რუსთავი ინდუსტრიული ქარხნების ირგვლივ გაშენებული პატარა ქალაქია, სადაც 130 ათას ადამიანამდე ცხოვრობს.
რუსთაველების ყოველი დილა დაბინძურებული ჰაერის სუნთქვით იწყება. შეღამებისას კი, ქალაქს ქარხნების გამონაბოლქვისგან ფიგურებად გამოკვეთილი შავი ღრუბლები ეფარება.
2018 წელს რუსთავის ერთ-ერთი ქარხნის კედელზე ნიკა მუსერიძემ და მისმა მეგობრებმა "გავიგუდეთ" დაწერეს. მაშინ ეს წარწერა იყო რეაქცია იმ უპასუხო კითხვებზე, რომელიც ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ქარხნების ადამინისტრაციასთან და ქალაქის მმართველობასთან ჰქონდათ. დღეს "გავიგუდეთ" მოძრაობაა. მწვანე მოძრაობა სუფთა ჰაერისთვის, სიცოცხლისთვის, ქალაქისთვის.
თიკო მაღედანის და ნიკა მუსერიძის ყოველი დღე, რუსთავში ჰაერის დაბინძურების შემოწმებით იწყება. მოძრაობა და აქტივიზმი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
ეს ვიდეო არის მცდელობა გაჩვენოთ თუ რა ხდება რუსთავში და თუ როგორია ცხოვრება და ბრძოლა გადარჩენისთვის დაბინძურებული ჰაერის ნისლში.