გურჯაანი - 5 სექტემბერი 2011
ანა არგანაშვილი - სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი;
ანა აბაშიძე - სახალხო დამცველის აპარატი, იურისტი;
ნანა გეგელიშვილი - ბიბლიოთეკა-კულტურული ცენტრის „თანადგომა“ თავმჯდომარე;
გულიკო როსტოშვილი -შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი დღის ცენტრის დირექტორი;
მოდერატორი: ლევან ალექსიშვილი, ტელეკომპანია "გურჯაანის" აღმასრულებელი დირექტორი.
ფოთი - 7 სექტემბერი 2011
ნანუკა ღურჯია - ფოთის მე-5 საჯარო სკოლის პედაგოგი;
ლაშა ზარგინავა - ასოციაცია „მედია და საზოგადოება“ თავმჯდომარე;
ნინო მირცხულავა -შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელი;
მოდერატორი: ქრისტინე ქაჯაია, ჟურნალისტი.
ბათუმი - 8 სექტემბერი 2011
ლადო მგალობლიშვილი - სამოქალაქო საზოგადოება -ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე;
ზაურ დევაძე - აჭარის უსინათლოთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე;
მოდერატორი: ნატა (რუსუდან) იმედაიშვილი, ჟურნალისტი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული წარმოდგენები, განათლების და სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო ინსტიტუტების/ადგილობრივი თვითმმართველობების როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დარღვევის ფაქტები გახლდათ ის ძირითადი საკითხები, რომელთა განხილვაც მიმდინარეობდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ დებატებში თემაზე: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში". აღნიშნული დებატები ჩატარდა გურჯაანში, ფოთსა და ბათუმში 5, 7 და 8 სექტემბერს. დებატები ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი სოციალური ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებებისათვის"– ფარგლებში.
დისკუსიის დაწყებამდე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის წარმომადგენლებმა მოახდინეს პროექტის "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი სოციალური ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებებისათვის" პრეზენტაცია. აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია პროექტის პარტნიორების, მიზნების და აქტივობების შესახებ.
ჩატარებულმა დისკუსიებმა გამოავლინეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე მოხდა თითეული ქალაქისთვის დამახასიათებელი სპეციფიური საკითხების გამოვლენა და გაიმართა დისკუსია პრობლემების მოგვარების შესაძლებლობებზე.
დისკუსიებზე დამსწრე საზოგადოება განსხვავებული იყო ქალაქების მიხედვით. აუდიტორია, ძირითადად, ადგილობრივი მედიის, თვითმმართველობის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების წარმომადგენლებისგან შედგებოდა.
ხაზი გაესვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ მიდგომის შეცვლის მნიშვნელობას. ტრადიციული მიდგომა, რომელიც დახმარება/ქველმოქმედებაში მდგომარეობს, აუცილებელია ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირების მიდგომით ჩანაცვლდეს. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა ანა აბაშიძემ წარმოადგინა უფლებათა დარღვევის კონკრეტული ფაქტები, რომელიც სახალხო დამცველის ოფისის მონიტორინგის ჯგუფმა მოიპოვა.
ყველა დისკუსიისას აღინიშნა, რომ ქალაქებში არსებული ინფრასტრუქტურა არ აძლევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას. მართალია, ქალაქ ბათუმში "ძველი ბათუმის" რეაბილიტაციისას გათვალისწინებულ იქნა პანდუსების დამონტაჟება, თუმცა მომხსენებლის თანახმად, პანდუსები დაახლოებით 10–15 სანტიმეტრით მაინც არის აცილებული სტანდარტებისაგან, რაც ნიშნავს იმას, რომ ეტლში მჯდომი პირი, დამოუკიდებლად, ვინმეს დახმარების გარეშე ამ პანდუსებით ვერ ისარგებლებს. სოციალური დაცვის პრობლემა ასევე ზოგადია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საქართველოში, არ არსებობს მონაცემთა ზუსტი ბაზა. პრობლემატურია შეღავათების პოლიტიკა.
ინკლუზიური განათლების საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ წამოიწყო გარკვეული ინიციატივები, შექმნილია ინკლუზიური განათლების პროგრამა, რიგ შემთხვევებში ახალგარემონტებულ სკოლებში გათვალისწინებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის. თუმცა პროგრამის განხორციელებისას წარმოიშობა მთელი რიგი ხარვეზები, რომლებიც პედაგოგთა შესაბამის უნარ-ჩვევების არ ქონით, მოსწავლეთა მშობლების სტერეოტიპული წარმოდგენებითა და ზოგადად, პროგრამის სწრაფად განხორციელებისა და სტრატეგიული დაგეგმარებისას დაშვებული შეცდომებითაა გამოწვეული.
სოციალური მეწარმეობის განვითარება განიხილა როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შრომის ხელისმისაწვდომობის ერთერთი მნიშვნელოვანი გზა. აღინიშნა, რომ სასურველია ხელი შეეწყოს ბიზნეს სექტორის და თვითმმართველობის როლის გააქტიურებას სოციალური საწარმოების განვითარებაში.
დებატებისას განიხილებოდა მედიის გააქტიურების აუცილებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე და მედიის, როგორც ერთერთი მნიშვნელოვანი აქტორის როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული წარმოდგენების რღვევაში.
გურჯაანში გამართულ დებატებზე ხაზი გაესვა თვითმმართველობის გააქტიურების აუცილებლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. აუცილებელია, შესაძლებლობის მიცემა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის აქტიურად ჩაერთნონ და წარმოდგენილ იყვნენ ადგილობრივ დონეზე გამართულ ღონისძიებებში, ტურისტულ ბიზნესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაიმე ფორმით ჩართვის მექანიზმების მოძებნის საჭიროება.
ბათუმში პრობლემად განიხილებოდა ზუსტი სტატისტიკის უქონლობა, თუ რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი ცხოვრობს აჭარაში. ინფრასტრუქტურული პრობლემებიდან გამოიყო: დაწესებულებებში, ლიფტებში ბრაილის შრიფტის არარსებობა, ხმოვანი შუქნიშნების უქონლობა და სხვა ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემები.
ქალაქ ფოთში განხილულ იქნა ინკლუზიური განათლების მიღებისას არსებული პრობლემების ერთიანობა, რომელიც პედაგოგთა არასაკმარისი ინფორმაციის, შესაბამისი უნარ-ჩვევების არარსებობითა და მშობლების ნეგატიური განწყობებით არის განპირობებული.
რეგიონული დისკუსიების სერიამ მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე მსჯელობის გააქტიურება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემების იდენტიფიცირება და ფართო საზოგადოების ინფორმირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობაზე.