მიუხედავად იმისა, რომ ეკოლოგიური ვითარებით გამოწვეული წინააღმდეგობები მძლავრ და ერთიან მწვანე მოძრაობად ჯერჯერობით არ გადაქცეულან, მათ ხელშესახები გავლენა აქვთ ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ეკოლოგიური პრობლემების სიმრავლეს და მათ ცენტრალურობას რამდენიმე გამოკითხვაც ცხადყოფს. მაგალითად, ერთი კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 90% ქალაქში გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას ემხრობა, ხოლო რეგიონებში ეკოლოგიური მდგომარეობა, სიღარიბესა და გზებთან ერთად, პრობლემებს შორის მთავარია. 2019 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ კიდევ ერთ კვლევაში გარემოს დაბინძურება თბილისში ყველაზე ხშირად დასახელებული პრობლემა აღმოჩნდა.
ამ პირობებში გასაკვირი არაა, რომ ეკოლოგიურ თემატიკას ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა ეხმაურება. მიმდინარე გარემოსდაცვით ბრძოლებში პარტიული პოლიტიკა მცირე, მეორეხარისხოვან როლს ასრულებს – პარტიების გამოჩენას ეკოლოგიური საკითხების გარშემო ორგანიზებულ აქციებზე ხშირად დაპირისპირება და უკმაყოფილება მოჰყვება ხოლმე, როგორც ეს ამ ზაფხულში რაჭაში მოხდა – და მწვანე წინააღმდეგობების მონაწილეები პარტიულ პოლიტიკას ეჭვის თვალით უყურებენ. მიუხედავად ამისა, პარტიები, მათ შორის, მმართველი „ქართული ოცნება“, მწვანე პოლიტიკის თავიანთ პროგრამებში ინტეგრირებას ცდილობენ, მათ მცდელობებზე დაკვირვება კი მათი მწვანე პოლიტიკური ცნობიერების უკეთ დანახვის საშუალებას გვაძლევს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 66 პარტია მიიღებს, რაც 2012 (18) და 2016 წლებში (25) დარეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტების რაოდენობას რამდენჯერმე აღემატება, თუმცა, მწვანე პოლიტიკის მიმართულებით რაოდენობრივ მატებას შინაარსობრივი გამრავალფეროვნება არ მოჰყოლია. პარტიების პროგრამების მწვანე ქვეთავები ერთმანეთისგან ძნელად გაირჩევა. გარემოს დაცვა ის იშვიათი სფეროა, სადაც „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიები ერთსა და იმავე ენაზე, დიდწილად ერთსა და იმავე დაპირებებს გასცემენ.
უფრო მეტიც, რთული წარმოსადგენია ამომრჩეველი, რომელიც განსხვავებული მწვანე დაპირებების მიღმა მათ გამცემ პარტიებს ამოიცნობს. მაგალითად, ერთ-ერთი პარტია ამომრჩეველს ქალაქებში „რეკრეაციული ზონების გაფართოებას“ სთავაზობს, მეორე კი – „საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნებას“. ეს დაპირებები, რომელთა გამცემი თანაბრად შესაძლებელია ნებისმიერი პარტია იყოს, გარემოს დაცვის პროგრამებში გავრცელებული „სანიტარიული“, პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი წინადადებების კარგი მაგალითებია. მსგავსი ექსპერიმენტი, ქართულ პარტიათა იდეოლოგიური ერთფეროვნებისა და ზედაპირულობის გამო, სავარაუდოდ, სხვა დაპირებების შემთხვევაშიც მსგავს შედეგს მოგცემს, მაგრამ თუ, მაგალითად, საპენსიო სისტემის რეფორმის შესახებ წინადადებებს მიღმა პარტიების ამოცნობა რთულია, მწვანე საკითხებზე ეს საერთოდ შეუძლებელია.
ურბანული პრობლემები – ჰაერი და მწვანე სივრცეები
პარტიების გარემოსდაცვით პროგრამებში ცენტრალურია ურბანული ეკოლოგიური პრობლემები – ჰაერის დაბინძურება, რეკრეაციული სივრცეების, გამწვანების ნაკლებობა. ეს, სავარაუდოდ, ამ საკითხების ინტენსიური გაშუქების და მათ გარშემო ორგანიზებული სოციალური მოძრაობების დამსახურებაა. მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა საგანგაშო სტატისტიკური მონაცემები საქართველოში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შესახებ – ერთი ასეთი სტატიის მიხედვით, საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ამასთან, ჰაერის დაბინძურების გარშემო მობილიზებული კამპანიები – განსაკუთრებით, რუსთავში მიმდინარე პროტესტების სერია „გავიგუდეთ“ – საკითხის გაშუქებას უზრუნველყოფს.
სავარაუდოა, რომ ჰაერის დაბინძურების ცენტრალურობას ხელს ისიც უწყობს, რომ რამდენიმე წლის წინ ამოქმედებული სახელმწიფო პორტალი ჰაერის ხარისხთან დაკავშირებულ მონაცემებს იოლად ხელმისაწვდომს ხდის ყველა დაინტერესებული პირისთვის. დღეს, საქართველოს მოქალაქეებს – მათ, ვინც იმ ზონებში ცხოვრობს, სადაც ჰაერის ხარისხის შესახებ მონაცემები გროვდება –ჰაერის დაბინძურების დონის გადამოწმება თავად შეუძლიათ. ეს მათ უფრო ინფორმირებულ დამკვირვებლებად აქცევს და პრობლემასაც უფრო მწვავედ და ადგილობრივად გამოკვეთს, ანუ სხვა მხრივ აბსტრაქტულ საკითხს ხელშესახებს და გაზომვადს ხდის.
პრობლემის სახელდება, მისი მონაცემებით გამყარება და მტკიცებულებების ხელმისაწვდომ ფორმატში თარგმნა ეკოლოგიური პრობლემის გარშემო პოლიტიკურ მობილიზებას შესამჩნევად აადვილებს. უფრო მეტიც, ეკოლოგიური მონაცემები, რომლებიც „თავის თავზე მეტყველებენ“, ხშირად მწვანე მოძრაობებს აძლევს ბიძგს. როგორც ჩანს, ასე ხდება საქართველოშიც, სადაც ჰაერის დაბინძურების გარშემო ორგანიზებული პროტესტი წლიდან წლამდე ძლიერდება. შემთხვევითი არც ისაა, რომ ზემოთ ნახსენები კამპანია რუსთავში, რომელსაც ადგილობრივი ჯგუფი „გავიგუდეთ“ აწყობს, ხშირად და ინტენსიურად იყენებს არსებულ მონაცემებს ჰაერის დაბინძურების შესახებ, მეტი მონაცების შეგროვების მოთხოვნასთან ერთად.
ურბანული პრობლემების ცენტრალურობას ისიც განაპირობებს, რომ პარტიები, საქართველოში, დიდწილად ურბანული ქსოვილის ნაწილია, პოლიტიკა კი ქალაქში, თბილისში იწარმოება. შესაბამისად, ისეთი საკითხები, რომლებიც ძირითადად სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს – მაგალითად, მდინარეებიდან ინერტული მასალის ამოღებასთან დაკავშირებული პრობლემები – პარტიების პროგრამებში ნაკლებად გვხვდება. ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად გამოთქმულ ინიციატივებს შორისაა საწვავის ხარისხის გაუმჯობესება („ლეიბორისტები“, „ქართული ოცნება“), სამშენებლო რეგულაციების გამკაცრება („ნაციონალური მოძრაობა“), ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წახალისება („ლელო“) და სხვა.
თითქმის ყველა პარტია ამომრჩეველს ქალაქებში მეტი პარკის გაშენებას, მეტი მწვანე ზონის მოწყობას, მეტი ხის დარგვას ჰპირდება. ეს დაპირებები ცხადყოფს, რომ როცა საქმე გარემოს დაცვას ეხება, პარტიებს ყველაზე მეტად იმ თემებზე უადვილდებათ ლაპარაკი, რომლებსაც მოწინააღმდეგე არ ჰყავს – ვის არ უნდა უნდოდეს უფრო მწვანე ქალაქები? ამ მიმართულებით უფრო საინტერესო იქნებოდა იმაზე საუბარი, თუ როგორ აპირებენ პარტიები თანამედროვე ქართულ ქალაქებში (რომლებმაც საჯარო სივრცეების პრივატიზების რამდენიმე ტალღა გაიარეს, სადაც დეველოპერული კომპანიების საქმიანობის გარემოსდაცვითი თუ სოციალური შედეგების შეფასების ინსტიტუციური მექანიზმები მორღვეული და გაუმჭირვალეა) მწვანე სივრცეების მოწყობას.
დაცული ტერიტორიები
ამომრჩეველს დაცული ტერიტორიების გაფართოებას სთავაზობენ „ევროპული საქართველო“, „ქართული ოცნება“, „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვები. ერთი შეხედვით, პარადოქსულია, რომ დენდროლოგიური სახელწოდებისა და ესთეტიკის მიუხედავად, ამ მიმართულებით ერთადერთი ეგზოტიკური პოზიცია „გირჩს“ აქვს, რომლის მიხედვითაც, „ქვეყნის მთელი ტყე-პარკი ვითომ სახელმწიფო საკუთრებაშია და რეალურად კი უპატრონოა, რომელსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობის პირთა ნებართვით თუ ლოცვა-კურთხევით ჩეხავს და ანადგურებს ის, ვინც მოცემულ მომენტში არის ხელისუფლებაში“. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მოსაზრების მიღმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტყის ფონდის პრივატიზების წინადადება იკითხება.
ეს დაპირება პოპულარულია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ის არაერთ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფს კვეთს. ამით ის ლეგოს ისეთ ნაწილს ჰგავს, რომელიც ბევრ სხვა ნაწილს ერგება. დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა ეხმიანება როგორც კონსერვატიულ განწყობებს ეროვნული ბუნების შენარჩუნებასთან დაკავშირებით, ისე მოდერნიზაციის დომინანტურ ხედვებს, სადაც ეკოტურიზმი და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების ჯაჭვები ცენტრალურია. ველური სივრცეების შენარჩუნება და მათი ტურისტული პოტენციალის ათვისება შესაძლოა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდეს, თუმცა პარტიების პროგრამებში ეს არ იგრძნობა. დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ამ ორი ფუნქციის შეთავსების ყველაზე კარგი მაგალითი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაა, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ვაწყდებით დაპირებას დაცული ტერიტოირების 185 000 ჰექტარით ზრდის და ვიზიტორთა რაოდენობის 100%-ით ზრდის შესახებ.
ენერგეტიკა
თუ არ ჩავთვლით „ლეიბორისტულ პარტიას“, რომელიც ამომრჩეველს დიდი ჰესების „საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას სთავაზობს“, პარტიების უმრავლესობა მასშტაბურ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს არც კი-ს ეუბნება და არც არა-ს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამაში ვკითხულობთ, რომ „ჰესების მშენებლობა უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში და მხოლოდ საერთაშორისო კვალიფიციური დასკვნის საფუძველზე“ მოხდება. მსგავსი ჩანაწერი გვხვდება „ლელოს“ პროგრამაშიც: „დიდი ჰესების მშენებლობა დაექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების ევროპულ სტანდარტს, რომელიც ძალაში შესვლამდე გამოქვეყნდება საყოველთაო, მათ შორის, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების განსახილველად“. „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსიც“ კი, რომლის წევრებსაც დიდ ჰესებთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები არაერთხელ გამოუთქვამთ, მცირე ჰესების განვითარებას „მეგაპროექტების პარალელურად“ აპირებს.
ენერგეტიკაზე საუბრისას, ჭარბობს ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების პრიორიტეტები, რაც ამ სფეროში მიმდინარე დისკუსიებისთვის არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ ზოგადადაც დამახასიათებელია. ენერგოსისტემის წინაშე არსებულ პრიორიტეტებს შორის, დარგის გეოპოლიტიკური განზომილების გამო, ენერგოდამოუკიდებლობა ხშირად ეკოლოგიურ მდგრადობაზე მეტ ყურადღებას იქცევს, თუმცა, ძირითადი პარტიების პროგრამები ჰიდრორესურსების ათვისების სახელმწიფო პოლიტიკას ვრცლად არც ამ მიმართულებით განიხილავენ. სიღრმისეული, სისტემური მიდგომის ნაცვლად, გვხვდება ენერგოდამოუკიდებლობის ძირითად მიზნად სახელდება და დაპირებები ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარების შესახებ.
✤✤✤
სხვადასხვა პარტიის პროგრამებში გაბნეული რამდენიმე პოზიცია გამოყოფას იმსახურებს. მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხაზს უსვამს ბოლნისში წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ რღვევას და მის მიზეზად კონკრეტული მომპოვებელი კომპანიის საქმიანობასაც ასახელებს. სამთომოპოვებითი და ინდუსტრიული წარმოების შედეგად მიღებული გარემოსდაცვითი ზიანი სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე ადგილობრივი საარჩევნო კამპანიის ნაწილია, თუმცა ეროვნულ დღის წესრიგში ეს საკითხი, სხვებთან შედარებით, იშვიათად ექცევა. წელს პარტიების პროგრამებში ხშირად გვხვდება ნარჩენების მართვის საკითხის განხილვაც (მაგალითად, „ლელოს“ და „ქართული ოცნების“ პროგრამებში). თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პრობლემა თანამედროვე საქართველოში მძიმე და გავრცელებულია, მისი საარჩევნო პროგრამებში მოხვედრა დროული და მისასალმებელია.
პარტიებს აერთიანებთ დაპირება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესახებ. „ევროპული საქართველო“, გამარჯვების შემთხვევაში, „საერთაშორისო, პირველ რიგში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას“ აპირებს. კანონმდებლობის დასავლურ მოდელებთან დაახლოებაზე ვკითხულობთ „ლელოს“ პროგრამაშიც: „ეკოლოგიური და ფიზიკური სისტემების სტაბილურობისთვის საჭიროა მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარება ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციით ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან“. ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება მეორდება „ქართული ოცნების“ გარემოსდაცვითი პროგრამის ყველა ნაწილშიც „რადიაციული ნარჩენების მართვის ევროპული სტანდარტებიდან“ – „საწარმოთა ევროპულ გარემოსდაცვით სტანდარტებამდე“.
ევროპული სტანდარტები და ასოცირების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული საკანონმდებლო ჰარმონიზაცია პარტიების გარემოსდაცვით პროგრამებში მიზანიცაა, საშუალებაც და მანტრაც, რომელიც მწვანე პოლიტიკის სხვა მხრივ ჩახლართული დილემებიდან პარტიებს იოლ გამოსავალს სთავაზობს. თუ არ იცი, რისი გაკეთებაა საჭირო და როგორ, შეგიძლია მიუთითო, რომ ყველაფერი ევროპული სტანდარტების მიხედვით მოხდება. საერთაშორისო სტანდარტების მოხმობის ეს ფუნქცია ყველაზე უკეთ ნახსენებ დარგში, ენერგეტიკაში ჩანს, სადაც პარტიებს, რომლებსაც პრინციპული ან სტრატეგიული ხედვა კონკრეტული ჰესების ან ზოგადად დიდი ჰესების შესახებ მკაფიო პოზიციის დაკავების საშუალებას არ აძლევს.
არანაკლებ საინტერესოა ის საკითხები, რაც პარტიების პროგრამებში ვერ მოხვდა. მაგალითად, პარტიები არ ეხმაურებიან წიაღისეულის პრივატიზაციის მიმდინარე მასშტაბურ ტალღას, რომელსაც საქართველოს რეგიონებში შეუქცევადი ლანდშაფტური ცვლილებებისა და ადგილობრივი ეკოსისტემების რღვევის გამოწვევა შეუძლია. ეს რისკები განსაკუთრებით მაღალია გამარტივებული ლიცენზირების პროცედურებისა და გარემოზე ზედამხედველობის არსებული სისტემის არაეფექტიანობის გამო. პარტიების პროგრამებში არაფერია ნახსენები ისეთი ფუნდამენტური სისტემური გამოწვევების თაობაზე, როგორიცაა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და მონიტორინგის არსებული მექანიზმების სისუსტე და გაუმართაობა, გარემოსდაცვითი ფუნქციების ბუნდოვანი და არასტაბილური გადანაწილება აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში.
პარტიები არ საუბრობენ არც პანდემიის პირობებში გაჩენილ რისკებზე. მაშინ, როცა სახელმწიფო, ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, ბუნებრივი რესურსების ათვისების ახალ და აგრესიულ ტალღას გეგმავს, პოლიტიკური სპექტრი მასზე არც საუბრობს და არც ალტერნატივებს გვთავაზობს. ეს იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ მოკლევადიანი ეკონომიკური მიზნებისთვის ბუნებრივი რესურსების მსხვერპლად შეწირვა დღეს იმდენად ნორმალიზებულია, რომ ამ ტენდენციას ვეღარც ამჩნევენ.
პარტიების პროგრამები ხშირად ასტიგმატურია – ადგილ-ადგილ დეტალური, მთელ რიგ თემებზე კი – ზედაპირული. მაგალითად, „ლელოს“ პროგრამაში ვკითხულობთ, რომ:
„ცხოველთა დაცვის პოლიტიკის არქონის გამო საქართველოში სულ უფრო იზრდება მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა, მძიმდება მათი მდგომარეობა, იზრდება საფრთხე მოსახლეობისთვის და მახინჯდება საზოგადოების აღქმა ცხოველთა მიმართ. წლების განმავლობაში უსახლკარო შინაური ცხოველების მექანიკური განადგურების მანკიერი პრაქტიკა პრობლემას უფრო ამძიმებს. ხელი მოეწერება შინაური ცხოველების დაცვის ევროპულ კონვენციას და მიღებული იქნება კანონი „შინაურ და მიუსაფარ ცხოველთა შესახებ“. საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა თავშესაფარი, რომელიც მიუსაფარ ცხოველთა ვაქცინაციას, სტერილიზაციას, კასტრაციასა და მკურნალობას უზრუნველყოფს. პატრონები ვალდებულები იქნებიან დაარეგისტრირონ თავიანთი ცხოველი შინაურ ბინადართა ბაზაში და იზრუნონ მათზე. ცხოველთა გამრავლების უფლება შემდგომ გასხვისების მიზნით ექნებათ მხოლოდ ლიცენზირებულ პირებს. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაინერგება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა ცხოველთან მოპყრობის შესახებ. გამკაცრდება სანქციები ცხოველთა მიმართ ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაზე“.
განახლებადი ენერგიის ნაწილში „ლელო“ უფრო ლაკონიურია – „ხელი შეეწყობა განახლებადი ენერგიების ფართოდ გამოყენებას“.
„ქართული ოცნების“ პროგრამაში რამდენიმე გვერდი ეთმობა ტყის ფონდს, დემოკრატიული გარემოსდაცვითი მმართველობის ნაწილი კი 5 მოკლე სიტყვათშეთანხმებით შემოიფარგლება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და საზოგადოების მონაწილეობის შესახებ.
მიზნებთან ერთად, საშუალებებზე საუბარი, პარტიების ეკოლოგიურ თემატიკასთან დაკავშირებული პოლიტიკური შინაარსის წაკითხვის შანსს მოგვცემდა, მის გარეშე კი ამომრჩეველს დაპირებების ერთმანეთისგან გარჩევა გაუჭირდება. როგორც ჩანს, მწვანე წინასაარჩევნო პროგრამებზეც მართალია ის, რასაც ჟურნალისტურ საქმიანობაზე ამბობენ ხოლმე – რაც არავის აწუხებს, ის არავის ამახსოვრდება.
და ბოლოს, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს „საქართველოს მწვანეთა პარტიაც“, რომელიც საქართველოში ერთადერთ მკვეთრად გამოხატული გარემოსდაცვითი პროფილის მქონე პარტიად რჩება. ამ პარტიას, ნაწილობრივ კოალიციური მთავრობების მხარდაჭერის გამო, პოლიტიკურ სპექტრზე თვითმყოფადი პოზიცია დიდი ხანია აღარ უჭირავს, ხოლო მწვანე მოძრაობებთან ან არარსებული, ან კონფლიქტური ურთიერთობა აქვს. არანაკლებ სამწუხაროა ისიც, რომ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის პოვნა, ამ ტექსტის მომზადებისას, ვერ შევძელით.
სტატიაზე მუშაობისას გამოვიყენეთ პარტიების მიერ გამოქვეყნებული პროგრამები და ვებ-გვერდი partiebi.ge