ინკლუზიური განათლება საქართველოში

Კითხვის დრო: 3 წუთი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში 2011 წლის 5 ოქტომბერს გამართული საჯარო დისკუსია თემაზე:

"ინკლუზიური განათლება საქართველოში"

ძირითადი მომხსენებლები:

  • თათია პაჭკორია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის ინკლუზიური განათლების კოორდინატორი;
  • ანა არგანაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი;
  • ნანა გეგელიშვილი - ბიბლიოთეკა-კულტურული ცენტრის "თანადგომა" თავმჯდომარე. 

მოდერაცია: გოგი გვახარია

ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის ინკლუზიური განათლების კოორდინატორი თათია პაჭკორია იხსენებს, რომ მათ წლების განმავლობაში მრავალი პრობლემის გადალახვა მოუწიათ, პროექტის დაწყებას საზოგადოების მრავალი წარმომადგენელი ეჭვითა და გაკვირვებითაც კი შეხვდა, თუმცა გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს.

თათია პაჭკორიას თქმით, მას შემდეგ, რაც ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინკლუზიურ განათლებას ცალკე თავი მიეძღვნა და ითქვა, რომ ეს არის ქართული საგანმანათლებლო სისტემის აღიარებული მიდგომა, რომელიც გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სკოლებში სწავლას, ბევრი რამ შეიცვალა. მასვე მიღწევად მიაჩნია ის, რომ დღეს საზოგადოება აქტიურად საუბრობს ინკლუზიური განათლების თემაზე; ისიც, რომ ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრმა მოახერხა საქართველოს სკოლების პედაგოგებისათვის გზამკვლევებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების შემუშავება და გავრცელება. თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ არის. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებლები, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნითაც შეიქმნა ეს სახელმძღვანელოები, მათ ხშირად ვერ ან არ იყენებენ.

ნანა გეგელიშვილმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც არასამთავრობო სექტორი საქართველოში ამ საკითხებზე იწყებდა მუშაობას. მან თქვა, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გაერკვია, თუ როგორ მიმდინარეობდა რეფორმები სხვა ქვეყნებში, რა შეცდომები იქნა დაშვებული რეფორმების განხორციელების გზაზე, როგორ ან რა ფორმით შეეძლო საქართველოს მათი გამოცდილების გაზიარება. "პასუხი თითქმის ყველა ქვეყანას ერთნაირი ჰქონდა, - ამბობს ნანა გეგელიშვილი, - ინკლუზიური განათლება ყველგან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა, პროგრამის დაწყების პირველ ხანებში ხარისხი ყველგან დაბალი იყო და მექანიკურ ჩართვას ემსგავსებოდა". ნანა გეგელიშვილმა მშობლების როლსა და მიდგომაზეც ისაუბრა. როგორც ჩანს, ჩვენში მშობლები უმეტესწილად ბავშვის ჯანდაცვის კუთხით რეაბილიტაციას უთმობენ ყურადღებას და ინტეგრაციის საკითხები განზე რჩება.

"თუ გარშემო არაფერი არ არის ადაპტირებული, არც ტრანსპორტია და ბავშვს მეცხრე სართულიდან ჩამოსვლა არ შეუძლია, ინკლუზიაზე ლაპარაკი შეიძლება ცოტა ცინიკურად ჟღერდეს", - ამბობს დისკუსიის კიდევ ერთი მომხსენებელი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი. მისივე თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კუთხით სხვა სფეროებში სიტუაცია ხშირად ისეთი მძიმეა, რომ ამ პროგრამის დაუფასებლობა არ შეიძლება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ანა არგანაშვილმა გაამახვილა ყურადღება, ბავშვთა სახლებში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის ინკლუზიური განათლების ხელმიუწვდომლობაა. "ინკლუზია არ შეიძლება მხოლოდ ზოგიერთ ბავშვს ეხებოდეს ... ეს ბავშვები რატომ აღმოჩნდნენ ორმაგი და სამმაგი დისკრიმინაციის ქვეშ?"- კითხულობს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი.

კითხვა, ბიბლიოთეკა-კულტურული ცენტრის "თანადგომა" დარბაზში, სადაც დისკუსია გაიმართა, ბევრი დაისვა. შეკითხვები დასვეს მშობლებმაც. მათ ნაწილს გაეცა პასუხი, ნაწილი შეკითხვებისა კი პასუხგაუცემელი დარჩა. მოურგებელი ინფრასტრუქტურა, პანდუსების არარსებობა, რესურს-ოთახებისთვის მასწავლებლების დამატებით გამოყოფა, ლოგოპედის დახმარების ხელმიუწვდომლობა, საზოგადოების დამოკიდებულება, მიმდინარე პროგრამის მონიტორინგი სკოლებში, მასწავლებელთა გადამზადება, ვაუჩერიზაციის საკითხი, დაპირება უფასო სახელმძღვანელოების შესახებ - ის საკითხებია, რომელთა მოგვარებაც ამ ადამიანებს დღეს ყველაზე მეტად აღელვებთ.

აღნიშნული დებატები ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი სოციალური ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებებისათვის" ფარგლებში.