ცხოვრება საჭიროებებს მიღმა: ქალთა პრეკარიული შრომა და დროის ურთიერთმიმართება საქართველოში
დღევანდელ საქართველოში ქალები ძირითადად დაბალ და ნაკლებანაზღაურებად პოზიციებს იკავებენ. ამასთან, მათი დიდი ნაწილი დასაქმებულია არაფორმალურად და ვერ სარგებლობს მინიმალური სოციალური და შრომითი დაცვის მექანიზმებითაც კი. ანაზღაურებად შრომაში ჩართულობის მიუხედავად, საშინაო საქმეების ვალდებულება უმეტესწილად ქალებზე მოდის, რაც მათ დასვენების დროს ფაქტობრივად არ უტოვებს.
კვლევის მიზანია თავისუფალი დროის ათვისების საკითხისა და მისი მნიშვნელობის შესწავლა სერვისის სფეროში დასაქმებული ქალების მაგალითზე. მიზნის მისაღწევად ვიკვლევთ ანაზღაურებადი შრომის, არაანაზღაურებადი შრომის და დასვენების დროის ადგილს ქალების ცხოვრებაში. ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ქალების დროის უდიდესი ნაწილი მიაქვს საჭიროებებისთვის შრომას, რაც არ ტოვებს ადგილს ავტონომიური აქტივობების შესრულებისთვის. საჭიროებაში ვგულისხმობთ იმ აქტივობათა ჯამს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში (სამსახური, საოჯახო საქმეები), ხოლო ავტონომიური აქტივობა საჭიროების მიღმა არსებობს და დადებითი ემოციების მომტანია.
კვლევის დროს ვეყრდნობით მოსაზრებას, რომ გენდერული სამართლიანობის მიღწევა შეუძლებელია თავისუფალი დროის თანასწორი გადანაწილების გარეშე. ამასთან, ვაკრიტიკებთ დომინანტურ მიდგომას, რომელიც დროის დეფიციტის პრობლემის გადაჭრის გზებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებში და სამსახური-ცხოვრების ბალანსის დაცვაში ხედავს. მსგავსი დამოკიდებულება უკარგავს დროს პოლიტიკურ ხასიათს, დროის უქონლობას მიიჩნევს მოცემულობად და არა ამჟამინდელი ეკონომიკური წესრიგისა და წარმოების წესის შედეგად.