cover of the publiaction

სამხრეთ კავკასიის ამბები. სპეციალური გამოცემა

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი, სამხრეთ კავკასიის რეგიონი, დამოუკიდებელ მედია-პლატფორმა „ნეტგაზეთთან“ 2014 წლიდან თანამშრომლობს  პროექტ „სამხრეთ კავკასიის ამბების“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ქართულენოვანი აუდიტორიისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ახალი ამბების, ანალიტიკური სტატიების, ინტერვიუების, მულტიმედია მასალისა და მოსაზრებების გამოქვეყნების გზით. პროექტი ითვალისწინებს მკითხველების ინფორმირებას კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესების შესახებ და რჩება კონფლიქტის მხარეებს შორის საჯარო დიალოგის წარმოებისთვის მნიშვნელოვან ონლაინ პლატფორმად.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი კონფლიქტების ტრანსფორმაციის კუთხით, 2003 წლიდან, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მისი დაარსებიდან, მუშაობს. წლების განმავლობაში ფონდის მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსიების ორგანიზების თუ ანალიტიკური სტატიების გამოქვეყნების გზით,  ვცდილობდით ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად განგვეხილა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები, იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მათი პრობლემების გადაჭრის გზები. ამასთან ერთად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებიც კონფლიქტების ტრანსფორმაციის კუთხით მუშაობენ.

დღეს როდესაც სამხრეთ კავკასიაში  რეგიონული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ცვალებადი და სულ უფრო მეტად დაძაბული ვითარებაა, კონფლიქტის ტრანსფორმაციის კუთხით მუშაობა საკმაოდ გართულებულია. ასეთი ვითარება კონფლიქტის მხარეებს შორის არსებული დიალოგის შესაძლებლობებს ზღუდავს და მხარეებს შორის მეტ გაუცხოებას წარმოშობს. ხშირად ამ გაუცხოებას თან ახლავს ინფორმაციის ნაკლებობა, რაც პროპაგანდას და ტყუილ ინფორმაციას (ფეიკ ნიუსებს) უხნის შესაძლებლობებს. „სამხრეთ კავკასიის ამბების“ პროექტის იდეა იყო გაუცხოების მიუხედავად შესაძლებლობა შექმნილიყო და ქართულენოვან მოსახლეობას ჰქონოდა ინფორმაცია კონფლიქტების კუთხით მიმდინარე მოვლენებზე. ვფიქრობთ, რომ ინფორმირებულ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ეცნობა ახალ ამბებს, კითხულობს ანალიტიკურ სტატიებსა და ინტერვიუებს, მეტი მგრძნობელობა და ცოდნა აქვს კონფლიქტებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე და ასევე ისინი მეტად რეზისტენციულები არიან ნაციონალიზმისა და პროპაგანდის მიმართ.

„ნეტგაზეთთან“ ერთად გადავწყვიტეთ წელს სპეციალური ნომერი მოგვემზადებინა, რათა მკითხველს შესაძლებლობა ჰქონოდეს უკეთ აღიქვას კონფლიქტების დინამიკა 2014 წლიდან. ვფიქრობთ, გამოცემა კარგ შესაძლებლობას იძლევა კონფლიქტებს სხვადასხვა კუთხიდან შევხედოთ და ყოველდღიური ახალი ამბების მიღმა უკეთ დავაკვირდეთ კონფლიქტის ტენდენციებს. გამოცემაში შესული ტექსტები ეხება ქართულ-აფხაზურ და ქართულ ოსურ ურთიერთობებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოცემაში შესული რამდენიმე ტექსტი შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ქვეყნებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის და ნეტგაზეთის პოზიციას.

სტატიები რამდენიმე ქვეთავად დავყავით: ისტორია, საერთაშორისო კონტექსტი, ყოველდღიურობა და პოლიტიკა, ქრონიკა, ნდობის აღდგენა და მშვიდობის მშენებლობა. ვფიქრობთ, რომ ეს გამოცემა კონფლიქტების შესახებ დისკუსიას წინ წამოწევს და ახალ იმპულსებს გააჩენს იმ ადამინებში, ვინც კონფლიქტების ტრანსფორმაციის და სამშვიდობო პოლიტიკის კუთხით მუშაობს. აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ „ნეტგაზეთს“ თანამშრომლობისთვის და ავტორებს სტატიების მომზადებისთვის.

Product details
Date of Publication
2019
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Number of Pages
120
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული