სტატია ეხება ინსტიტუციურ და ხალხურ მედიცინას შორის იერარქიებს და მათ მოდერნულობასთან მიმართებას. ავტორი ცდილობს დაინახოს, როგორ იცვლება ეს იერარქიები საველე კვლევის მონაცემების საფუძველზე, რომელიც თმის დაკარგვის გამოცდილებებს და მის უკან დასაბრუნებელ სამკურნალო გზებს ეხება.

„ყველა, ვინც იბადება, ორმაგ მოქალაქეობას ფლობს, ჯანმრთელთა და ავადმყოფთა სამეფოების. მიუხედავად იმისა, რომ ყველას მხოლოდ კარგი პასპორტის გამოყენება გვირჩევნია, ადრე თუ გვიან, თითოეული ჩვენგანი იძულებული ხდება, ცოტა ხნით მაინც, თავი იმ სხვა ადგილის მკვიდრადაც[1] აღვიქვათ“ (Sontag, 1978: 3).[2]
კურნებაში მეგზურები
ჯანმრთელთა სამეფოდან ავადმყოფთა სამეფოში გადასვლა ლაბირინთში ძაფის გაყოლას შეიძლება ჰგავდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია მეგზურის პოვნა, რომელიც ლაბირინთში გზის გაგნებაში დაგეხმარება. ჯანმრთელთა სამეფოდან ავადმყოფთა სამეფოში გადასვლისას მეგზურები, როგორც წესი, მკურნალები არიან. თუმცა, ყველა მკურნალი თანაბარი ავტორიტეტით არ სარგებლობს უკან დასაბრუნებელ, ანუ კურნების გზაზე. ყველა მათგანი ერთი გზისკენ არ მიგითითებს ახალი სამეფოდან ძველში დასაბრუნებლად.
ქართულ ენაში ადამიანს, რომელსაც უმაღლესი სამედიცინო განათლება აქვს და ინსტიტუციურ სამედიცინო ცოდნაზე დაყრდნობით კურნავს ხალხს, ექიმი ეწოდება. ხოლო ადამიანს, რომელიც ინსტიტუციური სამედიცინო დაწესებულების გარეთ მუშაობს და ძირითადად ხალხურ ცოდნას იყენებს – ექიმბაში. სიტყვა ექიმი ქართულში არაბული ნასესხობაა, სადაც ის ბრძენს ნიშნავს (აბულაძე და სხვები, 2022: 68). „ექიმბაში“ არაბული და თურქული სიტყვების შეერთების შედეგად მიღებული კომპოზიტია[3]. თურქულად ბაშ თავს, მთავარს, წამყვანს ნიშნავს. სიტყვის ეტიმოლოგიის მიხედვით, „ექიმბაში“ „ექიმზე“ მაღლა დგას. თუმცა, თანამედროვე ქართულ ენაში პირიქითაა. თანამედროვე ქართულში სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობის ცვლილება კი იმ იერარქიებზე მიუთითებს, რომლებიც ექიმსა და ექიმბაშს, ინსტიტუციურ და ხალხურ მედიცინას შორის შეიძლება არსებობდეს.
ინსტიტუციურ და ხალხურ მედიცინას შორის არსებული იერარქია მათ მოდერნულობასთან მიმართებებს ეფუძნება. თუ პირველი მოდერნულობის პროგრესის სიმბოლოდ მიიჩნევა, მეორე მოდერნულობასთან ჩამორჩენილობად, წარსულის გადმონაშთად განიხილება. ეს სტატია იმ კომპანიონებსა და მათ შორის იერარქიებზე ჰყვება, რომლებსაც ქალები ალოპეცია არეატას[4], საერთოდ თმის ცვენის, მკურნალობის გზაზე ირჩევენ. სტატია ცდილობს, ამ იერარქიებს ახლებურად შეხედოს და მათ შორის კომპლექსური კავშირი დაინახოს. ამისათვის იგი ყურადღებას ამახვილებს ორ თემაზე, რომელიც ინსტიტუციურ მედიცინაში დაეჭვების ან ხალხური მედიცინით მკურნალობის საბაბი შეიძლება გახდეს: ცდა და გარისკვა. თავის მხრივ, ცდა და გარისკვა ურთიერთდაკავშირებული ზმნები და ცნებებია. რაიმეს ცდა შეიძლება გარისკვასაც გულისხმობდეს, ხოლო გარისკვას საფუძვლად რაიმე ახლის ცდა ედოს.
ცდა და ნდობა
ალოპეციის არაპროგნოზირებადი ხასიათისა და მისი გაჩენის მეტ-ნაკლებად ამოუცნობი ხასიათის გამო, მისი მკურნალობის ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს. დერმატოლოგთან ვიზიტების უშედეგობამ ადამიანები შეიძლება ხალხურ მედიცინასთან მიიყვანოს, ან პირიქით, ხალხური მედიცინა იყოს მკურნალობის პირველი წყარო, რადგან არც სამედიცინო ბიუროკრატიის გავლას გულისხმობს და არც ძვირადღირებული წამლების ყიდვას.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეთნოლოგიური ექსპედიციების შედეგად ჩაწერილი ხალხური სამკურნალო რეცეპტების რვეულების გაზიარებისას, ფონდების მცველი – ნიკა[5] ყოველთვის მეუბნება: „ხომ ხვდებით, ეს არაა...“ მის სათქმელს დასრულების გარეშე ვხვდები და ღიმილით ვეუბნები, რომ რეცეპტების გამოყენებას არ ვაპირებ. მხოლოდ ნიკა არ მიიჩნევს ხალხურ სამკურნალო საშუალებებს არასანდოდ თუ არაეფექტურად. ხშირად, ხალხური ტრადიციული მედიცინით მკურნალებს, მიუხედავად მკურნალობის პროცესში მათი მნიშვნელოვანი როლისა, ეჭვის თვალით უყურებენ, როგორც დევიანტებს (Crapanazano, 1973: 5-7).
თმის ცვენის საწინააღმდეგო ხალხურ რეცეპტებს სიცილით იხსენებენ ისინი, ვინც ამგვარი საშუალებებით მკურნალობდა; ისე, როგორც წარსულში მომხდარ ამბავს, რომელიც ვეღარ ხვდები, რატომ მოხდა და შენი საქციელი ახლა უკვე აბსურდულადაც კი გეჩვენება. თუმცა, რა აბსურდულადაც არ უნდა მოეჩვენოს ვინმეს მომავალში თავისი წარსული ქმედებები, ყველანაირი სამკურნალო საშუალების გამოყენება იმითაა განპირობებული, რომ, როგორც ანო ამბობს, რომელსაც ალოპეცია ორი-სამი წლის ასაკიდან აქვს: „ყველაფერი უნდა სცადო, რომ გულში ხინჯად არ დაგრჩეს“.
ენტონი გიდენსის (1991: 3) მიხედვით, მოდერნულობისთვის დამახასიათებელი გაურკვევლობის, არჩევანის მრავალფეროვნების, აბსტრაქტული სისტემებისა და ხელშეუხებელი (არამატერიალური) მექანიზმების სამყაროში ონტოლოგიური უსაფრთხოების მისაღწევად მნიშვნელოვანი ხდება ნდობა. თუმცა, მკურნალობის პროცესში ადამიანები ონტოლოგიურ უსაფრთხოებას არა ერთი რომელიმე გზისადმი ნდობის გამოცხადებაში, არამედ ყოველი მათგანის გამოცდაში შეიძლება პოულობდნენ (Greenwood, 1981, Myntti, 1988).
ანომ, როგორც თავად ამბობს, ყველაფერი სცადა, ხმამაღლა გაიცინა და თქვა: შარდიც. თან ამბავიც გაიხსენა: „ერთხელ ბანკში ერთმა ქალმა მითხრა, შარდი წაისვიო და გამეცინა, ქალბატონო, ნაცადი მაქვს-თქო“. შარდის სამკურნალოდ გამოყენება შეიძლება ღიმილის მომგვრელი იყოს. თუმცა, ანო ერთადერთი არაა, ვინც თმის ცვენის შეჩერება მისი დახმარებით სცადა. შარდი ხალხურ მედიცინაში ერთ-ერთი გავრცელებული სამკურნალო საშუალებაა. საარქივო ფონდის ექსპედიციების ჩანაწერებში[6] დაახლოებით ხუთ ადგილას შეხვდებით შარდს, როგორც სამკურნალო ნივთიერებას: „ძროხის შარდს გადაივლებენ და შემდეგ წყალს გადაივლებენ“[7]; „თმის ცვენაზე ხმარობენ ძროხის შარდს – მწვირეს, მასში იბანენ თმას და ძალიან შველის, ან კიდევ მარილიანი წყლით იბანენ“[8].
საარქივო ფონდში დაცული საექსპედიციო ჩანაწერების რვეულები ლაკონიურობით გამოირჩევა. ჩამწერი ამბებს არ ჰყვება, ხშირად მხოლოდ კონკრეტულ ნივთიერებას ასახელებს, რომელიც ამა თუ იმ შემთხვევის სამკურნალოდ გამოდგება. თუმცა, თვითონ დასახელებული ნივთიერებები მიუთითებს, რომ ზოგჯერ სამკურნალო საშუალების ძიება ნადირობადაც კი შეიძლება იქცეს. მაგალითად, ლეჩხუმში ჩაწერილი რეცეპტების მიხედვით, „თმის ცვენის დროს ავადმყოფს თავს გადაპარსავდნენ, ზედ უსვამდნენ დათვის ქონს და წაუსვამდნენ, 2-3 დღეში თუ არ უშველიდა, მეორე ხელს წაუსვამდნენ“[9]; „თმის ცვენაზე ხმარობენ დათვის ქონს. თავს იპარსავენ სამართებლით და შეიზელენ ქონს კარგად, ამას იმეორებდნენ რამდენჯერმე“[10].
თმის ცვენის საწინააღმდეგო თუ თმის ამომყვანი ყველაზე გავრცელებული სამკურნალო საშუალებები კი მცენარეები და მათი ნახარშებია. პირადი საუბრების, სოციალური მედიის პოსტებისა და კომენტარების მიხედვით, მათ შორის ყველაზე ცნობილი ნიორი და წიწაკაა. მათი თმის ცვენის შესაჩერებლად თუ თმის ამოსაყვანად გამოყენება, როგორც წესი, იმით აიხსნება, რომ ის უსიამოვნო წვა, რომელიც ორივე მათგანის კანზე წასმას მოსდევს, თმის ფოლიკულების გაღიზიანებას იწვევს, მიძინებულ ფოლიკულებს აცოცხლებს, რაც თმის ზრდას აჩქარებს. თუმცა, არქივში დაცული საექსპედიციო ჩანაწერები ნაკლებად ახსენებს წიწაკასა თუ ნიორს. აქ თმის ცვენის საწინააღმდეგო წამყვანი მცენარეული საშუალებებია: ჭინჭრის, დაფნის ფოთლის, ევკალიპტისა და გვირილის ნახარშები. „თმის ცვენის დროს მოხარშული დაფნის ფოთლით უნდა ხშირად დაბანა, ხშირად შეზელაც შველის[11]; „თმის ცვენის დროს ჭინჭრის ნაყენში ბამბას დაასველებენ და თმის ძირებს ისველებენ“[12]; „თმის ცვენაზე ხმარობენ მინდვრის გვირილის ნახარშს, ამით იბანენ თავს და მაგრდება ძირები“[13]; „თმის ცვენაზე ევკალიპტის ნახარშით დავიბანოთ თმა ან შევიზილოთ“[14].
გარდა მცენარეებისა თუ ცხოველური საშუალებებისა, თმის ცვენის საწინააღმდეგოდ თიხას ან მიწასაც შეიძლება იყენებდნენ. ანო იხსენებს შემთხვევას, როდესაც ბებიამისმა ერთ ქალს მიაგნო, რომელიც თმის ცვენას თიხით მკურნალობდა. ქალმა ანოს და მის მშობლებს უთხრა, რომ თიხა უნდა წაესვა თავზე, შემდეგ თავი შეეფუთა და ასე გაეჩერებინა სამი დღე. თუმცა, ეს იდეა არც ანოს მშობლებსა და არც მას არ მოეწონათ. უკვე ბევრი რამ ჰქონდათ ნაცადი და თიხის შესაძლებლობების ვერ ირწმუნეს. ამიტომ ბებიამისის მიერ მოძებნილი მკურნალის დავალებების შესრულებაზე უარი თქვეს. თუმცა, ანოს ბებია განაწყენებული დარჩა და მკურნალის გარდაცვალებისას, როდესაც ხალხმა მის განკურნებულ ადამიანებზე დაიწყო საუბარი, ანოს უთხრა: „იქნებ შენთვისაც ეშველა“.
ანოს ბებიის მიერ მოძებნილი მკურნალი ერთადერთი არ იყო, ვინც თმის ცვენას თიხით, მიწით მკურნალობდა. საექსპედიციო ჩანაწერების რვეულიც ახსენებს მიწას: „თმის ცვენა – თავსაბანი მიწა თავ-სახის კანისთვის, ვწვათ ცეცხლზე, შემდეგ თბილ წყალში გავხსნათ და ამით დავიბანოთ“[15]. თუმცა, ფონდების მცველი ნიკასთვის, რომელიც ზოგჯერ გაურკვეველი ხელნაწერის წაკითხვაში მეხმარება, თავსაბანი მიწა კიდევ ერთი უცნაურობა იყო მისი მშობლიური სამეგრელოდან, კიდევ ერთი რამ ჟანრიდან „რას აღარ მოიგონებენ!“
გარისკვა და რწმენა
ენტონი გიდენსის (1991:3) მიხედვით, მოდერნულობა რისკის კულტურაა. მოდერნულობა ამცირებს რისკს ცხოვრების გარკვეულ სფეროებში, მაგრამ ზოგიერთ მათგანში აქამდე არნახულ დონემდე ზრდის (იქვე, 4). თანამედროვე მედიცინა, როგორც მოდერნულობის პირმშო, მაღალი რისკის სფეროა. ალოპეცია არეატა აუტოიმუნურ დაავადებად მიიჩნევა, რადგან ითვლება, რომ იმუნური სისტემა თმის ფოლეკულებს უცხო ორგანიზმად აღიქვამს და კლავს (Trueb & Dias, 2018: 68); თანამედროვე მედიცინაში, აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობის ყველაზე მიღებული გზა იმუნოდეპრესანტებია, რომელთაც მრავალი გვერდითი ეფექტი აქვთ და ზოგიერთი მათგანი სიცოცხლისთვის საშიშიც შეიძლება იყოს. სიტყვა იმუნოდეპრესანტი, სიგრძისა თუ სხვა ფაქტორების გამო, ყოველდღიურ მეტყველებაში თითქმის არასოდეს გამოიყენება. მას სიტყვა „ჰორმონი“ ანაცვლებს. „ჰორმონის“ მიღება კი ყოველთვის ორჭოფობის საბაბია. ზოგიერთი მის მიღებას საერთოდაც გამორიცხავს: „არანაირი ჰორმონი“.
„ჰორმონების“ არმიღება გარისკვაზე უარის თქმას ნიშნავს. თუმცა, გარისკვაზე უარის თქმა არა მხოლოდ იმუნოდეპრესანტების შესაძლო გვერდითი ეფექტებით აიხსნება, არამედ ქართული სამედიცინო სფეროს უნდობლობითაც. ქართველ ექიმებზე ხშირად გაიგონებთ ფრაზას „ეგენი მკითხავები არიან“. ექიმების მკითხავებად მოიხსენიება კი თითქოს მათ მოდერნულობისგან აშორებს და ექიმბაშებთან ათანაბრებს.
მოდერნულობის ერთ-ერთი დამახასიათებელი პროგრესის რწმენაა. ზიგმუნტ ბაუმანის (2000:132) მიხედვით, პროგრესის რწმენა ორ პოსტულატზე დგას: „დრო ჩვენს მხარესაა“[16] და ჩვენ ვართ ისინი, ვინც „მოსახდენს ახდენენ“[17]. ამასთანავე, პროგრესის ერთ-ერთი გამოხატულება თანამედროვე მედიცინაა. როგორც წესი, განუკურნებელი ავადმყოფობის შემთხვევების გაგებისას ხშირად ისმის ფრაზა „ამ დროში?!“, თითქოს გარკვეული დაავადებები წარსულის ნაწილი იყოს. ალოპეცია არეატას აუტოიმუნურობისა და მკურნალობის არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო, ზოგიერთი ექიმის რჩევა უბრალოდ მკურნალობის შეწყვეტა შეიძლება იყოს – „მითხრა, ვერცერთი ქვეყანა ვერ კურნავსო და თვითონ გაიზრდება თმები ათი წლის განმავლობაშიო, მარა მე ეჭვი მეპარება, კურნების გარეშე რამე კაი მოხდეს“[18]. მკურნალობის შეწყვეტა კი პროგრესის მთავარ პოსტულატებს – „დრო ჩვენს მხარესაა“ და ჩვენ ვართ ისინი, ვინც „მოსახდენს ახდენენ“ – ეწინააღმდეგება. ქართული მედიცინის მიერ „მოსახდენის მოხდენაზე“ უარის თქმა ხშირად მის მოდერნულობასთან ჩამორჩენილობად აღიქმება და მასში დაეჭვებას იწვევს, თუმცა არა მოდერნულობაში და თანამედროვე სამედიცინო პროგრესის რწმენაში. გამომდინარე იქიდან, რომ ალოპეცია არეატას განკურნების ახალ გზად და შესაძლებლობად ბევრი ადამიანი თურქეთში მკურნალობას ხედავს, რადგან თურქული მედიცინა ქართულზე უპირატესია. მათი აზრით, თურქ ექიმებს „მოსახდენის მოხდენა“, გარისკვა შეუძლიათ, რადგან მოდერნული მედიცინა მათ მხარესაა.
მოდერნულობის გამოტოვება კურნების გზაზე
მოდერნული მედიცინისადმი ნდობა გარისკვის დაშვებას გულისხმობს, ხოლო ტრადიციული მცენარეული თუ სხვა საშუალებებით მკურნალობა შეიძლება სიცილის მომგვრელი და ზოგჯერ აბსურდულიც იყოს, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ წვას, მსუბუქ დამწვრობას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, თუ ხალხური მედიცინისადმი უნდობლობის მთავარი მიზეზი მისი „ჩამორჩენილობა“ და თანამედროვეობასთან შეუთავსებლობაა, ინსტიტუციური მედიცინისადმი უნდობლობის მთავარი მიზეზი შესაძლოა მაღალი რისკის შემცველობა იყოს.
თუმცა, ქართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან გარისკვაზე უარის თქმა, ახლის ცდის უარყოფა, მათ აშორებს მოდერნული მედიცინისგან, რომელიც თანამედროვე დროში „სასწაულებს ახდენს“. გაურისკავად ისინი მოდერნულობის მიღმა რჩებიან. აქედან გამომდინარე, იერარქიები, რომლებიც ინსტიტუციურ და ხალხურ მედიცინას შორის არსებობს, სუსტდება და გარკვეულწილად ქრება, ვინაიდან, თუ ექიმბაშები მოდერნულობისგან ყოველთვის შორს იყვნენ, არც ქართველი ექიმები ყოფილან მისი ნამდვილი წარმომადგენლები, რადგან მათ „მოსახდენის მოხდენა“ არ შეუძლიათ.
გამოყენებული ლიტერატურა
სამყურაშვილი ლიანა, გოგონაია ირინა, აბულაძე თამარ, შათირიშვილი ლელა, ხიზანიშვილი ნათია. 2022. სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი: თბილისი.
Bauman, Zygmunt. 2000. Liquid Modernity, Polity Press: Cambridge.
Crapanzano, Vincent. 1973. The Hamadsha: A Study in Moroccan Ethnopsychiatry, University of California Press: Berkley, Los Angeles, London.
Giddens, Anthony, 1991. Modernity and Self-Identity: Self and Society in the Late Modern Age, Polity Press: Cambridge.
Greenwood, Bernard. 1981. “Cold or Spirits? Choice and Ambiguity in Morocco’s Pluralistic Medical System”, Social Science & Medicine. Part B: Medical Anthropology, Volume 15, Issue 3, pp. 219-235.
Myntti, Cynthia. 1988. “Hegemony and healing in rural North Yemen”, Social Science & Medicine, Volume 27, Issue 5, pp. 515-520.
Sontag, Susan. 1978. Illness as Metaphor, Farrar, Straus and Giroux: New York.
Trueb Ralph, Maria Fernanado Reis Gavazzoni Dias. 2018. “Alopecia Areata: A Comprehensive Review of Pathogenisis and Management”. Clinical Review in Allergy& Immunology , Volume 54, pp. 68-87.
[1] Citizens-ის პირდაპირი თარგმანი მოქალაქეებია, მაგრამ აქ მკვიდრის გამოყენება ვარჩიე, რადგან, ჩემი აზრით, ქართულში სიტყვა მკვიდრი უფრო კარგად აღწერს ადგილისადმი კუთვნილებას, ვიდრე მოქალაქე.
[2] “ Everyone who is born holds dual citizenship, in the kingdom of the well and in the kingdom of the sick. Although we all prefer to use only the good passport, sooner or later each of us is obliged, at least for a spell, to identify ourselves as citizens of that other place“ (Sontag, 1978: 3).
[3] „ექიმბაში“ – უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=74836
[4] ალოპეცია არეატა აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც თმის ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგვას იწვევს, რადგან იმუნური სისტემა თმის ფოლეკულებს უცხო ორგანიზმად აღიქვამს და კლავს. ალოპეცია არეატა არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელსაც ერთჯერადი ან ქრონიკული ხასიათი შეიძლება ჰქონდეს (Trueb & Dias, 2018: 68).
[5] სტატიაში სახელები შეცვლილია.
[6] საარქივო ფონდის ჩანაწერები 40-ზე მეტი ეთნოლოგიური ექსპედიციისას ჩაწერილ რვეულებს მოიცავს, რომლებიც სრულად აღწერილი და დახარისხებული არაა. სტატიაში წარმოდგენილი მასალა დაახლოებით თვრამეტი ასეთი რვეულის მონაცემებს ეფუძნება.
[7] მთქმელი – მთვარელაშვილი სალომე, ს. შუაფხო, ფშავი, 1980 წ., ჩამწერი – ლ. ხიდაშელი.
[8] მთქმელი – ს. ფხელი. სოფ. გერგეთი, ხევი, 1978წ., ჩამწერი – ნანი ხელაია.
[9] მთქმელი – ალავიძე ასპიროზი, 77 წლის, ლეჩხუმი, 1976წ., ჩამწერი – ნ. ხელაია.
[10] მთქმელი – ფერთულიანი საშა ზურაბის ასული, 70 წლის, სოფ, ჩუკული(კუთხე ღამფალაში), ლეჩხუმი, 1974 წ., ჩამწერი – ნანა ხელაია.
[11] მთქმელი – გოგუცა სვანიძე, ს. ქორენიში, ლეჩხუმი, 1976 წ., ჩამწერი – ქ. ძაძამია.
[12] მთქმელი – გაბიძაშვილი ჟოზია, 67 წლის, სოფ. ორხვი, ლეჩხუმი, 1976 წ., ჩამწერი – ქ. ძაძამია.
[13] მთქმელი – ონიანი ეთერი ალფეზის ასული, 40 წლის, ლენტეხის რაიონი, სვანეთი, 1974 წ., ჩამწერი – ნანა ხელაია.
[14] მთქმელი – კვანტალიანი ოლია, 58 წლის, სამიქაო, აბაშა, სამეგრელო, 1982 წ.
[15] მთქმელი – დამინია თინა, სოფ. სამიქაო, აბაშა, სამეგრელო, 1982 წ.
[16] "'time is on our side'.
[17] we are the ones who 'make things happen'.
[18] კვლევის ერთ-ერთი მონაწილის რეფლექსია ექიმთან ვიზიტზე.