ყდა: არაფორმალური სამოქალაქო ჯგუფების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

არაფორმალური სამოქალაქო ჯგუფების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში

კვლევა - არაფორმალური სამოქალაქო ჯგუფების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მწვანე აკადემიის მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში მომზადდა. 

სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა წარმომადგენლობითი დემოკრატიული სისტემების ჩამოყალიბებისა და მდგრადი განვითარებისთვის დიდი ხანია ეჭვს აღარ იწვევს. ცივი ომის შემდგომ საზოგადოებებში, რომლებიც დემოკრატიული ტრანზიციის პროცესში არიან, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სამოქალაქო საზოგადოების იდეა კვლავ გააქტიურდა და მოექცა როგორც მკვლევრების, ისე გადაწყვეტილებების მიმღებებისა და განვითარების ეროვნული თუ საერთაშორისო სააგენტოების ყურადღების ცენტრში (Lewis, 2014). ეს პროცესი, ერთი მხრივ, ეფუძნებოდა დაშვებას, რომ სამოქალაქო სექტორს შეუძლია სხვადასხვა ფორმით შეუწყოს ხელი დემოკრატიასა და განვითარებას, მათ შორის, მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისი პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავების ხელშეწყობის, ეფექტიანი იმპლემენტაციისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით (Puig, 2016). მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოება მოიაზრებოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციისა და ბაზარზე ჭარბი დამოკიდებულების მავნე პრაქტიკის ალტერნატივად, „ჯადოსნურ“ ინგრედიენტად, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოსა და ბაზრის „მარცხის“ გამოსწორება, და საზოგადოებრივ კოჰეზიასა და კაპიტალიზმს შორის დაძაბულობის შერბილება (Edwards, 2011).

მიუხედავად ფორმების მრავალგვარობისა, ბევრ განვითარებად ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ძირითად ბირთვად იქცა ფორმალური, ინსტიტუციონალიზებული სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც, ძირითადად რესურსდამოკიდებულების გამო, დასავლური დონორების დღის წესრიგზე არიან დამოკიდებულნი, და გახდნენ კიდეც არაერთი მკვლევრის კრიტიკის საგანი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ დონორებსა და სამოქალაქო პარტნიორებს შორის ასეთი ურთიერთობა ჰეგემონიური ურთიერთობების კვლავწარმოებას უწყობს ხელს (Mohan & Stokke, 2000).

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოში ინფორმაცია მწირია, ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები ვერ პასუხობენ მოსახლეობისა თუ ადგილობრივი თემების პირდაპირ საჭიროებებს, ვერ რთავენ საზოგადოებას საკუთარ საქმიანობაში და, შესაბამისად, საზოგადოების ნდობა მათ მიმართ დაბალია (EMWI-ACCESS &CTC, 2016; Puig, 2016). მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორი თითქმის მთლიანად დონორების დაფინანსებაზეა დამოკიდებული, თუკი დედაქალაქში ფუნქციონირებადი ორგანიზაციები, მეტწილად, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის საკითხების ადვოკატირებასა და ლობირებაზე არიან კონცენტრირებულნი, და ნაკლები კომუნიკაცია აქვთ მოქალაქეებთან, ადგილობრივ ორგანიზაციებს შედარებით მეტი პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ მოქალაქეებსა და ბენეფიციარებთან, და მეტად არიან ორიენტირებულნი სერვისების მიწოდებასა და თემის განვითარებაზე (ibid.). ხსენებული მიმართულების გასაძლიერებლად, ბოლო პერიოდში, როგორც ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაიწყეს სათემო საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბება გარკვეული პროგრამებისა თუ პროექტების ფარგლებში. ამის მაგალითებია, ქალთა თვითდახმარების ჯგუფები (ჩამოყალიბებული ფონდ „ტასოსა“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით), ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (ჩამოყალიბებული ევროკავშირის მხარდაჭერით), ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფები (ჩამოყალიბებული ევროპის ფონდის მხარდაჭერით) და სხვა. ბოლო ათწლეულში გაჩნდა სამოქალაქო მოძრაობების არაერთი მაგალითიც (ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით თუ კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად გაჩენილი საპროტესტო მოძრაობები და სხვა), როდესაც მოქალაქეთა ჯგუფები ორგანიზებულად ცდილობდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ სოციალურ-ეკონომიკური ჩაგვრისა თუ განვითარების ისეთი ინიციატივებისთვის, რომელიც არ იყო გამჭვირვალე, რომელზე მსჯელობაც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე მიმდინარეობდა, და რომელშიც უგულებელყოფილი იყო კეთილდღეობის, კულტურული და გარემოსდაცვითი ასპექტები (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, 2017).

ამ ფონზე, როდესაც მართალია მწირი, მაგრამ მაინც გარკვეული ცოდნა არსებობს არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო და სათემო მოძრაობებზე საქართველოში, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში თემის მონაწილეობაზე, იმ სამოქალაქო ჯგუფების მონაწილეობაზე, რომლებიც ინსტიტუციონალიზებული ორგანიზაციების დღის წესრიგისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ, თითქმის არაფერია ცნობილი. ეს ჯგუფები ნაკლებად გამოკვლეულია არა მარტო საქართველოში, არამედ მის გარეთაც. სამოქალაქო საზოგადოების მკვლევრებს ხშირად აკრიტიკებენ სამოქალაქო საზოგადოების არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიგივებისა და კონტექსტის ანალიზს დაშორებული კვლევის გამო, მაშინ როდესაც სამოქალაქო საზოგადოება მოიცავს მრავალფეროვან აქტორებს, მათ შორის, არაფორმალურ ჯგუფებს, სოციალურ მოძრაობებსა და ქსელებს, რომლებიც არაერთ ბრძოლაში არიან ჩაბმულნი ჰეგემონიების წინააღმდეგ (Kontinen & Millstein, 2017). არაფორმალურ სამოქალაქო ჯგუფებზე ინფორმაციის ნაკლებობა იმითაც არის გამოწვეული, რომ ასეთი ჯგუფების იდენტიფიცირება რთულია და ამის გამო, ლიტერატურაში არაფორმალური სამოქალაქო ჯგუფები ასოცირდება „შავ ყუთთან“ (Puig, 2016), „ბნელ მატერიასთან“ (Smith, 1997b) და სხვა.

ბოლო ათწლეულში საქართველოში სოციალური მოძრაობების შესწავლისას ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს სოციალური ისტორია იკარგება, რადგან ისტორიკოსები, ანთროპოლოგები, სოციოლოგები, პოლიტოლოგები და სხვანი, ვინც მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს შეისწავლიდნენ, ვერ ახერხებდნენ მარგინალიზებული აქტორების, მოძრაობების, პროცესების შესწავლას (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, 2017). მსგავსად, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, ჩვენთვის უცნობია არაფორმალური სამოქალაქო ჯგუფები და მათი საქმიანობა თემის დონეზე, რადგან ის მწირი კვლევაც კი, რაც სამოქალაქო სექტორის გარშემო არსებობს, კვლევის არეალში მხოლოდ ინსტიტუციონალიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოიაზრებს.

არაფორმალური სამოქალაქო ჯგუფების გარშემო ცოდნის დეფიციტის მცირედით მაინც აღმოფხვრის მიზნით, წინამდებარე კვლევა შეისწავლის არაფორმალური სამოქალაქო ჯგუფების ურთიერთობას თემთან და მათ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უფრო კონკრეტულად, კვლევის ამოცანაა, გააანალიზოს:
 • რა მიზეზები განაპირობებს არაფორმალური სათემო ჯგუფების აღმოცენებას;
 • რამდენად წარმოადგენენ არაფორმალური სათემო ჯგუფები თემის ინტერესებსა და საჭიროებებს და ქმნიან სივრცეებს სამოქალაქო მონაწილეობისთვის;
 • რა არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სათემო მონაწილეობის ხელის შემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორები;
 • რამდენად ახდენს გავლენას ჯგუფის მახასიათებლები და ჯგუფის ფორმის ცვლილება თემსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე.

თვისებრივი მეთოდების გამოყენებით, წინამდებარე ნაშრომი ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში თემის ჩართულობას სწავლობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში შშმ) პირების საკითხებზე მომუშავე არაფორმალური ადგილობრივი სათემო ჯგუფების მაგალითზე, ვინაიდან, შშმ პირები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია საქართველოში და გამოცდილება აჩვენებს, რომ ხშირად შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფები ფორმალურ ორგანიზაციებს აყალიბებენ, რათა უკეთ ჩართონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ან მათი მშობლები/მზრუნველები გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კვლევას აქვს აკადემიური მნიშვნელობა იმ თვალსაზრისით, რომ ცდილობს იმ ჯგუფებისა და ცნებების ოპერაციონალიზაციას და, შესაბამისად, ემპირიული კვლევის ჩარჩოებში მოქცევას, რომლებიც აქამდე, დიდწილად, ამ ჩარჩოების მიღმა იყვნენ და, შესაბამისად, მათზე ცოდნაც მწირია. მეორე, რამდენადაც შეისწავლის ადგილობრივ ხელისუფლებაში სამოქალაქო მონაწილეობის ხელის შემწყობ და ხელის შემშლელ ფაქტორებს, კვლევას შეიძლება ჰქონდეს პრაქტიკული მნიშვნელობა იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც განიზრახავენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობას თემის ინტერესების გატარების მიზნით.

ნაშრომის პირველ თავში მიმოხილულია სამოქალაქო მონაწილეობის გამოცდილება და მექანიზმები საქართველოში. მეორე თავში მიმოხილულია სათემო ორგანიზაციების მნიშვნელობის, მათი აღმოცენების მიზეზების, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობის გარშემო არსებული თეორიული მიდგომები. მესამე თავში განხილულია კვლევის მიდგომები და მეთოდოლოგია. მეოთხე თავში წარმოდგენილია კვლევის მიგნებები, რომელიც გაანალიზებულია წინარე გამოცდილებასთან, საქართველოს კონტექსტში არსებულ დაკვირვებებსა თუ თეორიულ მიდგომებთან მიმართებით. დასკვნითი ნაწილი კი აჯამებს კვლევის შედეგებს.

Product details
Date of Publication
2022
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი
Number of Pages
41
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
Table of contents

შესავალი - 4
სამოქალაქო მონაწილეობის გამოცდილება და მექანიზმები საქართველოში - 7 
სათემო ორგანიზაციები და მონაწილეობა თემის განვითარებაში - 10 
კვლევის დიზაინი -15
  საკვლევი შემთხვევის შერჩევა - 15
  ოპერაციონალიზაცია - 15
  მონაცემთა შეგროვება და ანალიზი - 16
  კვლევის სანდოობა, ვალიდობა და შეზღუდვები - 18
კვლევის მიზნები  - 19
  საინიციატივო ჯგუფების მახასიათებლები და მათი აღმოცენების მიზეზები - 19
  საინიციატივო ჯგუფების ურთიერთობა თემთან - 23
  საინიციატივო ჯგუფების ურთიერთობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან - 27
განვილვა და დასკვნები - 35
ბიბლიოგრაფია 39