დღეს სამხრეთ კავკასია წარმოადგენს ქვე-რეგიონს, რომელიც ესაზღვრება ერთ დიდ ჰეგემონს და ორ რეგიონალურ ჰეგემონს. ის ტრანსნაციონალური ინფრასტრუქტურის კავშირების გადაკვეთის მნიშვნელოვან წერტილად მიიჩნევა. ეს გარემოება მას ჰეგემონების სასიცოცხლო ინტერესების ზონად ხდის და ასევე წარმოშობს არაპირდაპირ მოსაზღვრე დიდი ძალაუფლების მქონე ქვეყნების მზარდ ინტერესს. რეგიონი გაჯერებულია ეთნიკური და კონფესიური კონფლიქტებით, რაც ზეგავლენის შესაძლებლობას ქმნის სხვადასხვა არა რეგიონალურ აქტორისთვის. სამხრეთ კავკასია დასახლებულია ერებით, რომლებიც ერთმანეთის მიმართ არატოლერანტულები არიან მრავალი უთანხმოების, ასევე თვალსაჩინო თუ ფარული კონფლიქტების გამო. ამ ყველაფერს ემატება საუკუნოვანი მეზობლობისა და ყოფილი საბჭოთა „კომუნალური ბინის“ მოსახლეებს შორის გაჩენილი უთანხმოებები და დაგროვილი უკმაყოფილება.
სად გადის რეგიონის საზღვრები? ამ შეკითხვას პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს. გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასია „სამი ზღვის სისტემის“ (ხმელთაშუა, შავი და კასპიის ზღვები) მნიშვნელოვანი ელემენტია. ის ესაზღვრება თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკისთვის ისეთ აქტუალურ ზონებს, როგორებიცაა შუა აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია, რომლებიც მდებარეობენ ორი გლობალური პროექტის - უფრო ფართო ახლო აღმოსავლეთის და მზარდი ევროპის გზაჯვარედინზე.
რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის შენების თვალსაზრისით, მთელი რიგი გარეშე ფაქტორები ართულებენ რეგიონის საზღვრების დადგენას. უსაფრთხოების სისტემაში, თუნდაც ერთი გარე-რეგიონალური ელემენტის დამატება იმავე დონის სხვა ელემენტების ჩართვასაც ნიშნავს. მაგალითად, რეგიონალურ სტრუქტურაში თურქეთის შემოყვანა დაუყოვნებლივ გულისხმობს ან გამორიცხავს ირანის ჩაბმას. რუსეთის ჩართვის შემთხვევაში კი, პროცესს უერთდება ერთი მხრივ თურქეთი და ირანი, ხოლო მეორეს მხრივ აშშ და ევროკავშირი, ახლა უკვე ჩინეთიც.
ტერმინი „სამხრეთ კავკასია“ განსხვავებულია რუსული კავკასიისგან, თუმცა რეალობაში არ ამცირებს რუსული ინტერესების არსებობას ქვე-რეგიონში. ზემოთხსენებული გარემოება თვალსაჩინოს ხდის იმ მიზეზებს, რომელთა გამო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს სხვადასხვა ვექტორები აქვთ ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის დროს. გლობალიზაციის პროცესები გულისხმობენ მსოფლიო მასშტაბის ინფრასტრუქტურის კონსოლიდაციას საერთო გლობალურ ჩარჩოში, რომლებიც გამორიცხავს დაბრკოლებებსა და ხარვეზებს.
კონფლიქტები, რომლებსაც თან სდევს ომები, შესაძლებლობას არ იძლევა შეიქმნას გლობალური ინფრასტრუქტურული სისტემის ახალი რგოლები და ბარიერებს უქმნის უკვე არსებული წრეების რეგულარულ მუშაობას. ჰეგემონები, რომლებიც გლობალიზაციის პროექტების მთავარი ავტორები და განმახორციელებლები არიან, ასევე რეგიონალური ქვეყნები, რომლებიც იბრძვიან ამ გლობალურ პროექტებში უფრო მეტად სარგებლიანი როლისთვის კონკურენციის და კონფლიქტების პროცესში, იყენებენ ყველა შიდა რეგიონალურ წინააღმდეგობებს გლობალური ინფრასტრუქტურის განვითარების ან მუშაობის შეფერხებისთვის.
ეს ყველაფერი ხელს უშლის გლობალური ინფრასტრუქტურის ახალი ქსელების შექმნას და საფრთხეს უქმნის არსებულების მუშაობას. ამ თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარებას მნიშვნელოვანწილად აფერხებს არა მხოლოდ რეგიონალური კონფლიქტები, არამედ რუსეთ-საქართველოსა და სომხეთ-თურქეთის საზღვრებზე არსებული დაძაბულობა.
ასეთ სიტუაციაში ნათელია, რომ სომხურ-ქართულ ურთიერთობებს მნიშვნელოვანი როლი აქვს არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, არამედ მთელი სამი ზღვის მეგარეგიონისთვის, რომლის ერთ მთლიან კლასიფიცირებულ ერთეულად აღქმა ეფუძნება, გარდა მეტწილად საერთო ღირებულებებისა და მითოლოგიურ-რელიგიური წარმოდგენებისა, მათ გაერთიანებას მსოფლიო ინფრასტრუქტურული სისტემების და გლობალური ეკონომიკის ეფექტური გამოყენების იდეების გარშემო.
ეს სწრაფად განვითარებადი ტენდენცია აწყდება იმ ბარიერებს, რომლებიც დაბრკოლებას უქმნის ინფრასტრუქტურების გაერთიანებას. ჩვენი ქვე-რეგიონი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სავსეა მსგავსი შეზღუდვებით: კონფლიქტები, არჩევანი სხვადასხვა სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლოგიკას შორის და სხვა.
რასაკვირველია, რომ ყოველივე ამის საფუძველი გლობალიზაციის სხვადასხვა პროექტს შორის კონკურენციაა, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის, როგორც დიდი რეგიონის, ასევე ჩვენი ქვე-რეგიონის დონეზე. ძირითადად სომხეთსა და საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციებს შორის განსხვავება უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარეობს. ეს არის მიზეზი რის გამოც, ჩვენი მეზობელი ქვეყნის მომავლის ხედვა დაკავშირებულია ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ სისტემაში გაწევრიანებაზე. ამ პროექტის ნაწილად შეიძლება განიხილებოდეს ქართულ-თურქული თანამშრომლობა, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საქართველოს სამხედრო, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და მთელ რიგ სხვა სფეროებზე. ამ ურთიერთობების საკმაოდ დიდი ნაწილი ხორციელდება სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მოიცავს აზერბაიჯანსაც. ამ უკანასკნელმა ასევე მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე, რასაც მოწმობს საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟუნალისტის გატაცებისა და ბაქოში გადაყვანის ფაქტი.
ეს ყველაფერი, ბუნებრივია, გარკვეულად აწუხებს სომხეთის საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის საზოგადოების უმრავლესობა პატივისცემითა და გაგებით ეკიდება ჩვენი მეზობლების მიერ არჩეულ განვითარების გზას და აფასებს იმ რეალობას, რომ ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების დამკვიდრება ქართულ საზოგადოებას რეალურ დემოკრატიად აქცევს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში მცხოვრები უმცირესობებისთვის, მათ შორის სომეხი მოსახლეობისთვის უფლებების დაცვის დონის გაუმჯობესებისთვის.
ღირებულებებისა და ეკონომიკის კუთხით, საქართველო ცალსახად ორიენტირებულია ევროკავშირისკენ, რომელთანაც ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. სომხეთმა, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, ხელი მოაწერა ევროკავშირთან ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას, რაც უფრო ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობას ქმნის თითქმის ყველა სფეროში. ამ ნაბიჯმა ასევე ხელი უნდა შეუწყოს ზემოხსენებული რთული პრობლემის გადაწყვეტას.
სომხეთი, რომელსაც უწევს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა მისი კოლექტიური ისტორიული მეხსიერებიდან და თურქეთის უარყოფითი პოზიციის გამო დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა სომხეთთან, არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი. აღნიშნული ორგანიზაცია არის რუსეთის ფედერაციის მიერ ინიცირებული და მისი გავლენის ქვეშ მყოფი. თუმცა ამავდროულად, სომხეთი აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან: რუსეთის გავლენის დაბალანსების რთული ამოცანის შესრულების პარალელურად, ის მონაწილეობას იღებს ნატოს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამასა და ინიციატივაში.
რუსეთის დიდი გავლენა სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების სისტემაზე, ასევე სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში.
სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი ურთიერთობები შეიძლება შეფასდეს როგორც პრაგმატული და კეთილმეზობლური. ორი ქვეყნის სახელისუფლებო ელიტები აცნობიერებენ ამ დონის ურთიერთობების შენარჩუნების მნიშვნელობას.
გასაგებია, რომ აღნიშნულ კონტექსტში სომხურ-ქართული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მაღალი დონე კონკურენტი მხარეების პროექტებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.
სომხეთისა და საქართველოს თანაარსებობისა და თანამშრომლობის ათასწლეულების გამოცდილებამ ამ პირობებში უნდა შეასრულოს დადებითი როლი, ისეთი გარემოს შექმნაში, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ჩვენი ორი ქვეყნის ტერიტორია გადაიქცეს არა ინტერესთა კონფლიქტისა და უარყოფის, არამედ ინტერესთა ჰარმონიზაციისა და ურთიერთშევსების პლატფორმად.
მიუხედავად ზემოთაღნიშნული გარემოებებისა, ხოლო ზოგ შემთხვევაში მათი მეშვეობით, ჩვენი ორი ქვეყნის მრავალმხრივ ურთიერთობებს განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს. თვალსაჩინოა ის შესაძლებლობები რაც არსებობს საერთო ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების კუთხით კულტურის, მეცნიერების, განათლების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ტრეფიკინგის და სხვა მრავალ სფეროში. ამას მოწმობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ინიცირებული მთელი რიგი საერთო ძალისხმევები. ამ საერთო ინიციატივებს შორის აღსანიშნავია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული ორი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტი, რომლის განხორციელებაში მონაწილეობდა ასევე ამ სტატიის ავტორიც.
მიუხედავად ამისა,ამ დროისთვის შედარებით მეტი შესაძლებლობები არსებობს ინფრასტრუქტურის განვითარების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის სფეროში, რადგან ორი ქვეყნის ბაზრის გამოყენება შესაძლებლობებს ქმნის როგორც ევროპულ, ასევე ევრაზიულ ეკონომიკურ სისტემებზე იყოს წვდომა სხვადასხვა საერთო საწარმოების სახით.
სავარაუდოდ, ზუსტად ამ მიმართულებით აპირებენ თავიანთი საქმიანობის განვითარებას 2017 წლის ივნისში გამართული სომხურ-ქართული ბიზნეს ფორუმის მონაწილეები. მათ სავარაუდოდ ძალიან მცირედ მიიჩნიეს ამჟამად დაფიქსირებული სასაქონლო გაცვლის მოცულობა, გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკური ურთიერთობების რეალური განვითარებისთვის ძალიან მაღალი პოტენციალი არსებობს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაზე აღნიშნა, რომ „ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ორი ქვეყნის წარმატებების გამოყენება, რადგან საერთო ძალისხმევითა და საერთო წარმოებით შევიდეთ სხვა ქვეყნების ბაზრებზე“. [1]
ამ დადებითი ფაქტორების გაცნობიერების პარალელურად, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ჩვენს საზოგადოებებში არის ნაციონალისტური განწყობების მქონე ხალხი და ჯგუფები, რომელბიც ნებით თუ უნებლიეთ ხდებიან ზემოთ აღნიშნულის მოწინააღმდეგე, ხოლო ზოგ შემთხვევაში - კონფლიქტის მხარეების ხელში იარაღი და ცდილობენ ანტი-სომხური ან ანტი-ქართული განწყობები გააღვივონ. საბედნიეროდ, ობიექტური შეფასებისას თვალსაჩინოა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის მძაფრი წინააღმდეგობები არ არსებობს, ხოლო ის უთანხმოებები რომლებიც არსებობს, ბუნებრივია საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ მცხოვრები ერებისთვის. ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი რომელიც ახალგაზრდა თაობისკენაა მიმართული, განსაკუთრებით კი ინტელექტუალურ ჯგუფებზე ორიენტირებული ინიციატივები, რადგან რეალურად კეთილმეზობლური ურთიერთობები ყალიბდება ურთიერთპატივისცემის, საერთო პროექტების და კვლევების, ორმმხრივი სამუშაო გამოცდილების მიღებით და უბრალოდ, ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბებით.