გასული ორი წლის მანძილზე გერმანია შეიცვალა. ეს ბუნდესტაგის არჩევნების შედეგებმაც გვაჩვენა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მისი საგარეო პოლიტიკის კონტექსტში გაითვალიწინოს აღნიშნული ცვლილებები, რაც მას ბერლინსა და ბრიუსელში საკუთარი ინტერესების ჯეროვანი სახით გატარების საშუალებას მისცემს.
საქართველო გერმანიაში პოპულარულია - როგორც ტურისტული ადგილი, ღვინის და კულტურის ქვეყანა. 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე ერთი წლით ადრე - ამ ღონისძიებაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება - უკვე ჩნდება ქართველი ავტორების ნაწარმოებების თარგმანები. მრავალრიცხოვანი სტატიები წარმოგვიდგენენ საქართველოს როგორც ქვეყანას ევროპისა და აზიის, თანამედროვეობისა და ტრადიციების მიჯნაზე.
ამასობაში, თავისი მოდური ბარების და პოპულარული ტექნო-კლუბების წყალობით თბილისმაც დაიმკვიდრა კრეატიული, სიცოცხლით სავსე ქალაქის სახელი. სწორედ ამიტომ იყო, რომ საქართველოს წელსაც ბევრი სტუმარი ჰყავდა გერმანიიდან, რომელთა მიზანსაც, პირველ რიგში, დედაქალაქის გაცნობა და მთებში ხეტიალი წარმოადგენდა. გერმანიის მრავალი წიგნის მაღაზია ნინო ხარატიშვილის რომანს „მერვე სიცოცხლე“ წასაკითხად რეკომენდებული ლიტერატურის სიაში გვთავაზობს.
გერმანიის მოსახლეობამ მათ შორის საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში გაიცნო ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები და მწერლები, მაგალითად, ეკატერინე ტოგონიძე და ქართული ფილმები, როგორიცაა „ჩემი ბედნიერი ოჯახი“. ამას გარდა, ორივე ქვეყანაში გამართული არაერთი ღონისძიებით მოხდა გერმანია-საქართველოს ურთიერთობების 200-წლიანი ისტორიის გახსენება. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ქართული ორგანიზაცია „სოვლაბი“ მუშაობს ამ ურთიერთობების ამსახველი ისტორიული წყაროების ვებარქივის შექმნაზე.
საქართველო როგორც მოწინავე ქვეყანა რეგიონში
უახლესი კვლევები თემაზე, თუ როგორია გერმანიაში საქართველოს აღქმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კონტექსტში, არ არსებობს. თუმცა საგაზეთო სტატიებიდან და სოციალურ ქსელებში გაკეთებული კომენტარებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობა დღემდე რჩება დისკუსიის საგნად. უკრაინა, რომელსაც დღეს დონბასის კონფლიქტთან უწევს გამკლავება, ევროკავშირს / ნატოსა და რუსეთს შორის მოქცეულ ყველა ქვეყანასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღების ობიექტს წარმოადგენს. საქართველო ერთ-ერთია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის წევრი ექვსი სახელმწიფოდან და სწორედ საქართველო განიხილება ყველაზე მძლავრი დემოკრატიული განვითარების დინამიკის და კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყანად.
თუმცა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ამბიციები დაემთხვა პერიოდს, რომელიც ამ ორივე ორგანიზაციაში ახალი სახელმწიფოების მიღების კუთხით ზოგადი სკეპტიციზმით და ნეგატიური განწყობით გამოირჩევა: მაგალითად, 2017 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა კიორბერის ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც გამოკითხულთა 66 პროცენტი ეწინააღმდეგება ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების მიღებას.
უფრო მეტიც, „პიუს კვლევითი ცენტრის“ (Pew Research Center) მიერ 2017 წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ნატოს მოკავშირეების დაცვის მზაობა გერმანიაში უფრო დაბალია, ვიდრე დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებში. აღნიშნული კვლევის თანახმად მოკავშირეთა სამხედრო მხარდაჭერას 53 პროცენტი ეწინააღმდეგება და მხოლოდ 40 პროცენტი უჭერს მხარს.
იმას, თუ როგორ აღიქვამს მოსახლეობა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს, დიდწილად განაპირობებს გერმანიის დამოკიდებულება რუსეთთან. გერმანიის მაუწყებელი „ARD“-ს მიერ 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად 67 პროცენტი ფიქრობს, რომ რუსეთი სანდო არაა. კიორბერის ფონდის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ბევრი გერმანელი მოსკოვის მიერ გატარებულ საგარეო პოლიტიკას აფასებს როგორც პრობლემურს: 48 პროცენტი ფიქრობს, რომ რუსეთის როლი საერთაშორისო პოლიტიკაში დესტრუქციულია. გამოკითხულთა მხოლოდ 11 პროცენტი ხედავს რუსეთში გერმანიის უმნიშვნელოვანეს ან მნიშვნელობით მეორე პარტნიორ ქვეყანას. ამ მაჩვენებლით რუსეთი მნიშვნელოვნად ჩამორჩება საფრანგეთს და აშშ-ს.
თუმცა 78 პროცენტი რუსეთთან თანამშრომლობის გააქტიურების მომხრეა. ამგვარი შედეგის შესაძლო ინტერპრეტირება შესაძლოა საზოგადოების მეხსიერებაში მეორე მსოფლიო ომის ღრმად ფესვგამდგარი გაკვეთილებითაა განპირობებული. ამასვე უკავშირდება თვალსაზრისი, თითქოს სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან ნებისმიერ ფასად უნდა იქნას თავიდან აცილებული და მშვიდობა ევროპაში მხოლოდ რუსეთთან ერთად და არა მის საწინააღმდეგოდ შეიძლება იქნას მიღწეული. ეს ვითარება უშუალო კავშირშია იმ ზოგად პაციფისტურ პოზიციასთან, რომელიც გერმანიის ნებისმიერი სახის სამხედრო ჩართულობას ქვეყნის საზღვრებს გარეთ სკეპტიკურად აფასებს.
რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები და გერმანიაში მოქმედი „ალტერნატიული მედიასაშუალებები“ სარგებლობენ ამგვარი მდგომარეობით და ამავდოულად ამყარებენ მას. ასე, მაგალითად ნატოს მისია „Enhanced Forward Presence“ ფარგლებში ლიტვაში ბუნდესვერის 500 სამხედროს განთავსება კრიტიკის საგნად იქცა იმ არგუმენტაციით, რომ გერმანელი სამხედროები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად განლაგდნენ უშუალოდ რუსეთის საზღვართან.
ცენტრალური საკითხები: მიგრაციის პოლიტიკა და ტერორიზმის წინააღდეგ ბრძოლა
ევროკავშირის მეზობელი ქვეყნების და, მათ შორის, საქართველოს აღქმის კუთხით კიდევ ერთი ფაქტორია მნიშვნელოვანი: ლტოლვითა და მიგრაციის პოლიტიკა. გასული ორი წლის განმავლობაში არცერთი თემა არ განაპირობებდა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პოლიტიკურ დისკურსს ისე, როგორც გერმანიის მიერ 2015 წლიდან მოყოლებული ერთ მილიონზე მეტი ლტოლვილისთვის თავშესაფრის მიცემა.
ამავე კონტექსტში განიხილება ტერორიზმის თემაც - მაგალითად 2016 წლის 19 დეკემბერს ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმისას თორმეტი ადამიანი დაიღუპა. ამას ემატება სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში განხილვის თემად ქცეული ზოგადი განწყობა მოსახლეობაში, თითქოს გერმანიაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესებულია.
სწორედ ამ განწყობების ანარაკლი იყო გერმანიის უშიშროების უწყებების, მაგალითად გერმანიის კრიმინალური პოლიციის ფედერალური სამსახურის კომენტარები, რომელთა მიხედვითაც ქვეყანაში მოქმედი ქართული ბანდები ორგანიზებული სახით ჩადიოდნენ მაღაზიებში ქურდობებს და სახლების ძარცვას. მათი თქმით, ამგვარ ქმედებებში თანამზრახველთა როლს ის ქართველები ასრულებდნენ, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფარი ჰქონდათ მოთხოვნილი, აცნობიერებდნენ რა, რომ ამ უკანასკნელს ვერ მიიღებდნენ და რამდენიმეთვიანი ლოდინის პერიოდის შემდეგ მათი ექსტრადირება მოხდებოდა.
ეს გარემოება გახდა საქართველოსთვის დიდი ხნის წინ დაგეგმილი სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის თვეებით გაჭიანურების მიზეზი და იმის საფუძველი, რომ ბოლოსდაბოლოს დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ პირობით იქნა მიღებული, რომ ე. წ. „გადაუდებელი საჭიროების მექანიზმის“ ამოქმედების შედეგად უვიზო მიმოსვლის რეჟიმი კვლავ შეიძლება გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა მას თავშესაფრის მოთხოვნისათვის გამოიყენებს.
აღნიშნულ დებატებში ნაკლები ყურადღება მიექცა საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის კომენტარს, რომელშიც მან აღნიშნა, რომ რამდენიმე ბოროტმოქმედის დანაშაულებრივი ქმედებების გამო მთელს ქვეყანას უწევდა პასუხისგება. თითქმის არაფერი თქმულა არც იმის შესახებ, რომ გერმანიის და საქართველოს უწყებების თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა როგორც მრავალრიცხოვან ეჭვმიტანილთა დაკავება, ასევე საერთაშორისო და ორგანიზებული დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლება (იხილეთ აქ).
პრორუსული მემარჯვენე პოპულისტების მზარდი გავლენა
მიგრაციის პოლიტიკა, ქვეყნის შიდა უსაფრთხოება და დანაშაულთან ბრძოლა 2017 წლის სექტემბერში, ბუნდესტაგის საარჩევევნო ბრძოლაში ცენტრალურ თემებს წარმოადგენდნენ. გამოიკვეთა მოსახლეობაში არსებული დიდი დაბნეულობა და უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიასაშუალებების და ტრადიციული პოლიტიკური პარტიების მიმართ.
შედეგად სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის და ქრისტიან-სოციალური კავშირის ერთობამ - იმის მიუხედავად, რომ მოახერხეს ქვეყანაში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური პარტიების სტატუსის შენარჩუნება - ხმების საკმაოდ დიდი რაოდენობა დაკარგეს. ბუნდესტაგში წარმოდგენილი დეპუტატების რაოდენობის მიხედვით სიძლიერით მესამე ძალად მოგვევლინა მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“. აგრესიული საარჩევნო კამპანიის და ნაწილობრივ ქსენოფობიური და მემარჯვენე-ნაციონალისტური ლოზუნგების წყალობით მან მოახერხა ყურადღების ცენტრში აღმოჩენა (იხილეთ აქ).
„ალტერნატივა გერმანიისთვის" როგორც ბუნდესტაგში წარმოდგენილი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საპარლამენტო დისკურსზე. მიგრაციის პოლიტიკის და შიდა უსაფრთხოების საკითხებში ის ზეწოლის ყველა ბერკეტს გამოიყენებს. „ალტერნატივა გერმანიისთვის" გამოირჩევა ნატოს მიმართ კრიტიკული, რუსეთის მიმართ კი კეთილმეგობრული განწყობებით. პარტიის წევრებს მჭიდრო კონტაქტები აქვთ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები ამ პარტიას მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში მოიხსენიებენ. იმის მინიშნებებიც კი არსებობს, რომ კონკრეტული მოთამაშეები რუსეთიდან პარტიას „ალტერნატივას გერმანიისთვის“ ინტერნეტშიც უმაგრებენ ზურგს (იხილეთ აქ).
ქრისტიან-დემოკრატთა გაერთიანება კვლავაც რჩება ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალად, რომელიც სავარაუდოდ მომავალშიც იქნება მთავრობის სათავეში. თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგაც თვეების მანძილზე გაჭიანურებულმა და უჩვეულოდ მძიმედ მიმდინარე კოალიციურმა მოლაპარაკებებმა ცხადყო, რომ ქრისტიან-დემოკრატები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში გარკვეულ კომპრომისებზე წასვლის გარეშე ვეღარ შეძლებენ თავიანთი შიდა და საგარეო პოლიტიკური კურსის გაგრძელებას.
სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც, არ არის გამორიცხული, კვლავ შევიდეს კოალიციაში ქრისტიან-დემოკრატებთან, ან ამ უკანასკნელის მიერ მართული მთავრობის მიმართ ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს, მრავალწლიანი წარუმატებლობის ფონზე ახალი პოლიტიკური პროფილის ძიების პროცესშია. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ამ პარტიის წარმომადგენელი ხელმძღვანელი პირები მხარს უჭერენ ერთიან და აშშ-ზე ნაკლებად დამოკიდებულ ევროპას. ამგვარი ხედვის ნაწილია, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების მიმართულებით უფრო მეტი ინვესტირების, თუმცა, ამავე დროს, რუსეთთან უფრო აქტიური დიალოგის და თანამშრომლობის მზაობა. ამის მაგალითია გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის მხარდაჭერა, რომელიც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის მრავალი წევრი ისევე, როგორც პარტნიორი მეზობელი სახელმწიფოს ინტერესებს. გერმანიის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზიგმარ გაბრიელმა ეს ყელაფერი შეაფასა როგორც „პრაგმატულ-რეალისტური საგარეო პოლიტიკა“, რომელიც მომავალში უფრო ინტერესებზე იქნება ორიენტირებული, ვიდრე ღირებულებებზე. აღნიშნული გაზსადენის პროექტს ერთხმად მხოლოდ მწვანეთა პარტია ეწინააღმდეგება, რომელიც, ამავე დროს, მყარად უჭერს მხარს რუსეთის მიმართ ხისტი პოლიტიკური ხაზის გატარებას, რაც რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან - უკრაინით დაწყებული და საქართველოთი დამთავრებული - დამოკიდებულებითაა განპირობებული.
რთული პოზიცია ევროპის შიგნით
გერმანიის მდგომარეობა ევროპის შიგნითაც სულ უფრო რთულდება. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მის მჭიდრო პარტნიორად რჩება, არის საფრანგეთი, რომელსაც ემანუილ მაკრონი ხელმძღვანელობს. თუმცა ეს უკანასკნელი ევროპის ფინანსური პოლიტიკის თვალსაზრისით აყენებს მოთხოვნებს, რომლებიც ფედერალური მთავრობისთვის გარკვეული სირთულეების შემცველია.
ავსტრიის ახლადარჩეული ნაციონალ-კონსერვატიული მთავრობა უფრო ცალსახად დაუპირისპირდება ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ აქამდე გატარებულ პოლიტიკას და გააღრმავებს თანამშრომლობას ვიშეგრადულ ოთხეულთან: პოლონეთთან, უნგრეთთან, ჩეხეთთან და სლოვაკეთთან. აღნიშნული ოთხი ქვეყნის მთავრობების მიერ გატარებული შიდა და საგარეო პოლიტიკა კი რეალურ გამოწვევას წარმოადგენს. აქ არაა მხოლოდ იმ კონფლიქტზე ლაპარაკი, რომელიც ამ სახელმწიფოებთან ლტოლვილების მიღების საკითხის გარშემო არსებობს. ყველაფერთან ერთად საქმე ეხება იმას, რომ პირველ რიგში პოლონეთსა და უნგრეთში თავს იჩენს ავტორიტარული ტენდენციები და კითხვის ქვეშ დგება ძალაუფლებათა განაწილების საკითხი, რაშიც უწინარეს ყოვლისა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და მასმედიის და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებები იგულისხმება. ეს კი ძირს უთხრის ევროკავშირის ფუნდამენტს. ამით აღნიშნული სახელმწიფოები ამართლებენ იმ სკეპტიკოსთა პოზიციას, რომლებიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ევროკავშირში მიღებას შეცდომად, ევოკავშირის აღმოსავლეთის მიმართულებით შემდგომი გაფართოების შესაძლებლობას კი გაუმართლებლად მიიჩნევენ.
როგორი შეიძლება იყოს საქართველოს პოზიციონირება?
ხსენებული პროცესები საქართველოს პოზიციონირებას ევროკავშირის და გერმანიის მიმართ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აყენებს.
2017 წლის ბოლოს გამართულ ევროკავშირის სამიტზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკას ეხებოდა, ადრინდელზე ბევრად უფრო აქცენტირებულად დაფიქსირდა, რომ საქართველო არა მარტო მის მეზობელ სახელმწიფოებთან - სომხეთსა და აზერბაიჯანთან შედარებით გამოირჩევა ცალსახად პროევროპული მისწრაფებებით, არამედ უფრო სტაბილურად და დემოკრატიულად ვითარდება, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა. ევროკავშირი ამასობაში დარწმუნდა, რომ მას მოუწევს ბევრად უფრო მოქნილად მოეკიდოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებს. ასე, მაგალითად, შესაძლებელი გახდა სომხეთთან ევროკავშირთან პარტნიორობის ახალ შეთანმებაზე შეჯერება, რომელიც ითვალიწინებს სომხეთის მძიმე მდგომარეობას უსაფრთხოების თვალსაზრისით ისევე, როგორც მის წევრობას ევრაზიულ კავშირში, თუმცა ქვეყნის ხელმძღვანელობას ევროკავშირთან თანამშრომლობის მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს.
თუმცა ევროკავშირმა აქამდე ვერ შეძლო საქართველოსთვის მიმზიდველი მიზნების ფორმულირება, რომელთა წყალობითაც შესაძლებელი გახდებოდა მოსახლეობის ინფორმირება იმის შესახებ, თუ სად მიიყვანს მათ ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პირობების შესრულების მძიმე გზა. ამგვარად, საქართველოს მთავრობას ისღა დარჩენია, დაარწმუნოს ქვეყნის მოსახლეობა იმაში, რომ აღნიშნული მოთხოვნების შესრულება, მაგალითად სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღება, კვლავდაკვლავ მოსახლეობის კეთილდღეობისკენაა მიმართული და საკუთრივ საქართველოში ცხოვრების ევროპული სტადარტების დამკვიდრებას უწყობს ხელს.
თუკი საქართველო როგორც რეგიონის მცრირერიცხოვანი ქვეყნებიდან ერთ-ერთი დემოკრატიული განვითარების გზას არ გადაუხვევს, მას შეიძლება ჰქონდეს მომავალში გერმანიისგან მეტი მხარდაჭერის მიღების იმედი, რადგან ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მის როგორც სანიმუშო ქვეყნის აღქმას.
გარდა ამისა, საქართველო მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის კარიბჭესთან მდგარი სტაბილური და სანდო პარტნიორი ქვეყანა. რადგან იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც ლტოლვილთა და მიგრანტთა პოლიტიკის, ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და საერთაშორისო დონის კორუფციასთან ბრძოლის კონტექსტში დღეისათვის გერმანიაში დომინანტურად აღიქმება, მხოლოდ საერთაშორისო დონეზეა შესაძლებელი. გერმანიის და საქართველოს უწყებრივი თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ამ თვალსაზრისით მართლაც სამაგალითოა - ეს ცხადყოფს, რომ არსებული მდგომარეობა გერმანიის შიდა პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირეთა და უსაფრთხოების სამსახურთა დონეზე მაინც იქნა გაიაზრბული.
კრიმინალური დაჯგუფებების მაგალითი ასევე ცხადყოფს იმას, რომ საქართველოსთვის ისევე, როგორც სხვა ქვეყნებისთვის გაწეულ მხარდაჭერას სოციალური პოლიტიკის განვითარების კუთხით, თავისი წვლილი შეაქვს თუნდაც წმინდა ეკონომიკური მიზეზებით განპირობებული მიგრაციის და თავშესაფრის მოთხოვნის უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტების შემცირებაში. „ნეტგაზეთის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ბევრი ქართველი გერმანიაში თავშესაფარს ითხოვდა მხოლოდ იმიტომ, რომ სჯეროდა, რომ საქართველოში მიღებულ სამედიცინო მომსახურებისათან დაკავშირებული ხარჯებით გამოწვეული და მძიმე ტვირთად ქცეული დავანიანების გასტუმრებას იმ თანხებით შეძლებდნენ, რასაც გერმანიაში მათი განაცხადების განხილვის პერიოდში გაწეული საქმიანობით იშოვნიდნენ.
გერმანიის მოსახლეობაში ძალიან დაბალია საქართველოს შეიარაღებული ძალების ბუნდესვერის გვერდიგვერდ ავღანეთის მისიაში ჩართულობის აღქმა. ეს შეგვიძლია დავუვაკშიროთ ზოგად სკეპტიციზმს გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების ქვეყნის გარეთ და, განსაკუთრებით, ავღანეთში განთავსების მიმართ. თუმცა ხსენებული ფაქტი აღიარებას ჰპოვებს პოლიტიკის დონეზე. ასე, მაგალითად, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2017 წლის ოქტომბერში თბილისში ვიზიტისას ხაზი გაუსვა ავღანეთში „მყარი მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივი ჩართულობის მნიშვნელობას. 2016 წელს მაზარი-შარიფში ტალიბანის მხრიდან გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის შემდეგ იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა მადლიერება გამოხატა მათ შორის ქართველი სამხედროების მიმართ, მათი ჩართულობისთვის ექსტრემისტებთან ბრძოლაში.
აღნიშნულმა ჩართულობამ და რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა უკრაინაში გაამყარა პოზიცია, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა სამხედრო სფეროშიც, მაშინაც კი, თუ ამ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით უახლოეს მომავალში არარეალისტურია - ამ ეტაპზე ნატოსთვის პრიორიტეტულია იმ რეფორმების წარმატებით განხორციელება, რომელთა მიზანსაც პირველ რიგში ბალტიისპირეთის ქვეყნების და პოლონეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება წარმოადგენს. თუმცა 2014 წლის ნატოს უელსის სამიტზე გერმანიის ინიციატივით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით მიღებულ იქნა „არსებითი პაკეტი“, რომლის განხორციელებაშიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარდა კიდევ 19 სახელმწიფოა ჩართული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიზარდა საქართველოში წარმოდგენილი ნატოს თანამშრომლების რაოდენობა, საფრანგეთი ეხმარება ქართულ ჯარს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში (იხილეთ აქ).
გერმანიის მოსახლეობაში საქართველოსთან და რუსეთის სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან სამხედრო თანამშრომლობის მიმღეობის ხარისხის შესაძლოა უფრო გაზრდილიყო, თუ შედარებით აქტიურად მოხდებოდა ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ მეორე მსოფლიო ომიდან მომდინარე პასუხისმგებლობა არსებობს არა მარტო რუსეთის, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის მოსახლეობის მიმართ, რომლებმაც ერთობლივი ძალისხმევით დაამარცხეს ნაციზმის ბატონობა.
ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო არ აღიქმება მხოლოდ რუსეთთან კონფლიქტის კონტექსტში. მას აღიქვამენ როგორც სტაბილურ და სანდო მოკავშირეს სხვა ზემოხსენებულ თემებთან მიმართებაში, რომლებიც დღეს გერმანიაში მიმდინარე დებატებზე უშუალო გავლენას ახდენენ. ამ ფაქტის მნიშვნელობა იმითიც იქნება განპირობებული, თუკი მომავალში გერმანია, სხვა სახელმწიფოების მსგავსად, ინტერესებით მართულ პოლიტიკას საერთაშორისო დონეზე უფრო აქტიურად გაატარებს.
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობით განპირობებული დაინტერესება საქართველოს კულტურით და საქართველოს როგორც ტურისტული ადგილის პოპულარობის ზრდა ხელს შეუწყობს მოსახლეობაში ევროპის საზღვარზე მდებარე ამ სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს აღქმის და მის მიმართ სიმპათიის გაძლიერებას და ამით მისი მოსახლეობის მოთხოვნილებებისა და ინტერესების უკეთ გააზრებას.