პროგრამული პრიორიტეტები 2021-2023

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიზაციის პროცესს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც ქმნიან და აძლიერებენ ინკლუზიურ პოლიტიკურ გარემოს, რაც უზრუნველყოფს საჯარო მონაწილეობას დემოკრატიული განვითარების, სოციო-ეკოლოგიური ტრანსფორმაციის და გენდერული დამოკრატიის საკითხებზე სამუშაოდ.

დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების პროგრამული მიმართულების ფარგლებში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, პარტნიორებთან ერთად, საჯარო დისკურსში წინ წამოსწევს პლურალისტურ და კრიტიკულ მიდგომებს საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ისტორიის შესახებ. დისკუსიის სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორებიცაა ლექციები, გამოფენები და პუბლიკაციები, ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგის პლატფორმების ჩამოყალიბებას მეხსიერების პოლიტიკაზე სამსჯელოდ.

გენდერული დემოკრატიის კუთხით მუშაობა ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ფონდი აქტიურად უჭერს მხარს გენდერულ თანასწორობას, მათ შორის სოციო-ეკონომიკური განვითარების გენდერული ასპექტების წინ წამოწევას პოლიტიკურ და საჯარო დისკურსში.

მდგრადი ეკოლოგიური ტრანსფორმაცია ფონდის სამუშაო პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ფონდის პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ, რათა გარემოს დაცვის კუთხით არსებული მწვავე პრობლემები იქცეს საზოგადოებრივი და პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ასევე მხარს უჭერს დისკუსიებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის. ჩვენ ასევე ვუწყობთ ხელს კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის თემებზე დიალოგის პლატფორმების ჩამოყალიბებას.

2021-2023 წლებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეუძლიათ წარმოადგინონ განაცხადები ქვემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების კუთხით:

  • მეხსიერების პოლიტიკა;
  • ახალგაზრდებში მწვანე საკითხების აქტუალიზება;
  • დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო საზოგადოება;
  • კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები;
  • გენდერული დემოკრატია (ძირითადი ფოკუსი: ზრუნვის ეკონომიკა და ფემინისტური და ქვიარ აქტორების გაძლიერება);
  • მდგრადი ეკოლოგიური ტრანსფორმაცია.

განაცხადების გამოგზავნა შეგიძლიათ ყოველწლიურად, ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში. გთხოვთ, იხილოთ განაცხადის ფორმები აქ: