ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი აცხადებს მცირე კვლევითი გრანტების კონკურსს სტუდენტებისთვის, გენდერის მკვლევარებისთვის, ისტორიკოსებისა და ანთროპოლოგებისთვის საქართველოდან. გრანტის ფარგლებში, თითოეულმა გრანტის მიმღებმა უნდა მოამზადოს ერთი აკადემიური სტატია (მოცულობა: 15-18 გვერდი), რომელიც გაანალიზებს საბჭოთა საქართველოში ქალების როლს მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდგომ პერიოდში. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით. კონკურსის შედეგად შეირჩევა ერთი ან ორი აპლიკანტი.
აკადემიური სტატიები შეიძლება იყოს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ საკითხზე:
- გენდერის, ეროვნულობის და პროპაგანდის თანაკვეთა: რა როლი ენიჭებოდათ ქალებს მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდგომ პერიოდში?
- მეორე მსოფლიო ომი და ქალები საბჭოთა არმიაში;
- სექსუალური ძალადობა მეორე მსოფლიო ომში;
- ქალების სტრატეგიები ომის ტრავმების დაძლევისა და გადარჩენისთვის;
- ქალები და დეპორტაცია ომის პერიდში;
- ქალების ასახვა ომის დროინდელ ხელოვნებაში (მაგ: ფილმები, ნახატები, პოსტერები)
- გენდერი, ომის დროინდელი კორესპონდენცია და პირადი არქივები;
- ომის პერიოდის პრესა ქალთა საკითხების შესახებ;
- გენდერირებული გამოცდილებები მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბავშვთა მოგონებებში;
- ქალები, როგორც სამუშაო ძალა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში;
- ქალთა ემანსიპაციის პრაქტიკები/მოგონებები მეორე მსოფლიო ომის და შემდგომ პერიოდში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჰუმანიტარული და სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, აღნიშნული ფაკულტეტების მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის კურსდამთავრებულებს, ისტორიკოსებს, გენდერის მკვლევარებსა და ანთროპოლოგებს. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV (თან დაურთონ გამოქვეყნებული სტატიების ჩამონათვალი), სამოტივაციო წერილი და კვლევითი გრანტის პირველადი მონახაზი (2-3 გვერდი), რომელიც უნდა მოიცავდეს ლიტერატურის მიმოხილვას და აღწერდეს, თუ რა კვლევის მეთოდებს გამოიყენებს კონკურსანტი კვლევის განხორციელების პროცესში. განაცხადი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენებზე და გამოიგზავნოს 24 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ge.boell.org Subject-ით: ქალები და მეორე მსოფლიო ომი.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა და ზეპირი გასაუბრება (3-4 თებერვალს).
შერჩეული კონკურსანტები გაივლიან ორდღიან ტრენინგს (8-9 თებერვალს) ისტორიული კვლევის მეთოდებისა და ალტერნატიული წყაროების ფიქსაციის შესახებ, რომლის შემდეგ ისინი დაიწყებენ თავიანთ კვლევით გრანტებზე მუშაობას. მუშაობის პროცესში მათ დაეხმარებათ მენტორი - თამთა მელაშვილი, მწერალი და გენდერის სპეციალისტი. აკადემიური სტატიების საბოლოო ვერსიის (როგორც ქართული, ასევე ინგლისური ვერსიის) ჩაბარების თარიღი: 2020 წლის 25 ივლისი. კანდიდატებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა წარადგინონ თავიანთი სტატიები და მონაწილეობა მიიღონ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში სექტემბრის ბოლოს თემაზე - საბჭოთა საქართველოში ქალების როლი მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდგომ პერიოდში. შერჩეული კონკურსანტები კვლევითი გრანტის სახით მიიღებენ 500 ევროს ეკვივალენტს ლარში (დარიცხული თანხა).
საუკეთესო სტატიის ავტორი 18-19 მაისს გაემგზავრება ევროპის ისტორიის ფორუმზე ბერლინში. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით ბერლინში ყოველწლიურად ტარდება ევროპის ისტორიული ფორუმი, რომელიც ისტორიკოსებს, პოლიტიკოსებს, პოლიტიკისა და სოციალური მეცნიერებების და სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრის წარმომადგენლებს აღმოსავლეთ, ცენტრალური და დასავლეთ ევროპიდან ერთ სივრცეში უყრის თავს, რათა გააძლიეროს ევროპის უახლესი ისტორიის კრიტიკული გააზრება და მსჯელობა მეხსიერების პოლიტიკაზე. 2020 წელს რიგით მეცხრე ისტორიის ფორუმი ეძღვნება თემას - ქალები და მეხსიერება მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდგომ პერიოდში აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ისტორიის ფორუმზე დასწრების შემდეგ, 30 ივნისამდე ავტორმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ფორუმის ანგარიში, რომელიც ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.