განცხადება სტიპენდიის შესახებ

სტიპენდიის შესახებ განცხადება

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის 2021-2022 სასწავლო წლის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული მაქსიმუმ ორი სტუდენტისთვის აწესებს სტიპენდიას. სტიპენდიის მოცულობა განისაზღვრება თვეში 400 ევროს ექვივალენტით ლარში და შესაძლოა გაგრძელდეს სამი წლის განმავლობაში.

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა, რომლებსაც სურთ სტიპენდიის მოპოვება, შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, მოკლე განაცხადი თავიანთი საკვლევი თემის შესახებ და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე. განცხადებების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 13 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზეinfo@ge.boell.org, სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: სასტიპენდიო პროგრამა დოქტორანტურის სტუდენტებისთვის. ზეპირი გასაუბრებები (ონლაინ, პლატფორმა ზუმის მეშვეობით) ჩატარდება 23-30 სექტემბრის შუალედში.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • დაინტერესებული აპლიკანტები უნდა იყვნენ საქართველოს, სომხეთის ან აზერბაიჯანის მოქალაქეები;
  •  დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა დაასაბუთონ სამოტივაციო წერილში (1-2 გვერდი) თავიანთი ინტერესი და საჭიროება სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, ასევე მიუთითონ, თუ როგორ უკავშირდება მათი სადოქტორო კვლევითი პროექტი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ძირითად თემატურ სამუშაო მიმართულებებს  და ასევე აღწერონ, როგორ დაეხმარება მათ აღნიშნული სტიპენდია მომავალ აკადემიურ კარიერაში;

აპლიკანტები არ შეიძლება იყვნენ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და/ან ფონდის ყოფილი სტიპენდიატები.

სტიპენდიის პროგრამაში შერჩეული აპლიკანტები ვალდებული იქნებიან, შეასრულონ ყველა ის მოთხოვნა, რომლებიც განსაზღვრულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. სტიპენდიის განახლება დამოკიდებული იქნება სტიპენდიანტის მიერ ყოველწლიურად სადოქტორო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისობის შესრულებასა და აკადემიურ მოსწრებაზე. სტიპენდიატები ასევე ვალდებულები იქნებიან წარმოადგინონ ყოველწლიური ანგარიში, რომელიც უკავშირდება მათ საველე კვლევას ან წარმოადგინონ აკადემიური სტატია, რომელიც გამოქვეყნდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ვებგვერდზე. გარდა ამისა, სასურველია,  სტიპენდიატებმა მონაწილეობა მიიღონ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებსა ან კონფერენციებში.