ჩილეში, საოცარ ვალპარაისოსთან ახლომდებარე ქალაქ კინტეროს, ერთ დროს, ტურისტებით გადაჭედილი ხმაურიანი სანაპიროებითა და სათევზაო ნავებით აჭრელებული ზღვით მოჰქონდა თავი, ზღვით, რომელშიც, ადგილობრივ მეთევზეთა კლუბის დღემდე ამაყი ხელმძღვანელის თქმით, პაბლო ნერუდას უყვარდა თურმე ყვინთვა.
ამ ზღვაში, დღეს მხოლოდ კინტეროს მკვიდრებს ნახავთ. შედარებით ხალხმრავლობას სანაპიროზე განლაგებული ქიმიური ქარხნების გასწვრივ შეამჩნევთ. ქიმიური ნარჩენების წყალობით, წყნარი ოკეანის სხვა დროს გრილი წყალი ქარხნების სიახლოვეს თბება და ბავშვებს იზიდავს.
გასული საუკუნის 60-იან წლებში, როცა პირველი ქარხანა გაიხსნა, გაზეთები ადგილობრივებს მისალოცი სტატიებით ამხნევებდნენ და აღმშენებლობას უქადნენ. დღეს, სუსტი გარემოსდაცვითი რეგულაციების გამო, კინტერო-პუჩუნკავის ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე ათეული თბოელექტრო, ქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა განთავსებული.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ზღვას ქიმიური ნარჩენებისგან კილომეტრობით ხელოვნური ქაფი დასჩემდა, ჰაერი კი დარიშხანითა და გოგირდის დიოქსიდით გაიჟღინთა, ტურისტები გაქრნენ, თევზები მოიწამლნენ, სახლების ფასები უსაზღვროდ დაეცა და აღმშენებლობის ნაცვლად, კინტეროს 40 000-იანი დასახლება სიღარიბემ, ნარკოდამოკიდებულებამ და კრიმინალმა მოიცვა.
ადგილობრივი წინააღმდეგობის მოძრაობის – „ქალები მსხვერპლშეწირვის ზონებიდან“ – ლიდერები. მათ წელს მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწიეს და ჩილეს უზენაეს სასამართლოს მთავრობისთვის კინტეროში გარემოს დაბინძურების პრობლემების გამოსწორება დაავალებინეს.
ჩილეში, ჩვენი მასპინძელი მწვანე ორგანიზაციის აქტიურობის შედეგად, ამ ტერიტორიას, დიდი ხანია, მსხვერპლშეწირვის ზონას – “Zona de Sacrificio” – უწოდებენ. სულ რამდენიმე თვის წინ, თვით პრეზიდენტმა პინეირამ გაეროს სხდომაზე კინტერო-პუჩუნკავი ამ ტერმინით მოიხსენია და მდგომარეობის გამოსწორების პირობა დადო. თუმცა, სანტიაგოში გაჩაღებული საპროტესტო ცეცხლის ფონზე, როგორც ჩანს, ჩილეს სახელგანთქმული სოციალური უთანასწორობა, რომლის თვალსაჩინო მაგალითიც მისი მსხვერპლშეწირვის ზონებია, პინეირას პრეზიდენტობას უფრო მალე მოუღებს ბოლოს, ვიდრე პინეირა აღნიშნულ ზონებს.
თავად ამ ტერმინს, „მსხვერპლშეწირვის ზონა“, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბევრი აქტივისტი იყენებს. ტერმინი იმ ადგილებს აღნიშნავს, სადაც ადამიანებს განვითარებასა და პროგრესს მსხვერპლად სწირავენ; მაშინ, როცა ეკონომიკურ სარგებელს სხვები ინაწილებენ, ადამიანური, სოციალური და გარემოს ხარჯები მხოლოდ ამ ადგილების მკვიდრებმა უნდა იწვნიონ.
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, მსხვერპლშეწირვის ზონის ცნება მძიმე ინდუსტრიებითა თუ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაბინძურებულ და განადგურებულ გარემოში მცხოვრებლებს მიემართება, ცნების გადღაბნის რისკით, ის სხვა სიტუაციებსაც მოერგებოდა. ის გზა, რომელსაც სახელმწიფო სამორინეებიდან ამოღებული გადასახადებით აგებს, ქუჩის ის ნათურა, რომელიც ასეთი გადასახადების წყალობით ინთება, ის გემოვნებიანი სასტუმრო, რომლითაც სამორინეს მეპატრონე ტურისტს იზიდავს, ფიზიკურ თუ ვირტუალურ სამორინეს მსხვერპლშეწირვის ზონად აქცევს, სადაც ქვეყნის ამ „წარმატებებს“ ასიათასობით ლუდომანის ცხოვრება უნდა შეეწიროს; წამებისა და ძალადობის ლეგენდარული ადგილი, „სააკაშვილის ციხეც“, ამგვარი სივრცის მშვენიერი მაგალითია, სადაც „ქვეყნის შენებისთვის“ კანონიერი ქურდებისა და ბურთის ქურდი ბავშვების სისხლი უნდა დაღვრილიყო.
საგულისხმოა, რომ ის, რაც ციხის კადრებით გამჟღავნდა, მანამდეც ცნობილი იყო, თუმცა სამზარეულოში. საჯარო სივრცეში გამოსვლით იძენს ხოლმე ამგვარი მოვლენები სიცოცხლესა და რეალურობას. ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის იდეების ჩვენს წარმოსახვაში დამკვიდრების გამო, პოლიტიკოსების მხრიდან მსხვერპლშეწირვაზე საჯაროდ საუბარი და მისი აწმყოში გამართლება, გართულდა. უკანა რიცხვით გამართლებასაც ძველი ხელისუფლების ნარჩენებისგან მხოლოდ წინადადებებსა და ჩაცინებებს შორის თუ ამოვიკითხავთ. ამიტომ საქართველოს მსხვერპლშეწირულ ზონებზე ხმამაღლა საუბარს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა უნდა ჰქონდეს.
ყველაზე თვალსაჩინო მსხვერპლშეწირვის ზონა დღეს ჩვენთან მანგანუმით მდიდარი ჭიათურაა. ქალაქი გამურული ჰაერით, გამურული სახლებით, გაშავებული მდინარით; მოწამლული სასმელი წყლით და „ბაკურიანის“ წყლით გატენილი მარკეტებით; 24-საათიანი აფთიაქებითა და ბანკებით მოფენილი ქუჩებით; 40 ათასი ადამიანისთვის გათვალისწინებული 26-საწოლიანი საავადმყოფოთი; გარემოთი დაავადებული ქმრების სარჩენად საზღვარგარეთ გადახვეწილი ცოლებით; ძუძუსკიბოიანი ქალებით. ვახტის ქალაქი, 15 ღამე 12-საათიანი ცვლებით მაღაროში და 15 დილა კომპანიის საცხოვრებელში გამოკეტილი, ოჯახებისა და საზოგადოებისგან მოწყვეტილი მშრომელებით; ერთადერთი კინოთეატრის ადგილას გახსნილი ტოტალიზატორით, სადაც ვახტიდან გამოსული უძინარი მაღაროელები მიზერული ხელფასის ბოლო თეთრებს აპარატებს აჭმევენ; გადაშენებული და გადაგვარებული თევზების ქალაქის თევზაობის კლუბის დამცირებული თავმჯდომარით; პროფკავშირების მრავლისმნახველი ხელმძღვანელით და მისი უემოციოდ მოყოლილი ისტორიებით უსაფრთხოების წესების არარსებობის გამო ხელებმოწყვეტილ და სამტონოიანი ქვის ქვეშ გაჭყლეტილ მაღაროელებზე; ქალაქი და მიმდებარე სოფლები, რომლებიც ერთი კერძო კომპანიის, როგორც გაუმაძღარი ურჩხულის, მანგანუმით დასაპურებლად ირჯებიან, თითქოს, ამ მხარის მთელი არსებობის აზრიც ეს იყოს.
აქ ყველგან შეგიძლია გათხარო და მანგანუმის სახით ურჩხულს ძღვენი მიართვა. ფაროსანასავით მოდებული კერძო კოოპერატორებიც დგანან და თხრიან. მიმდებარე სოფლები ღია კარიერების გამო ათასი ნაღმით აფეთქებულ ადგილებს ჰგავს, მაღაროების მიერ მიწაგამოცლილი და დაბზარული სოფლის სახლები კი სოკოებივით დგანან და მიწის ჩავარდნას ელოდებიან. სოფლების მკვიდრნი საკუთარი სახლის ეზოების გადათხრას იხვეწებიან, იქნებ ცოტა მანგანუმი – ამ ჯოჯოხეთიდან თავის დასაღწევი ერთადერთი საგზური – ხელში ჩაიგდონ.
აქ სახელმწიფოს სოციალური პასიურობა განსაკუთრებით მტკივნეულია. მის მიერ მოსავლელ სკოლებსა და სკვერებს კომპანია უვლის და შემდეგ ამადლის ყველას, ვისაც ხმის ამოღება მოუვა აზრად. ხმის ამოღება კი რთული ამბავია, ქვეყნის სხვა ადგილებისგან განსხვავებული რეპრესიული რეჟიმის გამო – ქურდული სამყაროს მიერ დალაგებული ქუჩებითა და მაღაროებით და პოლიციის მიერ დღისით-მზისით ქუჩაში ნაცემი მუშებით.
ჭიათურა მსხვერპლშეწირვის აქტიური ზონაა და ზუსტად ასე უნდა მოვიხსენიოთ. და აგვიხსნან მერე ქვეყნის მეთაურებმა, ექსპერტებმა, იდეოლოგებმა, რას ეწირება ეს ხალხი, განვითარებისა და პროგრესის რა ხედვას, რა მოდელს; გავარკვიოთ, ვინ იღებს სარგებელს, დიდს თუ პატარას, ამ ზონისგან ისე, რომ თავად არ უწევს გარემოსა და საყვარელი ადამიანების განადგურების ყურება. ვნახოთ, როგორ გავიმართლებთ თავს ჩვენ, ვინც იქ არ ვცხოვრობთ, მას შემდეგ, რაც ჭიათურას, ტყიბულს, კაზრეთს საჯაროდ ვუწოდებთ მსხვერპლშეწირვის ზონას.