წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები
რა ხდებოდა ოთხმოცდაათიანებში? განმეორებით ვეკითხებოდით ერთმანეთს ამ წიგნზე მუშაობის პროცესში. აქ წარმოდგენილი კვლევა კულტურის, ბუნებრივი გარემოს დამცავ და მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკას განიხილავს 2010 წლიდან მოყოლებული. თუმცა წინააღმდეგობის პოლიტიკაზე, მშრომელებისა თუ გარემოს დამცველების წუხილზე, კოლექტიური მობილიზების ფორმებსა და საფუძვლებზე საუბარი ყოველთვის რთულია ფარდობითი სურათის უქონლობის პირობებში. ძნელია, კარგად გაიგო, რატომ წუხს მუშა, თუ არ იცი, რასთან შედარებით გაუუარესდა შრომითი გარემო და მატერიალური რესურსი. ღრმა თვისობრივი ინტერვიუც კი ზოგჯერ უძლურია ისტორიის დეტალების გამორკვევის პროცესში. ისტორია კი დაუწერელია. უფრო სწორად რომ ვთქვათ, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, იწერება პოლიტიკური ისტორია, იწერება ‘დიდი’ მოთამაშეების, ‘დიდი’ პარტიების, ‘დიდი’ სამოქალაქო პროტესტის ისტორია, და იკარგება სოციალური ისტორია. იკარგება იმიტომ, რომ არა მხოლოდ ისტორიკოსები, არამედ ანთროპოლოგები, სოციოლოგები, პოლიტოლოგები და ყველა სხვა, ვინც მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს შეისწავლის, ვერ ახერხებდა, განსაკუთრებით ოთხმოცდაათიანებში, ‘პატარა’, მარგინალიზებული აქტორების, მოძრაობების, პროცესების შესწავლას. ალბათ, ოთხმოცდაათიანებისა და ორიათასიანების სოციალური ისტორია, ინდუსტრიული სექტორის გარდაქმნის ისტორია, ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის ისტორია აქა-იქ შემონახულია და მედიის სისტემური ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ისტორიის ამ და სხვა შრეების სისტემური შესწავლა. თუმცა ამ კვლევის პროცესში ჩვენ მსგავსი ანალიზის დრო და რესურსი არ გვქონდა სამაგიეროდ, გვინდა, 2010 წლიდან მოყოლებული წინააღმდეგობის პოლიტიკის ისტორია არ გაქრეს და გაბუნდოვანდეს დროთა განმავლობაში. ჩვენი ნაშრომის ცენტრალური მიზანიც ეს არის; გვინდა, ერთი შეხედვით ‘პატარა’, მაგრამ, ჩვენი აზრით, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების განმსაზღვრელი პროცესების ნაწილი, კონკრეტულად კი, მშრომელების, კულტურული და ბუნებრივი გარემოს დამცველების ბრძოლები აღვწეროთ, მათი მოტივები გავიგოთ, კოლექტიური მობილიზების ხელმშემწყობი და ხელის შემშლელი გარემოებები გავაანალიზოთ.
წინააღმდეგობის პოლიტიკის წარმოების აღწერა და ანალიზი, ჩვენი აზრით, რამდენიმე კუთხით არის მნიშვნელოვანი. პირველი და ყველაზე ხელშესახები მნიშვნელობა მსგავს მცდელობას ისევ წინააღმდეგობის პოლიტიკის წარმოებაში ჩართული მოქალაქეებისთვის აქვს. როგორც წიგნში იხილავთ, წინააღმდეგობის პოლიტიკის გამოვლენა, კოლექტიური მობილიზაცია და პროტესტი სხვადასხვა დროს და ადგილას სხვადასხვანაირად იზრდებოდა, გამოწვევებს აწყდებოდა, ზოგჯერ იმედგაცრუებას იწვევდა, ზოგჯერ მორიგი ბრძოლის დაწყების საფუძველი ხდებოდა. მობილიზაციის რეპერტუარების შეძლებისდაგვარად სისტემური აღწერა, ერთი მხრივ, კრიტიკული რეფლექსიის საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ კი, შეხსენებაა იმის, რომ, რაც არ უნდა მარტო ეგრძნოთ ზოგჯერ თავი კონკრეტულ კოლექტივებს, ჯგუფებს, ინდივიდებს სახელმწიფოს თუ კერძო კომპანიების წინაშე, რეალურად ბრძოლის საკმაოდ მრავალფეროვანი ველია გახსნილი ბოლო ათწლეულის განმავლობაში. კოლექტიური მობილიზების შემთხვევები, მობილიზებაში ჩართული აქტორები, წინააღმდეგობის რეპერტუარები, ჯგუფებს შორის სოლიდარობის გამოხატვის ფორმები მრავლდება. თავისთავად სიმრავლე არაფრის გარანტი არ არის, თუმცა წინააღმდეგობის კერების სისტემურ აღქმას ვიმედოვნებთ, მაინც აქვს მოწყვეტილობისა და ფრუსტრაციის განცდის გადალახვის შესაძლებლობა. შესაძლებელია, კვლევა მომავალში წინააღმდეგობაში ჩართულ ჯგუფებს თუ მხარდამჭერებს მათი ბრძოლის გააზრებასა და ბრძოლის სტრატეგიების გადააზრებაში დაეხმაროს.
მეორე სავარაუდო მნიშვნელობა მოცემულ კვლევას ფართოდ გაგებული სამოქალაქო საზოგადოების შიგნით არსებული ურთიერთიგნორის გადალახვისთვის შეიძლება ჰქონდეს. აქ აღწერილი წინააღმდეგობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენისთვის წარმოებული რამდენიმე ბრძოლის გამოკლებით, შედარებით იშვიათად ხდება პოლიტიკური განხილვის საგანი და მხარდაჭერასაც იშვიათად იღებს რესურსულად უფრო ძლიერი სამოქალაქო ჯგუფებისგან. სხვა მიზეზებს შორის, ურთიერთმხარდაჭერის ნაკლებობას, ძლიერი სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან უფრო მარგინალიზებული აქტორების მიმართ, და ასევე თავად მარგინალიზებულ ჯგუფებს შორისაც, შესაძლებელია, ერთმანეთზე ცოდნის ნაკლებობაც განაპირობებდეს. მოცემული კვლევა აჩვენებს, რომ აქ აღწერილი ბრძოლები შეიძლება, ხილვადობას მოკლებულია, მაგრამ არაერთი გამოწვევის მიუხედავად, არაერთხელ გამოიღო გადამწყვეტი შედეგი და გარდაქმნა სოციალურ-პოლიტიკური პროცესები. ამ ბრძოლების – წინააღმდეგობის პოლიტიკის შემთხვევების – მიზეზებისა და მიზნების აღწერა და გააზრება სამოქალაქო საზოგადოების მრავალფეროვანი ჯგუფებისთვის შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი გადაკვეთის წერტილების აღმოჩენის, მოკავშირეების მოძიებისთვის. თავისთავად წინააღმდეგობრივი პოლიტიკის ლანდშაფტის დანახვა იმისთვისაც კი მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა და მოძრაობებმა სხვა ბრძოლებთან მიმართებაში პოზიციონირება შეძლონ; სხვა ჯგუფებთან მიმართებაში საკუთარი წუხილის, ბრძოლის სტრატეგიების განსხვავებულობა ან მსგავსება უკეთ დაინახონ.
მოცემული წიგნის მესამე და ბოლო მნიშვნელობა მარგინალიზებულ თემებზე და პერიფერალიზებულ სივრცეებში მიმდინარე პროცესებზე აკადემიური ცოდნის დაგროვებაში წვლილის შეტანაა. წინააღმდეგობის პოლიტიკის აღწერა და ანალიზი აკადემიური ცოდნის წარმოების განუყოფელი ნაწილია. როგორც ზემოთაც ვახსენეთ, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომი აკადემიური ცოდნის წარმოება პოლიტიკური ელიტების, მაკროინსტიტუტების, კონფლიქტებისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესწავლით არის დაკავებული. ამის თქმისას კონკრეტული მკვლევრების, მათ შორის, თავის ინდივიდუალურ დადანაშაულებას არ ვისახავთ მიზნად. რესურსული სიმწირის, ზოგადად სოციალურ მეცნიერებებში კვლევის ხელშეწყობის ნაკლებობის გამო, ნამდვილად არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი რჩება შეუსწავლელი. არსებული კვლევები სივრცითი დაფარვის თვალსაზრისითაც ხშირად შეზღუდულია, განსაკუთრებით სოციალური მობილიზაციისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესწავლისას, ძირითადად, თბილისში მიმდინარე პროცესებზეა კონცენტრირებული. ეს, ერთი მხრივ, ასახავს რეგიონების არსებულ პერიპერალიზაციას, მეორე მხრივ, პერიფერალიზაციის კვლავწარმოებასაც უწყობს ხელს. ეს წიგნი, თავისთავად უამრავი ლიმიტის მქონე, რა თქმა უნდა, ჩამოთვლილ პრობლემებს ვერ შეეჭიდება, მაგრამ იმედი გვაქვს, მკვლევრებისთვის საგულისხმო რესურსი გახდება წინააღმდეგობის პოლიტიკის აღსაქმელად აქამდე შეუსწავლელ ქალაქებსა და რეგიონებში. სხვანაირად რომ ვთქვათ, მომდევნო ათწლეულებში ახალგაზრდა მკვლევრები რომ იკითხავენ, რა ხდებოდა 2010-იანებშიო, პასუხის ერთ-ერთ წყაროდ ამ წიგნსაც მიაგნებენ.
ამდენი იმედების აღწერის შემდეგ გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ, თუ წიგნს რამე მთავარი მახასიათებელი აქვს, ეს თავად წიგნის წინააღმდეგობრივი ხასიათია. ერთი, რომ ვცდილობთ, რაც შეიძლება ერთგულად და შეუმსუბუქებლად გადმოვცეთ ჩვენი რესპონდენტების, წინააღმდეგობის პოლიტიკაში ჩართული ჯგუფებისა და ინდივიდების შეფასებები, რაც თავისთავად მრავალფეროვანი და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოც კია. მეორეც, ვცდილობთ, არ ავირიდოთ საკუთარი, ზოგჯერ არათანმიმდევრული შეფასებების გაზიარება, განსაკუთრებით სენსიტიური საკითხების განხილვა, რომელზეც არა მხოლოდ პატარა სარედაქციო და კვლევით ჯგუფში, არამედ ხანდახან ჩვენს თავშივეც კი არ მივსულვართ შეთანხმებასა თუ კონსენსუსამდე.
შესავლის დანარჩენი ნაწილი ორ მიზანს ემსახურება. ჯერ გაგიზიარებთ კვლევის კონცეპტუალურ ჩარჩოს და სოციალურ მოძრაობებს, და ამ მოძრაობების შესწავლის მოკლე ისტორიას. ანუ ვცდით, ავხსნათ, რა ტერმინოლოგიას ვეყრდნობოდით, რა სახის ფენომენს ვსწავლობდით ემპირიული კვლევისას; კვლევის შედეგების აღწერის და განხილვის დროს როგორ ვახერხებდით ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას, იმ იმედით, რომ მკითხველისთვისაც შეძლებისდაგვარად გასაგები გახდეს ეს ზოგჯერ უცხო და უხერხული ენა. შემდეგ კი გაგიზიარებთ კვლევის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს. კვლევის შედეგები ამ შემთხვევაში მყარი და საბოლოო დასკვნები არაა. წიგნის აწ უკვე სააშკარაოზე გამოტანილი წინააღმდეგობრივი ხასიათიდან გამომდინარე, შედეგების აქ მოცემული აღწერა წინააღმდეგობრივი და პრობლემური საკითხების შეჯამებაა; ყველაზე ნაკლებად კონსენსუალურ ინტერპრეტაციებსა და დაკვირვებებთან შეჭიდების გამოწვევაა ჩვენთვის, როგორც ავტორებისა და მკითხველისთვისაც.
კონცეპტი პერიფერალიზაცია კონცეპტ პერიფერულისგან განსხვავებით ხაზს უსვამს რომ პერიფერიულობა, ანუ სოციო-სივრცითი ცენტრისგან მოშორებულობა არა თავისთავადი რეალობა არამედ სოციალურად კონსტრუირებული პროცესია. ისევე როგორც ადამიანები, ან ჯგუფები არ არიან თავისთავად მარგინალები, არამედ არიან მარგინალიზირებულები, ასევე სივრცეებიც არ არიან აპრიორი პერიფერიები არამედ არიან პერიფერალიზებული.
Product details
Table of contents
წინააღმდეგობის პოლიტიკა 2010-2016 წლებში: კონცეპტები, თეორიები და მიგნებები 10
ნაწილი I. მშრომელთა კოლექტიური წინააღმდეგობის მოქმედებები 2010-2016 წლებში 25
შესავალი 26
კვლევის მეთოდოლოგია 32
1. მშრომელთა კოლექტიური მოქმედების შემთხვევების შესწავლა – მშრომელთა წუხილი და მოთხოვნები 36
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მშრომელთა კოლექტიური მოქმედებები 39
ქუთაისის ყოფილი მეტალურგიული საამქროს მშრომელთა კოლექტიური მოქმედება 45
ჭიათურის მაღაროებსა და ქარხანა-ფაბრიკებში მშრომელთა კოლექტიური მოქმედებები 50
საქართველოს რკინიგზაში მშრომელთა კოლექტიური მოქმედებები 55
კაზრეთის საწარმოში მშრომელთა კოლექტიური მოქმედება 61
ქსნის მინის ქარხანაში მშრომელთა კოლექტიური მოქმედება 67
ტყიბულის შახტაში დასაქმებულ მშრომელთა კოლექტიური მოქმედება 71
თბილისის მეტროს მემანქანეთა კოლექტიური მოქმედება 76
2. სტრუქტურული ფაქტორების გავლენა მშრომელთა კოლექტიურ მოქმედებებზე 81
ეკონომიკური პოლიტიკა 82
„რადიკალური წესრიგის“ პოლიტიკა 84
შრომითი ურთიერთობის ლიბერალური პოლიტიკა და ფიქციური ინსტიტუციები 86
პროფკავშირული ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება 89
შეჯამება 93
3. კოლექტიური იდენტობის წარმოქმნა და მისი როლი მშრომელთა მობილიზებისა თუ ორგანიზების შემთხვევებში 95
საწარმოს შესახებ კოლექტიურად გაზიარებული წარმოდგენა 96
მშრომელთა ინტერაქციისა და კომუნიკაციის სივრცეების არსებობა 99
საწარმოს ინფრასტრუქტურული მოწყობა 102
საწარმოებში დამკვიდრებული შრომის შიდა ორგანიზების სპეციფიკა 105
შეჯამება 107
4. მშრომელთა კოლექტიური მოქმედების რეპერტუარების შერჩევა 109
პოსტ-რევოლუციური პერიოდის კოლექტიური მოქმედებები (2010-2011 წლები) 111
ხელისუფლების ტრანზიციის პერიოდის კოლექტიური მოქმედებები (2012-2014 წლები) 117
ახალი სამთავრობო პოლიტიკის პერიოდის კოლექტიური მოქმედებები (2016 წელი) 125
შეჯამება 135
დასკვნა 138
ბიბლიოგრაფია 146
ნაწილი II. კულტურული და ბუნებრივი გარემოს დასაცავად გაჩენილი სოციალური პროტესტი 2010-2016 წლებში 149
შესავალი 150
კვლევის მეთოდოლოგია 158
1. ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისების წინააღმდეგ გაჩენილი სოციალური პროტესტი 161
საერთო წუხილი 162
კოლექტიური მობილიზაციის შესაძლებლობები და საჭიროებები 167
ორგანიზებული წინააღმდეგობის შეზღუდვა 170
წინააღმდეგობის რეპერტუარი 176
2. წიაღისეული მადნის მოპოვებით გამოწვეული დაბინძურების წინააღმდეგ გაჩენილი სოციალური პროტესტი 180
გარემოსდაცვითი პრობლემები და წინააღმდეგობის პოლიტიკის დეფიციტი 181
გარემოსდაცვითი მოთხოვნების დამასუსტებელი ეკონომიკური არგუმენტები 183
პროტესტი სუსტი სახელმწიფო მმართველობის შესახებ 186
წინააღმდეგობის რეპერტუარი 188
3. ურბანული მემკვიდრეობისა და კულტურული გარემოს ხელყოფის წინააღმდეგ გაჩენილი სოციალური პროტესტი 190
საერთო წუხილი ბუნებრივი და კულტურული გარემოს დაცვასთან დაკავშირებით 191
წინააღმდეგობის პოლიტიკის შესაძლებლობები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისას 194
წინააღმდეგობის რეპერტუარი 198
4. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დასაცავად გაჩენილი სოციალური პროტესტი (საყდრისი-ყაჩაღიანის შემთხვევის ანალიზი) 201
წინააღმდეგობაში მონაწილე ჯგუფები 202
წინააღმდეგობის რეპერტუარი 206
წინააღმდეგობაში ჩართულ ჯგუფებს შორის გაერთიანების სირთულეები 208
წინააღმდეგობის პოლიტიკის შედეგები 214
დასკვნა 217
ბიბლიოგრაფია 221
ბოლოსიტყვაობა 226
დანართი 232