ავტორიტარული კონსოლიდაციის (გეო)პოლიტიკური ეკონომიკა საქართველოში: უცხოური გავლენის კანონის განზომილებები

სტატიაში განხილულია „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ იქნა მიღებული, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ხმამაღალი პროტესტის მიუხედავად. ავტორი საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერებას ეკონომიკური განვითარების მოდელის კონტექსტში განიხილავს. სტატია აანალიზებს კანონის შესაძლო შედეგებს ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ვალზე დაფუძნებული განვითარების რეჟიმისთვის, ხაზს უსვამს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების როლს და ეჭვქვეშ აყენებს მთავრობის მიზანს სუვერენიტეტის გაძლიერების შესახებ.

Კითხვის დრო: 14 წუთი
PHOTO FROM TBILISI PROTEST BY VAKHO KARELI

სუვერენიტეტისკენ სწრაფვა?

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ, ამ გაზაფხულს საქართველოში დიდი სამოქალაქო პროტესტი გამოიწვია, რის შედეგადაც ორი თვის განმავლობაში ქუჩაში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. ქართველი სტუდენტები, სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, სოციალური მოძრაობები, პროფკავშირები და ფართო საზოგადოება კანონს კონტროლისა და რეპრესიების სამართლებრივ ინსტრუმენტად აღიქვამენ და აპროტესტებენ მთავრობის მცდელობას, იგი მხოლოდ არაკომერციული და მედიაორგანიზაციების დაფინანსებების გამჭვირვალობის გაუმჯობესების საშუალებად წარმოაჩინოს. კანონს, რომელიც მთავრობამ ჯერ კიდევ გასულ წელს წარმოადგინა, ოპონენტებმა „რუსული კანონი“ შეარქვეს და მას შემდეგ ხშირად ასე მოიხსენიებენ. რუსულობაში აქ იგულისხმება არა მხოლოდ ამ კანონის მსგავსება მის რუსულ ვერსიასთან, არამედ ავტორიტარული სახელმწიფოს კრიტიკა, რომლის განმტკიცებასაც ახდენს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. გარდა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს გააჩუმოს მისი პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტორები და თვალთვალისა და დემორალიზაციის სამართლებრივი მექანიზმების დანერგვით გააძლიეროს საკუთარი ძალაუფლება, ის ნათლად მიანიშნებს გეოპოლიტიკური კურსის ცვლილებაზეც. მთავრობა ღიად აკრიტიკებს აშშ-ისა და ევროკავშირის ჩართულობას საქართველოს საქმეებში, სუვერენიტეტის აღდგენის სახელით.  ამავდროულად, ცვლილებაზე მიანიშნებს ალიანსების გაძლიერება ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა: უნგრეთი, ჩინეთი, რუსეთი და ირანი. ამგვარად, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მიიტაცოს და თავის ინსტრუმენტად გამოიყენოს სუვერენიტეტის კონცეფცია, შიდა და გარე პოლიტიკაში ცვლილებების ლეგიტიმაციისთვის. თუმცა, მთავრობას სუვერენიტეტი ესმის არა როგორც ავტონომიის მოპოვება პოლიტიკის შემუშავებაში და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებისთვის მოქმედება, არამედ როგორც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ისტორიული იმპერიული ძალისკენ (იგულისხმება: რუსეთი) შებრუნება და ბევრის, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, ნების წინააღმდეგ მოქმედება.

სუვერენიტეტის ინსტრუმენტალიზაციას არა მხოლოდ (გეო)პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური საფუძველიც აქვს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას სჭირდება „სათანადო“ ეკონომიკური საფუძველი, რომელსაც პოლიტიკური ძალაუფლება დაეყრდნობა. ერთი მხრივ, მთავრობის მხარდამჭერი მედიასაშუალებები და სამოქალაქო საზოგადოების აქტორები ადანაშაულებენ ევროკავშირსა და ამერიკას საქართველოს ეკონომიკის განვითარების არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, ხოლო, მეორე მხრივ, ეკონომიკური სუვერენიტეტი გამოიყენება მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციისთვის, ნებართვა მისცეს ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმს ანაკლიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად.  საქმე ის კი არ არის, რომ დასავლეთის მიმართ ეს კრიტიკა არალეგიტიმურია ან, რომ ეკონომიკური სუვერენიტეტი ცუდია, არამედ ის, რომ სუვერენიტეტის არასწორი ფორმულირება პოპულისტურ მიზნებს ემსახურება ავტორიტარიზმის გასამტკიცებლად. ბუნდოვანია, როგორ შეუძლია საქართველოს პერიფერიულ ეკონომიკას, რუსული კაპიტალით კონტროლირებადი სტრატეგიული ინფრასტრუქტურით (მაგ. ჰიდროელექტროსადგურები, ბუნებრივი რესურსები), თავი დააღწიოს უცხოურ კაპიტალსა და ვალზე დამოკიდებული განვითარების მოდელს, და მიაღწიოს რაიმე ხარისხის ეკონომიკურ სუვერენიტეტს მხოლოდ უცხოური კაპიტალის წყაროების შეცვლით. წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერების მცდელობის ფართო სურათის წარმოჩენას, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოდელისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობების გათვალისწინებით.

პერიფერიული ეკონომიკის ანატომია და კანონის მყისიერი შედეგები

საქართველოს მცირე და ღია ეკონომიკა  აქვს, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია მომსახურების სფეროზე. ეკონომიკურ ზრდაში მთავარ როლს ტურიზმი, საფინანსო, უძრავი ქონებისა და სამშენებლო სექტორები ასრულებენ. საქართველოს ეკონომიკა სტრუქტურული ეკონომიკური რისკების წინაშე დგას, უცხოურ კაპიტალზე, უცხოურ ვალუტასა და უცხოურ საქონელზე სამმაგი დამოკიდებულების გამო. ამ დამოკიდებულების მიზეზებს საქართველოს პოსტსოციალისტური ტრანზიციის ისტორია უდევს საფუძველად. შოკურმა თერაპიამ და ვაშინგტონის კონსენსუსზე დაფუძნებულმა ბაზრის რეფორმებმა, ადრეული ლიბერალიზაციის პოლიტიკებმა, წარმოების და სოფლის მეურნეობის აღდგენის დაფინანსების ნაკლებობამ გარდაუვალი გახადა საქართველოს ეკონომიკის განუვითარებლობა და მისი ზემოაღნიშნულ დამოკიდებულებებში გამოხატული პერიფერიულობა. 

შემდგომ ეტაპზეც კი, მას შემდეგ, რაც საქართველომ მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარკვეულ დონეს, უცხოური კაპიტალის უმეტესი ნაწილი საფინანსო სექტორის, უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და კომუნიკაციებისკენ იყო მიმართული, რის გამოც ეკონომიკის ე.წ. რეალური სექტორები განუვითარებელი დარჩა და საექსპორტო საქონლის სტრუქტურა განადგურდა. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული სექტორები ეკონომიკური ზრდის მამოძრავებლად გადაიქცა, გაიზარდა საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება კაპიტალის უწყვეტ შემოდინებაზე. მეტიც, ვარდების რევოლუციის შემდგომმა ეკონომიკურმა ზრდამ სიღარიბე და შემოსავლების უთანასწორობა მნიშვნელოვნად ვერ შეამცირა.. უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებულების რისკებთან ერთად, შემაშფოთებელია ქვეყანაში რუსული კაპიტალის არსებობა. რუსული ბიზნესები კარგად არის წარმოდგენილი ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, მძიმე მრეწველობა და ტრანსპორტი. რუსეთის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე კიდევ უფრო გაიზარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კაპიტალის შემოდინების (უძრავი ქონება და საფინანსო სექტორი) და საქართველოში რუს ემიგრანტებზე გადარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდის, ასევე რუსული ბიზნესის რეგისტრაციის თვალსაზრისით. რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები ასევე გააქტიურდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რადგან იზრდება როგორც იმპორტის მოცულობა (მთლიანი იმპორტის 12%), ასევე ექსპორტი (მთლიანი ექსპორტის 12%).

უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებულება გამოიხატება არა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (მშპ-ს 8.6%) და ფულადი გზავნილების (მშპ-ს 15%) მნიშვნელობაში ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის სტაბილურობისთვის, არამედ საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დასაფინანსებლადაც. ამასთან, უცხოური კაპიტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ფინანსურ სექტორშიც, სადაც ბანკების უმეტესი ნაწილი უცხოელი აქციონერების (როგორც ინდივიდუალური, ასევე ინსტიტუციური ინვესტორების) საკუთრებაშია. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს უცხოური კაპიტალის შემოდინებაზე და, შესაბამისად, ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კანონის მოსმენებმა მყისიერი უარყოფითი გავლენა მოახდინა ორი უმსხვილესი ბანკის აქციების ფასებზე. იმის მიუხედავად, რომ ამ ოლიგოპოლისტური ბანკების გასაკრიტიკებლად რიგი მიზეზები არსებობს, საქართველოს ეკონომიკა მათზე ძლიერ არის დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, არავის ინტერესში არ შედის ამ ბანკების დასუსტება ან მათი რეპუტაციის შელახვა, რადგან ეს, საბოლოო ჯამში, მთელი ეკონომიკის კოლაფსს ნიშნავს. მეტიც, კანონის მიღება დამატებით ზეწოლას უქმნის არასამთავრობო სექტორში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, მედიასა და სხვა სექტორებში დასაქმებულებს. კანონი მათ ემიგრაციაში წასვლისკენ უბიძგებს, რადგან ვიწროვდება კრიტიკული სივრცეები და ამ ადამიანებისთვის სულ უფრო რთულდება პროფესიული ცხოვრების გაგრძელება. მართალია, ეს გაზრდის ფულადი გზავნილების მოცულობას, მაგრამ ზიანი მიადგება ქვეყნის განვითარებას, ტვინების და კრიტიკული ხმების გადინების გამო.

უცხოური განვითარების ბანკებზე დამოკიდებულება და მათი რეაგირება კანონზე

საქართველოს საგარეო კაპიტალზე დამოკიდებულების კიდევ ერთი განზომილება მისი საგარეო ვალია, რომელიც მთლიანი სახელმწიფო ვალის 75%-ს შეადგენს. საგარეო ვალის ნახევარზე მეტი ევროპისა და ამერიკის განვითარების ბანკებზე (EBRD, EIB, IBRD), საფრანგეთსა და გერმანიაზე მოდის, ხოლო 43% – აზიის განვითარების ბანკზე (ADB). ამ თანხის უმეტესი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტის, ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე საბანკო სექტორისა და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას ხმარდება. ამრიგად, განვითარების ბანკები ამ თანავარსკვლავედში განსაკუთრებით მძლავრ პოზიციაზე არიან და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მომავალი გადაჯაჭვულია მსოფლიო ბანკის ჯგუფის, ADB-ის ან EBRD-ის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან. ჯერჯერობით უცნობია, განვითარების ბანკები საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გააგრძელებენ და  მას ავტორიტარული მმართველობის სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარებიან თუ სესხების გაცემას შეწყვეტენ.

Bankwatch-მა მაისის შუა რიცხვებში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სივრცეების დავიწროების გამო და იმედს იტოვებს, რომ განვითარების ბანკები (EBRD, ADB) და მსოფლიო ბანკის ჯგუფი, ესკალაციის შემთხვევაში, შეწყვეტენ საჯარო პროექტების დაფინანსებას საქართველოში, რათა ამ მთავრობას არ მისცენ თავისი ძალაუფლების გამყარების საშუალება. საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან განმარტებები ამ დრომდე არ გაკეთებულა. მაისის დასაწყისში EBRD-მა გამოთქვა შეშფოთება კანონთან დაკავშირებით, რომ ეს დააზარალებს საქართველოს ეკონომიკას საინვესტიციო კლიმატის გაუარესების კუთხით, მაგრამ თავიანთ სესხებზე არაფერი უხსენებიათ. ამას მოჰყვა  EBRD-ის რეგიონული დირექტორის განცხადება, რომ EBRD აკვირდება მიმდინარე ვითარებას და იმედოვნებს, რომ გააგრძელებს საქართველოში ენერგეტიკის, საბანკო სექტორისა და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას. ფრთხილი იყო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის განცხადებაც, რომელიც გამოხატავდა შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველო მსოფლიო პრესაში ნეგატიური სათაურებით გამოჩნდა, მაგრამ არავითარი გაფრთხილება არ გაუკეთებია მომავალი დაფინანსების შესახებ.

უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებული რისკები

საქართველოს ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული უცხოურ ვალუტაზე, რაც აისახება სესხების (45%) და დეპოზიტების (51%) არაოფიციალური დოლარიზაციის მაღალ დონეში. მიუხედავად იმისა, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი ბოლო წლებში მცირდება, შინამეურნეობებისა და ბიზნესის დავალიანება უცხოურ ვალუტაში მაინც მაღალია. ასევე დოლარიზებულია მთლიანი საგარეო სახელმწიფო ვალის 88%-ზე მეტი. შესაბამისად, გაცვლითი კურსის მერყეობა მნიშვნელოვან რისკს უქმნის შინამეურნეობებს, ბიზნესებსა და მთავრობას, არა მხოლოდ მათი ვალის ტვირთის გაზრდის კუთხით, არამედ ფასებზე ლარის გაუფასურების გავლენის გამოც. კანონის მიღების დღიდან, ქართული ლარი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ კარგავს თავის ღირებულებას და კურსის დასასტაბილურებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს 167 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია. თუმცა, თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება, ქვეყანაში ყველას მოუწევს გამკლავება მის გავლენებთან, როგორებიცაა: გაუფასურებული ვალუტა, მაღალი ფასები და გაზრდილი ვალი.

ლარის გაუფასურება აძვირებს იმპორტირებულ საქონელს ქართველი მომხმარებლისთვის. საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია უცხოურ საქონელზე და აქვს მნიშვნელოვანი სავაჭრო დეფიციტი (საქონლის დეფიციტი -9514,9 მლნ აშშ დოლარია).  საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები მისი მეზობელი ქვეყნები არიან.  მიუხედავად DCFTA შეთანხმებისა, რომელმაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა გაუხსნა ევროკავშირთან, ექსპორტის თვალსაზრისით მისთვის უფრო მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებად დსთ-ს ქვეყნები რჩებიან ამჟამად, საქართველოს ექსპორტის მხოლოდ 9% იყიდება ევროკავშირში, ხოლო 67% – დსთ-ს ქვეყნებში.

ინფრასტრუქტურული განვითარების გეოპოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი უცხოური კაპიტალის შემოდინების გზით ეკონომიკური ზრდის მიღწევას მოიაზრებს. თუმცა, ეს მოდელი ვერ გახდა ვერც ეკონომიკის დარგების განვითარების და ვერც მზარდი შოკებისა და კრიზისების მიმართ  სექტორის მედეგობის ზრდის წინაპირობა. პირიქით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ორიენტირებულმა ეკონომიკამ, სადაც კერძო კაპიტალი სარგებლობს ინვესტორებისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ჩარჩოებით, საგადასახადო სისტემით და შრომის ბაზრით, ისევე როგორც ბუნებრივ რესურსებზე მარტივად წვდომით (სოციო-ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გარეშე), გამოიწვია წარმოების ადგილებში ადგილობრივების საცხოვრებელი გარემოს განადგურება, მუშების სიკვდილი და ეკოსისტემების დაზიანება. 

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს განვითარების მოდელის მთავარი ლოგიკა სახელმწიფოს ინიციირებული და კერძო კაპიტალით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების ზრდა იყო. განვითარების მიმდინარე გლობალურ დისკურსში, რომელსაც უპირველეს ყოვლისა ხელს უწყობენ მსოფლიო ბანკი და გაერო, მთავრობებს მოეთხოვებათ განვითარების პროექტების ინიციირება და მათი გარდაქმნა ინვესტირებად ფინანსურ აქტივებად. ასეთი პროექტების განსახორციელებლად სესხს გასცემენ განვითარების ბანკები. თუმცა, მთავრობები არ არიან მხოლოდ ასეთი პროექტების ინიციატორები, რადგანაც მათგან, ასევე, მოელიან ამ პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების აღმოფხვრას.

ეს იმიტომ ხდება, რომ საერთაშორისო ინვესტორები აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ნახევარზე მეტი, განსაკუთრებით გლობალურ სამხრეთში, არ არის მომგებიანი. ეს ძირითადად საჯარო პროექტებია, სადაც „საჯარო კერძო პარტნიორობა“ (PPP) მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დანიელა გაბორი ამტკიცებს, რომ გლობალური განვითარების დისკურსში ამ ცვლილებამ ჩაანაცვლა ვაშინგტონის კონსენსუსი და ახლა უოლ-სტრიტის კონსენსუსთან გვაქვს საქმე, სადაც გლობალური ფინანსური კაპიტალი სახელმწიფოების მთავარი პარტნიორია და კაპიტალის რისკების დაზღვევის ლოგიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

საქართველოს მთავრობამ სრულად აითვისა ეს განვითარების ლოგიკა და სწორედ ამიტომ არიან განვითარების ბანკები მნიშვნელოვანი აქტორები ქვეყნის პოლიტიკაში. განვითარების ბანკები საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებენ განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში, იქნება ეს ჰესების მშენებლობა, ძველის შეკეთება თუ ახალი პროექტების დაფინანსება, მაგალითად, როგორიცაა მიწისქვეშა კაბელი შავ ზღვაში. გარდა ამისა, EBRD-მ და USAID-მა ახლახან მოაწერეს ხელი მემორანდუმს „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ შესახებ, რომელიც გულისხმობს ვაჭრობის გაღრმავებას სამხრეთ კავკასიაში და კონტინენტებს შორის, მწვანე ენერგეტიკასა და ინვესტიციებს ახალ ციფრულ ინდუსტრიებში.
როგორც ჩანს, ინფრასტრუქტურული განვითარება საკმაოდ მიმზიდველია საქართველოს მთავრობისთვის, როგორც მოდელი, რადგან ის არ საჭიროებს დიდ სტრუქტურულ ცვლილებას ეკონომიკაში, განათლებასა თუ შრომის ბაზარზე. ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციირება (განვითარების ბანკებთან ერთად) ან მდინარეებსა და ტყეებზე უფლებების პრივატიზება არის შედარებით მარტივი გზა ეკონომიკის დინების შესანარჩუნებლად, კაპიტალის შემოდინების გარანტირებისა და რამდენიმე წელიწადში ერთხელ დასრულებული პროექტების საჩვენებლად (მაგ. ახალი კაშხალი ან გზა). მეტიც, ასეთი პროექტების ფარგლებში, საჯარო და კერძო თანამშრომლობა მოგების მიღების ახალ გზებს ხსნის მთავრობის ლოიალური ბიზნესებისთვის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს არსებულ პოლიტიკურ ძალას და ამყარებს ავტორიტარულ მმართველობას. ამ შემთხვევაში, მთავრობის მთავარი მიზანი მისი განვითარების რეჟიმისთვის კაპიტალის შემოდინების უზრუნველყოფაა.

მაშინ როდესაც საქართველოს მთავრობა არ აპირებს ინფრასტრუქტურასა და ვალზე დაფუძნებული განვითარების მოდელის შეცვლას, რომელიც მეტწილად დასავლური ინსტიტუტების მიერ იქნა ნაკარნახევი, ის ცდილობს კაპიტალის წყაროების დივერსიფიკაციას, მომავალი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. ანაკლიის პორტი, რომელიც, სავარაუდოდ, გადამწყვეტ როლს თამაშობს აბრეშუმის ახალ გზაზე (ჩინეთის „ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივა“) და რომელსაც ჩინური კონსორციუმი ააშენებს, ამის კარგი მაგალითია. პორტი წარმოადგენს გეოპოლიტიკური ინტერესების დაპირისპირების ველს, განსაკუთრებით ჩინეთსა და აშშ-ს შორის. მისი მშენებლობა 2020 წელს შეწყდა, მიუხედავად იმისა, რომ ტენდერი ამერიკულმა კონსორციუმმა მოიგო. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მხარდაჭერილი იყო აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ და დაფინანსებული იყო დასავლური მულტილატერალური განვითარების ბანკების (OPIC, EBRD), ასევე, ADB-ისა და AIIB-ის მიერ. ახალ ტენდერში გამარჯვებულ კონსორციუმში შემავალ ორ ჩინურ კომპანიას წარსულში სანქციები დაუწესეს აშშ-მ და მსოფლიო ბანკმა, რამაც საქართველოში პოლიტიკურ აზრთა გაყოფა გამოიწვია და შეიქმნა გეოპოლიტიკური დაძაბულობა. თუმცა, პროექტში ჩინეთის მონაწილეობა, დიდი ალბათობით, არ არის ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება.

გასულ წელს საქართველომ ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან, რომელიც გულისხმობს ეკონომიკურ თანამშრომლობას ტრანსპორტირების, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ციფრული ტექნოლოგიების, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში, აგრეთვე პარტნიორობას „ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივის“ ფარგლებში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა იქნება ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი, ღია კითხვად რჩება, საიდან მოვა პორტის ასაშენებლად საჭირო კაპიტალი? დასავლეთის განვითარების ბანკებმა საქართველოს მთავრობას კრედიტები რომც შეუჩერონ, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მთავრობა უკვე ამზადებს ალტერნატივებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პარალელურად, საქართველოს მთავრობამ მიიღო ორი კანონი, რომლებიც შეიძლება აღვიქვათ, როგორც კაპიტალის დამატებითი წყაროების მობილიზების მცდელობა. პირველი არის ცვლილება საგადასახადო კანონში, რომელიც მიზნად ისახავს ოფშორული იურისდიქციებიდან საქართველოში კაპიტალის შემოდინების წახალისებას. კანონი საშემოსავლო და მოგების, ასევე იმპორტის გადასახადისგან (მაგ. თვითმფრინავების ან იახტების შემოტანისას) ათავისუფლებს ოფშორულ ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა კომპანიას, რომლებიც 2028 წლის 1 იანვრამდე გადასცემენ აქტივების 100%-ს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას. საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც მიიღებს ამ აქტივებს, ასევე გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან 2030 წლამდე. მაშინ როცა კანონი ფართოდ გააკრიტიკეს საქართველოს შავი ფულის ბაზრად გადაქცევის გამო, მნიშვნელოვანია მისი კონტექსტუალიზება ალტერნატიული წყაროებიდან კაპიტალის შემოდინების შესაძლებლობის შექმნის თვალსაზრისითაც. ასევე, გაუგებარია, თუ როგორ შეუძლია ერთსა და იმავე მთავრობას, გამჭვირვალობის სახელით მოახდინოს „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის ინიციირება და, ამავდროულად, მიიღოს კანონი, რომელიც წაახალისებს ფულის გათეთრებას და შეუქმნის რეპუტაციულ რისკებს მთელ ქვეყანას.

მეორე კანონი პენსიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, რათა გაიზარდოს საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის ის წილი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროექტების და, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. ამ კანონში შეტანილი კიდევ ერთი ცვლილება ასევე მიზნად ისახავს საპენსიო ფონდის მართვაზე სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებას. არსებულ საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებს ერთი ორგანო – მმართველი საბჭო შეცვლის. მისი წევრებს კი, პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძირს უთხრის წინააღმდეგობის მოძრაობებს უკეთესი მომავლისათვის

ზემოაღნიშნული განვითარების მოდელს საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეხვდა, იქნება ეს პროტესტი კაშხლების თუ ტყისა და მდინარეების პრივატიზაციის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში განვითარების ლოგიკა არ იცვლება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი თითქმის შეუძლებელს გახდის ამ მოდელისთვის წინააღმდეგობის გაწევას.   გლობალური სამხრეთის სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში, განვითარების ბანკებთან თანამშრომლობით განვითარების პროექტების ინიციირების შესაძლებლობა, კარგ საფუძველს ქმნის ავტორიტარული მმართველობის გასაძლიერებლად. კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუძლია გააძლიეროს ასეთი ავტორიტარული მმართველობა მომავალი პროექტებისადმი საზოგადოების პროტესტის მოსპობით, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ საჭიროებებსა და ინტერესებს. აქ არ იგულისხმება, რომ სახალხო პროტესტი საქართველოში დასავლური ფულით ფინანსდება, მაგრამ მთავრობას შეუძლია, კანონი თავისი მოწინააღმდეგეების მარგინალიზებისთვის გამოიყენოს. ეს ტაქტიკა უკვე გამოიყენეს ნამახვანის მოძრაობასთან მიმართებით, რომელსაც ქართული დიასპორა აფინანსებდა, მთავრობა კი კაშხლის მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციას თანხების რუსულ წარმომავლობაზე სპეკულაციებით ან მომიტინგეების აგენტებად სახელდებით ცდილობდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა მოწყვლადია უცხოურ კაპიტალზე, უცხოურ საქონელსა და უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების გამო, საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, ზრუნავს კაპიტალის წყაროების დივერსიფიკაციაზე, რათა შეინარჩუნოს არსებული ეკონომიკური მოდელი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეწყდება დასავლური კაპიტალის შემოდინება. მეტიც, მთავრობა ცდილობს ისარგებლოს საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად და ხელახლა მოელაპარაკოს ურთიერთობის პირობებზე ძველ და ახალ მოკავშირეებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დასავლეთის განვითარების ბანკები განაგრძობენ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, კაპიტალის ხსენებული ალტერნატიული წყაროები მთავრობას უფრო მეტ მოქნილობას შესძენს განვითარების ბანკებთან ურთიერთობაში. მეტიც, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მას დაეხმარება, გაზარდოს ლეგიტიმაცია მხარდამჭერთა შორის და გააძლიეროს განვითარების არსებული პოლიტიკა, რომელიც ასე სადავოა.

აქედან გამომდინარე, ავტორიტარიზმის კრიტიკა უნდა გავრცელდეს ქვეყნის განვითარების ხედვაზე და პირიქით, რადგან ეს ორი ერთმანეთს კვებავს და კიდევ უფრო აძლიერებს მის სათავეში მყოფ პოლიტიკურ ძალას.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.

 

წყაროები


Bankwatch Network (13 May, 2024).  Statement by Bankwatch’s Executive Director on the shrinking space for civil society in Georgia, Kyrgyzstan and other EBRD’s countries of operation. ხელმისაწვდომია: https://t.ly/vRcPT

BM.Ge (2 May, 2024). EBRD-ის რეგიონალური დირექტორი რუსულ კანონზე. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/YyAwe

BM.Ge (2 May2024). Roland Pryce რუსულ კანონზე. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/MAAKQ

BM.Ge (16 May 2024). EBRD-ის და USAID-მა შუა დერეფნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/xoHxQ

BM.Ge (9 June, 2024). საერთაშორისო ბანკები და ენერგეტიკა. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/wblkp

Bm.Ge. Kvanchilashvili, E. (10 June. 2024). ინტერვიუ თედ ჯონასთან ანაკლიის პროექტზე. ხელმისაწვდომია:https://shorturl.at/vuNF1

Civil.Ge. Gabritchidze, N. (20 April, 2024). New Tax Law Fuels Worries of Georgia Becoming Black Money Hub. ხელმისაწვდომია: https://civil.ge/archives/600399

Civil.Ge (15 May, 2024). Georgian Companies’ Shares Drop on London Stock Exchange After Adoption of Agents Law. ხელმისაწვდომია: https://civil.ge/archives/607329 

Civil.Ge (30 May 2024). Domestic Reactions to Granting of Anaklia Port to Chinese Consortium. ხელმისაწვდომია: https://civil.ge/archives/610451 

Civil.Ge (13.06.2024). NBG Sells More US Dollars in One Month than in 2023. ხელმისაწვდომია: https://civil.ge/archives/612714 

Embassy of the People’s Republic of China in Georgia (2023). Joint Statement of the People's Republic of China and Georgia on Establishing a Strategic Partnership. ხელმისაწვდომია: http://ge.china-embassy.gov.cn/eng/xwdt/202308/t20230807_11123383.htm 

Eradze, I. (2024). ვისია ეკონომიკური კეთილდღეობა? ხელმისაწვდომია: https://indigo.com.ge/articles/ekonomikuri-ketildgeoba 

Eradze I. (2024). სად მიდის ჩვენი პენსია: ცვლილებები საპენსიო დანაზოგის კანონში: კომენტარი. ხელმისაწვდომია: https://komentari.ge/article/sad-midis-chveni-pensia-bolo-tsvlilebebis-anatomia-dagrovebithi-pensiis-shesakheb-kanonshi/ 

Gabor, D. (2021). The Wall Street Consensus. Development & Change. ხელმისაწვდომია: https://doi.org/10.1111/dech.12645 

Gugushvili, D. (2017). Lessons from Georgia's neoliberal experiment: A rising tide does not necessarily lift all boats, Communist and Post-Communist Studies, 50 (1). ხელმისაწვდომია: https://doi.org/10.1016/j.postcomstud.2016.11.001 

Khalvashi, T. (2024). In the Name of Sovereignty: Georgia’s Second Attempt to Pass the “Foreign Agents” Bill. E-flux. ხელმისწვდომია: https://shorturl.at/kUSUk 

Ministry of Finance of Georgia. Public Debt. ხელმისაწვდომია: https://mof.ge/en/4409 

National Bank of Georgia. Key Macroeconomic Indicators and International Ratings. ხელმისაწვდომია: https://nbg.gov.ge/en/statistics/international-rating 

National Bank of Georgia (2023). Gross External Debt of Georgia. ხელმისაწვდომია: https://nbg.gov.ge/en/media/news/gross-external-debt-of-geor-53 

NationalStatistics Office of Georgia. External Merchandise Trade. ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/en/modules/categories/765/external-merchandise-trade 

Rekhviashvili, L., & Lang, T. (2024). Chinese investments as part of infrastructure-led development: multi-scalar contestations around Georgia’s flagship infrastructure projects. Eurasian Geography and Economics, 1–30. ხელმისაწვდომია: https://doi.org/10.1080/15387216.2024.2311712 

Radio Free Liberty & Standish, R. (May 29, 2024). Chinese-Led Consortium To Build Massive Port Project On Georgia's Black Sea Coast. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/Jg539

Rekhviashvili, L., Nakhutsrishvili, L., Eristavi, K., Aroshvili, A., Eradze, I. (2024). There’s more at stake in the fight against the Foreign Agents Law than liberal NGOs: Why the left should show solidarity with the protests in Georgia. Lefteast. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/Q4PS6

Rekhviashvili, L. (2023). From Being a River to Becoming a Hydro Resource and a Financial Asset, Rekhviashvili. Tbilisi Architecture Biennial, January-february-march. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/5cv5r 

Reuters (May 7, 2024). EBRD warns Georgia 'foreign agents' law could hit economy, investor confidence. ხელმისაწვდომია: https://t.ly/6D6A8 

Topuria, S., Khundadze, T. (2022). Neoliberal Lock-in: Why Georgia-EU Free Trade Does Not Work. Friedrich Ebert Foundation South Caucasus. ხელმისაწვდომია: https://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/20145.pdf 

Transparency International Georgia (2022). Georgia's economic dependence on Russia: Trade, tourism, remittances, and Russian companies in Georgia. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/pmxv0 

Transparency International Georgia (2023). Georgia's Economic Dependence on Russia Continues to Grow: January-June 2023. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/ZdQBj 

World Bank Group Data. Foreign direct investment, net inflows (% of GDP) – Georgia. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/zfk59 

World Bank Group Data. Personal remittances, received (current US$) – Georgia. ხელმისაწვდომია: https://t.ly/fA-5m