2018 წელს ორგანიზაციამ “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი "ენერგეტიკული სიღარიბე - გზამკვლევი საჯარო დისკურსისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის".
ენერგეტიკული სიღარიბე საქართველოს სოციალური ცხოვრების ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. შინამეურნეობების დიდი ნაწილი სრულად არ თბება, მოსახლეობის დიდ ნაწილს კი კომუნალური გადასახადების გადახდა უჭირს.
ენერგეტიკული სიღარიბის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პრობლემის ზუსტი განმარტება ობიექტურ ინდიკატორებზე დაყრდნობით და პოლიტიკის ჩარჩოს შექმნა, რომელიც მიმართული იქნება პრობლემის მოგვარებისაკენ და, ამავდროულად, გაითვალისწინებს არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებას.
პროექტის მიზანი იყო ფაქტობრივი მონაცემების მოძიება, ლოგიკური ჩარჩოს შედგენა და რეკომენდაციების შემუშავება ენერგეტიკული სიღარიბის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და საჯარო დისკურსისათვის.
უფრო კონკრეტულად, პროექტის საქმიანობები მოიცავდა:
- საქართველოში არსებული მდგომარეობის მიმოხილვა ენერგეტიკული სიღარიბის კუთხით.
- ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა
- ჩარჩოს მომზადება ენერგეტიკული სიღარიბის რაოდენობრივი შეფასებისათვის
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ენერგეტიკული სიღარიბის საკითხებთან დაკავშრებით
- პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება შეფასებებითა და რეკომენდაციებით.
პროექტის ვადები:
15/02/2018 – 25/12/2018