ფემინისტი დედის დღიურები

გამომცემლის წინასიტყვაობა

„ფემინისტი დედის დღიურები” დედობის, როგორც სოციალური და პოლიტიკური ფენომენის, გადააზრების მცდელობაა და მკითხველს მსჯელობის, კრიტიკისა და ანალიზის საშუალებას სთავაზობს. ამ წიგ­ნის შექმნის პროცესი ჩვენთვის საინტერესო და ხანგრძლივი ექსპერიმე­ნტი იყო და ახლა უკვე შეგვიძლია, რომ მისი შედეგებიც გაგიზიაროთ. ის, ნაწილობრივ, ქალური სოლიდარობის პროექტიცაა: ჩვენი სურვი­ლი იყო, მხარი დაგვეჭირა ახალგაზრდა მკვლევარისთვის, რომელსაც პროფესიული ინტერესები ოჯახზე ზრუნვისთვის უნდა შეეთავსებინა. თამთა თათარაშვილი, რომელიც 2010 წელს იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიატი და იკვლევდა ქართულ კინოში ქალთა და მამაკაცთა რეპრეზენტაციის საკითხებს, მოგვიანებით აგრეთვე თანამშრომლობდა ბიოლის ფონდთან და მუშაობდა სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონა­თა გამაძლიერებელ პროექტებზე. 2015 წელს, ქალიშვილის გაჩენასთან ერთად, ის დადგა იმავე გამოწვევის წინაშე, რომელიც დღესდღეობით, ყველა დედას უდგას მეტ-ნაკლები სიმძაფრით: როგორ გავზარდოთ შვი­ლი ისე, რომ ყურადღება არ მოვაკლოთ და თან არ დავთრგუნოთ საკუ­თარი ინტერესები და მისწრაფებებიც?

დედად ყოფნა რომ ქალის უმთავრესი მოვალეობაა, პატრიარქალუ­რი საზოგადოებების თანმდევი ნარატივია. ის გამოცდილება და გან­ცდებიც, რაც დედობას, როგორც პრაქტიკას თან ახლავს, ბევრისთვის რთულად დასანახია. ის, აგრეთვე, ნაკლებად ხვდება საჯარო განხილვის ფოკუსში. „ფემინისტი დედის დღიურების” იდეაც სწორედ იმ დაკვირ­ვების შედეგად დაიბადა, რომ დედობა, როგორც გამოცდილება თუ პრაქტიკა, კვლევისა და ანალიზის საგნად ნაკლებად განიხილებოდა, რადგან ფემინისტური დღის წესრიგისთვისაც კი, საუბრები დედობაზე და მისი თეორიულ ჩარჩოში მოქცევაც ნაკლებად აქტუალური იყო.

აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა, გაგვეაზრებინა დედობის შესახებ არსებული ფემინისტური შრომები და, ამავე დროს, გვეცადა ადგილობრივი გამოცდილებების აღწერა და ანა­ლიზიც. შესაბამისად, ამ წიგნის ავტორი იმ ქალების ნაამბობის გამხმო­ვანებელიც არის, ვისი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების სირთულეები იშვიათად ხვდება სხვების თვალსაწიერში.

გამოცემა სწორედ იმითაა ღირებული, რომ მიმოიხილავს დედობის ცნების შესახებ არსებულ ფემინისტურ თეორიულ მასალას და ამ კო­ნტექსტში აანალიზებს შეგროვებულ ზეპირ ისტორიებსაც. არსებითია, რომ ზეპირი ისტორიები საშუალებას იძლევა, გავიგოთ ის თანამედროვე რეალობა და გამოცდილება, რომელიც 1990-იანი წლებიდან მოყოლე­ბული, საქართველოში მცხოვრებმა ქალებმა, როგორც დედებმა გამო­იარეს. ამავე დროს, ამ ნაამბობის გაზიარებით მკითხველს ვთავაზობთ სივრცეს დედობის შესახებ ფემინისტური მსჯელობისთვის.

„ფემინისტი დედის დღიური” ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის გენდერული დემოკრატიის პროგრამის ფარგლებში გამოიცა. გენდერული დემოკრა­ტია ფონდის ერთ-ერთი საბაზისო პრინციპია. ეს ცნება გულისხმობს, რომ საზოგადოების ყველა წევრს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლე­ბები და შესაძლებლობები და ხელი უნდა მიუწვდებოდეს ადამიანის განვითარებისთვის მნიშვნელოვან რესურსებზე. ფონდის გენდერუ­ლი პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო პროექტებს, ფემინისტურ დისკუსიებს, გენდერულ კვლევებს და სხვა საჯარო საქმიანობას, რო­მელსაც რეგიონის დემოკრატიულ განვითარებაში შეაქვს წვლილი.

ამ გამოცემის უმთავრესი მიზანიც სწორედ საუბრის წამოწყებაა სა­ჭირო ცვლილებებისა და განვითარებისათვის.

ნინო ლეჟავა
მარიამ ჭანჭალეიშვილი

 

 

Product details
Date of Publication
2019
Publisher
Heinrich Boell Stiftung Tbilisi Office - South Caucasus Region
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
ISBN / DOI
978-9941-8-1370-2