შორეული საფრთხე, რომელიც ასე ახლოა
2015 წლის 29 ივნისს ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც მსოფლიო ხალიფატი, ანუ ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, იგივე „ელისი“, გამოცხადდა. ერთი წლის იუბილე კი ისეთი თარიღია, როცა უნდა შევჩერდეთ და დავფიქრდეთ, თუ რა გავლენას ახდენენ მრავალფეროვანი რადიკალური ისლამისტური მოძრაობები და დაჯგუფებები აზერბაიჯანელ სალაფიტებზე; იმაზე, თუ რამდენად აქტიურობენ ისინი (აზერბაიჯანელი სალაფიტები) ისლამისტი რადიკალების ტრანსნაციონალურ ქსელებსა თუ ორგანიზაციებში; უნდა შევაფასოთ, თუ რამდენად ეფექტურად რეაგირებს აზერბაიჯანი ამ მორიგი აუღიარებელი სახელმწიფოს გაჩენასთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებზე, მით უმეტეს, რომ ელისის აღმოსავლეთი მიჯნა, ფაქტობრივად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხრეთის საზღვრების სიახლოვეს გადის.
ამ დროისთვის, რადიკალი სალაფიტები, რომლებიც კონფლიქტში ელისის მხარეს იბრძვიან, აზერბაიჯანის მმართველთა მთავარი თავის ტკივილი როდია. ბევრად უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს ნავთობზე ფასების მკვეთრი შემცირება, ისევე, როგორც აზერბაიჯანული მანათის იძულებითი დევალვაცია. სწორედ ეს მოვლენები გახდა მთავრობისთვის ბოლო დროის საფიქრალი, თანაც, პირველი „ევროპული თამაშების“ დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე.
ყველაფერთან ერთად, აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებს ვერც უახლოესი გეოპოლიტიკური სამეზობლო ახარებს. მეტიც, სწორედ ის წარმოადგენს ბოლო დროს გახშირებული და არცთუ სასიამოვნო მოვლენების სათავეს. სამხრეთში ირანის ისლამური რესპუბლიკაა, რომელთან ურთიერთობაც საკმაოდ რთული ხასიათისაა. დიდ ოპტიმიზმს არც ჩრდილოელი მეზობლები (დაღესტანი და სხვანი) გვპირდებიან. აზერბაიჯანის უახლოესი მოკავშირე, თურქეთი, უკვე დგას თავის საზღვრებთან სრულმასშტაბიანი ომის წინაშე. მთელი ახლო აღმოსავლეთი სწორედ იმ დენთის კასრს ჰგავს, რომელიც ადრე იყო თუ გვიან იფეთქებს.
აზერბაიჯანი - მშვიდობიანი ოაზისი?
თუმცა, ერთი შეხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც უფრო უფუჭდებათ საქმე ჩვენს ახლოაღმოსავლელ მეზობლებს, მით უფრო ემსგავსება თავად აზერბაიჯანი მშვიდობიან სავანეს. ჯერ კიდევ ამა წლის აპრილის ბოლოს ქვეყნის დედაქალაქი ბაქოს მესამე გლობალური ფორუმის მონაწილეებს მასპინძლობდა. ივნისში პირველი ევრო-თამაშები ტარდება, რომლის ორგანიზებაზე ფული არავის დაუშურია. შემოდგომაზე კი უკვე მეხუთე ჰუმანიტარული ფორუმის მრავალრიცხოვან სტუმრებს ველით.
სანახაობათა და ფორუმების მთელი ამ კარნავალის მიუხედავად, ცხადია, ჩვენს მეზობლად მომხდარი სამწუხარო მოვლენების გამო შეშფოთებას, ცხადია, ბაქოც გამოთქვამს. 2015 წლის 28 აპრილს, გლობალური ფორუმის მაღალი დონის მონაწილეთა და ორგანიზატორთა გამოსამშვიდობებელ მიღებაზე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მწუხარება გამოთქვა კონფლიქტების გაფართოების გამო. ალბათ, მას მხედველობაში ყირიმიც ჰქონდა, ელისიც და მრავალი სხვა რეგიონიც. თუმცა, კერძოდ - რა, პრეზიდენტს არ დაუზუსტებია.
სამაგიეროდ, ბევრად მეტი კონკრეტიკა მოვისმინეთ მიღწევებზე საუბრისას. პრეზიდენტის აზრით, აზერბაიჯანში ყველაფერი შესანიშნავადაა. აქ, ისტორიულად, საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა რელიგიისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები გვერდიგვერდ მშვიდობიანად სახლობდნენ. ილჰამ ალიევს არც იმის შეხსენება დავიწყებია, რომ ივნისში პირველი ევროპული თამაშები ჩატარდება, 2017 წელს კი ისლამური სოლიდარობის თამაშებია დაგეგმილი. ეს ორი მოვლენა თავისებურად თანამედროვე აზერბაიჯანის სტრატეგიული გზის სიმბოლოა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ, საჯაროდ გააჟღერა ოფიციალური დისკურსის ის ძირითადი თეზისები, რომლებსაც შელოცვასავით იმეორებს ყველა სხვა აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, კულტურის მოღვაწე თუ სხვა: აზერბაიჯანი არის ტოლერანტობის ოაზისი, ჭეშმარიტი მულტიკულტურალიზმის საბოლოო ნავსაყუდელი, ქვეყანა, რომელიც ორგანულად აერთიანებს, ერთი მხრივ, აღმოსავლეთის სიბრძნეს, მეორე მხრივ კი - დასავლეთის პრაგმატულობას. ამგვარი ოფიციალური დისკურსის ფარგლებში რესპუბლიკის ტერიტორიაზე რაიმე სერიოზული კონფლიქტების არსებობა უბრალოდ წარმოუდგენელი და არარეალურია, ცხადია, გარდა ყარაბაღის კონფლიქტისა.
ხსენებული ოფიციალური დისკურსი შეიძლება განვიხილოთ, ასევე, როგორც ერთგვარი კოდირებული გზავნილი, რომელიც გვამცნობს, რომ რეჟიმი თავდაჯერებულად და ეფექტურად აკონტროლებს ქვეყანას. რასაკვირველია, კონტროლი აუცილებელია; რადიკალი ისლამისტები ხომ უკვე დიდი ხანია, მითოლოგიური პერსონაჟების როლს აღარ სჯერდებიან და აზერბაიჯანის რეალობად იქცნენ. თავს ვეღარ დავაჯერებთ, რომ თითქოს ისინი სადღაც შორს, პაკისტანის, ავღანეთისა თუ ერაყის გაუდაბნოებულ მთა-გორებში დათარეშობენ. 2011 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ ლაშქრობის დაწყება გვამცნო, აზერბაიჯანის მოქალაქეებმა არა ერთ ომსა და კონფლიქტში მიიღეს მონაწილეობა. ქვეყნის მთავრობამ ერაყსა და ავღანეთში სიმბოლური სამხედრო კონტიგენტებიც გაგზავნა. თავის მხრივ, უსაქმოდ არც სალაფიტები მჯდარან, რომელთა რიცხვი აზერბაიჯანში ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება. ისინიც თავის სიმბოლურ კონტიგენტებს ჯერ თალიბების დასახმარებლად გზავნიდნენ, შემდეგ ხალიფატთან. კონფლიქტგამოვლილი და საბრძოლო გამოცდილებით გამდიდრებული რადიკალი სალაფიტები კი, ადრე თუ გვიან, სახლში ბრუნდებიან.
ვის მოსწონს ისლამური სახელმწიფო აზერბაიჯანში?
არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად მასშტაბურია ელისისა თუ სხვა დაჯგუფებების მხარდასაჭერად მოქმედ სალაფიტთა ქსელი. მონაცემების გაზიარებას ხელისუფლება არ ჩქარობს. თუმცა, არც თუ ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები მართლაც არ ფლობენ დაჯგუფებებზე სრული კონტროლის დასამყარებლად საჭირო რესურსებს. ასე თუ ისე ზუსტი რიცხვები არც თავად ძალოვნებს გააჩნიათ. მიუხედავად ამისა, ისიც ცხადია, რომ საუბარი უნდა იყოს აზერბაიჯანის ასეულობით მობილურ და, ხშირად, საბრძოლო მომზადება გავლილ მოქალაქეზე, რომლებიც ხალიფატის ომს თავისად მიიჩნევენ. ხშირად გვესმის, რომ ელისის მხარეს მებრძოლ აზერბაიჯანის მოქალაქეთა რიცხვი ოთხასიდან ათასამდე მერყეობს. ვიცით, რომ ბევრი სალაფიტი მზადაა, ელისის იდეას თავიც შესწიროს და რომ აზერბაიჯანის ციხით მათი შეშინება-დაშინება ძნელია. ისიც ცნობილია, რომ ციხეებში სალაფიტური პროპაგანდა საკმაოდ ეფექტურია. დაპატიმრება საქმიანობის შეწყვეტას სულაც არ გულისხმობს.
უკვე რამდენი წელია, ხელისუფლება რადიკალების მიმართ რეპრესიული პრაქტიკის ფორმებს სულ უფრო აფართოებს. სალაფიტურ მეჩეთებს ხურავენ, მრევლის წევრებს სხვადასხვა ვადის პატიმრობაც აქვთ მისჯილი. იმის მცდელობებიც იყო, რომ რადიკალები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ირიბად განედევნათ და ამისათვის მათ ქვეყანაში საცხოვრებელ პირობებს მაქსიმალურად უმძიმებდნენ. თუმცა, იფეთქა თუ არა კონფლიქტმა სირიაში, აზერბაიჯანელი სალაფიტების მრავალრიცხოვანი რიგები თურქეთის ტერიტორიიდან მყისვე ომში გაემართნენ. მათგან ბევრი არათუ არ მალავს, თუ რა საქმიანობითაა დაკავებული, ფეისბუქსა და ტვიტერზე აქტიურად პოზიორობს კიდეც. საზოგადოებას მუდმივად მიეწოდება შემაშფოთებელი ინფორმაცია სირიის არმიასთან შეტაკებებში დაღუპული მორიგი აზერბაიჯანელი მებრძოლის თაობაზე. შეიძლება, მათი რიცხვი იმხელაც კია, რომ დამოუკიდებელი აზერბაიჯანული ბატალიონიც კი არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მუსა ალ აზერი, კაცი, რომელიც ასეთი ბატალიონის ხელმძღვანელობაზე პრეტენზიას აცხადებდა, სირიაში 2014 წლის მაისში, ხალიფატის გამოცხადებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მოკლეს.
2014 წლის სექტემბერში ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებათა სერია ჩაატარეს. სულ დააპატიმრეს 26 ადამიანი. ზოგი მათგანი სირიაში ელისის მხარეს იბრძოდა. 2015 წლის იანვარში დაპატიმრებათა მორიგი სერია ვიხილეთ, ამჯერად ხალიფატის 10 მომხრისა. ასეულობით სალაფიტი საკუთრივ ომში მონაწილეობს, ათეულობით მათგანი ბრძოლაში მოკლეს ან დააპატიმრეს. სულ რამხელაა ისლამური სახელმწიფოს მომხრე სალაფიტთა რიცხვი და რამდენი ფიქრობს კონფლიქტის ზონაში გამგზავრებაზე, უცნობია. შეიძლება, ათასობით ადამიანიც კი. სალაფიზმი, რომელიც განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთ, ლეკური და ავარული ჯგუფებით დასახლებულ რაიონებშია პოპულარული, თავის რიგებში მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით სულ უფრო მეტ მომხრეს იკრებს. დაპატიმრებულთა შორის ბევრი იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქე.
რა დაგვრჩენია რეპრესიების გარდა?
პროგნოზების კეთება რთულია. თუმცა, ცხადია, რომ რეპრესიული პრაქტიკა იქამდეა ქმედითი, სანამ რეჟიმს საკმარისი ფინანსური რესურსები გააჩნია. ნავთობზე ფასების ბოლოდროინდელი ვარდნა კი გვიჩვენებს, რომ სიტუაცია შეიძლება ძალიან მალე შეიცვალოს. ფინანსური კეთილდღეობის ნაცვლად კრიზისს მივიღებთ. ასეთ დროს სუსტ რგოლად შეიძლება სპეცსამსახურები მოგვევლინოს, რომლებიც ამ ეტაპზე სიტუაციას აკონტროლებენ. გარდა ამისა, რადიკალების კონტროლის ამჟამინდელი რეჟიმის არაეფექტურობა პოლიციურ თვითნებობაშიც იღებს სათავეს, როდესაც სპეცსამსახურების ქმედებები არა მხოლოდ ახშობს რადიკალების აქტივობას, არამედ პრაქტიკულად მათ რადიკალიზაციას უწყობს ხელს. მეჩეთების უაზრო და მასობრივი დახურვა (ამავდროულად, ისლამისტები მალევე ნახულობენ შესაკრებად ახალ ადგილებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია ნაკლებად ხელმისაწვდომია) და წვერის იძულებით საჯაროდ გაპარსვის დამამცირებელი პრაქტიკა სინამდვილეში ელისის ახალი მომხრეების გაჩენას უწყობს ხელს.
მეორე მხრივ, რეპრესიების გარდა, რისი გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას? ხოსე კაზანოვას რომ დავესესხოთ, შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანის მმართველი რეჟიმი არ არის მკაცრად სეკულარული. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ის სეკულარული ნეიტრალიტეტის მითის შესაბამისად იქცევა და ცხოვრობს. აპრილში პრეზიდენტი მეორეჯერ ჩავიდა მექაში, ამჯერად, მთელი ოჯახის თანხლებით. ცოტა ხნით ადრე მანვე სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი მეჩეთი გახსნა ბაქოში. რეჟიმი ძალიან ცდილობს, ერთდროულად მუსულმანურადაც გამოიყურებოდეს და სეკულარულადაც. შეიძლება კი ორი კურდღლის დევნა? მტკიცებით მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება: უახლოეს წლებში ხელისუფლებას ისლამისტების მზარდ რაოდენობასთან დაპირისპირება მოუწევს და ამას მხოლოდ რეპრესიებით ვერ გაუმკლავდება. უნდა დაიწყოს ფართო და მასობრივი სამოქალაქო წინააღმდეგობის ფორმირება. მაგრამ ამჟამინდელი რეჟიმი ამგვარი სამოქალაქო მობილიზაციისათვის მზად არაა. მეტიც, ამის უფრო ეშინია, ვიდრე თავად ისლამისტებისა. სწორედ ამიტომ იზრდება იმის საფრთხე, რომ არსებული პოლიტიკა, ერთ მშვენიერ დღეს, ქვეყანას ძალიან ცუდად დახვდება წინ. აი, მაშინ კი დაუპატიჟებელ სტუმრებს, რომელთაც ახლა სირიასა და ერაყში იღებენ, აზერბაიჯანშიც უნდა ველოდოთ.