ორ არჩევანს შორის: რუსეთის რბილ ძალასთან დაკავშირებული რეალობა

ვებ-დოსიე

რუსეთის  დეზინფორმაციის კამპანიის ძალა, რომელსაც იგი მედიისა და კრემლის მიერ დაფინანსებული თუ მისი მხარდაჭერის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ეწევა,  კარგად გამოჩნდა დასავლეთში უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. თუმცა, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის ეს ტაქტიკა კარგადაა ცნობილი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის დეზინფორმაციის კამპანია პოსტსაბჭოთა სივრცეში განსხვავებული სიმძლავრითა და  სხვადასხვა  ინსტრუმენტის გამოყენებით მუშაობს.

შესავალი

საბჭოთა კავშირის დაშლის თანმდევმა მოვლენებმა აზერბაიჯანში სერიოზულად დააზიანა რუსეთის იმიჯი. საზოგადოებრივ მეხსიერებაში მოსკოვი, როგორც იმპერიალისტური ძალა, რამდენიმე მოვლენის გამო ჩარჩა ნეგატიურად -  განსაკუთრებით აღსანიშნავია 1990 წლის იანვარში საბჭოთა რეჟიმის ინტერვენცია  და ბაქოში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, ასევე - მოსკოვის როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. ამ "იმიჯმა" შეუძლებელი გახადა აზერბაიჯანის საზოგადოებაზე რუსეთის ის შესაძლო ზეგავლენა, რომლის უმთავრესი საშუალება ენა და განათლება იყო. ამის გარდა, აზერბაიჯანის მთავრობის საგარეო პოლიტიკამ გასული საუკუნის 90-იან წლებში "ვესტერნიზაცია" განიცადა და რუსეთზე დამოკიდებულებისგან დისტანცირდა, ხოლო განათლების სისტემის დერუსიფიკაციისა და მედიაზე დაწესებული მკაცრი კონტროლის წყალობით რუსეთს ქვეყანაში რბილი ძალის გამოყენების არეალი შეეზღუდა.

ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, რუსეთი აზერბაიჯანზე ზეწოლის ძირითად ინსტრუმენტებად იყენებდა ისეთ პოლიტიკურ საკითხებს, როგორებიცაა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და კასპიის ზღვის იურიდიული სტატუსი, ამიტომ რბილი ძალის ინსტრუმენტების გამოყენების აუცილებლობა უკანა პლანზე იყო გადაწეული. თუმცა, 2012 წლის შემდეგ, მოსკოვმა სტრატეგია შეცვალა და განსაკუთრებული ყურადღება  რუსულ ენასა და განათლების სფეროსთან დაკავშირებულ, ასევე საინფორმაციო ინსტრუმენტებზე გაამახვილა. ეს ცვლილება აზერბაიჯანში საგრძნობი გახდა: გაჩნდა და სწრაფად იმატა საგანმანათლებლო და გაცვლითმა პროგრამებმა, მკაფიოდ იჩინა თავი რუსული მედიის საშუალებებში ინვესტირებამ, რისი მიზანიც  რუსული ხედვისა თუ მსოფლმხედველობის გავრცელება-დამკვიდრება იყო. რბილი ძალის რუსული ვერსია ძალზე შორსაა იმისგან, რომ ძალის გამოუყენებლად არწმუნებდეს. პირიქით, "რბილ ძალას" იგი დარწმუნების  კიდევ ერთ ფორმად იყენებს - და ამას, დასავლეთისგან განსხვავებით, ღირებულებათა სისტემის შემოუთავაზებლად აკეთებს; დარწმუნებისა და თავსმოხვევის ეს სხვადასხვა,  დაუსრულებლად განმეორებადი ხერხები დამატებით იარაღად იხმარება, რისი მიზანიც რუსეთის გაძლიერებაა იმ წინააღმდეგობის ფონზე, რაც არსებობს ევრაზიული კავშირის ინიციატივისადმი, და ზოგადად, ის ყველაფერი რაც რუსეთს რადიკალურად გაზრდილ რეგიონულ გავლენას მოუტანს. უკანასკნელი რამდენიმე წლის მოვლენები მოწმობს, რომ 2012 წლის შემდგომი პერიოდში,  რუსეთი აზერბაიჯანში წარმატებით იყენებს რბილი ძალის ინსტრუმენტებს.

რუსული ენა და არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც მოსკოვის "რბილი ძალის" ინსტრუმენტები

რუსულმა ენამ აზერბაიჯანში  დაკარგა lingua franca-ს როლი და გავლენა და ეს იმ ანტირუსული ნარატივის გაძლიერებასთან ერთად მოხდა, რომელიც აზერბაიჯანის ეროვნული იდენტობის ნაწილად იქცა. აზერბაიჯანის მოსახლეობის უმრავლესობა,  ხანდახან კი - პოლიტიკური ელიტაც ღიად ადანაშაულებს  მოსკოვს მთიანი ყარაბაღის მიმდინარე ომში - არამხოლოდ კონფლიქტის გაღვივებისათვის,არამედ მისი გადაჭრის გადავადებაშიც. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც რუსულმა ენამ აზერბაიჯანში გავლენა დაკარგა, ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში ეთნიკური რუსების მხოლოდ მცირე ოდენობა დარჩა. მათი სიმცირე თვალშისაცემია საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილ რესპუბლიკებთან - განსაკუთრებით, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით. ეთნიკური რუსების რიცხვი აზერბაიჯანში  392,000-დან (1989 წლის სტატისტიკით) 120,000 -მდე (2009 წლის მონაცემებით) შემცირდა. 1988-1989 აკადემიურ წელს ბაქოს სკოლების მოსწავლეთა მხოლოდ 45% სწავლობდა აზერბაიჯანულ ენაზე; 1995-1996 აკადემიურ წელს ეს მაჩვენებელი 78%-მდე იყო გაზრდილი.[i]  რუსული ენის მიმზიდველობის კლება ცივი ომის შემდგომი სურათის ნაწილიც იყო. ახალგაზრდა თაობა დასავლეთისაკენ მიისწრაფოდა და ამის ერთ-ერთი გამოვლინება ინგლისურ ენაზე "გადართვაც" იყო.

1991 წლის შემდეგ რუსეთის იმიჯი მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში დაეცა. ამაში უმთავრესი როლი ისეთმა კრიზისებმაც ითამაშა, როგორებიც იყო რუსეთის მიერ საქართველოსთან 2008 წელს დაწყებული ომი და  მიმდინარე კონფლიქტი უკრაინასთან. თუმცა, ამ კრიზისების გავლენა აზერბაიჯანში ერთგვარად შერბილებული იყო იმის გამო, რომ რუსეთში აზერბაიჯანიდან ძალზე ბევრი შრომითი მიგრანტია წასული: დაახლოებით ორი მილიონი აზერბაიჯანელი რუსეთში ცხოვრობს. მათი უმეტესობა მომუშავე მიგრანტი და სეზონური მუშაკია, რომელთა ოჯახური თუ ნათესაური კავშირები შესანიშნავი არხია ქვეყანაში რუსული პროპაგანდის შემოსაღწევად. ეს ადამიანები რუსეთს ძირითად შრომის ბაზრად აღიქვამენ და ოჯახის ახალგაზრდა წევრებს რუსულის სწავლისა და ამ ენის კურსებზე სიარულისკენ უბიძგებენ.  ეს კი რუსული ენის გავლენის გაძლიერებას უწყობს ხელს. 

რუსეთის "აქილევსის ქუსლი" ის იყო, რომ დასავლეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების სექტორს იგი მეტწილად არც ეხებოდა. 2012 წელს უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების 107 ფილიალიდან და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოებიდან რუსული მხოლოდ ერთი იყო. მოსკოვი ამას დიდ პრობლემად არ აღიქვამდა და დასავლურ სადონორო პროგრამებს შეზღუდული გავლენის ან ელიტისტურ ინსტრუმენტად მიიჩნევდა - დასავლეთი ხომ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებზე იყო კონცენტრირებული, რომელთაც მხოლოდ  ისედაც პრივილეგირებული ადამიანების გამოკვეთილი უმცირესობა იყენებდა სათანადოდ. პროფესიულ და შრომით მიგრაციას ( და ამ წყაროდან აზერბაიჯანში შემოდინებულ ფულად გზავნილებს) რუსეთი  გაცილებით უფრო ეფექტურ და შედეგიან გზად თვლიდა, რომლის მეშვეობით აზერბაიჯანსა და აზერბაიჯანელებზე საკუთარი გავლენის გაძლიერება შეეძლო.თანაც, ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე დაწესებული მკაცრი კონტროლის გამო, რუსული დაფინანსების მქონე არასამთავრობოების დასაარსებლად სივრცეც კი არ არსებობდა. ამის სანაცვლოდ, რუსეთის მთავრობა ხელს უწყობდა რუსული ენის კურსების გახსნას, მისი მცდელობით დაარსდა ბაქოში რუსული საინფორმაციო და კულტურული ცენტრიც, რაც ქვეყნის მთავრობას პოლიტიკურ საფრთხედ არ აღუქვამს. ამის მიუხედავად, ბაქოს ხელისუფლება შეშფოთებული იყო ქვეყანაში პრორუსული ძალების გამოჩენით და ამიტომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლიმატი  ვერაფრით შეუწყობდა ხელს ანტიამერიკული, პროევრაზიული განწყობების გაღვივებას, ანუ, ევრაზიული კავშირის - მოსკოვის მიერ მართული ალიანსის მხარდამჭერ ქმედებებს.

თუმცა, რუსეთმა პოზიცია შეცვალა. მოსკოვი ახლა აზერბაიჯანში ფსევდოარასამთავრობო ორგანიზაციებსა და უფრო და უფრო მეტ საგანმანათლებლო და პროფესიულ პროგრამას აფინანსებს. პრეზიდენტ პუტინის მესამე ვადით არჩევის შემდეგ, მოსკოვმა რბილი ძალის ინსტრუმენტთა მთელი არსენალი შექმნა პოსტსაბჭოთა სივრცეში ევრაზიული პროექტისათვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. რუსეთის ამ მიზანს 2012 წლიდან მოჰყვა მის მიერ მედია-ინსტრუმენტებისა და ორგანიზაციების შექმნა. რუსეთის  სტრატეგიულ "გადართვას" ძალზე შეუწყო ხელი იმანაც, რომ  დასავლეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს ხელისუფლება ძალზე ავიწროვებდა  - სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდავი ახალი კანონებიც ამ შევიწროვების ნაწილი იყო, რამაც რუსეთს სამოქმედოდ ძალზე კომფორტული სივრცე შეუქმნა. ამაში შედის, მაგალითად, ახალგაზრდა ექსპერტების კასპიის სკოლა, რომელსაც ფინანსურად  რუსეთის ალექსანდრ გორჩაკოვის საჯარო დიპლომატიის ფონდი უჭერს მხარს, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2011 წელს დააარსა; შეიქმნა ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, როგორებიცაა სლავურ-თურქული კავშირი (2013 წელს) და რუსეთის ლევ გუმილიოვის ცენტრის ფილიალი (2012 წ.). ეს უკანასკნელი ევრაზიულ იდეებს მუსლიმურ და თურქულ იდენტობაზე გამოკვეთილი ფოკუსით უჭერს მხარს ევრაზიის, როგორც "ცივილიზაციის აკვნის", გეპოლიტიკურ კონტექსტში. ამ  მიდგომამ გაცილებით დიდი მხარდაჭერა ჰპოვა აზერბაიჯანელებს შორის, ვიდრე კრემლის რუპორის, ალექსანდრ დუგინის (რომელიც რუსეთის საკუთარ, იმპერიალისტურ აღქმას არასდროს მალავს) მიერ წამოწეული ნეოევრაზიანიზმის იდეამ.

რუსეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და საგანმანათლებლო-პროფესიული პროგრამები აზერბაიჯანში ბევრი არ არის, თუმცა, რუსული "რბილი ძალის" ძალისხმევა ძირითადად მედიისა და განათლების სფეროსკენაა მიმართული, რაც გავლენის უფრო მასშტაბური სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარეობს.

რუსული რბილი ძალის ინსტრუმენტები: განათლების სფეროსკენ მიმართული ძალისხმევა

აზერბაიჯანში მედიის ძირითადი ენა ადგილობრივი ენა, აზერბაიჯანულია. 2000-იანი წლებიდან, ინტერნეტ-მედიის გამოცემათა რაოდენობის ზრდასთან ერთად (რომლებმაც ძალზე შეავიწროვა ტრადიციული ბეჭდური მედიის პოზიციები), მატულობს რუსულენოვანი გამოცემების რიცხვიც. ეს, ძირითადად, რუსეთში დაარსებული, სამთავრობო კურსის აზერბაიჯანული მედიასაშუალებებია. ონლაინ მასალაზე ფორმალური რეგულაციები ჯერ ქვეყანაში არ დაწესებულა. აზერბაიჯანის მთავრობა მიიჩნევს, რომ რუსულენოვანი მედიაგამოცემების რაოდენობის ზრდა იმისთვისაა საჭირო, რომ ქვეყნის მთავრობის ხედვა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცე მოიცვას, სადაც რუსული ენა, ასე თუ ისე, თითქმის ყველას ესმის. მისი მთავარი ამოცანა, ამ თვალსაზრისით, ბაქოს პოზიციის გაძლიერებაა საინფორმაციო ომში, რომელშიც ქვეყანა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო, სომხეთთანაა ჩაბმული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ მიდგომამ აზერბაიჯანულ მედიას საკმაოდ ავნო; აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა თავიანთი ახალი ამბების სააგენტოებისთვის ინფორმაციის/მონაცემების მიწოდება რუსულენოვანი წყაროებიდან დაიწყეს, და თავისთავად მოხდა ისიც, რომ რუსული ენის ცოდნის გამო, აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ახალ ამბებსა და ინფორმაციას უკვე რუსული წყაროებიდან იღებენ, რაც გარკვეულწილად აისახება იმ მასალაზე, რომელსაც ისინი აქვეყნებენ. ამან აზერბაიჯანის საინფორმაციო სივრცეში რუსეთის მიერ მანიპულირებადი ინფორმაციის გავრცელებას შეუწყო ხელი - რუსული მედიასაშუალებები ხომ ალტერნატიულ საინფორმაციო წყაროდ იქცა აზერბაიჯანის საშუალო კლასისათვის, რომლის წარმომადგენელები რუსულ ენაზე მეტად საუბრობენ, ვიდრე ინგლისურად. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ რუსული  მედიის ენა აზერბაიჯანულს ხარისხით აღემტება; რუსული პროპაგანდისტული მასალაც კი გაცილებით უფრო დახვეწილად გამოიყურება და უკეთაც იკითხება.

2015 წლამდე მოსკოვს არასოდეს ჰქონია აზერბაიჯანის საინფორმაციო სივრცეში შეჭრისა თუ ადგილის დაკავების მცდელობა - მეორე მნიშვნელოვანი რეგიონული აქტორის, ირანისგან განსხვავებით, რომელიც რამდენიმე მედიაგამოცემას აფინანსებდა, მაგრამ 2015 წლის მაისში ამუშავდა რუსული Sputnik News-ის ინტერნეტპორტალი, რომელსაც აზერბაიჯანის მოსახლეობისათვის ორენოვანი ონლაინმაუწყებლობა აქვს, რუსული და აზერბაიჯანული ვერსიებით. Sputnik News ერთი წლით ადრე რუსეთში დაარსდა და მისი მიზანი, რუსი მოხელეების ფრაზეოლოგია რომ გამოვიყენოთ, "დასავლური მედიის აგრესიულ პროპაგანდასთან" დაპირისპირება იყო. კრემლის პროპაგანდისტული მანქანის აზერბაიჯანში შეღწევას რუსული პროპაგანდის გავლენა მაინცდამაინც არ გაუზრდია, რადგან გამოცემათა ეს შეზღუდული რაოდენობა მოსახლეობის უმეტეს ნაწილამდე ვერც კი აღწევს. ევროკავშირის ღია სამეზობლო პროექტის, "EU Neighbours East" მეშვეობით გაირკვა, რომ რუსული არხების, როგორც საინფორმაციო წყაროს როლი სერიოზულად იკვეთებოდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბელორუსია და მოლდოვა, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანში მოსახლეობის მხოლოდ 39% იყენებდა რუსულ არხებს, და ამ 39%-იდანაც 61%-მა განაცხადა, რომ უპირატესობას არარუსულ მედიასაშუალებებს ანიჭებს.[ii]

თუმცა, რუსეთისა და ირანის ტაქტიკა ერთმანეთისგან განსხვავდება. ეს უკანასკნელი აზერბაიჯანში  ონლაინ მედიასაც აფინანსებდა და რადიოარხებსაც, ხოლო ამ გამოცემების სარედაქციო ხაზი თეირანის ოფიციალურ მიდგომას ასახავდა, რაც უმთავრესად აზერბაიჯანის მთავრობისა და, ზოგადად, ქვეყნის სეკულარული ღირებულებების კრიტიკაში გამოიხატებოდა.[iii] ამ პოზიციამ, რომელიც დროდადრო ძალზე ანტაგონისტური ხდება ხოლმე, აზერბაიჯანელთა მხარდაჭერა პრაქტიკულად ვერ ჰპოვა. რუსეთის მიერ დაფინანსებულ არხებს კი აზერბაიჯანის მთავრობისა თუ მისი შიდა პოლიტიკის კრიტიკა არ აინტერესებთ; პირიქით, 2013-2015 წლებში, ბაქოს მხრიდან მზარდი ანტი-დასავლური რიტორიკის ფონზე,  რუსეთმა თავისი ანტიდასავლური და ანტიამერიკული სენტიმენტების წახალისება დაიწყო - კერძოდ, უკრაინის კრიზისი დრამატულად წარმოაჩინა როგორც აშშ-სა და დასავლეთის უხეში ჩარევი ამ ქვეყნის შიდა საქმეებში. მიუხედავად იმისა, რომ ბაქო ღიად უჭერდა მხარს უკრაინას (ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპზე დაყრდნობით, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტიდან მომდინარეობს), რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია აზერბაიჯანში მაინც ახდენდა გარკვეულ გავლენას. ეს  დაადასტურა 2015 წელს ჩატარებულმა პროგრამამ "საცხოვრისის შედარებითი გამოცდილებისა და სოციალური სტაბილურობის" კვლევამაც, რომელმაც აჩვენა, რომ აზერბაიჯანელების უმრავლესობას სჯერა უკრაინასთან დაკავშირებული ოფიციალურ რუსულ  ნარატივის და ეს ხდება 2013 წლიდან, ანუ, მას შემდეგ, რაც ქვეყანა რუსეთიდან მაუწყებელი მედიის წინაშე "გაიხსნა"; ამ ჯგუფმა თვალსაჩინოდ აჩვენა, რომ შეინიშნებოდა რუსული ნარატივის გაზიარების, ასევე - უკრაინის კონფლიქტში აშშ-ს მთავრობის/დასავლეთის დადანაშაულების მომეტებული ტენდენცია.[iv]

მაშინ, როდესაც მასმედიის საშუალებით რუსული გავლენის გავრცელება საკმაოდ შეზღუდული და თან, როგორც ზემოთ ითქვა, შედარებით ახალი ფენომენია, აზერბაიჯანში  რუსულმა გავლენამ ბევრს მიაღწია განათლების სისტემაში - როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში. მართალია, აზერბაიჯანის რუსულენოვან სკოლებში 1990 წლიდან დღემდე მოსწავლეების რიცხვმა განახევრებულზე ნაკლები შეადგინა  (მათმა რაოდენობამ 250 000 -დან  94 700-მდე იკლო, თუმცა, კლება დამოუკიდებლობის პერიოდის მეორე ნახევარში შენელდა - 107 500-დან 94 700-მდე).[v], მაგრამ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში რუსულ ენაზე განათლების მიღების სურვილს ახალი ბიძგი მიეცა. იმ მოსწავლეების რიცხვმა, რომლებიც რუსულენოვანი სასწავლო პროგრამით სწავლობენ, ბაქოს სკოლებში იმატა და 42 868-იდან (2013 წ.)  55 809-მდე გაიზარდა ( 2016 წ.). თუ რაოდენობრივ მაჩვენებელზე ვისაუბრებთ, რუსული სკოლების საჯარო სკოლების ოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა. დღეს აზერბაიჯანში, ისევე, როგორც 1989 წელს, 16  რუსული, და 380 ისეთი სკოლაა, სადაც სწავლა ორ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე მიმდინარეობს .[vi]   თუმცა, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, და, განსაკუთრებით - ბაქოში, იმატა იმ მოსწავლეების რაოდენობამ, ვინც სწავლას რუსულ ენაზე არჩევს.  პოლიტიკური მნიშვნელობის  მიუხედავად, რუსულენოვანი განათლება, აზერბაიჯანულენოვანთან შედარებით, გაცილებით ხარისხიანად ითვლება.

აზერბაიჯანის მთვარობის მიერ დანერგილი პროგრამები - ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, რუსული ენის ინტენსიური სწავლების“ პროექტი, რომელიც 50 უმაღლეს სასწავლებელშია ამოქმედებული - რუსულ ენაზე სწავლის ხელმისაწვდომობას ემსახურება. 

აზერბაიჯანელი სტუდენტების მიზიდვა რუსეთის უნივერისტეტებში  მოსკოვის პრიორიტეტია.  დასავლური განათლების მხარდაჭერა, რაც აშშ-ს მიერ ინიცირებული პროგრამებითა და აზერბაიჯანის სამთავრობო პროგრამის მეშვეობით ხდებოდა (2015-2017 წლების სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამა აზერბაიჯანელი ახალგაზრდების უცხოეთში სასწავლებლად), რაც დღესდღეობით ძალიან შემცირებულია, ძალზე ეფექტური იყო თუნდაც იმ მხრივ, რომ საჯარო სამსახურებს დასავლეთში განათლებამიღებულ პროფესიონალები იკავებდნენ. ამის ერთ-ერთი შედეგი რუსული უნივერსიტეტებისადმი ინტერესის კლება იყო.ისიც უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის ტრადიციულად საუკეთესო ალტერნატივა იყო თურქული უნივერსიტეტები. თუმცა, როდესაც 2012-2013 წლებში აშშ-ს კონგრესმა     მასკის სამთავრობო პროგრამა  დახურა, ხოლო აზერბაიჯანის მთავრობამ 2015 წელს - საზღვარგარეთ განათლების მისაღებად გამიზნული სამეცნიერო პროგრამა,  შესაძლებლობებმა მკვეთრად იკლო.  2007-2015 წლებში 3 000-ზე მეტი აზერბაიჯანელი ახალგაზრდა სწავლობდა საზღვარგარეთ, მეტწილად დასავლეთის ქვეყნებში. 2013 წლის შემდეგ მთავრობა სულ მეტ და მეტ პრობლემად მიიჩნევს უცხოეთში განათლება მიღებულ აზერბაიჯანელებს, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ აქ დამკვიდრებული ღირებულებათა სისტემის შეცვლას ცდილობენ და იმ პრობლემებს, აზერბაიჯანის საზოგადოებას რომ აწუხებს, ღია დისკუსიებში განიხილავენ. ამის საპირისპიროდ,   განათლების რუსული სისტემა ლიბერალური ღირებულებების სისტემასთან არ არის დაკავშირებული, ამასთან, რუსეთის უნივერისიტეტების კურსდამთავრებულები პოლიტიკური სტატუს-კვოს შეცვლას არ ლამობენ.

მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2015 წელს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა დახურა, დასავლეთში სასწავლად გამიზნული პროგრამების ნაკლებობამ რუსეთისადმი  ინტერესი გაღვივდა. უკანასკნელი მონაცემები მოწმობს, რომ რუსეთში 72 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა; ამ ახალგაზრდების 69% აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან და დამოუკიდებელ ქვეყანათა თანამეგობრობის სხვა წევრი ქვეყნებიდან იყვნენ.[vii]  ამ 72 000-სტუდენტიდან 20% აზერბაიჯანელია, რაც ოდენობით 14 000-ს უტოლდება.

2007 წლიდან აზერბაიჯანში სხავადასხვა რუსული უნივერსიტეტმა დაარსა ფილიალები, რასაც ემატება რუსული კულტურისა და ენის  ცენტრებიც ემატება, რომლებიც ბევრ აზერბაიჯანულ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს. გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთი ცდილობს, თურქეთის შემდეგ მეორე ალტერნატივად იქცეს იმ აზერბაიჯანელებისთვის, ვისაც საერთაშორისო საუნივერსიტეტო განათლების მიღება სურს.

დასკვნა

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთი ფექტურად იყენებდა ძლიერი ძალის ინსტრუმენტებს, მათ შორის - მთიან ყარაბაღთან, კასპიის ზღვის სტატუსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რათა აზერბაიჯანზე კონტროლი შეენარჩუნებინა, თუმცა აზერბაიჯანის ეკონომიკურმა დამოუკიდებლობამ დაიცვა ბაქოს პოლიტიკური ავტონომიურობა. წლების განმავლობაში, რუსეთს მთელი აქცენტი ძლიერი ძალის პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებაზე ჰქონდა გადატანილი, ხოლო რბილი ძალის ინსტრუმენტებისაკენ, გაუაზრებლობისა თუ ინერციის გამო, საკმარისი ძალისხმევა არ მიუმართავს. ინერციას ის ინარჩუნებდა, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში რუსეთს რბილი ძალის ინსტრუმენტების გასაძლიერებლად აქ საკმარისი საფუძველი არ ჰქონდა, რადგან  ეთნიკური რუსები ქვეყანაში  ცოტანი იყვნენ. მეტიც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის შელახული იმიჯი მოსკოვს ხელს უშლიდა, მეტი გავლენა მოეპოვებინა აზერბაიჯანში.  ენისა და განათლების სფეროს დერუსიფიკაციის პოლიტიკამ, რომელსაც ქვეყნის მთავრობა აწარმოებდა, ნაციონალისტურ რიტორიკაზე მისმა გადასვლამ, შეამცირა საზოგადოებაზე რუსეთის რბილი ძალის წვდომა და გავლენა.

თუმცა,  2012 წლის შემდეგ რუსეთმა გააძლიერა რბილ ძალასთან დაკავშირებული ძალისხმევა პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის - აზერბაიჯანშიც, სადაც ახლა რუსული მედია- და საგანმანათლებლო პროექტები საკმაოდ მრავლადაა. აზერბაიჯანის შემთხვევაში მოსკოვმა მეტი ვაკუუმი ჰპოვა და ამის მიზეზი ქვეყანაში დასავლეთის შემცირებული როლი იყო. თუმცა, რუსეთის გაძლიერებული როლი აზერბაიჯანის მედია- და საგანმანათლებლო პროექტებში ნაწილობრივ აზერბაიჯანის მთავრობის შიდა პოლიტიკამაც განაპირობა, რომლის შედეგად დაიხურა დასავლური საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების "ვესტერნიზებული" ნაწილი ძლიერი წნეხის ქვეშ მოექცა.

მოკლედ რომ ვთქვათ, რუსული საგანმანათლებლო პროგრამები აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში და ქვეყნის რუსულენოვანი სკოლები ბაზრის მოთხოვნამაც წარმოშვა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათ წარმატებას არაკონკურენტულმა გარემომაც შეუწყო ხელი. მართალია, აზერბაიჯანის მთავრობა შორეულ საფრთხედ აღიქვამს  აზერბაიჯანის საინფორმაციო სივრცის მონოპლიზებას პრორუსული მედიის მიერ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ეს დროც დადგეს. შესაბამისად, რუსეთში განათლება მიღებული ახალგაზრდების რაოდენობის ზრდას, რუსული უნივერსიტეტების გაძლიერებას და დასავლეთში სწავლის პერსპექტივის შემცირებას გრძელვადიანი მოქმედების ორი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. პირველი: რუსულენოვანი საინფორმაციო სივრცე გაიზრდება, რადგან რუსული ენის მცოდნე მოქალაქეების რიცხვი მატულობს; მეორე: რუსული საუნივერსიტეტო განათლება აზერბაიჯანელ კურსდამთავრებულებს მოსკოვზე ორიენტირებულ მსოფლმხედველობას ჩამოუყალიბებს. ამ კურსდამთავრებულთა წარმომადგენლობა საზოგადოებრივ საქმეებსა და სამთავრობო წრეებში, საბოლოოდ, ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელ პროცესზე მოახდენს გავლენას.

 

[i] Гюльшен Пашаева. Мировые языки как составная часть публичной дипломатии. SAM Коментарии,  №16, 2016, p.44

გიულენ ფაშაევა. მსოფლიოს ენები, როგორც საჯარო დიპლომატიის შემადგენელი ნაწილი. SAM Коментарии №16, 2016, გვ.44.

[ii] Open Neighborhood- Communication for A stronger Partnership: connecting with citizens across the Eastern Neighborhood, July 2016, http://www.euneighbours.eu/sites/default/files/publications/2017-02/EU%20Neighbours%20East_Full.report_6.pdf 

"ღია მეზობლობა - კომუნიკაცია ძლიერი პარტნიორობისთვის: აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეთა დაკავშირება", 2016 წლის ივლისი.

[iii] Azerbaijani Audience Gets A Taste Of Iranian 'Soft Power’, Radio Free Europe/Radio Liberty, July 09, 2008 ,,აზერბაიჯანელი მსმენელი ირანული რბილი ძალის გემოს იგებს“, რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლება, 2008 წ, 09 ივლისი.

[iv] Theodore P. Gerber & Jane Zavisca (2016) Does Russian Propaganda Work? The Washington Quarterly, 39:2, 79-98, DOI: 10.1080/0163660X.2016.1204398, p.94.

თეოდორ პ. გერბერი, ჯეინ ზავისკა (2016), "ზემოქმედებს თუ არა რუსული პროპაგანდა?"  Washington Quarterly, 39:2, 79-98 , გვ.94.

[v] Aynur Ramazanova, Knowledge in Russian in Azerbaijan, CRRC Blog, April 2014. http://crrc-caucasus.blogspot.com/2014/04/knowledge-of-russian-in-azerbaijan.html

აინურ რამაზანოვა, "რუსულ ენაზე მიღებული ცოდნა აზერბაიჯანში",  ბლოგი  კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის საიტზე, 2014წ. აპრილი.

[vi] "Rus dili Azərbaycanın ikinci dilidir”, March 2016,  https://sputnik.az/life/20160303/404009856.html

[vii] Jack Grove, Emphasis on soft power leads to focus on those from former Soviet states, Times Higher Education, March 2017 ჯეკ გროუვი, "რბილ ძალაზე აქცენტირება ყოფილი საბჭოთა ქვეყნების რბილ ძალაზე დაკვირვებას მოითხოვს",  Times Higher Education,   2017 წლის მარტი.