სტატიაში მიმოვიხილავ, თუ რატომ არის ბუნებრივი რესურსებით უხვად დაჯილდოებული და წიაღის დიდი მარაგების მფლობელი ჩილეს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე არამდგრადი; რა გამოწვევებს აჩენს ქვეყნის სოციალური უზრუნველყოფის მაღალი დამოკიდებულება წარმოების ერთ სექტორზე და როგორ პასუხობს ამ გამოწვევებს სახელმწიფო ინსტიტუტები. ასევე მიმოვიხილავ საქართველოს სამთომოპოვებით სექტორს და შევეცდები იმ შესაძლო პარალელების გავლებას, რაც საქართველოსა და ჩილეს ერთმანეთთან აკავშირებს.
შესავალი
ჩილე ლათინური ამერიკის უკიდურეს დასავლეთში, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმული ქვეყანაა, რომლის წარსულიც ევროპის კოლონიალიზმთან, სამხედრო გადატრიალებასთან, ამერიკის იმპერიალისტურ ინტერესებთან, მრავალწლიან დიქტატურასა და ნეოლიბერალური პოლიტიკის ღრმად ფესვგამდგარ წესრიგთან არის დაკავშირებული. დღესდღეობით ჩილე ლათინური ამერიკის მოწინავე ქვეყნად მიიჩნევა, სადაც, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უმუშევრობის დონე მხოლოდ 7%-ია, სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა (დღიურად 4$ ან ნაკლები) 6%-7%-ის ფარგლებში მერყეობს, საშუალო ხელფასი 900$-ია, ხოლო საარსებო მინიმუმად 400$-ია დაფიქსირებული. თუმცა, ბევრი გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ჩილეს შესახებ არსებული ოფიციალური სტატისტიკა რეალობას ვერ ასახავს. მაგალითისთვის, ჩილე მოწინავეა მსოფლიოში უთანასწორობის კრიტიკულად მაღალი მაჩვენებლით (რეგიონი ჯინის კოეფიციენტის რეკორდული მაჩვენებლით, 0.5 ერთეულით არის შეფასებული), სადაც ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 10%-ის შემოსავალი 46-ჯერ აღემატება ღარიბი ფენის 10%-ის შემოსავალს (რაც ავტომატურად საეჭვოს ხდის ოფიციალურ სტატისტიკას საშუალო ხელფასის, უმუშევრობისა და სიღარიბის შესახებ). ჩილესთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ასევე მშპ-ს ზრდის არასტაბილურობა (თუ 2018 წელს 4% ზრდა იყო დაფიქსირებული, 2019 წლის პირველ კვარტალში ის 1.8%-ით შემცირდა), ქვეყნის მზარდი გავალიანება და არამდგრადი ფისკალური პოლიტიკა. ამასთან, უმნიშვნელოვანეს გამოწვევებს შორისაა სასმელი წყლის დეფიციტი, კლიმატის ცვლილებისა და სამთომოპოვებითი საქმიანობის გაფართოების შედეგად წარმოქმნილი გაუდაბურებისა (იგივე დეზერტიზაციის) და ინდუსტრიული ნარჩენების მართვის საფრთხეები (ოფიციალური წყაროების თანახმად ჩილეს ტერიტორიაზე 840-მდე კუდსაცავი მდებარეობს). ჩილე მომპოვებლურ, უფრო სწორად კი, სპილენძის ქვეყნად ითვლება და მსოფლიო ბაზარზე მის მიერ მიწოდებული სპილენძის წილი 30%-ს აღემატება. ამის მიუხედავად, სამთომოპოვებითი სექტორის კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში სულ რაღაც 10%-ს შეადგენს.
სტატიაში მიმოვიხილავ, თუ რატომ არის ბუნებრივი რესურსებით უხვად დაჯილდოებული და წიაღის დიდი მარაგების მფლობელი ჩილეს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე არამდგრადი; რა გამოწვევებს აჩენს ქვეყნის სოციალური უზრუნველყოფის მაღალი დამოკიდებულება წარმოების ერთ სექტორზე და როგორ პასუხობს ამ გამოწვევებს სახელმწიფო ინსტიტუტები. ასევე მიმოვიხილავ საქართველოს სამთომოპოვებით სექტორს და შევეცდები იმ შესაძლო პარალელების გავლებას, რაც საქართველოსა და ჩილეს ერთმანეთთან აკავშირებს. ბოლოს კი ვისაუბრებ იმ შესაძლო გზებსა თუ ნაბიჯებზე, რაზეც ხშირად მიუთითებენ ჩილელი მკვლევრები თუ ექსპერტები, როდესაც საქმე ახალ ალტერნატივებსა და გამოსავლებს ეხება. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ სტატიაში გამოყენებული მასალა, მონაცემები თუ მაგალითები ჩილეში სასწავლო ვიზიტის დროს დაგროვებული ინფორმაციის ნაკრებია (20-30 ოქტომბერი, 2019 წელი), რომელიც ერთი კვირის განმავლობაში თემაზე მომუშავე სხვადასხვა აქტორმა (როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები) გაგვიზიარა, ხოლო მომდევნო ნაწილები სამაგიდო კვლევის და მონაცემების შედარებითი ანალიზის შედეგია.
ჩილეს ექსპერიმენტი
ჩილეში ნებისმიერი გამვლელი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, რითი ირჩენს თავს, აუცილებლად გეტყვით, რომ პურს სპილენძი აჭმევს. დღეს ბევრი ექსპერტი და მკვლევარი ამტკივებს, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება, და რომ ჩილეს კეთილდღეობის შექმნაში სპილენძის მოპოვება-გადამუშავების წილი მიზერულია. ზოგი ექსპერტი უფრო შორსაც კი მიდის და დასძენს, რომ სპილენძის წარმოება ქვეყნის ეკონომიკისთვის წყევლად უფრო გადაიქცა, ვიდრე ეროვნული კეთილდღეობის მომტანად. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ სპილენძის მადნის მოპოვება-გადამუშავება ჩილეს ეკონომიკური ინდუსტრიის მთავარი ბირთვია და უახლოეს მომავალში ეს მოცემულობა ვერ შეიცვლება.
სპილენძის მასიური მოპოვება ჩილეში მე-19 საუკუნეში, 1803 წელს დაიწყო და მისი მასშტაბების სწრაფ ზრდას ხელი ინდუსტრიულმა რევოლუციამ შეუწყო. 1876 წლისთვის ჩილე მსოფლიო სპილენძის 40%-ს აწარმოებდა და საერთაშორისო ბაზარზე ერთპიროვნული ლიდერი იყო, თუმცა მალევე, 1899 წლისთვის, ქვეყანაში სპილენძის მოპოვება რადიკალურად დაეცა და წლიური წარმოება 4%-მდე შემცირდა. მიზეზად ექსპერტები საერთაშორისო ბაზარზე ფასების ვარდნას, მაღალი კონცენტრატის შემცველი მადნის ამოწურვასა და ტექნოლოგიურ ჩამორჩენას ასახელებენ[1]. რეცესიის დაძლევა ჩილემ მხოლოდ მე-20 საუკუნის შუა ხანებში შეძლო, როდესაც მეორე მსოფლიოს ომის გამო განსაკუთრებით გაიზარდა სპილენძზე მოთხოვნა მილიტარისტული მიზნებისთვის, და ასპარეზზე გამოჩნდნენ ისეთი კომპანიები, რომლებმაც განსაკუთრებით იხეირეს საომარი მოცემულობით. 1945 წლისთვის ჩილეზე სპილენძის მსოფლიო ბაზრის 17% მოდიოდა, რომლის წარმოებითაც ძირითადად ამერიკული, კანადური და ბრიტანული კომპანიები იყვნენ დაკავებული.
გარდა ეკონომიკურისა, ჩილეს პოლიტიკური ბედიც მნიშვნელოვნად განაპირობა სპილენძის მოპოვებამ. კერძოდ, ქვეყნის პოლიტიკური ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 70-იანი წლები, როდესაც სენატმა იმ პერიოდის სოციალისტურ მთავრობას და პრეზიდენტ ალიენდეს მიანიჭა სპილენძის რესურსების ნაციონალიზაციის უფლებამოსილება, რასაც ამერიკის ინტერესების წარმომადგენელი სამი უდიდესი სპილენძის მომპოვებელი კომპანიის (Ana conda, Kennecott და Cerro Corporation) ინტერესები შეეწირა და, შედეგად, შტატებმა დაახლოებით 700 მილიონი დოლარის აქტივები და დიდი რაოდენობის ინვესტიციები დაკარგა[2]. ამ მოვლენებიდან მალევე, 1973 წლის 11 სექტემბერს, ჩილეში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რის შედეგადაც მმართველობის სადავეები ხელში აუგუსტო პინოჩეტმა ჩაიგდო. მან 1975-76 წლებში ნაციონალიზებული რესურსის ნაწილი აშშ-ს დაუბრუნა, ნაწილი კანადურ და ევროპულ კომპანიებზე გაასხვისა, ხოლო დარჩენილი ნაწილი სახელმწიფო მფლობელობაში დატოვა, რომლის განკარგვაზე პასუხისმგებლობაც Codelco-ს – სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ ახლად შექმნილ კომპანიას დაეკისრა. გარდა სამხედრო დიქტატურისა, პინოჩეტის მმართველობა ასევე გამოირჩეოდა ტექნოკრატული სოციო-ეკონომიკური გადაწყვეტილებებით და ნეოლიბერალური პოლიტიკის დაფუძნებისთვის აუცილებელი ექსპერიმენტებით. ამ პროცესებში გადამწყვეტი როლი სამთავრობო და აკადემიურ წრეებში გარეულმა „ჩიკაგოს ბიჭებმა“ ითამაშეს[3]. ქვეყნის განვითარების ეს ექსპერიმენტული მოდელი ცნობილია, როგორც „შვიდი მოდერნიზაციის“ გეგმა, რომლის მიზანიც საზოგადოების ყველა სფეროზე ნეოლიბერალური მმართველობის გავრცელება იყო[4]. თუმცა ისტორიამ აჩვენა, რომ ეკონომიკური ექსპერიმენტების მრავალფეროვნების თუ დიქტატურული მმართველობის მიუხედავად, პონოჩეტის ძალაუფლებამ ვერ უზრუნველყო კრიზისებისადმი მაღალი მგრძნობიარობით გამორჩეული ჩილეს ეკონომიკის დაცვა და 1980-იანი წლების გლობალურმა ფინანსურმა კოლაფსმა მას ბოლო მოუღო. კერძოდ, 80-იან წლებში ჩილეს საგარეო ვალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, კერძო ფინანსური კომპანიების დიდი ნაწილი გაბანკროტდა, ხოლო სპილენძის წარმოება კვლავ რადიკალურად დაეცა. ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურში გადაიზარდა, რაც საბოლოოდ აუგუსტო პინოჩეტის დიქტატორული რეჟიმის დასრულებით დაგვირგვინდა.
90-იანი წლების ახალი „დემოკრატიული“ ხელისუფლების პირობებში, ჩილეს სამთომოპოვებითმა სექტორმა ინვესტიციების ახალი ბუმი განიცადა, რამაც სპილენძის მოპოვების სექტორი ხელახლა გამოაცოცხლა. შიდა ბაზარზე გამოჩნდნენ მსოფლიო თადარიგის სამთომომპოვებელი კორპორაციები, რომლებაც ახალი ძალაუფლებრივი ღერძები გააჩინეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. თუმცა ეს კორპორაციები და ინვესტორებიც ვერ გახდნენ ჩილეს სტაბილური განვითარების გარანტები. გლობალურ ბაზარზე გაჩენილი კრიზისები, სპილენძზე ფასის ცვლილება თუ სპილენძის კონცენტრატზე მოთხოვნის დონე მუდმივ გამოწვევას უქმნის ჩილეს მდგრად განვითარებას, სტაბილურობას და სოციალური კეთილდღეობის შენარჩუნებას. ბოლო პერიოდში სპილენძის სამთომოპოვებითი წარმოების მასშტაბების ზრდის მიუხედავად, ამ სექტორში დღეს ჩილელი მშრომელების მხოლოდ 2.9%-ია დასაქმებული, ხოლო მისი კონტრიბუცია ქვეყნის მშპ-ში 10%-ს არ აღემატება (2017 წლის მონაცემები). შესაბამისად, ისმება კითხვა, თუ რატომ მიიჩნევა სპილენძის მოპოვება-გადამუშავება ამ ქვეყნის ეკონომიკის ძირითად წყაროდ, რატომ თვლიან ჩილეს მცხოვრებნი, რომ მათ პურს სპილენძი აჭმევს?
როგორც ადგილობრივი ექსპერტები განმარტავენ, ამის მიზეზი საექსპორტო ბალანსში სპილენძის მადნის წილია, რომელიც საშუალოდ ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50%-ს შეადგენს. ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფისკალური სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ბიუჯეტის სწრაფად შევსებაში. თუმცა, ჩილეს ისტორია მაგალითია იმისა, რომ ქვეყნის ფისკალური სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მჭიდრო დაკავშირება სპილენძის ექსპორტიდან მიღებულ ამონაგებზე, არასაიმედო და არაპროგნოზირებადია.
დღეს, საერთაშორისო ბაზარზე დამუშავებული სპილენძის წარმოების (და არა მოპოვების) მხრივ ჩინეთია ლიდერი. ამის მიზეზი არა მის მფლობელობაში არსებული სპილენძის დიდი რეზერვებია, არამედ ის, რომ ჩინეთი სპილენძის მადნის ყველაზე დიდ შემსყიდველს და გადამამუშავებელს წარმოადგენს. ამის პარალელურად, ჩილეში სპილენძის ექსპორტის დიდი წილი კონცენტრატზე (ნედლი მასალა) ან ერთჯერადად დამუშავებულ სპილენძზე მოდის, და არა დამუშავებული სპილენძის შენადნობზე. შესაბამისად, იმის გამო, რომ დღესდღეობით ჩინეთი სპილენძის მოხმარება-წარმოებაში (ნედლი მასალის საბოლოო პროდუქტად გარდაქმნა) დომინანტია, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს სპილენძის მადანზე ფასის გენერირებაში, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ აისახება ჩილეს ეკონომიკასა და ბიუჯეტის მოცულობაზე. მაგალითად, 2015 წელს სპილენძის წილმა ჩილეს მთლიან ექსპორტში 53,6% შეადგინა, თუმცა იმის გამო, რომ საერთაშორისო ბირჟაზე ფასის დაცემა 2014 წლიდან შეუქცევადი გახდა, ექსპორტით მიღებული ყოველწლიური შემოსავალი საშუალოდ 5.1%-ით იკლებდა. ამასთან, სპილენძზე ფასის ვარდნამ ჩილეში გამოიწვია მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტები – მოკლე ვადაში ფასის ვარდნის გამო ექსპორტის მოცულობა იზრდებოდა, რათა ფასის ვარდნის შედეგად დამდგარი ფინანსური დანაკარგები დაბალანსებულიყო, ხოლო ექსპორტის ბუმმა თავის მხრივ გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე დაფიქსირდა სპილენძის მადნის ჭარბი მიწოდება, რასაც ფასების კიდევ უფრო დაცემა მოჰყვა. შედეგად, მოკლევადიან პერიოდში, ექსპორტის კუმულატურმა ზრდამ ფისკალური მდგრადობის ილუზიის შექმნას შეუწყო ხელი, თუმცა ეს ილუზია მალევე დაინგრა და შედეგად ქვეყანა გრძელვადიანი რეცესიის წინაშე აღმოჩნდა. გარდა რეცესიისა, გრძელ ვადაში ნეგატიური შედეგის მომტანი აღმოჩნდა ფასების ვარდნის საპასუხოდ ექსპორტის ზრდა, რაც კომპანიებმა დარეზერვებული რესურსების ექსპლუატაციის ხარჯზე განახორციელეს. ამან სამომავლოდ რესურსების ექსტრაქციის და მდგრადობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. როგორც პერუელი მკვლევარი, კარლოს მონიე განმარტავს[5], 2014-15 წლებში დაწყებულმა რეცესიამ ჩილეში ე.წ. ფსკერისკენ დაშვების ტენდენცია გააჩინა, რაც საწარმოო სტანდარტების დაწევაში, სოციალური ვალდებულებების უგულებელყოფაში, უფრო მასშტაბური და დაუდევარი სამთომოპოვებითი საქმიანობის გავრცელებაში მდგომარეობდა. „ფსკერისკენ დაშვებისას“ სახელმწიფო ინსტიტუციებმა დაიწყეს დერეგულირების ახალი ტალღა, შეამცირეს ან გააუქმეს სექტორიზებული სახელმწიფო აპარატები, უფრო გამარტივებულად და ხშირად ამტკიცებდნენ სამთომოპოვებით პროექტებს.
ზევით მოყვანილი გარემოებები ცხადყოფს, თუ რამდენად არამდგრადია ქვეყნის ფისკალური სტაბილურობისა და ბიუჯეტის გენერირების უზრუნველყოფა მხოლოდ ექსპორტისგან მიღებული ამონაგებით. ჩილეს მაგალითი აჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის ბედი დამოკიდებული ხდება არა ამ ქვეყნის შიგნით არსებულ გარემოებებზე, არამედ მის გარეთ და მის კონტროლის მიღმა არსებულ ფაქტორებზე. ჩილე დღეს სპილენძით გამოჭედილი მომავლის ამარაა დარჩენილი და თავისი მომავლის მართვაზე სუვერენიტეტი არ გააჩნია. გლობალურ ბაზარზე მიმდინარე კრიზისები კი ყველაზე მწვავედ რიგით ადამიანებზე, საშუალო და დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენლებზე, სამთომოპოვებით სექტორში დასაქმებულ ადამიანებსა თუ მათ ოჯახებზე აისახება.
ბუნებრივი რესურსების პოლიტიკა საქართველოში
საქართველოში ბუნებრივი რესურსების ფლობის მხრივ ჩილესგან განსხვავებული სიტუაციაა, სულ ცოტა, იმის გამო, რომ მას ჩილეს სპილენძის წიაღის მსგავსი მსოფლიო დონის ბუნებრივი რესურსი არ აქვს. ამის მიუხედავად, საქართველო, მისი ტერიტორიული ფართობის გათვალისწინებით, ბუნებრივი რესურსებით დაჯილდოებულ ქვეყნად მიიჩნევა. გამოსარჩევია მანგანუმის დიდი რესურსი, ასევე ოქროსა და სპილენძის საბადოები ბოლნისის მიმდებარედ, ქვანახშირის და სხვადასხვა სამშენებლო ტიპის ქვიშაქვის მარაგები. გარდა ამისა, საქართველო უხვადაა დაჯილდოებული წყლის რესურსით – მინერალურით თუ მტკნარით. რესურსების რაოდენობაში არსებული განსხვავების მიუხედავად, საქართველოს ჩილესთან სამთომოპოვებითი სექტორის ერთგვაროვანი მახასიათებლები აახლოებს. კერძოდ აქაც, ისევე როგორც ჩილეში, სამთო მოპოვება მთლიანად ექსპორტზე დამოკიდებული სექტორია, რომელიც მაღალი მგრძნობიარობით გამოირჩევა გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე კრიზისებისადმი. საქართველოშიც, ისევე როგორც ჩილეში, განუვითარებელია გადამამუშავებელი მრეწველობის ჯაჭვები. და, ბოლოს, არც ერთი ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლებას არ აქვს მწყობრი პოლიტიკა და ხედვა რესურსების მდგრად ათვისებასა და წიაღის ექსპლუატაციით გენერირებული კეთილდღეობის რედისტრიბუციასთან თუ განვითარების ინკლუზიურ მიდგომებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბუნებრივი რესურსების მასიურ მოპოვებას საფუძველი კომუნისტური მმართველობისას ჩაეყარა, თუმცა ე.წ. ცარიზმის პერიოდში და მის შემდგომაც, 1918-21 წლების დამოუკიდებლობის პირობებში, საქართველოში ფეხს იდგამდა სამთომოპოვებითი მრეწველობა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამთომოპოვებით ზონებში არსებული ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური დანადგარები დამოუკიდებელ საქართველოს მემკვიდრეობად ერგო, თუმცა 90-იანი წლების სახელმწიფო მმართველობამ მისი დიდი ნაწილის შენარჩუნება ვერ მოახერხა. 2003-2004 წლებში ჯერ კიდევ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული წიაღის საბადოები და სამთომოპოვებითი ტექნიკა-აღჭურვილობები აქტიურად პრივატიზდა, ამ რეგიონების ეკონომიკური გამოცოცხლების, დასაქმების ადგილების შექმნისა და შიდა წარმოების ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნულ ცვლილებებს მალევე „დაეწია“ აქტიური ნეოლიბერალიზაციის ფაზა, რომელიც ამარტივებდა სამთომოპოვებით სექტორში სალიცენზიო პროექტების დამტკიცებას, ლიცენზიების აუქციონის გზით გაცემას, ინვესტიციების განხორციელებასა და წარმოების დაწყებას ნებისმიერ ფასად (იქნებოდა ეს ბუნებრივი გარემოსთვის ზიანის მიყენება, მუშახელის მძიმე პირობებში შრომა, უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა თუ სხვა სოციალური პასუხისმგებლობების არიდება).
საქართველოს წიაღის სექტორის ეკონომიკურ მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მსგავსი ქვეყნისთვის, რომელსაც ძალიან ღარიბი შიდა წარმოების ბაზარი აქვს, აღნიშნული სექტორი, მიუხედავად მისი სრული პოტენციალის აუთვისებლობისა, მაინც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკური სფეროს გაცოცხლებაში. წიაღის ეროვნული სააგენტოს თანახმად, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით 5000-მდე სამთომოპოვებითი ლიცენზიაა გაცემული, თუმცა აქედან, 2019 წლის მონაცემებით, 697 სუბიექტი ფიქსირდება აქტიური სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების მიმართულებით[6]. ეს სექტორი დღეისთვის დაახლოებით 27 000 ადამიანს ასაქმებს[7], რაც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალა) 1,4%-ს, ხოლო დაქირავებით დასაქმებული მოსახლეობის 3.135%-ს შეადგენს. ისევე, როგორც ჩილეში, საქართველოშიც საგულისხმოა ბუნებრივი რესურსების ექსპორტის წილი ქვეყნის საექსპორტო ბალანსში, სადაც დამუშავებული და ნახევრად დამუშავებული წიაღისეულის ჯამური მოცულობა 30%-ია. ამასთან, წიაღისეულის ექსპორტს ზრდის დინამიკა აქვს, ხოლო უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან ორი სამთომოპოვებით სექტორზე მოდის (იხ. დიაგრამა 1). ამ მასშტაბების მიუხედავად, დაბალია წიაღის მოპოვებასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული წარმოების წვლილი ქვეყნის მშპ-ში – 2017 წლის მიხედვით სამთომოპოვებითი სექტორის წვლილი მშპ-ში 1,125% იყო, ხოლო თუ სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის წილს ერთად ვიანგარიშებთ, მან მთლიანი მშპ-ს 11,57% შეადგინა[8].
ზევით მოყვანილი მაჩვენებლები მიუთითებს, რომ სამთო მოპოვებას და დამამუშავებელ მრეწველობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის ეკონომიკაში, თუმცა არსებული პოტენციალის გათვალისწინებით, მცირეა მისი წვლილი საჯარო კეთილდღეობის შექმნაში. საქართველოში, სამთომოპოვებითი სექტორი უმეტესად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ შრომასთან, დაბინძურებულ გარემოსთან, დიდი რაოდენობით სამრეწველო ნარჩენებსა და მუდმივი სახალხო წინააღმდეგობის კერებთან ასოცირდება. სამთომოპოვებითი წარმოება უმეტესად ე.წ. მონოინდუსტრიულ ქალაქებშია გაჩაღებული, სადაც მთლიანი ქალაქი თუ რეგიონი ერთი მონოლითური და მონოპოლისტი კომპანიის განკარგულებაში იმყოფება. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის, რომ განუვითარებელი და არადივერსიფიცირებულია ის საწარმოო ეტაპები, რომელსაც ნედლი მასალა მიწის გულიდან გემის კონტეინერამდე გადის – კარიერებიდან თუ მაღაროებიდან მოპოვებული რესურსები არ გადიან დამუშავების იმ ეტაპებს, რაც დამატებითი ღირებულების შექმნას და ფასნამატის წარმოქმნას უზრუნველყოფდა. ამის სანაცვლოდ, უმეტესად, ნახევრად დამუშავებული და კონცენტრატების შემცველი ნედლი პროდუქტები რეალიზდება. მსგავსი საწარმოო ჯაჭვი, ჩილეს მსგავსად, საქართველოშიც სამთომოპოვებით სექტორს ადვილად მოწყვლადს ხდის საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე შოკების, ფასის ცვლილებისა და მოთხოვნა-მიწოდების რყევების მიმართ. ამის შედეგად დამდგარ კრიზისებს კი, ისევე როგორც ჩილეში, საქართველოშიც სამთომოპოვებით ზონებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა, აქ დასაქმებული მუშახელი და დაბალი ფენის ადამიანები იწვნევენ.
უსაფრთხოების ბალიშები
ჩილეს და საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ სამთომოპოვებითი სექტორი ორივე ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი მდგენელია. თუმცა არახალია, რომ სამთომოპოვებითი და გადამამუშავებელი ინდუსტრიები არა მხოლოდ დოვლათს აგენერირებენ, არამედ დიდი რაოდენობით საწარმოო ნარჩენებსაც. მას შემდეგ, რაც მიწისქვეშა მეტალები და მინერალები ზედაპირზე ხვდებიან და ატმოსფეროსთან შედიან კონტაქტში, მათი დიდი უმრავლესობა მომწამვლელი და მჟავაწარმომქმნელი ხდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოებმა უზრუნველყონ ამ ინდუსტრიების მიერ მოტანილი კეთილდღეობისა და გამოწვეული ზიანის მეტ-ნაკლები დაბალანსება. თუმცა მაშინ, როდესაც თავად სახელმწიფოების სოციო-ეკონომიკური შესაძლებლობები პირდაპირ დამოკიდებული ხდება კერძო (ანდაც სახელმწიფო მფლობელობაში არსებული) კომპანიების ბრუნვასა და ექსპორტზე, ხოლო მომპოვებელი კომპანიების ერთადერთი მიზანი, უკვე გაკვალული საბაზრო არხების გამოყენებით, სწრაფი მოპოვება და პროდუქციის მყისიერი რეალიზებაა, შედეგად ვიღებთ არა მხოლოდ მორღვეულ სოციალურ და ეკოლოგიურ ქსოვილებს, არამედ ასევე არასტაბილურ და კრიზისებისთვის განწირულ ეკონომიკურ სალდოსაც. შესაბამისად, ამ პირობებში მნიშვნელოვანია ე.წ. უსაფრთხოების ბალიშების გაჩენა, რომელიც შოკების და კრიზისების პირობებში „უსაფრთხო დაშვებას“ უზრუნველყოფს. აქ გამოვყოფ იმ სამ ძირითად უსაფრთხოების ზომას, რომლებიც შესაძლოა ერთგვარი დამცავი გახდეს არა მხოლოდ ჩილეს მსგავსი მეგაექსტრაქციული ქვეყნისთვის, არამედ საქართველოს მსგავსი მომცრო სამთომოპოვებითი სექტორისთვისაც:
- სამთომოპოვებითი მრეწველობის საწარმოო ჯაჭვის დივერსიფიცირება, რაც გააჩენდა საწარმოო პროცესების სხვადასხვა ეტაპს, უზრუნველყოფდა პროდუქციაზე ქვეყნის შიგნით დამატებითი ღირებულების შექმნას და ისეთი ფასნამატის წარმოქმნას, რომელიც ერთი მხრივ კონკურენტული იქნებოდა საერთაშორისო ბაზრებზე, ხოლო მეორე მხრივ – მედეგი გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების მიმართ. წარმოების მსგავსი გართულება და დახვეწა ქვეყნის შიგნით გააჩენდა უსაფრთხოების ბალიშების სხვადასხვა ზონას, რომელიც შეამსუბუქებდა კრიზისების პირობებში გაჩენილ „დაწოლას“ სოციალურ და ეკოლოგიურ მდგენელებზე და, ამასთან ერთად, უზრუნველყოფდა კრიზისის პირობებში წარმოქმნილი გამოწვევების თანაბარ გადანაწილებას საწარმოო ჯაჭვის საფეხურებზე;
- ალტერნატიული ბაზრების განვითარება, რაც ძირითადად გულისხმობს რეგიონალური ბაზრების გაჩენა/გაძლიერებას და, შესაბამისად, გლობალურ ბაზრებზე მაღალი დამოკიდებულების შემცირებას. მსგავსი ბაზრების გაჩენა/გაძლიერება შესაძლებელს გახდიდა რეგიონალურად დაფუძნებული, უფრო მეტად ლოკალიზებული და რეგიონალურ დონეზე მეტად ინფორმირებული საწარმოო ჯაჭვის შექმნას, რომელიც არათუ კონკურენტულობაზე, არამედ თანამშრომლობასა და რეგიონში წარმოდგენილ ქვეყნებს შორის საწარმოო კავშირების გაფორმებაზე იქნებოდა ორიენტირებული. რეგიონალური ბაზრების ათვისებისა და კავშირების გაფორმებისკენ სწრაფვა შესაძლებელს გახდიდა, ერთი მხრივ, რეგიონალური თვითკმარობის გაჩენას, ხოლო მეორე მხრივ – რეგიონალური ბაზრების უფრო მეტ მედეგობას გლობალური ბაზრებიდან წარმოქმნილი შოკებისა და კრიზისების მიმართ[9].
- ბოლოს კი, მნიშვნელოვანია მოხდეს სამთომოპოვებითი მრეწველობისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში რიგითი ადამიანების, მოპოვების ეპიცენტრში მცხოვრები თემების და მონოინდუსტრიულ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების, პროექტების დამტკიცების თუ მათი ეფექტურობის შეფასების პროცესში. პერუელი მკვლევარი და წიაღის მართვის სფეროში ცნობილი მრჩეველი, კარლო მონიე წლებია ხაზს უსვამს გადაწყვეტილებების მიღების პოლიცენტრული სისტემის შექმნის აუცილებლობას, სადაც მოპოვებითი პროექტების დამტკიცების პროცესში არა მხოლოდ კერძო მეწარმეების თუ ინვესტორების ინტერესების იქნება გათვალისწინებული, არამედ იმ ადამიანებისაც, რომლებიც მოპოვებითი ზონების მიმდებარედ ცხოვრობენ და რომელთა ყოფაც მნიშვნელოვნად განისაზღვრება სამოთომოპოვებითი წარმოებით. მონიე ხაზს უსვამს, რომ მსგავსი სისტემის შექმნის ვალდებულება სწორედ რომ სახელმწიფოებსა და ადგილობრივ სამთავრობო ორგანოებზე მოდის, რათა მათ ზურგი გაუმაგრონ ასიმეტრიული ძალაუფლების პირობებში შეთანხმებების სუსტ მხარეს აღმოჩენილ იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან შეიარაღებული იმ ცოდნით თუ ტერმინოლოგიური აპარატებით, რომელსაც ასე ვირტუოზულად იყენებენ კერძო კომპანიების იურისტები თუ მათი ინტერესების დამცველი ლობისტები.
[1] Alfie Ulloa Urrutia et al., “Productivity in the Large Scale Copper Mining Industry” Santiago: National Productivity Commission, 2017).
[2] Juan de Onis Special to The New York Times, “Chilean Senate Gives Allende Power To Nationalize U.S. Copper Interests,” The New York Times, February 11, 1971, sec. Archives, https://www.nytimes.com/1971/02/11/ archives/chilean-senate-gives-allende-power-to-nationalize-us-copper.html.
[3] ჩიკაგოს ბიჭების ისტორია 1950-60-იან წლებში ჩიკაგოს უნივერსიტეტში წარმოქმნილ დებატებს უკავშირდება ლათინური ამერიკის განვითარების შესახებ, სადაც კეინზიანული სტრუქტურალისტური ეკონომიკის ხედვების წინააღმდეგ ილაშქრებს ე.წ. მონეტარისტული და თავისუფალი საბაზრო ფუნდამენტალიზმის იდეებით გაჯერებული ხედვები. აღნიშნულ პერიოდში, სანტიაგოს კათოლიკური უნივერსიტეტის 30 სტუდენტი ჩიგაკოს უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის სტუდენტი და მილტონ ფრიდმანის მოწაფე ხდება, რაც განაპირობებს მათ უპირობო რწმენას თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და განვითარების ნეოლიბერალური მოდელებისადმი. მოგვიანებით, პინოჩეტის მმართველობის პირობებში, მათი უმრავლესობა მაღალ სამთავრობო და აკადემიურ წრეებს შეუერთდა, სადაც შესაძლებლობა მიეცათ განეხორციელებინათ განვითარების ტექნოკრატული მოდელი, რომელმაც საფუძველი დაუდო ნეოლიბერალური სამთავრობო პოლიტიკის ჩასახვას და საყოველთაო დაფუძნებას (Phil O'Brien, The New Leviathan: the Chicago boys and the Chilean Regime I973-1980, 1981; Patricio Silva, Technocrats and Politics in Chile: From the Chicago Boys to the CIEPLAN Monks, Latin American Studies, Vol. 23, 1991; Robert R. Kaufman, 'Industrial change and authoritarian rule in Latin America', in Collier, The New Authoritarianism).
[4] ამ გეგმის მიხედვით შემუშავდა ახალი შრომითი კანონმდებლობა, მოხდა სოციალური უსაფრთხოების სისტემის ტრანსფორმაცია, განათლების პრივატიზება-მუნიციპალიზება, ჯანდაცვის სრული პრივატიზება, სოფლის მეურნეობის ინტერნაციონალიზება და პრივატიზება, სასამართლო სისტემის ტრანსფორმაცია, კონსტიტუციის ცვლილება და მასში თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტების შეტანა (Eva A. Paus, Economic Growth through Neoliberal Restructuring? Insights from the Chilean Experience, The Journal of Developing Areas, 1994).
[5] კარლო მონიე - ბუნებრივი რესურსების მართვის ინსტიტუტის (NRGI) მრჩეველი, ანთროპოლოგი.
[6] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური: ბიზნეს რეგისტრი.
[7] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური: მრეწველობა, მშენებლობა და ენერგეტიკა.
[8] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2017 წელი (დაზუსტებული მონაცემები), (ცხრილი #2) საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მიმდინარე ფასებში, მლნ ლარი). მონაცემები ნაანგარიშებია „გადასახადები პროდუქციაზე“ და „სუბსიდიები პროდუქციაზე“ გარეშე, მშპ საბაზისო ფასებში