განვლილ, საარჩევნო გამოცდილებებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში გენდერული საკითხები იშვიათად და არსებობის შემთხვევაში, მხოლოდ ფორმალურადაა ხოლმე ასახული პოლიტიკური პარტიების მიერ შემოთავაზებულ პროგრამებში. პარტიები, როგორც წესი, არ ურთიერთობს ხოლმე, ქალ ამომრჩეველთან. მათი პროგრამებიც, ძირითადად, კაც ამომრჩეველზეა მორგებული.
იკითხე პოლიტიკა ორი ქალის ინიციატივაა. პროექტი თავის მთავარ მიზნად მკითხველში/ამომრჩეველში კრიტიკული პოლიტიკური აზროვნების ხელშეწყობას და პოლიტიკის, კრიტიკულად კითხვის წახალისებას ასახელებს.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, „იკითხე პოლიტიკა“ ეს არის თანამედროვე ქართული პოლიტიკის, კრიტიკული ანალიზი, ფემინისტური პერსპექტივიდან. პროექტის მიზანი 2020 წლის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებსა და საქმიანობაზე დაკვირვება იყო, ფემინისტური ლინზის საშუალებით.
ამ მიზნის უზრუნველსაყოფად, პროექტის საქმიანობა დაიყო ორ ძირითად ნაწილად:
პირველი ნაწილი დაეთმო წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას. უფრო ზუსტად, რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების მიერ, წინასაარჩევნოდ შემოთავაზებული პროგრამების, სამოქმედო გეგმის კვლევასა და ანალიზს, ფემინისტური, ინტერსექციური მიდგომის გამოყენებით.
მსგავსი მიდგომამ შექმნა შთაბეჭდილება იმის შესახებ, თუ გენდერულად რამდენად სენსიტიური იყო არჩევნებში მონაწილე თითოეული პარტია და, რაც მთავარია, რამდენად გეგმავდა თითოეული მათგანი- რეალური, ქალებზე მორგებული პოლიტიკის შექმნას, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება საქართველოში მცხოვრები ქალების (რომლებიც ამომრჩეველთა უმრავლესობას შეადგენენ) რეალური, ეკონომიკური და სოციალური საჭიროებები.
მეორე მხრივ, პროექტის ფარგლებში დაიგეგმა გაანალიზებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრები და კვლევისა და ანალიზის შედეგად მიღებული მთავარი მიგნებების განხილვა. ეს პირდაპირი განხილვის ფორმატი, ქმნის შესაძლებლობას, ყურადღება მიექცეს ქალებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ნაკლებადაა ასახული დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში.
ქალთა რეალური საჭიროებების გახმოვანება და აზრთა გაცვლა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, შესაძლოა, გახდეს გენდერული დემოკრატიის საკითხებზე და პოლიტიკის შექმნისას ქალთა რეალური საჭიროებების გათვალისწინების აუცილებლობის წინაპირობა.