კონკურსი მწვანე აკადემიის მონაწილეებისთვის

მწვანე აკადემია სრულფასოვანი კვლევების განხორციელების საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებსაც საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ-გარემოსდაცვით საკითხებზე ჩაღრმავებულად მუშაობის სურვილი აქვთ.

Კითხვის დრო: 2 წუთი

ეს ინიციატივა:

  • შექმნის კრიტიკულ თეორიულ და ემპირიულ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია მიმდინარე  მწვანე და მემარცხენე დისკუსიების შესავსებად და გასაძლიერებლად;
  • გააძლიერებს და ერთმანეთთან დაკავშირებს პოლიტ-ეკონომიის, პოლიტიკური სოციოლოგიის და პოლიტიკური ეკოლოგიის დისციპლინებს; გაზრდის ახალგაზრდა მეცნიერების ინტერესს ამ დისციპლინების მიმართ;
  • ხელს შეუწყობს სასურველი და რეალისტური ალტერნატივების გაჩენას, რეგიონში არსებულ ექსპლოატატორულ და ნეოლიბერალურ პოლიტიკაზე დაფუძნებული სტრუქტურების დასაძლევად;
  • ხელს შეუწყობს აკადემიას, ახალგაზრდა მეცნიერებსა და „პოლიტიკურ აქტივისტებს“ შორის ხიდების გადებას, რაც მწვანე აკადემიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. 

2018 წლის თემები

კვლევის თემები უნდა დაკონკრეტდეს შემდეგი თემატური მიმართულებით

  1. ფემინიზმი და გენდერული თანასწორობა
  2. გარემოს დაცვა ან ურბანული ეკოლოგია
  3. სოციალური სამართლიანობა

კანდიდატების შერჩევა

მკვლევარების შერჩევა მოხდება შიდა კონკურსის საფუძველზე. კონკურსის ჟიური დაკომპლექტდება ფონდის თანამშრომლების, მწვანე აკადემიის საბჭოს წევრების და მოწვეული ექსპერტისგან. 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სულ მცირე ბაკალავრის ხარისხის მქონე ახალგაზრდას, რომელიც 2015-2017 წლებში იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მწვანე აკადემიის მონაწილე; ფონდი მიესალმება როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ განაცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:

  • ესსე (4-8 გვერდის მოცულობით), რომელიც უნდა ასაბუთებდეს სასურველი კვლევის მიზნობრიობას და საჭიროებას; კვლევის საორიენტაციო სათაურს, კვლევის მეთოდებს, სამუშაო გეგმას;
  • სავარაუდო ხელმძღვანელის ვინაობა და პირველადი თანხმობის წერილი მისგან.

საკონკურსო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტის მისამართზე tako.antidze@ge.boell.org. შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 29 დეკემბერი 18:00 სთ.

გრანტი და მისი ადმინისტრირება

გრანტის ოდენობად განსაზღვრულია 2500,00 ლარი. გრანტის 20% გაიცემა საკვლევი წინადადების დამტკიცებისთანავე, ხოლო დანარჩენი თანხა - კვლევის დასრულების შემდგომ. კვლევის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 8 თვეს და უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2018 წლის 10 ნოემბრისა.

2018 წლის განმავლობაში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გასცემს მხოლოდ 3 გრანტს.

დამატებითი ინფორმაცია

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი დაფარავს კვლევის შედეგების ან კვლევაზე დაფუძნებული სტატიის საერთაშრისო ჟურნალში გამოქვეყნების ხარჯების ნაწილს (მაქსიმუმ  300,00 ევრო)

ან

საშუალებას მისცემს მკვლევარს, ნაშრომი წარადგინოს საერთაშორისო კონფერენციაზე, დაფარავს რა მისი მგზავრობის ხარჯების ნაწილს (მაქსიმუმ 400,00 ევრო).

ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი დაფარავს კვლევის ხელმძღვანელის საჰონორარო ხარჯებს.

გრაფიკი

  • 18 ოქტომბერი - 29 დეკემბერი, 2017 - კონკურსი
  • 8-25  იანვარი, 2018 - განაცხადების გადარჩევა ჟიურისთან ერთად და შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება
  • თებერვალი, 2018 - საკვლევი პროექტის დაზუსტება/შეთანხმება ხელმძღვანელთან
  • 1 მარტი, 2018 - კვლევის დაწყების თარიღი
  • ივლისი, 2018 - კვლევის პირველადი შედეგების პრეზენტაცია მწვანე აკადემიის საზაფხულო სკოლაზე