საზღვრებს მიღმა. კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში
გამომცემლის წინასიტყვაობა
სამხრეთ კავკასიის რეგიონს ისტორიულად რთული და პოლიტიკურად წინააღმდეგობრივი ურთიერთკავშირები ქმნიან. იგი იმდენად მრავალფეროვანია და იმდენად მცირედ არის შესწავლილი აქ მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული პროცესები, რომ საკმაოდ რთული მოსახელთებელია, თუ რას მოიცავს ეს გეოგრაფიულად განმაზოგადებელი ცნება. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო თანმიმდევრულად ცდილობს ამ საინფორმაციო და ანალიტიკური სიცარიელის შევსებას როგორც ადგილობრივი საზოგადოებების განვითარების, ისე მათთვის გლობალურ სივრცეში ადგილის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით.
სწორედ ამისთვის, 2003-2014 წლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო ახორციელებდა ადგილობრივ სასტიპენდიო პროგრამას სოციალურ მეცნიერებათა სფეროში ჩაბმული აზერბაიჯანელი, ქართველი და სომეხი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. ამ პროგრამის მიზანი იყო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში უახლეს სოციალურ და პოლიტიკურ გარდაქმნებსა და საზოგადოებრივი ცხოვრების დინამიკაზე სიღრმისეული დაკვირვების საფუძველზე ცოდნის შექმნა; ეს კი ერთი მხრივ – რეგიონს გარესამყაროსთვის უფრო გასაგებს გახდიდა და მეორე მხრივ – გააძლიერებდა აქ აღმოცენებულ სოციალურ თუ პოლიტიკურ ინიციატივებს, რაც უთუოდ სასარგებლო იქნება დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის განვითარებისათვის.
სასტიპენდიო პროგრამის ათწლიანი ისტორიის განმავლობაში, ფონდის მხარდაჭერით ას თოთხმეტმა ახალგაზრდა მეცნიერმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან ჩაატარა ინტერდისციპლინარული და საზოგადოებრივ საჭიროებებზე მიმართული ემპირიული კვლევები უახლესი ისტორიის, სოციოლოგიის და ურბანისტიკის სფეროებში, რომელთა საფუძველზე აკადემიური ხარისხის 74 სტატია გამოქვეყნდა. მოგვიანებით, პროგრამის ყოფილმა სტიპენდიატებმა ფონდთან თანამშრომლობით ასევე მოამზადეს 5 აკადემიური ნაშრომი გენდერის კვლევათა, ფემინიზმის ისტორიის, სამხრეთ კავკასიის უახლესი ისტორიის, საბჭოთა წარსულის გააზრების და კონფლიქტების ტრანსფორმაციის საკითხებზე. ამგვარად, მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ფონდის პარტნიორთა და ექსპერტ–კონსულტანტთა ქსელი, რომელიც კავკასიის საკითხებზე მომუშავე ყოფილ სტიპენდიატებს და სასტიპენდიო პროგრამაში მოწვეულ სპეციალისტებს აერთიანებს.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მცდელობა, წვლილი შეიტანოს რეგიონის და მისი ქვეყნების კულტურული იდენტობების, პოლიტიკის, სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების შესახებ ცოდნის დაგროვებასა და გავრცელებაში, არ შეჩერებულა მხოლოდ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოცემულ კვლევებზე: კრებულში – "სამხრეთ კავკასია გზაჯვარედინზე; რთული რეალობა და დიდი მოლოდინები" (2014) – შევეცადეთ, სამხრეთ კავკასია მსოფლიო რუკაზე მოგვენიშნა და გაგვერკვია, არსებობდა თუ არა ერთიანი რეგიონი. წინამდე- ბარე გამოცემაც ასეთივე მცდელობაა, ამჯერად – გარედან მომართული მზერით. "საზღვრებს მიღმა: კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში" (Grenzland. Konflikt und Kooperation im Südkaukasus) 2015 წელს გერმანულ ენაზე გამოსცა გერმანულმა ინტერდისციპლინურმა აკადემიურმა ჟურნალმა Osteuropa (7-10/2015) და იგი ოცდათექვსმეტ სტატიას აერთიანებს. კრებული, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ სამხრეთ კავკასიური აკადემიური ანთოლოგია, კონცეპტუალური გაგრძელებაა ამავე ჟურნალის მიერ 2007 წელს გამოცემული სპეციალური ნომრისა "ევროპა ევროპის მიღმა: გარე საზღვრები, შიდა ზღუდეები" (The Europe beyond Europe: Outer Borders, Inner Limits). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული გერმანულენოვანი კრებული თავდაპირველად ევროპულ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, სამხრეთ კავკასიის შესახებ დაგროვილი ანალიტიკური მასალის აქტუალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ის ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ჩვენ ასევე გვწამს, რომ აკადემიური ტექსტების ქართულად თარგმნით ასევე წვლილი შეგვაქვს თანამედროვე ქართული სამეცნიერო ენისა და სტანდარტების დახვეწაში. ამ მიზნით გერმანულად დაბეჭდილი ოცდათქევსმეტი სტატიიდან ითარგმნა თხუთმეტი და დაინტერესებულ მკითხველს მათ ამ გამოცემის სახით ვთავაზობთ. სწორედ აკადემიური დიალოგის აუცილებლობა გახდა ამ ანალიტიკური ანთოლოგიის ნაწილის ქართულად თარგმნის საფუძველიც, რომელიც ჟურნალმა Osteuropa ("აღმოსავლეთ ევროპა"), ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით გამოსცა. ამ პროექტმა გააერთიანა სამხრეთ კავკა- სიის კვლევით დაკავებული ევროპელი და კავკასიელი სპეციალისტები, მათ შორის – ფონდის სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეები და პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ინტელექტუალები, რათა სოციოლოგიის, ანთროპოლოგიის, ისტორიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის პერსპექტივებიდან გამომდინარე ეპასუხათ კითხვებზე, თუ საით მიდის რეგიონის ქვეყნების და მთლიანად რეგიონის განვითარება. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასია ჯერ არასდროს ყოფილა ისეთი დანაწევრებული, როგორიც ახლაა შიდა პოლიტიკური ტრანზიციისა და განსხვავებული საგარეო პოლიტიკური პროექტების გამო.
ნინო ლეჟავა
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის
სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორი
Product details
Table of contents
გამომცემლის წინასიტყვაობა 7
წინასიტყვაობა გერმანული გამოცემისთვის. მთლიანობას მოკლებული მრავალფეროვნება9
იდენტობა და საზოგადოება
საკონტაქტო სივრცე კავკასია: ენები, რელიგიები, ხალხები და კულტურები. ციპილმა დარიევა, ფლორიან მიულფრიდი 15
სოციალური ქსელები სამხრეთ კავკასიაში: არაფორმალურ პრაქტიკათა ფორმები და ფუნქციები. ჰუსეინ ალიევი 49
განმანათლებლობასა და პროპაგანდას შორის: მასმედია სამხრეთ კავკასიაში. სილვია შტოებერი 63
საზეიმო ღონისძიებები ხალხისთვის: ტრანსნაციონალური მეხსიერება სამხრეთ კავკასიაში. სერგეი რუმიანცევი 89
ასე შორს, და მაინც ასე ახლოს. ევროპის სახე-ხატი საქართველოში: იდეათა ისტორია. ადრიან ბრისკუ 125
სახელმწიფო და საზოგადოება
საქართველო: სახელმწიფო ბაზარში. ნეოლიბერალიზმიდან მართულ კაპიტალიზმამდე. ქრისტიან ტიმი 149
საზოგადოება და სახელმწიფო: ადგილობრივი დონე სომხეთსა და აზერბაიჯანში. კატარინა ჰოფმანი 171
მეორე სამყარო: ჯანდაცვა და განათლება სამხრეთ კავკასიაში. ანგსარ გილსტერი, კრისტინა ჰუტმანი 193
რეგიონი და საგარეო პოლიტიკა
რუსეთი ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში: "ახლო საზღვარგარეთსა" და "შიდა საზღვარგარეთს" შორის. უვე ჰალბახი 217
მყიფე წონასწორობა: თურქეთი, საქართველო და დე ფაქტო სახელმწიფო აფხაზეთი. ფრანცისკა სმოლნიკი, ანდრეა ვაისი, იანა ზაბანოვა 251
სამმაგი ბლოკადა. ურთიერთობათა სამკუთხედი: სომხეთი-აზერბაიჯანი-თურქეთი. გაიანე ნოვიკოვა 279
ძველი და ახალი ინტერესები: ირანის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში. ემილ ა. სულეიმანოვი, იოზეფ კრაუსი 299
პირობითი ჩართულობა: აშშ-ს საქმიანობა სამხრეთ კავკასიაში. ჟულიენ ზარიფიანი 321
ენერგეტიკა
განახლების საჭიროება: ენერგეტიკა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. პეტრა ოპიცი 337
ნავთობი და ბუნებრივი აირი სამხრეთ კავკასიაში: შიდა მომარაგება, ექსპორტი, ტრანზიტი. როლანდ გიოცი 363