ავტობუსის მძღოლი ქალი, ილუსტრაცია

ქალები მასკულინურ პროფესიებში

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები

თანამედროვე პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის გამოწვევათა შორისაა გენდერულად სეგრეგირებული შრომა და გენდერული უთანასწორობა. საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების პოლიტიკა გენდერული მეინსტრიმინგით ცდილობს უთანასწორობის აღმოფხვრას. საქართველოში პრობლემად რჩება პროფესიების მასკულინურად მონიშვნა და ქალების გარიყვა შრომის ბაზრიდან, გენდერული სახელფასო სხვაობა და შრომის უთანასწორო განაწილება. შედეგად, ქალების მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს კაცებით დომინირებულ სფეროებში ადგილის დამკვიდრებას.

პროფესიული სეგრეგაცია გენდერის მიხედვით შესაძლოა იყოს ჰორიზონტალური ან ვერტიკალური. ჰორიზონტალური სეგრეგაცია გულისხმობს სქესის მიხედვით გამიჯნული პროფესიების არსებობას (Wright, 2016, 18). საქართველოში ჰორიზონტალური გენდერული სეგრეგაცია დაბალ და საშუალო დონეებს შორის მერყეობს (გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 2020, 47-48). გლობალურად ჰორიზონტალური სეგრეგაციის მაღალი დონით გამოირჩევა ტრანსპორტის სექტორი (International Labour Office, 2013), ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი (საქსტატი, 2022, 70).

თბილისის მუნიციპალიტეტში, დღეს, 1725 დაქირავებული მძღოლიდან მხოლოდ 29 ქალია (0.016%). თბილისის სატრანსპორტო კომპანია ტრანსპორტის სექტორში ჰორიზონტალური სეგრეგაციის აღმოსაფხვრელად 2016 წლიდან გენდერულად ინკლუზიურ ცვლილებებს ახორციელებს. „თბილისის ავტობუსის პროექტის“ (2016) ფარგლებში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებაა, კომპანიამ 25 ქალი დაასაქმა ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე. ამის მიუხედავად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორი კვლავ კაცებით დომინირებულ სექტორად და მასკულინურ სფეროდ რჩება.

ბოლო დროს უფრო და უფრო აქტუალური ხდება ტრანსპორტში გენდერულად ინკლუზიური პოლიტიკის წარმოება. თუმცა, ამის მიუხედავად, გლობალურად, მათ შორის საქართველოში, თითქმის არ მოიპოვება თვისებრივი მეთოდოლოგიის საფუძველზე შექმნილი აკადემიური ნაშრომები, რომლებიც შეისწავლიან გენდერულად სეგრეგირებულ, მასკულინურ, ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქალ მძღოლთა გამოცდილებებს და იმ ხილულ თუ უხილავ სირთულეებს, რომლებსაც ისინი აწყდებიან. წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქალ მძღოლთა გამოცდილებების შესწავლას. მიზნის მისაღწევად დავისახე შემდეგი ამოცანები:

• შევისწავლე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქალ მძღოლთა დასაქმების მიზეზები და მოტივაცია;

• გავაანალიზე და აღვწერე ბარიერები, რომელსაც ქალები ტრანსპორტის სექტორში დასაქმებისას აწყდებიან;

• შევისწავლე საერთაშორისო დონორების როლი სახელმწიფოს მიერ თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის შემუშავებაში;

• გავაანალიზე კაცებით დომინირებულ, მასკულინურ სფეროში ქალთა სამუშაო გამოცდილებების სპეციფიკა და შექმნილი სამუშაო პირობები.

 

Product details
Date of Publication
2023
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი
Number of Pages
27
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
Table of contents

შესავალი 4

მეთოდოლოგია 5

თეორიული ჩარჩო 6

მასკულინობა 6

ევროპეიზაცია და გენდერული თანასწორობა 7

ლიტერატურის მიმოხილვა 8

დასაქმების სფეროს გენდერული სეგრეგაცია საქართველოში 11

შედეგები და განხილვა 13

წარსული პროფესიული გამოცდილებები 13

დასაქმება „თბილისის ავტობუსის პროექტით“ და ინდივიდუალური ძალისხმევა 14

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლად დასაქმების მიზეზები 15

საზოგადოება და ქალებისთვის „არაკონვენციური“ პროფესია 16

სამსახურებრივი გამოცდილების სპეციფიკა და პირველი დაბრკოლებები 17

სამსახურებრივი ურთიერთობა თანამშრომლებთან 19

ტრანსფორმაციის ბიძგები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის

პროფესიაში 19

შინშრომა, თავისუფალი დრო, და უდროობა 20

მძღოლის პროფესიის ალტერნატიული მნიშვნელობა 21

დასკვნა 23

გამოყენებული ლიტერატურა 24