი ადვოკატირების სტრატეგიის დოკუმენტის/დეკლარაციის მნიშვნელობის შესახებ. დოკუმენტი შემუშავდა გრძელვადიანი მრავალმხრივი პროცესის შედეგად და სამოქალაქო საზოგადოების, სხვა ორგანიზაციებსა და ინდივიდებს შორის 40-მდე მხარდამჭერი შეკრიბა.

მიუხედავად იმისა, რომ გორში ჩატარებულმა ღონისძიებამ ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეკრიბა მონაწილეთა სასურველი რაოდენობა, ქუთაისსა და ბათუმში გამართული დისკუსიები უაღრესად წარმატებული გადმოდგა და მნიშვნელოვანი აუდიტორია მოიზიდა.

 

ეკა წერეთელი საუბრობს ჰომო/ბი/ტრანსფობიის წინააღმდეგ გრძელვადიანი ადვოკატირების სტრატეგიის შესახებ, ქუთაისი, 14 ივლისი 2017

პრეზენტაციების შემდგომ, გაიმართა ყოვლისმომცველი და მრავალმხრივი დისკუსია, სადაც მონაწილეებმა პანელისტებს კითხვები დაუსვეს და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. დისკუსიის დროს განხილული იყო ეკლესიის მიერ ქალის ინსტრუმენტალიზაციის კონცეფცია; ქართული საზოგადოების პრივილეგიები და ნაკლოვანებები; ერთსა და იმავე სქესის ადამიანთა შორის ქორწინების იდეა; ინდივიდუალობის დევნა; ჰომოსექსუალობის დემონიზება და ამ უკანასკნელის აღქმა, როგორც მოკვდავი ცოდვა.

დამსწრე საზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოთქვა დისკუსიის თემატიკისა და მის შესახებ არსებული მასალების, მათ შორის ლგბტი საკითხებზე WISG-ისა და EMC-ს მიერ განხორციელებული საფუძვლიანი კვლევების, მიმართ.

საჯარო დისკუსიების სერია ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში ფარგლებში.