განვითარების პროექტების განმახორციელებლები და მხარდამჭერები, პროექტების სიკეთეების წარმოსაჩენად და მოქალაქეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ხშირად, ირწმუნებიან, რომ მათ პროექტებს მოჰყვება სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების და მოქალაქეთა დასაქმების შესაძლებლობების ზრდა. ამგვარი დაპირებებით, კომპანიები და მთავრობები ცდილობენ, მოიპოვონ ე.წ. „სოციალური ლიცენზია“: კომპანიებმა - კეთილგანწყობა პროექტების მიმართ, ხოლო პოლიტიკური პარტიებმა - ამომრჩეველთა ხმები.
თანამედროვე მსოფლიოში, მოსახლეობისგან „სოციალური ლიცენზიის“ მოსაპოვებლად, ასეთი დაპირებები საკმარისი აღარაა: სხვადასხვა მიზეზთა (მათ შორის, სუსტი მმართველობისა და კორუფციის) გამო, გაზრდილი სახელმწიფო შემოსავლები თვალნათელი არაა ან არ ხმარდება რეალურ საზოგადოებრივ საჭიროებებს, ანდა ვერ აღწევს პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ თემებამდე; დასაქმების შესაძლებლობები ხშირად ხანმოკლე და არასტაბილურია. მოკლედ რომ ვთქვათ, მოსახლეობა, განსაკუთრებით კი, თავად განვითარების პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანები, თემები, ვერ იღებენ დაპირებულ სარგებელს და ამავე დროს, სწორედ ისინი ზიდავენ ამ პროექტების ისეთ უარყოფით შედეგებთან გამკლავების ტვირთს, როგორიცაა დაბინძურებული წყალი, ნიადაგი და ჰაერი, დეგრადირებული ბუნებრივი რესურსები და გაუარესებული ეკოსისტემური სერვისები. საინვესტიციო პროექტების შედეგად, თემები ხშირად კარგავენ მათ ტერიტორიებზე არსებულ სასიცოცხლო ბუნებრივ რესურსებსა და ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობას, რაც, ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, კომპანიებთან და ხელისუფლებასთან კონფლიქტსა და დაპირისპირებაში იზრდება.
მთავრობები და კომპანიები ცდილობენ, იპოვონ გზები ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად და იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, ერთი მხრივ, უარყოფითი ზეგავლენის შესარბილებლად და საკომპენსაციოდ და მეორე მხრივ, დადებითი შედეგების გასაძლიერებლად და ადგილობრივთათვის სარგებლის გასაზრდელად.
მაგალითად, განვითარების პროექტების ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე უარყოფითი ზეგავლენის საკომპენსაციოდ, ზოგ ქვეყანაში, შემოიღეს ე.წ. ზეგავლენის მოსაკრებელი (impact fee). ესაა თანხა, რომელსაც იხდის პროექტის განმახორციელებელი მისი საქმიანობის გამო არსებულ გზებზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებზე და სხვა ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე ზეწოლის (დამატებითი დატვირთვის) საკომპენსაციოდ. გადახდილი თანხა მიიმართება ადგილობრივ (მუნიციპალურ) ბიუჯეტში და როგორც წესი, ხმარდება არსებული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და გაფართოებას; შეიძლება, ასევე, მოხმარდეს კონკრეტული საზოგადოებრივი მიზნების მიღწევას (მაგ., დაბინძურების შემცირებას ან დაბინძურებული ტერიტორიების აღდგენას).
არსებობს კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაშიც და ქვეყნებშიც, სადაც ის გამოიყენება, სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ; ესაა კომპანიებსა და ადგილობრივ თემებს შორის შეთანხმებები. ზოგან, ამ ინსტრუმენტს მოიხსენიებენ როგორც „თემებთან შეთანხმებებს“ (Community Agreements), სხვაგან - „ზეგავლენისა და სარგებლის შეთანხმებებს“ (Impact and Benefit Agreements), ან “თემის განვითარების შეთანხმებებს“ (Community Development Agreements). მიუხედავად განსხვავებული დასახელებისა, ასეთი შეთანხმებები ითვალისწინებენ ინვესტორ კომპანიასა და მისი პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ თემ(ებ)ს შორის შეთანხმების დადებას სარგებლის განაწილების შესახებ. ზოგ ქვეყანაში, ასეთი შეთანხმებების დადება, შესაძლოა, სავალდებულო იყოს კანონმდებლობით[1] (მაგალითად, იმ ქვეყნებში, სადაც მკვიდრი მოსახლეობა[2] ცხოვრობს); ზოგან კი, მხარეები შეთანხმებებს ნებაყოფლობით დებენ.
კომპანიებსა და ადგილობრივ თემებს შორის შეთანხმებები, როგორც წესი, იდება ისეთი პროექტების განხორციელებისას, რომელიც გულისხმობს ბუნებრივი რესურსების ათვისებას და მოჰყვება უარყოფითი ზეგავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე (მაგ., მასშტაბური სამთო-მოპოვებითი, ენერგეტიკული, სატყეო, სასოფლო-სამეურნეო პროექტების განხორციელებისას). ბუნებრივია, რომ ასეთი პროექტების განხორციელებისას, საპროექტო ტერიტორიებსა და მათ მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას აქვს პრეტენზია, მიიღოს სარგებელი მათ ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების მოპოვებიდან; ბუნებრივი რესურსების მომპოვებელ კომპანიას კი, სურს, თავიდან აიცილოს ძვირადღირებული კონფლიქტები ან პროექტის საერთოდ შეჩერება (რისი გამოცდილებაც საკმარისზე მეტია უკვე დაგროვილი მთელ მსოფლიოში) და მოიპოვოს ადგილობრივთა კეთილგანწყობა.
ინვესტორსა და ადგილობრივ თემს შორის შეთანხმების დადებას წინ უსწრებს ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესი, რომლისთვისაც ორივე მხარე საფუძვლიანად ემზადება. ადგილობრივ თემებს, ხშირად, არ აქვთ შესაფერისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ თანასწორი მოლაპარაკება აწარმოონ შეთანხმების პირობებზე, მაღალანაზღაურებადი იურისტებით შეიარაღებულ კომპანიებთან; ამიტომ თემებს, ხშირად, ამ სფეროში სპეციალიზებული არასამთავრობო ორგანიზაციები ან იურიდიული კომპანიები (უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად) ეხმარებიან. ადგილობრივი თემები, თავისი ერთიანი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, ქმნიან გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურას (მაგ., თემის საბჭოს); მკვიდრი მოსახლეობის შემთხვევაში, ასეთი სტრუქტურები, როგორც წესი, უკვე არსებობს და გადაწყვეტილების მიღების სწორედ ეს ტრადიციული ‘ორგანოები’, ტრადიციული წესებით, იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორც მოლაპარაკებისას, ისე საბოოლოდ, შეთანხმების დადებისას. ორივე შემთხვევაში, ადამიანთა დიდი ჯგუფის მიერ საერთო, შეჯერებული პოზიციის ჩამოყალიბება დროს მოითხოვს და ამდენად, შეთანხმებების დადებაც დროში იწელება.
კომპანიებსა და თემებს შორის დადებული შეთანხმებები ითვალისწინებენ პროექტის როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური სარგებლის განაწილებას. ფინანსური სარგებელი ადგილობრივმა თემმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა სახით, მათ შორის: ფიქსირებული თანხის სახით, რომელიც არ იცვლება პროექტის მომგებიანობის ცვლილებების და მიუხედავად; გადასახდელის სახით, რომლის ოდენობა დამოკიდებულია წარმოების მოცულობაზე; შესაძლოა, ასევე, თემმა სარგებელი მიიღოს კომპანიის/პროექტის მოგებიდან. რაც შეეხება არაფინანსურ სარგებელს, შეთანხმებები ხშირად მოიცავენ დებულებებს ადგილობრივთა დასაქმების, ტრეინინგის, ადგილობრივი ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ. რა თქმა უნდა, ყოველი შეთანხმების შინაარსი და მოთხოვნები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორია ადგილობრივი კონტექსტი, ვინ არიან მხარეები და რა სახისაა თავად პროექტი. სამეცნიერო ლიტერატურაში, კარგ პრაქტიკად განიხილება ისეთი შეთანხმებების დადება, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ ფულად კომპენსაციაზე, არამედ ადგილობრივი თემების ფიზიკური, ეკონომიკური და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაზე, ადგილობრივი თემების პროექტზე დამოკიდებულებისა და მოწყვლადობის შემცირებაზე, და პროექტის დასრულების შემდგომ ეკომიკური ზრდის გაგრძელებაზე[3].
შეთანხმების დადების შემდეგ, მნიშვნელოვანი ეტაპია შეთანხმების შესრულება და შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი; ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს შეთანხმების აღსრულებისა და მხარეთა შორის სადავო საკითხების განხილვის ეფექტური მექანიზმები. დღეს სამეცნიერო ლიტერატურაში მცირეა ანალიზი იმისა, თუ როგორ სრულდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კომპანიებსა და თემებს შორის დადებული შეთანხმებები. ეს განპირობებულია იმით, რომ შეთანხმებები, როგორც წესი, მთლიანად ან ნაწილობრივ კონფიდენციალურია[4], ისევე როგორც ინფორმაცია მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ. ეს, თავის მხრივ, ამცირებს მათი შესრულების ეფექტურობის შესწავლის და გაკვეთილების გაზიარების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულის ფონზე, ფასდაუდებელია ის შესაძლებლობა, რომელიც მე და ჩემს კოლეგებს წელს, სექტემბერში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ძალისხმევით მოგვეცა[5]; ჩვენ გვქონდა უნიკალური შესაძლებლობა, ჩილეში, სან-პედრო-დე-ატაკამასა და სანტიაგოში, შევხვედროდით ადგილობრივი თემებისა და სამთომომპოვებელი კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც 2016 წელს დადეს შეთანხმება სარგებლის განაწილების შესახებ. მხარეებს შორის დადებული ეს შეთანხმებაც კონფიდენციალურია და ამდენად, ქვემოთ მოყვანილი დეტალები შეთანხმების დადების პროცესსა და შინაარსზე, ემყარება მხარეებთან შეხვედრებისას მოწოდებულ და კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას.
კომპანია ალბემარლე (Albemarle) სამთომომპოვებელი და ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ჩილეში, ატაკამას უდაბნოში, მლაშე წყლიდან ლითიუმს და პროცესის თანმდევ მარილის ნაერთებს მოიპოვებს. მსოფლიოში ლითიუმის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია საავტომობილო მრეწველობა; გარდა ამისა, განახლებადი ენერგიის წარმოებაზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, პროგნოზირებულია ლითიუმზე მოთხოვნის ზრდაც (ლითიუმი გამოიყენება ბატარეების წარმოებაში).
ალბემარლეს ლითიუმის საბადო კულტურული თვალსაზრისით გამორჩეულ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ჩილეს მკვიდრი მოსახლეობა ცხოვრობს. კომპანიის თანახმად, ალბემარლე აღიარებს თავის პასუხისმგებლობას არამარტო ტრადიციების შენარჩუნებაში, არამედ საერთო ფასეულობების შექმნაში[6]. ამდენად, კომპანიამ ატაკამას მკვიდრ მოსახლეობასთან - 18 მკვიდრ თემთან - რომელსაც ატაკამას ხალხთა საბჭო (Consejo de Pueblos Atacameños) წარმოადგენს - დადო შეთანხმება თანამშრომლობის, მდგრადობის და საერთო სარგებლის შესახებ (Cooperación, Sustentabilidad y Beneficio Mutuo).
კითხვაზე, თუ როგორ მივიდნენ მხარეები შეთანხმების დადების აუცილებლობამდე და ხომ არ უძღოდა მას დაძაბული ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთან, ალბემარლეს ჩილეს ოფისის მენეჯერმა ელენ ლენი-პესაგნომ (Ellen Lenny-Pessagno), წინაპირობების ახსნის გარეშე, მოკლედ გვიპასუხა: „ხალხი მოვიდა და ჩვენ უბრალოდ კარი გავუღეთ“. მან, ასევე, ხაზი გაუსვა მკვიდრი მოსახლეობის დაცვის სფეროში საერთაშორისო სამართლის აქტების მოთხოვნათა შესრულების აუცილებლობას[7].
ელენ ლენი-პესაგნოს თანახმად, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი 2012 წელს დაიწყო და ოთხი წელი გაგრძელდა. 2014 წელს მხარეებმა გააფორმეს ოქმი, ხოლო 2016 წელს ხელი მოეწერა საბოლოო შეთანხმებას[8]. შეთანხმების თანახმად, ალბემარლე ნებაყოფლობით იღებს ვალდებულებას, მკვიდრ თემებს გაუნაწილოს სალარის საწარმოში (Planta Salar) წარმოებული ლითიუმის კარბონატისა და კალიუმის ქლორიდის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის 3.5 პროცენტი[9]. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიღებული 3.5 პროცენტიდან, 3 პროცენტი თანაბრად გადანაწილდება 18 მკვიდრ თემსა და ატაკამას ხალხთა საბჭოს შორის, ხოლო 0.5 პროცენტი მოხმარდება „კვლევასა და განვითარებას“ (Research and Development). გარდა ამისა, შეთანხმებით დადგინდა საპროექტო ტერიტორიაზე (ატაკამას მლაშობზე, Salar de Atacama) ბუნებრივი რესურსების მდგომარეობის მონიტორინგის ერთობლივად წარმოების ვალდებულება. ალბემარლე დარწმუნებულია, რომ ამგვარი შეთანხმებით, ადგილობრივი თემები ხდებიან არამარტო პროექტის პარტნიორები, ინაწილებენ რა პროექტის სარგებელს, არამედ წვლილი შეაქვთ საკუთარ განვითარებაში და ატაკამას მლაშობის მდგრად გამოყენებაში.
ატაკამას ხალხთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ანა რამოსის (Ana Ramos) თანახმად, ალბემარლესთან მოლაპარაკების წარმოებისას ადგილობრივ თემებს რჩევებით ადვოკატები ეხმარებოდნენ, თუმცა, ისინი უშუალოდ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდნენ. კომპანიასთან პირისპირ მოლაპარაკებებში 18-ივე მკვიდრი თემის წარმომადგენელი იყო ჩართული. მოლაპარაკების პროცესის სირთულესა და ხანგრძლივობაზე არცერთმა - არც კომპანიის და არც ადგილობრივი თემების წარმომადგენლებმა - დეტალურად არ ისაუბრა; თუმცა, ატაკამას ხალხთა საბჭოს წარმომადგენლებთან საუბრის დასასრულს, ანა რამოსმა ჩამოთვალა მოლაპარაკების პროცესიდან გამოტანილი სამი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი: (1) მოლაპარაკების პროცესი შეიძლება ყოველთვის ისე არ წარიმართოს, როგორც დაგეგმილი იყო და განიცადოს ცვლილებები; მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა პატივი სცენ პროცესს; (2) აუცილებელია აზროვნების ერთგვარი ცვლილება და პატიოსნება ურთიერთობებში; (3) აუცილებელია მოთმინება - პროცესი რთულია, მოიცავს მრავალ ადამიანს და ინტერესს, და ამდენად, პროცესის წარმატებისთვის, ყველამ უნდა გამოიჩინოს მოთმინება.
როგორც უკვე აღინიშნა, ალბემარლესა და მკვიდრ თემებს შორის დადებული შეთანხმება კონფიდენციალურია, თუმცა მხარეებმა, შეხვედრებისას, მაინც გაგვიმჟღავნეს ზოგიერთი დეტალი. მაგალითად, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ 18-ივე ადგილობრივ თემს უნდა ჰქონდეს განვითარების გეგმა; გეგმების კომპანიასთან შეთანხმება არ არის საჭირო. შეთანხმების თანახმად, კომპანიამ თემებს შეუძლია მოთხოვოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაიხარჯა თანხა (თანხის მიზნობრივად გამოყენების მდგომარეობას აფასებს დამოუკიდებელი აუდიტორი); მეორე მხრივ, ადგილობრივ თემებს შეუძლიათ მოთხოვონ კომპანიას გარემოს მდგომარეობასთან დაკავშირებული ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც სცდება კანონმდებლობით მოთხოვნილს.
ჩემი დაკვირვებით, დღეს კომპანია ამაყობს გაწეული სამუშაოთი, მკვიდრ თემებთან მიღწეული შეთანხმებით და არ ერიდება ამ პრაქტიკის წარმოჩენას, სადაც ეს შესაძლებელია. ასე, მაგალითად, ალბემარლეს ჩილეს დანაყოფის ვებ-გვერდზე, კომპანია აღნიშნავს, რომ ალბემარლე ერთ-ერთი პირველია ჩილეში მომუშავე კომპანიებს და პირველია სამთომოპოვებით კომპანიებს შორის, რომლებმაც ადგილობრივ თემებთან სარგებლის განაწილების შეთანხმება დადეს. შეთანხმების შესახებ ინფორმაცია გვხვდება კომპანიის საწყის გვერდზევე და იქვეა ფოტო, რომელზეც ერთად არიან გამოსახული ალბემარლეს ჩილეს ოფისის მენეჯერი ელენ ლენი-პესაგნო და ატაკამას ხალხთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ანა რამოსი, 2019 წლის 2-4 სექტემბერს, სანტიაგოში გამართულ კონფერენციაზე[10]; კონფერენცია სამთომოპოვებითი მრეწველობის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზეგავლენისა და სექტორის მდგრადი განვითარების საკითხებს ეხებოდა.
ელენ ლენი-პესაგნოს განმარტებით, სხვა კომპანიები არ არიან კმაყოფილი ადგილობრივ თემებთან შეთახმების დადების პრაქტიკით. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ეს შემთხვევა უბიძგებს სხვა კომპანიებსაც, დანერგონ იგივე პრაქტიკა თავისი პროექტების განხორციელებისას - ითანამშრომლონ და გაუნაწილონ პროექტებიდან მიღებული სარგებელი ადგილობრივ თემებს.
ჩილეს შემთხვევაზე საუბარი, მინდა, დავასრულო ჩილეში ჩვენი ერთ-ერთი მასპინძლისა და შეხვედრების ორგანიზატორის, გარემოს დამცველი აქტივისტის, სამუელ ლეივას (Samuel Leiva) განმარტებით კომპანიებსა და ადგილობრივ თემებს შორის შეთანხმებებზე. ატაკამას უდაბნოს მკვიდრ თემებსა და ალბემარლეს შორის შეთანხმება პირველი არაა ჩილეში და მსგავსი შეთანხმებების დადების გამოცდილება არსებობს, ასევე, არა-მკვიდრ ადგილობრივ თემებთან (თემებთან, რომლებსაც არ აქვთ მკვიდრი ხალხების სტატუსი). სამუელის აზრით, არა-მკვიდრი თემებისთვის პროექტიდან მიღებული სარგებელი უბრალოდ კომპენსაციაა კომპანიების მიერ მათთვის მიყენებული ზიანისთვის; მაშინ, როდესაც მკვიდრი თემები სარგებლის განაწილების შეთანხმებებს იყენებენ თემების განვითარებისთვის და მომავალი ბრძოლებისთვის გასაძლიერებლად. არა-მკვიდრი თემები ასეთ შეთანხმებებს განიხილავენ როგორც ინდივიდუალური სარგებლის, მკვიდრი თემები კი - კოლექტიური სარგებლის მიღების შესაძლებლობას.
საქართველო: სხვა დამოკიდებულება და მიდგომები
საქართველოში, განვითარების პროექტების პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენის ქვეშ მოქცეული თემები ხშირად ხდებიან კრიტიკისა და დაცინვის ობიექტი, ზოგჯერ კი, მათი კრიმინალიზებაც ხდება, როდესაც ისინი ითხოვენ კომპენსაციას დაბინძურებული და გაუარესებული საარსებო გარემოს გამო ან/და მათ ტერიტორიაზე კომპანიების (ან სახელმწიფოს) მიერ გამოყენებული ბუნებრივი რესურსებიდან უშუალო სარგებლის მიღებას. მათ მიმართ დამოკიდებულება ისეთია, თითქოს ისინი რაღაც გაუგონარს, დაუშვებელს და გასაკიცხს ითხოვენ. სახელმწიფოს დამოკიდებულება ასეთი მოთხოვნების მიმართ საუკეთესოდ გამოხატა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2010 წელს, როდესაც ის ზემო სვანეთში, მესტიაში, ადგილობრივთა დაპატიმრებას გამოეხმაურა[11]. მან შემდეგი რამ თქვა:
„...ვიღაცეები გამოხტნენ - ადგილობრივი ყოჩები და თქვეს, რომ ეს მიწა არის ჩვენი წინაპრების და თუ აქ გინდათ რამის აშენება, ძმებო, უნდა ჩაგვისვათ წილში“, “უცხოელ ინვესტორებს როგორ უნდა ჩაუჯდეს ვინმე წილში, მაგას აუხსნიან [მათ] კარგად საქართველოს ევროპული რანგის საპატიმროებში, მრავალი შემდგომი წლის განმავლობაში“.
ამგვარად, საინვესტიციო პროექტიდან ადგილობრივების მიერ სარგებლის, წილის მიღების სურვილი მიხეილ სააკაშვილმა დანაშაულად შერაცხა. მართალია, ეს ცხრა წლის წინ ითქვა, მაგრამ დამოკიდებულება და მიდგომები ადგილობრივ თემთა მიმართ დღესაც, ხელისუფლების სხვა პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირობებშიც, ზუსტად ისეთივეა, როგორც 2010 წელს. როგორც ჩილეს და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მაგალითები აჩვენებს, ადგილობრივთა უფლებებისა და ინტერესების იგნორირება და მათთან კონფრონტაცია ჩანაცვლდა ისეთი მიდგომებით, რომლებიც ადგილობრივებთან დიალოგისა და თანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფენ პროექტების სარგებლის მათთან განაწილებას.
არის, თუ არა საქართველოშიც ადგილობრივ თემებსა და კომპანიებს შორის სარგებლის განაწილების შეთანხმებების დადება შესაძლებელი? ალბათ, არის; მაგრამ ეს, სამართლებრივ, ინსტიტუციურ ან/და პრაქტიკის ცვლილებებთან ერთად, როგორც ჩილელმა ანა რამოსმა თქვა, აზროვნების ცვლილებასაც მოითხოვს.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ მანამდე? ახალი ინსტრუმენტის დანერგვამდე, ჩვენ გადაუდებლად უნდა დავიწყოთ ბუნებრივი რესურსების (მიწაზე, წყალზე, ტყეზე, სასარგებლო წიაღისეულზე…) დაცვასა და გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის დეცენტრალიზაცია და ბუნებრივ რესურსებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივთა მონაწილეობის მოქმედი მექანიზმების დანერგვა.
[1] მაგალითად, სამთომოპოვებითი პროექტების განხორციელებისას კომპანიებს კანონით მოეთხოვებათ შემოსავლების განაწილება ან სხვაგვარი ფულადი კომპენსაცია, ან ადგილობრივ თემთა განვითარებაზე მიმართული სხვადასხვა სახის პროგრამის განხორციელება, მაგალითად, შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთში, ინდოეთსა და ინდონეზიაში; ყაზახეთში, ყირგიზეთსა და მონღოლეთში; ომანში, იემენსა და ავღანეთში; ვიეტნამში, ლაოსსა და ფილიპინებში (აზია); ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კონგოში, ეკვატორულ გვინეაში, ეთიოპიაში, განაში, გვინეაში, კენიაში, ლიბერიაში, მალიში, მოზამბიკში, ნამიბიაში, ნიგერში, ნიგერიაში, სიერა ლეონეში, სამხრეთ აფრიკაში, ზამბიასა და ზიმბაბვეში (აფრიკა); კანადაში (ჩრდ. ამერიკა); კოლუმბიაში, ეკვადორში, ნიკარაგუასა და პერუში (ცენტრ. და სამხ. ამერიკა). წყარო: Columbia Center for Sustainable Investment, 2017. Requirements for community development in mining laws. ხელმისაწვდომია: http://bit.ly/2N2DMgF
[2] „მკვიდრი მოსახლეობა“ ან „მკვიდრი ხალხები“ - ამ ხალხთა მრავალფეროვნების გამო, ცნების ზუსტი განმარტება არ არსებობს, თუმცა, მათ დასაცავად შემუშავებული საერთაშორისო აქტები განსაზღვრავენ ასეთი ხალხების მახასიათებლებს; ეს აქტებია: გაერო-ს დეკლარაცია მკვიდრი ხალხების უფლებების შესახებ (2007) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 169-ე კონვენცია “მკვიდრი და ტომობრივი ხალხების შესახებ“ (1989), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მე-7 სტანდარტი მკვიდრი ხალხების შესახებ. დღეს მსოფლიოში მკვიდრი მოსახლეობის სულ მცირე 5 ათასი ჯგუფია, რომლებიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ცხოვრობენ. მათი საერთო რაოდენობა - 370 მლნ. კაცს აღემატება.
[3] Loutit J., Mandelbaum J. and Szoke-Burke S. (2016). Emerging Practices in Community Development Agreements. Columbia Centre on Sustainable Investment. ხელმისაწვდომია: http://bit.ly/2Nf9vuV
[4] მდგრადი ინვესტირების კოლუმბიის ცენტრისა (The Columbia Center on Sustainable Investment) და რესურსებისა და განვითარების კანადის საერთაშორისო ინსტიტუტის (The Canadian International Resources and Development Institute) ერთობლივი ძალისხმევით, შექმნილია ონლაინ პლატფორმა - Open Community Contracts - სადაც თავმოყრილია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი სარგებლის განაწილების შეთანხმებები. იხ. http://opencommunitycontracts.org/
[5] 2019 წლის სექტემბერში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისისა და ჩილეს ოფისების ორგანიზებით, მოეწყო სასწავლო ვიზიტი ჩილეში, რომელიც წიაღის რესურსების გონივრული მართვის საკითხებს ეხებოდა. სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა მივიღეთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა.
[6] Albemarle (2019). Sustentabilidad: Comunidades. შემოწმდა 2019 წლის 12 ნოემბერს. http://www.albemarlelitio.cl/careers/comunidades
[7] კომპანიის ვებგვერდზე, ასევე, აღნიშნულია, რომ შეთანხმების დადებით სრულდება ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკის რეკომენდაციებიც მკვიდრი მოსახლეობის შესახებ.
[8] ელენ ლენი-პესაგნომ ასევე აღნიშნა, რომ ამავე, 2016 წელს, კომპანიამ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსგან მიიღო გარემოსდაცვითი ნებართვაც; ნებართვის მისაღებად კი, კომპანია ექვსი წელი იკვლევდა დაგეგმილი პროექტის შესაძლო ზეგავლენას გარემოზე, რისთვისაც 20 მლნ აშშ დოლარი დახარჯა.
[9] Albemarle (2019). Sustentabilidad: Comunidades. შემოწმდა 2019 წლის 12 ნოემბერს. http://www.albemarlelitio.cl/careers/comunidades
[10] Sustainable Mining 2019 Conference, Santiago, September 2-4, 2019. ფოტო ხელმისაწვდომია: http://bit.ly/32ZIEaW
[11] მწვანე ალტერნატივა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია (2011). საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა დაბა მესტიის მაგალითზე. მწვანე ალტერნატივა. ხელმისაწვდომია: http://bit.ly/2QgvDXN