ახალი ინიციატივა, რომელსაც „მწვანე აკადემია“ ჰქვია, პირველი ნაბიჯია, რაც მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური ტრანსფორმაციის საკითხებზე მსჯელობის ხელშესაწყობად გადადგა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ჰბფ-მ 55 სტუმარს უმასპინძლა წყალტუბოში. სტუმრები მოწვეულები იყვნენ როგორც საქართველოდან, ასევე სომხეთიდან, გერმანიიდან, ხორვატიიდან, ბელგიიდან, ჩეხეთიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან. ახალგაზრდა მწვანე აქტივისტები, ჟურნალისტები და მეცნიერები 6 დღის განმავლობაში მსჯელობდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და სამოქალაქო აქტივიზმზე, რომელიც გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სოციალური სამართლიანობისა და გენდერული დემოკრატიის საკითხებისკენაა მიმართული. შესაბამისად, „მწვანე აკადემიას“ ორი მნიშვნელოვანი თემატური ჩარჩო ჰქონდა გამოკვეთილი: (1) მწვანე ტრანსფორმაცია და დემოკრატიული კულტურა; (2) გენდერული თანასწორობა მწვანე პოლიტიკისთვის.
პოლიტიკური იდეოლოგიების სპექტრი ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიაში, მწვანე მოძრაობების მარცხი 90-იან წლებში სამხრეთ კავკასიაში, ურბანული პროტესტები და სამოქალაქო კულტურა, ეკოლოგიური ტრანსფორმაცია და პოლიტიკა, გენდერული დემოკრატია და მწვანე პოლიტიკა, პოლიტიკური წარმომადგენლობის მწვანე აღქმა - ეს ის საკითხებია, რომელიც მწვანე აკადემიის მსვლელობისას განიხილებოდა.
აკადემიის გამორჩეული სტუმრები იყვნენ ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, გერმანიის პარლამენტის წევრი (2009-2013) ალიანსიდან „კავშირი 90/მწვანეები“ (Bündnis 90/Die Grünen) და კლოდ ვაინბერი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა და ხელმძღვანელობდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ისრაელისა და ევროკავშირის ოფისებს. სტუმრებმა აკადემიის მონაწილეებს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება, რაც მწვანე პოლიტიკისა და სამოქალაქო აქტივიზმის თვალსაზრისით გერმანიასა და ევროკავშირში არსებობს.
აკადემიის პროგრამის ოფიციალურ სამუშაო დღის ბოლოს იმართებოდა ფილმის ჩვენება-დისკუსიები, რომელსაც ჰბფ ოფისების წარმომადგენლები და პარტნიორები უძღვებოდნენ რუსეთიდან, თურქეთიდან და გერმანიიდან (ბერლინი).
მრგვალი მაგიდის ირგვლივ თუ აუდიტორიაში გამართული დისკუსიების გარდა, „მწვანე აკადემიის“ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება შეემოწმებინათ. ამ პროცესის მიზანს წარმოადგენდა იმის გააზრება, თუ როგორ შეიძლება წვლილის შეტანა იმ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტრანსფორმაციაში, რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს გადის.
ვორქშოფს „მნიშვნელოვანია იყო რელევანტური“ უძღვებოდა ვიქტორ ვორონკოვი, სოციოლოგი, დამოუკიდებელი კვლევების ცენტრის (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი) დამფუძნებელი. ვიქტორმა ახალგაზრდებს გააცნო ძირითადი მეთოდები, რომელიც სოციალურ ცვლილებებზე დაკვირვებისა და ანალიზისთვის არის საჭირო. მონაწილეები 4 ჯგუფად განაწილდნენ, გავიდნენ კვლევის ველზე, იმუშავეს და დაკვირვების შედეგები ფართო ჯგუფში წარმოადგინეს. საველე სამუშაოების თემები მრავალფეროვანი იყო: გენდერული საკითხები, ადგილობრივი თვითმმართველობა და საჯარო სერვისების ხარისხი, ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლებში არსებული პირობები, საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაცია ადგილობრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პრაქტიკული სამუშაო მეორე დღესაც გაგრძელდა, როდესაც აკადემიის მონაწილეები ტყიბულს ესტუმრნენ. ტყიბულში გაიმართა ჰბფ-ს პარტნიორების, მანანა ქოჩლაძისა (ასოციაცია მწვანე ალტერნატივა) და ანანო ცინცაბაძის (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი) პრეზენტაცია „ძალაუფლება და პოლიტიკა გარემოსდაცვითი და სოციალური უფლებების წინააღმდეგ“. მომხსენებლებმა ისაუბრეს ჰბფ-ს პროექტის ფარგლებში დაგროვილი დაკვირვებისა და გამოცდილების შესახებ, რომელიც მაღაროელების ეკოლოგიურ და შრომითი უფლებების საკითხებს ეხება. მოხსენება მთელი სიცხადით აღწერდა, თუ რა კონკრეტული ბიზნეს-ინტერესები განსაზღვრავს ქვეყნის ენერგო პოლიტიკას და რა შედეგები მოაქვს ელექტროსადგურებისთვის ბუნებრივი რესურსების მოპოვებას გარემოსა და მოსახლეობისთვის.
პრეზენტაციის შემდგომ ადგილობრივი აქტივისტი და არტისტი, ლუიზა ლაფერაძე გაუძღვა ტურს ტყიბულში და მონაწილეებს საშუალება მისცა გაცნობოდნენ იმ გზას, რომელიც ამ პატარა ქალაქმა გაიარა საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე.
მიუხედავად იმისა, რომ აკადემიის მონაწილეები წელს ძირითადად ქართველები იყვნენ, ჰბფ გეგმავს რომ სამხრეთ კავკასია უფრო მართო მასშტაბით დაფაროს. მონაწილეებისა და მკვლევარების ენთუზიაზმი და მონდომება გვარწმუნებს, რომ საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში საზოგადოებების დემოკრატიზაციის ხელშესაწყობად და ღირსეული ცხოვრებისთვის გარემოს გასაუმჯობესებლად.
უკუკავშირი მონაწილეებისგან:
- ირაკლი კუპრაძე
- ლევან ლორთქიფანიძე
- შოთა ხინჩა